ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 4 января 2008 г.

”არაფერა” (საბავშვო ლექსი), ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი” _ "Good-for-Nothing." A rhyme. "The Educational-Missionary Fund," 2003

====
====
ჯანრი გოგეშვილი

"არაფერა" (საბავშვო ლექსი ),

მხატვარი ავთანდილ გოგეშვილი
”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი” 2003 წ.

Janri Gogeshvili


"Good-for-Nothing." A rhyme. "The Educational-Missionary Fund," 2003

ვინც წაიკითხავს
იღვაწებს _
გუნებას გაიხალისებს,
თუ
გამჭრიახი
იქნება,
სწავლასაც გაიადვილებს...


არაფერა

შემეცნებითი თამაში მოზარდებისათვის _ და არა მარტო მათთვის…

გულისყურით წაიკითხეთ
და სცენები გამოხატეთ,
გაფანტული შეაგროვეთ,
შეავსეთ და აფერადეთ…

წამოიწყეთ დიალოგი,
გაუმხილეთ ერთურთს აზრი,
აღმზრდელში და პედაგოგში,
ჰპოვეთ წრფელი მეგობარი…


მშობელთათვის _შვილთაგან საკითხავი…

”ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!” ეს თითქოსდა მარტივად აღსაქმელი შეგონება, თავისებურ სირთულეს მოიცავს, რადგან სინამდვილეში გონების წვრთნა და ცოდნის გაღრმავება, ბევრს არ ეხალისება…
არაფერასმაგვარი არსება ცდილობს მარტივი უმარტივესადმე დაიყვანოს, ასე ვთქვათ, ცხოვრება გაიადვილოს… არადა, რაც ერთი შეხედვით რთული გვეჩვენება, ხშირად მარტივი და უბრალოა, თუ, რა თქმა უნდა, არ დავიზარებთ და შევეცდებით არსებითი უმნიშვნელოსაგან, არაარსებითისგან გამოვყოთ, და პირიქით, რთული უბრალოს დავუახლოვოთ… ცოდნის სრულყოფა მხოლოდ ამგვარი წვრთნითაა შესაძლებელი…
ავტორი

ა რ ა ფ ე რ ა

თვალადი და თვალმახარა
ფერებაში იქცა შარად,
ურჩი ბიჭის ”არა-არა!”
შარჟს დაედო სატყუარად…

ურჩმა ”არა!” დაიმოყვრა
და წიგნები გადაყარა,

”დედაენაც” არ ინაღვლა,
ჭკუა თვალში გაეპარა…

აცეტდა და მთლად აიშვა,
დედიკოც არ შეიბრალა,
ლოცვა გულთან არ მიუშვა,
ტელეეკრანს მიეჯაჭვა…

გამოშტერდა, აიბურდა,
ლამის ყუთში გაინასკვა,
მიივიწყა გალობა და
თვალის სეირს აჰყვა-დაჰყვა…

ამჩატდა და ამსუბუქდა,
გადაიქცა თითქმის ”არად”,
ყეყეჩი და სხვის შემყურე
საბოლოოდ გაარაფრდა…

-უსწავლელა, ცარიელა!...-
ფრთა გაშალეს ჭრიჭინებმა
-შეუჭამა ტვინი მახრამ,
ნეტა რაღას იჭიმება….

თვალმახარა _შესახედად კარგი, სასიამოვნო, მოსაწონი…
შარჟი -მოვლენის ან პიროვნების რომელიმე გარეგნული ან არსებითი თვისებების ნებისმიერი სასაცილო ფორმით წარმოსახვა…
გაინასკვა -აქ: ჭკუა დაუმძიმდა, გაუბრუვდა…
თვალის სეირი _თავშესაქცევი სანახაობა…
მახრა -ბოსტანა, მჭრელი… მახრა ქვემძრომი მწერია, ნათესებისა მტერია (ხალხ.). აქ: უთავბოლო თვალის სეირი და მისთანანი…

უვიცობა ექცა ფანდად
და არცოდნა _ცოდვის ფარად,
ზერელე და ჩურჩუტელა
ერთუჯრედას დაემგავნა…

მოსწყდა მიწას, აფარფატდა,
აღმა-დაღმა დატრიალდა,
ვერსად ჰპოვა სხვა ადგილი
ცის ფუღურომ შეიფარა…

ფშუტეებში გახდა ყველა,
ყველაში კი _ფშუტიკელა,
თითქოს იყო და არც იყო
არარა და არაფერა…

წრიალებდა, ტრიალებდა,
არსაიდან არსით ფრენდა,
უთავბოლო ”არა-არამ”
არ იცოდა სად რა ება…

