ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

воскресенье, 2 декабря 2007 г.

ზღაპრები... Tales...

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====


ზღაპრები… Tales…

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში…
რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე

შინაარსი
უფლისწულ სიამოს ხის კოვზი
====
მომღერალი ცხენი
====
სახელგატეხილი ძაღლი ჩიბიტო
====
საპნიქაფიას მზითევი
====
გონჰუ დელფინთა პლანეტიდან
====
პლიყვისგან ჩაყლაპული ტბა და
აქვარიუმში გაჭედილი მუტრუკელა ლოქო
====
აუკა-თოჯი
====
ბურბულაკი
====
საყურეებიანი ვირისა და ჭიანჭველას ამბავი
====
კნიპსა ბუშტისროლია პლანეტიდან
====
ნაკვერჩხალა
====
ფრაციოლა და ლულუფარი
====
ჩიტმადევარა სარდალი
====
აციო და დაციო
===
ლოკოკინა და ბუღა მაყრად მიდიოდნენ
….
/////////////////////////////////
მომღერალი ცხენი
ზღაპარი

უცნაური კვიცი, მისან ფენაკოს წინასწარმეტყველება, ნავარდას მომაჯადოებელი ხმა და გოგონას საოცარი განკურნება…

ლერწმოვანთან დაბინავებულ რემაში უცნაური კვიცი დაიბადა…
მოევლინა თუ არა ქვეყანას, უმალ სათამაშოდ გაუწია გულმა…
ის იყო, პირმშოს ხილვით გახარებული დედამისი ასალოკად შეემზადა, რომ კვიცი დაუფიქრებლად მოსწყდა ადგილს და ლერწმიანში შევარდა…
იქ კი, საგანგებოდ განმარტოებული ბებერი ჭაკი, მისანი ფენაკო ისვენებდა. მყუდროებადარღვეულმა ფენაკომ წყენით შეათვალიერა კვიცის ნაკვალევი და მოსაბოდიშებლად მოსულ ახალგაზრდა ფაშატს, თაფლიკოს საყვედურით ამცნო:
-დედის წინ მარბენალ კვიცს ან მგელი შესჭამს, ან მგლის ფერიო, ალბათ გაგიგია, მაგრამ ამ კვიცის ფლოქვის ხაზები ადამიანთა გულებისკენ მიემართება… გაფრთხილდი, ემაგ უცნაური ხასიათით, რაიმე ხიფათს არ გადაგვყაროს…
თაფლიკომ მეტისმეტი მოკრძალებით მოუბოდიშა. ბებერი ჭაკის მისნობა მაინცადამაინც არ სჯეროდა, მაგრამ რიდი კი დიდი ჰქონდა. რადგან ლერწმოვანში განმარტოებული ფენაკოს მყუდროების დარღვევას, თავად ულაყი ანქიტერიც კი ერიდებოდა და მორიგი ბრძანების გაცემისას შედარებით გულდინჯად შეიხვიხვინებდა ხოლმე…
კვიცი, მართლაც უცნაური ჩანდა! მოხდენილსა და მოუსვენარს ბალანი ალისფრად უღუოდა. დიდრონ საცერივით თვალებით, თითქოსდა მთელი სამყაროს მშვენებას აირეკლავდა. ყნოსვაც გამორჩეული გამოჰყოლოდა, თვალებდახუჭულს სუნით არამცთუ ჯოგის თითოეული წევრის, არამედ ახლომახლო მდებარე ყოველი ხის, ბუჩქის, ბალახის და თავად ქვების გამოცნობაც კი შეეძლო… ჩლიქები კი, ისეთი მგრძნობიარე ჰქონდა, რომ მისან ფენაკოსგან მივიწყებულ სახიფათო ბილიკსაც კი ლაღად გაივლიდა…
ლაშებზე ხომ არაფერს ვამბობ, თუ რასმე ერთხელ მაინც შეახებდა, მერე იმას რა დაავიწყებდა… მაგრამ ყველაზე უფრო განგებისგან სმენა ჰქონდა მომადლებული, შორეულ მელოდიასაც კი, უმალ მოჰკრავდა ყურს და გარინდული, მალული თრთოლვით უსმენდა…ერთხელ, თავადც ამღერდა… საამო, გულშიჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მშვენიერ სიმღერებს მღეროდა… ზოგჯერ თავისებურად შეითამაშებდა კიდეც და ლერწმოვანის შემოგარენს ნავარდ-ნავარდით შემოივლიდა.
