ჯანრი გოგეშვილი
”მიდი, იაწექ!..” (პიესა _ ”ცრემლიანი კომედია”)
(გამოცემის იმიტაცია...)
(რამდენიმე ეგზემპლარი)
”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი”, 2004წ.
"Go Ahead!" A play (a sad comedy). "The Educational-Missionary Fund," 2004
ანოტაცია
დრამა, ტრაგიკომედია, მელოდრამა… _ წარმოდგენილი პიესა ყველა ამ სახეობის ნიშან-თვისებებს მოიცავს, მაგრამ მე, მაინც ვამჯობინე მისთვის ”ცრემლიანი კომედია” მეწოდებინა.
თავდაპირველად ასე დრამას მოიხსენიებდნენ, რომელიც დრამატული ჟანრის სახით ბურჟუაზიის აღმავლობის ეპოქაში ჩამოყალიბდა…
დამეთანხმებით პარალელის გავლება შეიძლება, თუმც აღმავლობამდე ჯერ კიდევ ბევრი ცრემლის დაღვრა მოგვიწევს, თუნდაც სიხარულის თანმდევი…
ჩვენს წინაპრებს კი სწამდათ, რომ ცრემლებს იდუმალი სამკურნალო ძალა გააჩნდათ… მათ დამცავი ფარის მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ…
ჰოდა, ვიყოთ გულისხმიერნი სიცილში დაღვრილი ცრემლების მიმართ…
ავტორი
მოქმედნი პირნი
მაკი ანუ მაკრინე _ სახლის მეპატრონე, ჯერ ისევ მიმზიდველი ქალი…
პლატინი იგივე პლატონი _დამგირავებელი, ორმოცდაათ წელს მიტანებული კაცი…
”მოფრენილები”…
სურათი პირველი
ეზოთი შემოსაზღვრული ნახევარსარდაფის უკანა ხედი. ზედა სართულის აივანს ეზოსთან ხვეული კიბე აკავშირებს. კიბის ქვემოთ საშხაპეა გამართული. იქვე, კედელზე, ხის მორის მოყვანილობის, კარგა მოზრდილი საწნახელი მრგვალად ”ამონავული” მხარითაა მიყუდებული. შორიახლო სამკუთხედად განლაგებული იფნის ხეებისა და ვენახის ჩამხმარი ძირები შემორჩენილა. შიგა მხარეს, იმავე ნიშნით ჩამარხული ქვევრების თავები მოჩანს. მისახვედრია, აქ ერთ დროს ფანჩატური უნდა ყოფილიყო. ნახევარსარდაფის ორმანეტული კარი, თითქოს გამოქვაბულის შესასვლელს გაგონებთ… ლამის საძირკველიდან ამოსულ უშნოდ მიმოხრილ ლეღვის ხეს არაბუნებრივად მბზინავი ნაყოფი მოუსხამს. ლეღვის ახლოს ელექტროშესადუღი აპარატურა, გაზის ბალონი და ლითონი ყრია. შორიახლო პლაჟის ქოლგისმაგვარი საჩრდილობელი დგას, საჩრდილობლის ქვეშ _ მრგვალი მაგიდა და ღერძზე მბრუნავი სავარძელი.
ნახევარსარდაფი, (ყოფილი მარანი) რომელიც პლატინს საგირავნო გარიგებით აქვს მისაკუთრებული, ამჟამად ლითონის ”მიმღებ პუნქტს” წარმოადგენს. პუნქტში კლიენტურის მიღება თვალისთვის მოფარებული ქუჩის მხრიდან ხდება.
მაგიდაზე ორიოდე გაურეცხავი თეფში, დანა-ჩანგალი და ფოლგები, ანუ პოლიგრაფიული მანქანისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის ლითონის თხელი ფურცლები ალაგია.
ეტყობა გვარიანად ცხელა, მაგრამ პლატინს თავისი განუყრელი, მოყვითალო, ჭუჭყისგან ჩაჟანგებული ბრეზენტის შარვალ-ხალათი და ქრომის ჩექმები აცვია. იგი საქმიანობს, ”მიმღები პუნქტიდან” გამოტანილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ ხელოვნების ნიმუშად მიჩნეულ ფერადი ლითონისგან დამზადებულ ნივთებს ახარისხებს. ზოგს იქვე, ელექტროშესადუღ აპარატთან აგროვებს. ზოგი სპილენძისა თუ ვერცხლის ნაკეთობა კედელზე მიყუდებულ საწნახელთან ქურდულად მიაქვს და შიგ მალავს.
სახლში მყოფი მაკი თავისთვის ღიღინებს.
მაკი. ბაბილო, ბაბილო, ბაბილო,
ვაზოო, ცისაკენ აწვდილო…
მტევანო მზის სხივში ნაბანო,
ცრემლებად ეპკურე მამილოს,
ბაბილოო…
(უცებ, როგორც ჩანს ხასიათი შეეცვალა და სარეკლამო ფრაზების დეკლამირებას შეუდგა). ქალს დაამშვენებს საყურე, გამორჩეული ელფერის… ზეცას ლაჟვარდი მოვტაცე, ფერადოვნება ტყე-ველსა…
პლატინი. (ყური მოკრა მის ღიღინს. უკმაყოფილოდ). აუ, დაიწყო… ამიღო ამ სარეკლამო ხუნტრუცით…
მაკი. მსუბუქი როგორც ბუმბული, გამჭირვალე, როგორც ცა… არ ხუნდება, არ იკლებს, არ ირხევა რა არის?.. გარეთ ისეთი დარია, შინ აღარ დაგედგომება… სარკმელთან ლამაზ ქოთანში ყვავილი ხარობს…
პლატინი. (დამცინავად). ჰო, ჰო, ქოთანში ჩარგული ყვავილით ხარ, ოღონდ წყლის დამსხმელი არავინ გყავს და რა ვქნა, ვაი, არ გახმე… (”მიმღებ პუნქტში” შედის).