-ბატისტვინა და თავნება!-
ფრთა გაშალეს ჭრიჭინებმა
-სწავლა, გარჯა არ ინება,

არც კი იცის სად გაება…

…იქ არ არის დღე და ღამე,
კაშკაშა მზე, ბადრი მთვარე,
არ იფიქროთ, თითქოს ბნელა,
თუმც სინათლეც არსით ელავს…

არა! _ ნასკვად, ფუყედ ყოფნა
შეიფერა, იქცა ფანდად…
კუდბაწარი ფრანს შეუჯდა,
ფუღუროსკენ ჰკრა ქამანდა…

ფრანს პეპელა ამშვენებდა,
მასთან ფრენის ეშხი წვავადა,
ქარის ქარი დატრიალდა
ჭუჭრუტანას შლიდა აფრად,
ერთგან კუდით გაიჭედა
მიშველეთო, შემოსძახა…

ერთუჯრედა -აქ: ერთუჯრედიანი ანუ ბიოლოგიურად ერთი უჯრედისგან შემდგარი…
ფშუტი -(იგივეა, რაც ფშუტე; ფშუტა) რასაც გული არა აქვს, -ფუჭი.
ფანდი -ხერხი, ხრიკი, ოინი.
ნასკვად -აქ: რთულ, ზნელად არმოსაფხვრელ, უარყოფით თვისებად…
კუდბაწარი -ქარი, რომელიც უცაბედად დაჰქროლებს, მსუბუქ საგნებსა და მტვერს ადგილზე დაატრიალებს და ჰაერში აიტაცებს, _ კუდიანი ქარი…
ფრანი -სათამაშო; ჰარში ასაშვები მოწყობილობა…
ქამანდი -(ქამანდა)-ცხოველის დასაჭერი ყულფიანი სასროლი თოკი, გამოუყენებიათ საბრძოლო იარაღადაც…

-არა, არა!!! მე არაო,
მეზარება აფრის გაშლა,
ძლივს ამოთქვა ზარმაცუნამ,
ფრანზე შუქი გაიკლაკნა…

პეპლის ფრთებზე წაიცეკვა,
იალქანი განაახლა,
ბოლოს წუნსაც წამოედო,
არაფერა სულ მთლად წახდა…

აწრიალდა, დაწრიალდა,
ვერ იგუა ფერი მშვენი,
შუქადი და შუქასხმული,
არაფრისა _ გახდა მცველი…

არად ყოფნა _ უჩნდა საქმედ,
ცარიელში _ იყო ყველა,
სულ პაწია შუქის შუქმა

ლამის სულ მთლად დაანელა…

-ვერც ფრანსა სცნობს,
ვერც იალქანს?!-
ფრთა გაშალეს ჭრიჭინებმა
-ვინც არ იწვრთნა, ივარჯიშა,
კუდბაწარმა მოიხელთა…

ფშუტი, ფშუტი, ფშუტიკელა!_
კუდიანმაც არ ინება,
კუდის კუდი ამოხრახნა,
ფრანპეპელაც ქარს მინებდა…

დაიგმანა ჭუჭრუტანა,
ათინათიც უმალ გაქრა,
შუშტრუკანა არაფერა
აცა-ბაცად გაიფანტა…

ფეხი ახტა, თავს დაახტა,
წამოვჯექო, მოჰყვა ტრაბახს,
მერე ქეჩოს ჩაუხტა და
ბუქნაობა იქ გააბა…

წუნი -ნაკლი, ზადი…
კუდიანმაც -აქ: კუდიანმა ქარმა, კუდბაწარმა…
ათინათი -ჭუჭრუტანიდან ბნელში შემოტანებული სინათლის სხივი.
შუშტრუკანა -იგივეა, რაც ქარაფშუტა.
ქეჩო -ადამიანის კისერზე აგდებით ნათქვამი.

ჭიპმა თვალი დააჭყიტა,
ყელ-კისერი ედგა ანძად
იალქანად ენა ება,
ჭიპუნია ტრიუმს ჩაძვრა…

ნეკა თითი ცერს აუხტა,
კაპიტნობა დაიბრალა,
აქ მხარ-მკლავმა აიწყვიტა,
გადავიდა ყირამალა…

ჭკუა ფეხში გაიპარა
და ყურებმა ჰკრეს კამარა,
ცალი თვალი შუბლზე აძვრა,
ცის ფუღუროს სიქა გასძვრა…

-არა, არა! მეტს არ ვიზამ…
სადღაც გულთან გაილანდა…
ანგელოზმა არ გაწირა და
კონტური გაბლანდა…

იქცა ისევ _ თავის თავად,
ცრუ სიფათი განაღდა…
ფუტუროში მთებსა ვძრავო!
სინათლეზე არ ივარგა…

გადარჩენის შანსი ერგო,
განა თაფლი, ანდა ერბო,
თავად ანგელოზი ენდო,
აგვიანებს ფშუტი ერთობ!..