მაგრამ ყველაზე მეტად შავქოჩრიანი ყომრალების ახმიანება უყვარდა…
ლეგა, თვალშისაცემი ბეწვით შემოსილი, ერთთავად ფაფარაყრილი ულაყები, შუბლს კეფიდან გადმოსული შავი ქოჩრები, რომ უმშვენებდათ, რემის უსაფრთხოებას საგანგებოდ იცავდნენ და მხოლოდ ანქიტერის ბრძანებებს ასრულებდნენ… საფრთხის შეგრძნებისას იმგვარ ჭიხვინს ატეხდნენ, უცაბედად არამცთუ ნადირს, კაცსაც შიშის ზარს სცემდნენ…
ნავარდას კი, თავისებურად იზიდავდა მათი საგანგაშო ”შემოძახილი” და ხშირად ერთ-ორს საგანგებოდ დააფრთხობდა ხოლმე… საშურად აჭიხვინებულ შავქოჩრიანების ხმაზე კი, თავის მომხიბლავ სიმღერას წამოიწყებდა… უნებლიეთ, ყომრალებიც ყურს მიუგდებდნენ და ნება-ნება შეხმატკბილებულ ჭიხვინ-ხვიხვინზე გადადიოდნენ…
ცხენის სიმღერა ვის გაუგონიაო, გიჟდებოდა ულაყი ანქიტერი და ფაშატ თაფლიკოს თვალებს დაუბრიალებდა… მერე სიმღერით გართულ კვიცს გამოენთებოდა, ბეჭით ნაცად მუჯლუგუნს გაჰკრავდა…
ჭიხვინით, რამდენიც გენებოს იჭიხვინე, ოღონდაც, მაგ სიმღერას გადაეჩვიეო, გააფრთხილებდა ბრაზმორეული… რა უნდა ექნა, ფრთხილობდა, ნავარდას გადამკიდე შაქოჩრიანებს სიფხიზლე არ შემოლეოდათ…
კვიცსაც რა ექნა, თუმც უკვე, აღარც კვიცი ეთქმოდა, საცა იყო ორი წლისა გახდებოდა და მისი ასაკის შესაფერისი წინდახედულობა მართებდა. ოღონდ, ცოტა ხნის შემდეგ კვლავ წამოუვლიდა სიმღერის ჟინი და ფარულად აღიღინებული ლერწმოვანს განერიდებოდა. ჭენებით გაუყვებოდა მდინარის სანაპიროს და განმარტოებული ლაღად ამღერდებოდა… მართლაც, რომ მომხიბვლავი ხმა ჰქონდა და ვერავინ იფიქრებდა ცხენი მღერისო… მაგრამ იგი სხვა ცხენებისგან არა მარტო უჩვეულო სიმღერის ნიჭით გამოირჩეოდა, არამედ მრავალფეროვანი ალურითაც… ნაბიჯი ხომ გამორჩეულად ლამაზი ჰქონდა, რბოლაც მშვენივრად ეხერხებოდა… მოხდენილ იორღას ანუ თოხარიკს შიგადაშიგ მგზნებარე ჩორთს გამოურევდა… და როცა შეინავარდებდა, მართლაც განსაცვიფრებლად ზღაპრული სანახაობა იშლებოდა…
ერთხელ, ამგვარად გალაღებული, მდინარეში მობანავე ბავშვებთან დაეშვა… გული რაღაც სხვაგვარად შეუთამაშდა და თითქოსდა საკუთარ ჟრიამულში ჩაკარგულ პატარებს შეერია.
პატარებმა მისი დანახვით ძალზე გაიხარეს; ვინ ზურგზე შეაცოცდა, ვინ გედისებრ კისერზე მოეხვია, ვინ კიდევ ფაფარში ჩაავლო ხელი… მხოლოდ ერთი, ზღაპრულად მომხიბლავი, ქერაკულულებიანი გოგონა იჯდა განმარტოებით, ისე რომ, ვერც კი გრძნობდა სხვების სიხალისეს… ასე კოხტა და ლამაზი, შეუცნობი წარსულიდან წამოვლილ სენს დაეთრგუნა…
ერთხელ, როცა იგი ჯერ კიდევ სრულიად პაწია იყო, საშინელი ქარსეტყვა ამოვარდა, ფანჯარა შემოამტვრია და ეტლი, რომელშიც გოგონას ეძინა კედელს მიანარცხა… მძინარე პაწია, თითქოს არც კი შეშინებულა, მაგრამ მერე და მერე დაემჩნა, რომ გულჩახვეული იზრდებოდა, სხვის მხიარულებას ნაკლებად იზიარებდა, ის კი არა, სხეულზე ზოგ ადგილას მწარედაც, რომ გეჩქმიტათ, ვერც იგრძნობდა…
ნავარდამ იგი მალე შეამჩნია, მასთან ფრუტუნით მივიდა, კულულები აულოკა, აქა-იქ ტუჩები შეახო და ტკბილად ამღერდა:
მომღერალი ცხენი ვარ,
და ნავარდა აჩუა,
შემომაჯექ გეთაყვა,