გაისმის ტელეფონის ხმა.
მაკი. ალოო, გისმენთ… ბელა, შეენ?.. გამარჯობა გენაცვალე… რას ვიზამ, როგორ ვიქნები, სამსახური არა, ბიზნესი არა, მდიდარი ნათესავი არა და არა… და ვარ ასე, ბედის ანაბარა… თავად როგორ გიკითხო… კარგი, რას ამბობ… ლალი? ნუ მკითხავ ბელუსი, აღარ ვიცი რა ვქნა… ოსიკოს სიკვდილის შემდეგ მთლად დავკარგე მისი კვალი… მთელი მსოფლიო მოიარა და ვერსად ვერ მოიკიდა ფეხი, ჰო, მამაისს გამომემსგავსა… არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, აღარც კი მირეკავს… (პაუზა. პლატინი სარდაფიდან სპილენძის ნაკეთობებს ქურდულად გამოიტანს, საწნახელთან მიიტანს და შიგ დამალავს). ჰო, ქვედა სართული გირაოში მაქვს ჩადებული, ვადა ამ თვის ბოლოს იწურება…(პაუზა. პლატინი სიტყვა ”გირაოს” გაგონებაზე სმენას გაამახვილებს). რა ვქნა არ ვიცი, ერთის მხრივ მიხარია, მეორეს მხრივ დასაბრუნებელ თანხას ვერ მოვიყარე თავი… გავგიჟდები, რომ ვერ გამოვიხსნა… ერთი გამურული კაცია, გარიგებისას სიტყვა მომცა, პროდუქტებით და ღვინით ვივაჭრებო, თავდაპირველად ასეც იყო, მერე მოგებას ვერ ვნახულობო და ლითონის მიმღები პუნქტი გახსნა შიგ… ასჯერ გამოვლანძღე, მაგრამ რა… არც ის მინდა მთლად მტრად მოვიკიდო, საქმე საქმეზე, რომ მიდგეს…
პლატინი. (ღვარძლიანად). მე შენ გაჩვენებ გამურულს! (უკან გამობრუნდება და საქმიანობას განაგრძობს).
მაკი. ის კი არა ზოგჯერ პურის ფული სასესხებელი მაქვს…
პლატინი. გირაო, გირაო და, რაც ჩემგან ისე გაქვს ნასესხები, პროცენტებით რომ დაგითვლი მერე ნახავ… სარდაფი კი არა, მთლიანად სახლს დაემშვიდობები… მითქვამს, გაგასახლებ!
მაკი. ვყიდი თუ რამე მომეპოვება… დავიწყე ვერცხლის და მელიქიორის დანა-ჩანგლიდან და ავედი ჭაღამდე… გული მიკვდება… ვინ მიგიღებს, ახლა, ყველგან გამოტრუკუცუნებული გოგოები უნდათ… რეკლამა! ჰო, ჩემი სტიქია იყო… რას ამბობ?! მივსტირი აბა რა, მთელი ჩემი შემოქმედებითი ნიჭი, იმ რეკლამებში ჩავტოვე…
პლატინი. ჰო, ჰო, ტვინიც შიგ ჩააყოლე ალბათ… (ხითხითებს).
მაკი. ზოგჯერ ვფურცლავ ნაცნობ გვერდებს, ჩურჩულით ვკითხულობ სარეკლამო ფრაზებს მუსიკის ფონზე და ცრემლები ჩამომდის… (პაუზა). პურს გაუფრთხილდი, ჩვენს საარსებო ძირითად წყაროს… პურს გაუფრთხილდი, შრომის და გარჯის ძვირფას საზღაურს! პურს გაუფრთხილდი, მიწის, წყლისა და მზის ძვირფას პირმშოს! პურს გაუფრთხილდი!
პლატინი. რაც არ გაქვს რას გაუფრთხილდები…
მაკი. (ცრემლიანი ხმით). ხანდახან ნაფხვენებს ვაგროვებ და ჩიტივით ვიკენკები, კი ამიხდა ჩემი რეკლამა… უიმე, გახსოვს, შენც გახსოვს ის სარეკლამო ლექსი, ლარისას რომ მივუძღვენი… აბა, უბანში უმალ აიტაცეს და ქორფა ქვრივის საკონდრიტომაც მთელს ქალაქში მოიხვეჭა სახელი. ჰო, ჰო, ასე იწყებოდა… (გახალისებული ხმით).
ვინაც ვერ ჰპოვა შვება ძაძებში,
მხიარულ ფერებს შეაბა ძაფი…
რადგან ტყვე იყო ურჩი განცდების,
ჯერ კიდევ მაშინ…
ამოიყვანა ქორფა ბისკვიტი,
მსუბუქ ნამცხვარში შენიღბა ნიჭი,
ბისკვიტი პირში იწყებდა ტიტინს,
მოხიბლა ბევრი ყოჩაღი ბიჭი…
იმ ბისკვიტების წყალობით იმდენი თაყვანისმცემელი გაიჩინა, რომ ერთ სეზონზე განმათავისუფლებელმა პარტიამ მისი ავტორიტეტი საარჩევნო დეკორაციადაც კი გამოიყენა… აბა, ეგ ცნობილია… (თავმომწონედ) რიხტერის ცნობილი ფრაზაა, ივაჭრეთ ლამაზი ფეხებით და არა ფეხსაცმელებით…
…
…
(აკრეფის პროცესი...)
Комментариев нет:
Отправить комментарий