ხან ვისა ჰგავს და ხან რასა,
არევია რჯული, რასა…
არაფერა კია მაგრამ
თავი მოაქვს ციურ მნათად…

არც რას თესავს, არც რასა მკის,
სამშობლოზე სულ არ ფიქრობს…
ცარიელში მარჯვედა ხტის,
არცრა უნდა, რომ იტვირთოს…

ტრიუმი -სივრცე, გემის ფსკერსა და ქვედა გემბანს შორის… აქ: ფიგურალურად მუცელი…
კამარა -მაღალი ნახტომი, გადაფრენა.
სიქა გასძვრა -აქ: გამძლეობა გამოეცალა.
კონტური -საგნის, სხეულის გარემოხაზულობა.
რასა -საერთო წარმოშობის მქონე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი… რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობითი ნიშანთვისება: სხეულის აგებულება, კანი, თმის ფერი, თავის ფორმა და სხვ.

უსახელო, უსწავლელა
ასე ფუჭად იკარგება,
დროფანტია არაფრად და
სულ არარად იტანჯება…

უწვრთნელი, და უმეცარი _
უნარ_ჩვევებს ვერ იღრმავებს,
თუნდ ხელთ იგდოს რამე ცოდნა,
ნამდვილ საქმეს ვერ მოარგებს…

თავფუღურო, ფუღუს დარად
დღის სინათლეს ვეღარ არჩევს,
გზას ამცდარი ფშუტიკელა
ელოდება მშველელს და მხსნელს…

მიეფერეთ, გამოიხმეთ,
ფანდს წამოდეთ ფანქრის წვერი,
ცარიელს და ფშუტა-ფშუტას
ჩაუნერგეთ გული წრფელი…

ზოგი სიტყვაც განუმარტეთ,
გაუღვივეთ ცოდნის კერა,
მოუძებნეთ ახსნა, ფერი,
დაუბრუნეთ მშობელ დედას…

და ბუშტები ააფრინეთ
სურვილებით მოხატული,
მიაწვდინეთ ფშუტიკელას
აზრი ცოდნით მოქარგული…

მხნედ დალაშქრეთ
ცის ფუღურო _
უჩინარი ”არას” მცველი…
ოცნება და სიყვარული
არაფრისაც ხდება მჩენი…

-უმეგზურეთ, უპატრონეთ!
ფრთა გაშალეს ჭრიჭინებმა,
-ვინც თამაშში გზას გაიგნებს,
გვჯერა პრიზიც მას ერგება!..


ფუღუ -თხუნელა -ბრმა თაგვი. მიწის ქვეშ თხრის (საბა).
ცოდნის კერა -აქ სწავლისადმი მიდრეკილება…

ყდაზე მინაწერები:

იგავს მიჰყევ, ჩაეძიე,
გამოხსენი აზრთა წნული,

ნართაულად თქმული ახსენ
და განმარტე დაფარული…


წნული -აქ: ხლართი ანუ ერთმანეთსი გაბმული დახვლანჯული რამ…
ნართაული -არაპირდაპირ ნათქვამი, გადაკრული (სიტყვა).