აჩუ, ბაჩა-აჩუა!
გამაჭენე პატარავ,
აღარ გეთქმის აღუა,
მომღერალი ცხენი ვარ
და ნავარდა აჩუა…
მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ გოგონა უმალ გახალისდა, აკისკისდა, მამის ნამღერი ლექსი გაახსენდა, მომღერალ ცხენს ყელთან აეკრა და წკრიალა ხმით ააყოლა:
აგერ, ნავარდა!
სილამაზით განთქმული პრინცი,
კვიცი გვარზე ხტის,
კვიციაა და მერე რა კვიცი…
დაჰქრის, თამაშობს,
მშვენიერი სიმღერა იცის,
თუკი ინატრებ,
მოგატარებს ოცნებას ციმციმ…
ბავშვები ლამის შეშინდნენ, უცნაური ცხენის ამღერებამ თუ გულჩათხრობილი გოგონას ასე უცებ გახალისებამ, თითქმის თავგზა აუბნიათ… მერე ყოველ მათგანს ძალზე მოუნდა ამ მოხდენილ ცხენთან ერთად ემღერა და მშვენიერ წყვილს ერთხმად მიუმღერეს:
მომღერალი ცხენი ვარ,
აჩუ, ბაჩა-ნავარდა,
დავჭენაობ, დავხტივარ,
დავქრი მთა და ბარადა…
ამ დროს მომღერალ ცხენს ულაყ ანქიტერის გამაფრთხილებელი ჭიხვინი მოესმა… შებინდებულიყო და ისისც საძოვარზე გაშლილ რემას ლერწმოვანთან უხმობდა… ნავარდა შეკრთა, მერე გედისებრი კისერი დახარა, მოხდენილად შეირხა და მის ზურგზე ამხედრებული პატარები ძირს ჩამოსვა, ქერაკულულებიან გოგონას კი, შუბლი ლოყაზე ფაქიზად შეახო, რაღაც ჩუმად მიუმღერა და ჯოგის ადგილსამყოფელისკენ მოჰკურცხლა…
=
რემიდან გაძევება, მარადმწვანე მდელო და განწირული თაფლიკოს საყვედური ულაყ ანქიტერისადმი…
=
ლერწმოვანში საგანგებოდ განმარტოებულმა მისანმა ფენაკომ ახალგაზრდა დედა, ფაშატი თაფლიკო თავისთან დაიბარა და აუწყა:
-ეგ კვიცი, ჩვენს რემას ხიფათს მოუვლენს, ადამიანები იფიქრებენ, იმ ჯოგში დანარჩენებიც მაგასავით ჯამბაზები იქნებიანო და ამას, რაც მოჰყვება იმედია ხვდები… ჩვენზე დიდ ნადირობას გამართავენ და იმის იმედით, ცირკის მეპატრონეები დიდ თანხას გადაგვიხდიანო, სათითაოდ შეგვიპყრობენ… ამგვარი საშიშროება, ერთხელ ადრეც გველოდა. ჩემი წინდახედულობა, რომ არა, სხვებთან ერთად, ალბათ შენც ზღვისიქეთა ხელმწიფის მეჯინიბისა და მისი დამქაშების ტყვეობაში აღმოჩნდებოდი… თუმც, თავისებურად ანქიტერმაც იმარჯვა, ყომრალებთან ერთად მონადირეები სხვა მხარეს გაიტყუა, მერე უცებ შემოტრიალდა და მდევარს იმგვარი გამაყრუებელი ჭიხვინით შეეჩეხა, რომ მათი ცხენები დაფრთხნენ და ხრამში გადაიჩეხნენ… პატრონთაგან ბევრი თან გადაიყოლიეს, სხვებმა გაქცევით უშველეს თავს…
თაფლიკომ კარგად იცოდა ანქიტერისა და ყომრალების გმირობის ამბავი, ისიც, ფენაკოს ჭირვეულობის გამო რემა კინარამ ალყაში, რომ აღმოჩნდა, მაგრამ შეპასუხება არც უფიქრია, რადგან ბებერი ჭაკის დამქაშები, მისანის ნათელმხილველურ ნიჭს, ჯოგის სიძლიერის საწინდრად წარმოსახავდნენ და ამას თავად ულაყი ანქიტერიც უბამდა მხარს… მაინც დაპირა შვილს გამოქომაგებოდა… ნავარდა ხომ ყომრალებთან მეგობრობსო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ ფენაკომ არ დააცალა…
-ასე რომ, უხეირო ჯამბაზის ხვედრს, ცოტა ხნით, მაგრამ მომღერლის მოშორება გერჩივნოს!..-მოკლედ მოჭრა ბოლოს და დაარიგა,-ამღამითვე განარიდე აქაურობას, უფსკრულზე გამავალ იდუმალი გზით, მიუვალ მწვერვალთან მდებარე მარადმწვანე მდელოზე აიყვანე და იქ დატოვე… რა იცი, იქნებ იქაურმა ბალახმა განკურნოს…
-ანქიტერმა რომ იკითხოს…-თითქოს ხავს ჩაეჭიდა დაბნეული თაფლიკო.
-უმჯობესია, ჩაძინებულს გამოეპარო…-ხმა უფრო გაიმკაცრა ბებერმა ჭაკმა,-ოღონდ, კარგად დაიხსომე, უფსკრულის აქეთა ნაპირს, რომ მიუახლოვდები, კიდეჩამომტვრეულ ლოდს უკანა ფეხი ზედიზედ მძლავრად მიარტყი. შენს მიერ გამოვლილი გზა, უმალვე უჩინარი გახდება და სანამ დათქმული დრო არ მოვა და არ ააკითხავ იმ შენს მომღერალს, ნებავს თუ არა, იქ ყოფნა მოუწევს…-მისანმა თვალი მონანავე ლერწამს გაუშტერა და ამით მიანიშნა მეტად ნუღარ შეყოვნდებიო.
