====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი
”სიკვდილის ხელოვნება” (რომანი) _ შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა _ ”ცისკარი” 5. 1997წ)
”სიკვდილის ხელოვნება” (რომანი) _ შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა _ ”ცისკარი” 5. 1997წ)
Janri Gogeshvili
"The Art of Death" a novel _ magazine "Tsiskari"
ანოტაცია
…და ღირს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მრავალთაგან მრავალჯერ ციტირებული პლატონისეული ”შეფასება”:
”რა არის ფილოსოფია?” ჰკითხეს პლატონს, _ ”ფილოსოფია _ ეს არის მომზადება გარდაცვალებისათვის” _ მიუგო მან.
…და თითქოს ”სიკვდილის ხელოვნება”-ასაც მივუსადაგეთ განმარტება, მაგრამ სატკივარს, რომელიც რომანშია მოთხრობილი, სხვაგვარი ახსნაც აქვს…
”რა არის ფილოსოფია?” ჰკითხეს პლატონს, _ ”ფილოსოფია _ ეს არის მომზადება გარდაცვალებისათვის” _ მიუგო მან.
…და თითქოს ”სიკვდილის ხელოვნება”-ასაც მივუსადაგეთ განმარტება, მაგრამ სატკივარს, რომელიც რომანშია მოთხრობილი, სხვაგვარი ახსნაც აქვს…
სიკვდილის ხელოვნება
ვუძღვნი მამის ხსოვნას
”მხოლოდ განსაკუთრებულმა შემთხვევამ მაიძულა მოგმართოთ და მივიპყრო თქვენი ყურადღება, მოგითხროთ იმ დევნის შესახებ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია განვიცდით. ”დევნა” ამ ამბავს იმიტომ ვუწოდეთ, რომ რიგი შემთხვევებისა ისე დალაგდა, თითქოსდა ვიღაც ან გარკვეული სამსახური, მართლაც გააზრებული გეგმაზომიერებით ცდილობს შიშისა და პანიკის ქვეშ გვამყოფოს კარგა ხნის მანძილზე, ვითომდა საგანგებოდ არ ვიმჩნევდი ხსენებულ ”დევნას”, მაგრამ ბოლო დროს ამგვარი შემთხვევითობა ძალზე გახშირდა და საგონებელში ჩამაგდო.
აგერ უკვე ზედიზედ, მეოთხედ გაგვქურდეს, წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც კი შეიძლებოდა…
ჩემს მეუღლეს კი, დღისით-მზისით უცნობი წყვილი გამომწვევად აედევნა და შინ გულგახეთქილი მოვარდა…”
ბებურმა ავტოკალამი მაგიდაზე მიაგდო. მორიგ უაზრობად მიიჩნია ყველა იმ ფათერაკის აღწერა, რაც თავს გადახდენოდათ. ვისთვის უნდა მიემართა, ვინ უნდა შეეგდო ნამუსზე?! აკი, თითქოს ყველამ ყველაფერი იცოდა, ჯანმრთელობაშერყეული ედია საავადმყოფოში მეორედ მოხვდა და ახლა იმაზე მოთქვამდა, რომ მეტად ბავშვი აღარ შერჩებოდა…
ბებურმა თავგანწირვით ინატრა, სარდაფთან ერთად მიწის სიღრმეში ჩაძირულიყო, _ ისე თავგანწირვით, რომ წუთით მოეჩვენა, მართლაც ქვესკნელისკენ მიექანებოდა და შვება იგრძნო…
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ბებურმა ჯიქურ მიიხედა. თვალები შურისმაძიებლურად უელავდა.
-ბებურ!-გაისმა სახლის პატრონის შემპარავი ხმა,-დეპეშაა სოფლიდან!..
-რა დეპეშა?!-გამოერკვა ბებური.
-მამაშენი ყოფილა ცუდად…-წითლად თმაშეღებილმა მკაცრი იერის, წარბებაწკეპილმა ქალმა დეპეშა გაწვდილ ხელში შეატოვა.
-გმადლობთ!-დაუფიქრებლად გაეპასუხა ბებური და ნაბეჭდ ასოებს შემკრთალი დააცქერდა.
”მამაშენი ცუდადაა, სასაწრაფოდ ჩამოდი”, დეპეშას დედა უგზავნიდა.
იგი ერთხანს მზერაგაშტერებული იდგა და მკერდიდან დაძრულ ტკივილს, თითქოსდა სადღაც მოუსავლეთში მიჰყვებოდა.
მერე მიხვდა, დარჩენილი ავლა-დიდება სასწრაფოდ უნდა გადაეზიდა ახალნაქირავებ ბინაში. მატარებლის ბილეთის აღებამდე კი დაქალთან ”გახიზნული” ედიას მონახულება მოესწრო…
====
Комментариев нет:
Отправить комментарий