გაუღვივეთ ფშუტიკელას ცოდნის კერა…

განუმარტეთ რად ითქვა: ”ჭკუა თვალში გაეპარა…”, გაიხსენეთ ანდაზა: ბრიყვ კაცსა ჭკუა თვალში აქვს და არა თავშიო.
აუხსენით რად ”შეუჭამა ტვინი მახრამ”, ანუ ”თვალის სეირით” მეტისმეტმა გატაცებამ რა საბედისწერო ხიფათს გადაჰყარა…
როგორ ექცა ”არცოდნა _ცოდვის ფარად” (ალბათ გაგიგიათ ანდაზა: ”არცოდნა არცოდვააო”); რარიგ დაემგავნა ”ერთუჯრედას”; რის გამო შეფასდა მის მიერ აჩემებული ”არა!” -ნასკვად”;
დაეხმარეთ როგორმე წარმოიდგინოს: ”კუდბაწარი ფრანს შეუჯდა, ფუღუროსკენ
ჰკრა ქამანდა”; რად ” ვერ იგუა ფერი მშვენი”; რად ითქვა ”ჭკუა ფეხში გაეპარა”; რას ნიშნავს აცა-ბაცად გაფანტულმა ”ცრუ სიფათი გაინარდა”; რის გამო ვერ შესძლებს ”თუნდ ხელთ იგდოს რამე ცოდნა, ნამდვილ საქმეს ვერ მოარგებს”… და ა. შ.
ნუ დაიზარებთ და განუმარტეთ არაფერას ამ უცნაურ თავგადასავალში თქვენს მიერ შემჩნეული სხვა სახის ხატოვანი, ფიგურალური, ნართაული თუ ორაზროვნული გამონათქვამები…
ვთქვათ: ეგ ”წუნი” რაღააო, აიმრიზა არაფერა, წესიერ არსებაზე მაგას არ იტყვიან, მაგრამ არაფერასთანა ფშუტიკელას თავისებურად უხდება კიდეც…
და ბოლოს, როგორმე შეაგნებინეთ, რომ ჭრიჭინა ფრინველივით პირიდან კი არ გამოსცემს ხმას, არამედ =
- რ - ე - - თ


ითამაშეთ ჩვენთან ერთად…

წამოიწყეთ დიალოგი არაფერასთან _

გამოიჩინეთ მისდამი ინტერესი და სიყვარული…
გაუღვივეთ ღირსების გრძნობა, შეახსენეთ რომ მას ყოველი თქვენთაგანივით მომადლებული აქვს გონება და სინდისი…
მიაწერეთ და მიახატეთ ბუშტებზე თქვენი აზრები და სურვილები…
თავდაპირველად თავად განსაზღვრეთ, რამ გამოიწვია არაფერას ამგვარი უმწეო მდგომარეობა…
ამასთანავე ნუ დაივიწყებთ, რომ სწავლასა და ვარჯიშს ხშირად თქვენც ”თვალის სეირს” ამჯობინებთ…
თვალის სეირით ანუ თავშესაქცევით მეტისმეტი გატაცება კი ადამიანს ბრმა მიმბაძველობას აჩვევს და მის გონებრივ განვითარებას ამუხრუჭებს…

მისწერეთ არაფერას:

-როგორ დააღწიეთ თავი ამგვარ ხიფათს…
-როგორია თქვენს წარმოდგენაში ბედნიერი ბავშვი…
-რის გამო დადიხართ სკოლაში…
-როგორ შეიძლება მოიპოვოთ თანატოლებისა თუ უფროსების ნდობა…
-როგორია თქვენი მოსაწონი მასწავლებელი…
-ვისი დახმარებით და რა უნარ-ჩვევების გაღრმავებით ცდილობ შეიმუშავო სწორი ”განწყობა-დამოკიდებულება” მეგობრებისა და გარე სამყაროს მიმართ…
-აქედან გამომდინარე რა მიზანს ისახავ…
-რას უსურვებდით პარლამენტს, მთავრობასა და ქვეყნის პრეზიდენტს, არაფერასნაირი არსებები რომ არ მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში…
-როგორ ილოცებდით არაფერას გადარჩენისათვის…
-რა ღირსებები უნდა გააჩნდეს ”ხალხის რჩეულად” შესახელებულ ადამიანს _პარლამენტარს, ქალაქის მერსა თუ გამგებელს, მთავრობის წევრს, პრეზიდენტს…
-როგორ გარემოში გსურთ იცხოვროთ…
-რას ნიშნავს თქვენთვის პიროვნებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობა…

წამოიწყეთ დიალოგი…

გააფორმეთ ბუშტა-ბარათები…

ცა დაზვერეთ,
”ცის ფუღუროს”
მიაგენით
ალღო-ჭვრეტით…
არაფერა გამოიხმეთ
და შესძახეთ
-აქ ვართ,
ჰერი!

თამამად დალაშქრეთ არაფერას საბუდარი…

აქტიურად
ითანამშრომლე!..
და შენ მიღებული იქნები
”არაფერას გადარჩენის
საზოგადოების”
ნამდვილ წევრად…
…გამოიჩინე
გონებამახვილობა!!!


არაფერას
ნდობით აღჭურვილი პირი
თავბუატა


ოცნებიდან მის წრფელ ნატვარას
ათას რამედ გადმოვაფრენთ,
დაფარული სიბრძნის კვალად
დრო ცის სურნელს
შემოგვაფრქვევს…


არაფერას სახალისოდ…

თეთრ ფურცელზე
ფერადი ბუშტი დახატე…
მერე შიგ წარმოსახვაში
გაცოცხლებული
არაფერა
სხვადასხვანაირად
გამოხატე…
მომავალიც დაუსახე!..