და იქვე, შორიახლო მყოფი ანქიტერის უკმაყოფილო ხვიხვინიც გაისმა.
რა უნდა ექნა თაფლიკოს, მიხვდა მეტად შეყოვნება მართალც არ შეიძლებოდა… ლერწმოვანიდან გამოსულმა უმალ იხმო შვილი და უთხრა, რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს, მისანმა მირჩია, მიუვალ მწვერვალთან, რომ მდელოა იმისი ბალახი მოძოვე და გიშველისო… შენზე უკეთეს მეგზურობას ვინ გამიწევს, თუ არ დაიზარებ ამსაღამოსვე გაუყვეთ გზასო.
მომღერალი ცხენი ხალისიანად დათანხმდა. იფიქრა, იქ მდელოზე, ერთს ჩემებურად გავინავარდებ და თან სიმღერითაც ვიჯერებ გულსო… ოღონდ, წასვლის წინ, როცა ცად ვარსკლავები გამოკრთნენ, გოგონას სახლთან მალულად მიირბინა, მის ფანჯარასთან გაინაბა, მის საამო სუნთქვას ყური მიუგდო და იდუმალი, სულისჩამდგმელი ხმით ამღერდა…
გოგონა სიზმრად ვარსკლავებზე მონავარდე ნავარდას ხედავდა… ეჩვენა ის და ნავარდა ერთსულად იქცნენ და ერთნაირი სულის შემძვრელი გატაცებით მღეროდნენ… ტანში სიცოცხლის მომცველი ჟრუანტელი უვლიდა და ჰაეროვანი სიმსუბუქე იპყრობდა… მერე ლხენით აფრინდა ცისკენ, აჩუას ზურგზე მოექცა, ტანი მოხდენილად მოზიდა და ვარსკლავეთში გაინავარდა…
ფანჯარასთან განაბული ცხენი კი კვლავ უჩუმრად მღეროდა… ბოლოს, ნება-ნება მოშორდა იქაურობას და შვილის გაუჩინარებით შეშფოთებულ დედამისს ჭიხვინ-ფრუტუნით შეეხმიანა…
მალე დედა-შვილი ერთურთს თავ-კისერით გაეთამაშნენ და გზას მორჩილად გაუყვნენ…
ერთთავად ცის სილურჯეში შემალული მიუვალი მწვერვალი, მარადნისლოვანი უფსკრულით იყო გარშემორტყმული… ხეთა ზემოთ აღმართულ, დაგუბებულ წყალივით მდორე ჯანღს, თითქოს ათასწლოვანი ჟანგი მოსდებოდა… ჯანღი თვალისთვის შეუვალი და ხმაგაუმტარი სამარისეული სიჩუმით იყო მოცული… ერთგან, უფსკრულში გალავნის კედელივით ამოზიდული, ლიანებით დაფარული ქვიანი მიწის ზედაპირი იყო ის ვიწრო გზა, მარადმწვანე მდელოს და რა თქმა უნდა, თავად მწვერვალს ჩვეულ, ადამიანისგან ფეხდადგმულ მიწასთან, რომ აკავშირებდა, ბილიკს უფრო გავდა, ვიდრე გზას… მაგრამ ნავარდასთანა არსებას მასზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა… იგი გაბედულად მიუძღოდა დედას, მგრძნობიარე ჩლიქების წყალობით იდუმალი ბილიკის ყოველ სახიფათო მონაკვეთს ცნობდა… თაფლიკო გამუდმებით ყნოსავდა მისგან ფლოქვშენახებ გზის მონაკვეთს და საგულდაგულოდ იმახსოვრებდა, რათა უკან მობრუნებულს უხიფათოდ გაევლო… გამთენიისას მარადმწვანე მდელოზე ააღწიეს…
თაფლიკომ მთვარის შუქზე ცოტა ბალახი მოძოვა და სასიმღეროდ განწყობილ შვილს უთხრა:
-ვხედავ, ორივე ძალზე დაღლილები ვართ, მოდი, ცოტა ხნით ჩავთვლიმოთ, მზის ამოსვლისას შევფხიზლდეთ და მაშინ აქაურობის ნახვას არაფერი აჯობებს…
მომღერალი ცხენი მის ნებას დაჰყვა… დაღლილი მალე ღრმა ძილმა მოიცვა… თაფლიკოს კი, იმედი მიეცა, რაკი ძველებურად არ ამღერდა, ალბათ აქაურობამ უკვე არგოო და აღარ შეყოყმანებულა, ისე მოიქცა, როგორც ფენაკომ დაარიგა. ყნოსვა-ყნოსვით ვიწრო გზა განვლო და კიდეჩამომტვრეულ ლოდსაც ზედიზედ მისცხო ფეხი…
უცაბედად, თითქოს მიწა იძრაო, იქაურობა მძლავრად შეტორტმანდა, ბილიკი, სადღაც შუაგულში, თითქოს ძაფივით ჩაწყდა, მერე უფსკრულში ქვა-ღორღად ჩაიფანტა და თაფლიკოც ჩაიყოლია… განწირული და ერთიანად დაჩეჩქვილი ახალგაზრდა ფაშატი მიხვდა, რომ ბებერმა მისანმა მოატყუა, მაგრამ მაინც ასე წამოცდა:
-შეენც ანქიტერ?!
=

ნისლზე მავალი, მედგარი ლურჯნისკარტა, უმშვენიერესი პრინცესა ვარდულეტა…

=

ნავრდა წინათგრძნობამ შესძრა, წამიერად უმალვე დედა მოიკითხა და როცა ახლომახლო ვერ იპოვა გზისკენ გაქანდა, მაგრამ სადღა იყო იგი…
მშფოთვარედ ჭიხვინებდა… მიუვალი მწვერვალი ახლა, მართლაც მიუვალი შექმნილიყო… დიდრონი თვალები ცრემლებით აევსო, გუმანით მიხვდა, ახირებული ჩვევითვის ჯოგიდან მოკვეთეს… თუმც, ახლა მხოლოდ დედას მისტიროდა… მისი ხმა იდუმალ ბურუსს კვეთდა…
მოულოდნელად უფსკრულის იქითა მხარეს ულაყ ანქიტერის ჭიხვინი გაისმა. ნავარდამ ნისლს იქით, მის სილუეტსაც მოჰკრა თვალი, ჯოგის წინამძღოლმა ერთგან მიწა დატორა, ყალყზეც შედგა, წამით თითქოს ჯანღსაც ჩააბჯინა ტორი, დროულად დაიხია უკან და თავჩაქინდრული შედგა… როგორც ჩანდა იცოდა რაც მოხდა და სინდისის ქენჯნას გრძნობდა… უკვე ყომრალებიც გვერდს უმშვენებდნენ და ნავარდას გასამხნევებლად იომახიანად ჭიხვინებდნენ… მაგრამ ვერ მოესაზრებინათ რა ექნათ… ანქიტერის მორიგ მბრძანებლურ ჭიხვინზე კი, ნავარდამ თავისთვის ჩაიხვიხვინა:
-ბებერი ჭაკის, მისან ფენაკოს მორჩილი ულაყი, რაღა წინამძღოლიაო…
ანქიტერმა მიწა დატორა და იქაურობას ნირწამხდარი გაეცალა… ყომრალები მორჩილად მიჰყვნენ…
ნავარდა მეტად აღარ შეყოვნებულა, ადგილს მოსწყდა და დედის საშველად, ბილიკის მიმართულებით ბურუსში გადაეშვა… შესძლო და ნავარდში დახელოვნებულმა სქელ ნისლზე ფეხი მოიკიდა. მალე მიხვდა ჟანგმოდებული ჯანღი სხვადასხვა მხარეს მიმოდიოდა, ხან დაღმა ჩადიოდა, ხან აღმა ადიოდა, ხანაც ბეწვის ხიდივით დაეკიდებოდა მის წინაშე და უცებ მორევივით იწყებდა ტრიალს… ისიც, ყოველნაირად ცდილობდა ამ უჩვეულო წინაღობებს გამკლავებოდა… ზოგან ჩორთით იწყებდა სვლას, ზოგან თოხარიკით ცდილობდა სახიფათო ადგილას გავლას, ზოგან ნავარდით და ზოგანაც მოზომილ ნაბიჯს იშველიებდა, შიგადაშიგ კამარის შეკვრასაც ახერხებდა… ბოლოს მიხვდა ძალა ეცლებოდა, უფსკრულის ფსკერამდე კი, როგორც ჩანდა შორი მანძილი იყო…
უცებ, შორიახლოდან, პაწია, ჩიტის ხმა მოესმა…
-იჩქარე, თორემ დიდხანს ვერ გაუძლებ, აგერ, ეს ორლოდშუა მოქცეული კენჭი თუ გამოსძვრა, უფსკრულის ეს მხარეც ჩამოწვება და ყველას თან ჩაგვიტანს…-მისაშველებლად მიიხმო, პაწია, ოქროსფრად შებუბლულმა, ლურჯნისკარტა ჩიტუნამ…
იგი, ერთი შეხედვით სასაცილოდ გამოიყურებოდა, ფეხები მსხვილ ლიანისთვის მიებჯინა, ფრთები წინ წამოეწია და თავ-კისერით თავგანწირვით ცდილობდა, საბედისწეროდ გადმოხრილი ორი ვეებერთელა ლოდის შემაკავშირებელი კენჭის შეკავებას…
-სწრაფად გამოეცალე…-უთხრა ჩურჩულით მედგარ ჩიტუნას და როგორც კი მან მახლობელ ლიანისკენ ისკუპა, პაწია კენჭსა და ლოდების კიდეებს გადამეტებულად მიაწვა…
უკან შეწეული კენჭი, ბუნებრივ ბუდეში ჩაჯდა და ლოდებს სიმყარე შეუნარჩუნა…
-ვგრძნობდი, რომ მომისწრებდი…-დაიჟღურტულა ჩიტუნამ,-სანამ გონს დაკარგავდა, დედაშენმა მოასწრო და ზოგი რამ მიამბო შენს შესახებ, ძალზე ნანობდა ბებერმა ჭაკმა ფენაკომ გამაცურაო…
-დედაჩემმა?!-გაფაციცდა იგი.
-ჰო, დედაშენმა, ბედად, აგერ ლიანების ბადეში ჩავარდნილა…-ჩიტმა თავისკენ მიახედა.