შეადგინეთ
კროსვორდი ან რებუსი
ისე რომ მიიღოთ
სახელი არაფერა…


დახატეთ ლაბირინთი,
გზად არაფერამ
მრავალგვვარ
”თვალის სეირს”
გვერდი უნდა აუაროს
და სკოლაში
დროულად მივიდეს…


აღწერეთ ”უმარტივესნი”
(პირდაპირ
თუ ფიგურალური
გაგებით…),
როგორ წარმოგიდგენიათ
ისინი…
(დაიხმარე მშობელი
და პედაგოგი).

არაფერას სავარჯიშოდ

არაფერა + არაფერა=
არაფერა - არაფერა =
არაფერა : არაფერაზე =
არაფერა x არაფერაზე =

უწვრთნელს სიტყვა გაუფრინდა, _
ნაწრთობს ცერზე დაუფრინდა,

შვილი მშობელს აუხირდა:
ნუ გგონივარ ერთი ციდა?!

თუ მცდი, მაშინ რად მკარნახობ?
პასუხს ჰგავსო, შენი კითხვა,
ტყუილს ნაყავს, ვინც ტრაბახობს,
იქნებ ჯობდეს ერთად ვიწვრთნათ…

შემეცნებითი თამაშითა თუ ”არაფერას ბედით” დაინტერესებულ მოზარდებს გირჩევთ ნუღარ დააყოვნებთ… აიყოლიეთ აღმზრდელ-მეგობრად შეგულებული პედაგოგი და ”გონებამახვილური პასუხების” გამოსავლენად შექმენით ”საკონკურსო კომისია”. პასუხები წარდგენილი უნდა იქნას ამოსაცნობი დევიზით… მაგ.: ”არაფერას შემწე”, ”არაფერას დაბრუნება”, ან ”შევაგებოთ არაფერას ჩვენი ხმები” და ა. შ.
გამოავლინეთ გამარჯვებულები… შემდგომ დაუკავშირდით ამავე მიზნით შექმნილ სხვა სკოლის კომისიებს და იზრუნეთ ერთობლივი კონკურსების მოსამზადებლად…
ვინც გონებამახვილობას გამოიჩენს, ღირსი ხდება შექებისა, ვფიქრობთ სამახსოვრო საჩუქარსაც ის მიიღებს…
გონებამახვილური პასუხები შევა ”არაფერას გადარჩენის საზოგადოების” წევრთა წახალისებით გამოცემულ წიგნში…

მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი


”შვილები და მშობლები”

შემეცნებითი პროგრამა მოზარდთა სახალისოდ - და არა მარტო მათთვის…

ითვალისწინებს ოჯახის წევრთა, (შვილები, მშობლები, ბებიები და ა. შ.) აღმზრდელთა, თანაკლასელთა და სხვა მეგობრული თუ ნათესაური ნიშნით შემდგარი ჯგუფების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას… მათ მიერ ნაღვაწი იდეების (ნაფიქრ-ნააზრევის), ლექსების, მინიატურების, საჭადრაკო ამოცანებისა და ეტიუდების, თავსატეხების, კროსვორდების, რებუსების, მახვილგონივრული მიგნებებისა და მოკვლევების ჰარმონიული თანშერწყმის საფუძველზე ბროშურების, ალბომებისა თუ კრებულების გამოცემას…
რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ პირთა შეკავშირებასა და ერთი ინტერესების მქონე მოაზროვნე გუნდად ჩამოყალიბებას… განსაკუთრებით კი უმცროსი და უფროსი თაობის სურვილების დახვეწასა და დაახლოებას…
მას, ასე _ საშუალება გეძლევათ ჩვენი გამოცემის მეშვეობით შესაფერისად წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი პორტრეტები… ისტორიას შემოუნახოთ სიყვარულის, ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის სითბოთი გამსჭვალული დღეები, რამაც შესაძლოა მომავალში მრავალ სასიკეთო და წარმატებულ წამოწყებას მისცეს საფუძველი…
თქვენს მიერ გამოგზავნილი მასალები გამოსაცემად მომზადდება კვალიფიციური შემოქმედებითი ჯგუფის მიერ…
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მაღალმხატვრულ დონეზე დაიბეჭდება ბროშურის, ალბომისა თუ კრებულის სახით…
გამოცემის ხარჯებს გაიღებს შემკვეთი ან სპონსორი…

მას, ასე ვითანამშრომლოთ!

მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი…



























Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...