უფსკრულის სიღრმეში ჩანგრეულ გზას, ერთგან, აქეთ-იქიდან გადმოზნექილი და ბადესავით ჩაკიდული ხვიარები აკავებდა..,. შიგ ღონემიხდილი თაფლიკო იწვა…
-მაშ, უგონოდაა…-მშფოთვარე ნავარდამ ნისლთა ერთი დინებიდან მეორეზე მოინაცვლა.
-ეგ, არაფერი, აქაურ ნისლში ყოფნა, ბევრზე გამაბრუებლად მოქმედებს, როგორც კი ზევით ავიყვანთ გამოკეთდება…-ანუგეშა ჩიტუნამ.
ნავარდამ ხვიარების ბადეში განუძრევლად მწოლ დედას დამაიმედებლად შეჰხვიხვინა, მერე ჩიტუნასკენ მოზომილი ნახტომი გააკეთა და დაინტერესდა:
-კი მაგრამ, შენ აქ საიდან გაჩნდი?..
ბარტყი ვიყავ, უფსკრულზე გადაფრენა მომინდა, დედილოს არ დავუჯერე და ნისლმა ჯურღმულის ფსკერზე ჩამიტანა, იქ სიკეთის კეთებაში დახელოვნებულმა ადამიანებმა მომასულიერეს, მომხედეს… მას შემდეგ უკვე მერამდენედ ვცდილობდი ზემოთ ამოსვლას, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა…-მინდობილად გაეპასუხა იგი.
როგორ, იქ ადამიანებიც არიანო, გაიკვირვა ნავარდამ და ნისლის მორიგ მორევს დააღწია თავი…
-ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, ყოველგვარი სულიერნი, დაუდევრად და დაუფიქრებლად, რომ იქცეოდნენ და ამით ტკივილი მოჰქონდათ, როგორც ახლობლების, ისე საკუთარი თავის მიმართ…
ჩიტი ფრთებით წრიულად მოტრიალე ნისლის ფრთილებში გაბმულიყო და თავის დახსნას ვერ ახერხებდა…
ნავარდა ლაშებით მიწვდა გაანთავისუფლა და ურჩია:
-ქედზე დამაჯექ და ფაფარში მაგრად ჩამაფრინდი,_მერე ალალად დაიქადნა,_დედაჩემს, რომ ვუშველით, მერე იმათაც ამოვიყვანთ…
-რა კარგიაა!.._გაიხარა მის ფაფარში მოკალათებულმა ლურჯნისკარტამ,_იქ ხომ ჩემი მეგობრები, ჩიტუნა ჰაინიო და უმშვენიერესი კვიცი-პრინცესა ვარდულეტა მელოდება…
”უმშვენიერესი ვარდულეტა…” თავისდა უნებლიეთ გაიფიქრა ნავარდამ და წამით სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
უცებვე გამოერკვა, ხვიარების ბადის ქვეშ მოექცა და შიგ დატყვევებული დედის აწევა სცადა. მაგრამ ძვრა ვერ უყო.
-ფრთხილად, არ მიმაჭყლიტო!-გაწიწმატდა ჩიტი,-ასე არაფერი გამოგივა…-გააფრთხილა და ურჩია,_აი, ამ უმსხვილესი ლიანის ბოლო, უფსკრულის შორიახლო მდგომ, რომელიღაც ხეზე უნდა იყოს დახვეული, მთელი ამ მომცრო ლიანების ბადე კი მასზეა გამობმული… თუ ცხენები შეგვეშველებიან და უმსხვილესი ლიანის დაქაჩვას შესძლებენ…-თავისებურად განსჭვრიტა ყოჩაღმა ჩიტუნამ.
-მაშინ, ყომრალებს შევეხმიანები!..-აღარ დააყოვნა ნავარდამ.
-მაგრამ ნისლის იქით ხომ, ჯერ არც ერთი სულიერის ხმას არ გაუღწევია…-დანაღვლიანდა ლურჯნისკარტა.
-ვიმღერებ…-ალალდ მიუგო,-სიმღერას შორეულ ვარსკლავებსაც კი მივაწვდენ ხოლმე…-ადგილი მარჯვედ მოინაცვლა და ამღერდა, რაღაც სხვაგვარად, გულშიჩამწვდომად, ფარულად სურდა არა მარტო ყომრალებისთვის, არამედ უფსკრულის ფსკერზე მყოფი პრინცესა ვარდულეტასათვისაც მიეწვდინა ხმა.
თანდათანობით ზემოთ მიიწევდა. გადაწყვეტილი ჰქონდა თუ თანამოძმეთ ვერ გააგონებდა, მარტოდმარტოს ეცადა ბედი და დედა გასაჭირიდან ეხსნა… მაგრამ სიმღერის ხმამ მართლაც გააღწია ნისლს იქით და რემას ნავარდას გასაჭირი ამცნო.
=
”კაციჭამია” ხე, ანქიტერის კამარა და ყომრალების სიმამაცე, თაფლიკოს ხსნა, ნავარდა, სილამაზით განთქმული პრინცი…
=

მისანმა ფენაკომ ლაში აიბზუა…
-ეგ, მომღერალი, ყომრალებს ხიფათს გადაყრის, მაგ ლიანის ბოლო ხომ ბოროტ ხეზეა მოხვეული, ადამიანები კაციჭამიას რომ ეძახიან, მიუახლოვდებით თუ არა ტოტებს მოგხვევთ, ქერქს გახსნის და სათითაოდ ჩაგყლაპავთ… ღირს კი ამად ის ღლაპი და ჩერჩეტი დედამისი, ჯოგის უსაფრთხოების დამცველთა სიცოცხლე, ასე აშკარად, რომ ჩავაგდოთ საფრთხეში…-ჩვეულებისამებრ დამოძღვრა რემის წინამძღოლი…
მაგრამ ულაყმა ანქიტერმა ამჯერად მის ბუზღუნს ყური არ ათხოვა და ყომრალებს უფსკრულისკენ გაუძღვა…
უმსხვილესი ლიანის ბოლო, მართლაც ხრამის შორიახლოს მდგარ ვეებერთელა, შავწითლად მოელვარე, თითქოსდა მუცელგამობერილ, მეტისმეტად კანსქელ ”კაციჭამია” ხეს იყო სამ რიგად შემოხვეული…
ანქიტერმა ბრძანება გასცა, ყომრალებს მის გარშემო ისე შეეკრათ წრე, რომ მათ შესაპყრობად დახრილი ”მარწუხა” ტოტები შეეკავებინათ…
ყომრალებმა ”კაციჭამიას” გარშემო მჭიდრო რკალი მარჯვედ შეჰკრეს და ქშუილ-ხროტინით დახრილ ტოტებს გადასახსნელად შემზადებულ მყრალ ქერქთან მიახლოების საშუალება არ მისცეს…
დადარაჯებულმა ანქიტერმა ყომრალებს ზემოთ კამარა შეჰკრა, ლიანს კბილები ჩაავლო, ხის ტანს შემოხსნა, მერე მძლავრი ნახტომით ისევ გადაევლო რკალს და რამდენიმე რჩეულთან ერთად უმსხვილეს თოკივით გაჭიმული მძლავრად დაქაჩა… მერე ტოტებთან მოდარაჯე ყომრალებიც ისე მოხერხებულად განერიდნენ ”კაციჭამია” ხეს, რომ კანის გადახსნის საშუალება არ მისცეს… ანქიტერს წაეშველნენ და მალე ხვიარების ბადეში მწოლი თაფლიკო, რომელიც უკვე ისე მოსულიერებულიყო, რომ შვილთან საუბარსაც ახერხებდა, ბოროტ ხისგან მოშორებით ამოიყვანეს…
-ჩემო საყვარელო, ერთად წავიდეთ, ანქიტერი ალბათ უკვე ჯოგში დაბრუნების ნებას მოგცემს…-უთხრა შვილს, მისი სიმამაცით გაამაყებულმა დედამ.
-ამ ჯანღში მასავით შემართებით და მარჯვედ მავალი მე არც მინახავს და არც სხვისგან გამიგია სხვა სულიერს ამგვარი სიმამცე და სიმარდე გამოეჩინოს…-მიახარა ჩიტუნამ და ანქიტერისა და ყომრალების წინაშე თავის მოწონების მიზნით მთლად ენად გაიკრიფა,-მას ხომ მართალაც უჩვეულო ალური ეხერხება; გამორჩეული ნაბიჯით სვლას მშვენიერ რბოლაში გადაზრდის, მოხდენილ იორღას ანუ თოხარიკს, მგზნებარე ჩორთს გამოურევს და როცა შეინავარდებს, დიახაც, განსაცვიფრებელი სანახაობა იშლება…
დედა-შვილის ხილვით გახარებულმა ანქიტერმა კმაყოფილებით ჩაიხვიხვინა. მიწვევის ნიშნად ყომრალებმაც დაიჭიხვინეს.
ნავარდას გული აუჩუყდა, წამით თითქოს ანქიტერისა და მისი გარემოცვისკენ გაუწია გულმა, მაგრამ უცებ მის ფაფარში ჩაბუდებული ლურჯნისკარტა ორაზროვნულად აჟღურტულდა და მასაც უმალვე გაახსენდა მზის სინათლის ხილვას დანატრებული უფსკრულის ბინადარნი, პრინცესა ვარდულეტა… უეცრად, ანქიტერზე დამაჯერებლად აჭიხვინდა და ცას შეჰფიცა:
სანამ ჯურღმულის ტყვე-ბინადართ მზის სინათლეზე არ ამოვიყვან, იქამდე სოფლის მხარეს არ გამოვალ და ჯოგს ახლოსაც არ გავეკარებიო…
თაფლიკომ ტკბილი ხვიხვინი მიაგება, ყომრალებმა კი ლამაზი მოძახილით გაამხნევეს…
ნავარდამ პირი იბრუნა და კვლავ ნისლში გადაეშვა…
მოვალეობის გრძნობით აღვსილმა უცაბედად აიყარა ტანი… გამშვენიერდა, ბალანმა სულ მთლად ცეცხლისფრად დაუწყო ღუილი… მერე ქოჩორი, ფაფარი და კუდი შავად დაეწინწკლა… შიგადაშიგ, ის წინწკლები მთელს ტანზე იწყებდნენ თამაშს და თითქოსდა თავისებურად დანავარდობდნენ… მართლაც ზღაპრულ რაშს დაემსგავსა… ყოველ მის მოძრაობაში ზღაპრული მელოდია ახმოვანდა…
გოგონამ ღამისეულ ნიავში ნავარდას ხმის ფეთქვა იგრძნო და ნისლში მისმა გამჭირვალე ხმამ გამოაღწია:
აგერ, ნავარდა!
სილამაზით განთქმული პრინცი,
კვიცი გვარზე ხტის,
კვიცია და მერე რა კვიცი…
დაჰქრის, თამაშობს,
მშვენიერი სიმღერა იცის,
თუკი ინატრებ,
მოგატარებს ოცნებას ციმციმ…
ამბობენ, უმშვენიერეს ვარდულეტასაც ჩასწვდა მომღერალი ცხენის საამო ხმა და ახლა მოუთმენლად ელოდება თავის მხსნელსო…
თუმც, უფსკრულში ჩაშვება და იქიდან ვინმეს ამოყვანა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ოცნებით ცაში აფრენა და ნავარდი… მომღერალი ცხენი ნისლოვან ჯურღმულს არადა არ ეპუება და თავგამოდებით ეუფლება ალურის იმ უჩვეულო სახეს, რომელიც უფსკრულში უფრო ღრმად ჩაშვებას შეაძლებინებს…
ხანდახან ლურჯნისკარტა თავს გამოიდებს ნისლში შეფრინდება და ნისკარტით მარადმწვანე მდელოს მაკურნებელ ბალახს აწვდის…
შავქოჩრიანი ყომრალები ქვეყნის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყვნენ, უმალვე იგებენ თუ გრძნობენ მის ამგვარ თავგამოდებას, ფაფარაშლილნი თავებს ცისკენ ააღერებენ და ომახიანად ჭიხვინებებნ…

1993წ.

//////////////////////////



უფლისწულ სიამოს ხის კოვზი


ზღაპარი

თორმეტჯერ თორმეტი…

უფლისწულ სიამოს ძველთაძველ და უსაშველოდ გრძელი მაგიდის თავში ჩვეულებისამებრ დიდის ამბით დააბრძანებდნენ…
სუფრაც მუდამ ჟამს მდიდრულად იყო გაწყობილი.
თორმეტჯერ თორმეტი, სისუფთავითა და მორჩილებით განთქმული მსახურიც თავგამოდებით ემსახურებოდა.
მაგრამ უფლისწული, მაინც უხასიათოდ მიირთმევდა საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს, რადგან სუფრასთან ერთთავად მარტოდმარტო იჯდა. არადა, მიჩნეული იყო, სუფრა თორმეტჯერ თორმეტ პერსონაზე გაწყობილიყო, ანუ სიამოს საგვარეულოს თორმეტი წარჩინებული ოჯახის, ყოველ თორმეტ წარმომადგენელზე… ეს რიცხვი სავალდებულო გახლდათ სამეფო კარის ”სრული სისრულის” გამოსახატავად. მაგრამ სამეფო წარჩინებულთაგან მხოლოდ უფლისწული გადარჩენოდა ჟამთა სიავეს… საუკუნეების წინათ დადგენილი სუფრის გაშლის ტრადიცია კი სავალდებულო ეტიკეტი გახლდათ…
მესტუმრეც, ანუ ”სტუმართ მოურავიც” იმგვარად დაფაცურდებოდა, თითქოსდა მოციქულების, სტუმრებისა და მეძღვენეთა დახვედრა-მიღებას ვერ აუდიოდა. ამირეჯიბი, სამეფო კარზე წესრიგის მეთვალყურე, ანუ პურობისა და დარბაზობის დროს ცერემონმაისტერიც, იხტიბარს არ იტეხდა, უფლისწულს თორმეტჯერ თორმეტ პერსონაზე გაწყობილ სუფრის თავში, ვითომდაც სუფრასთან მიწვეული სამეფო გვარის დასანახად მოწიწებით დააბრძანებდა.
არადა, იქაური სუფრის ეტიკეტის მიხედვით, თითოეული პერსონისთვის განკუთვნილი დანა-ჩანგლების რაოდენობა, სხვა ქვეყნებში დადგენილ თორმეტ ერთეულს ბევრად აღემატებოდა. აურაცხელი, ნაირფერადი, ოქრო-ვერცხლის, ფაიფურის ჭურჭლით; ღრმა, ფრიალო ბულიონისა თუ სხვა მისთანანის თეფშებით, ჯამებით, ფინჯნებით, კოვზებით, დანა-ჩანგლებით, ნიჩბებით, ჩამჩებით, სამტვრევებით, სასხლავებით, ასაღებებით, ოქროს, ვერცხლის თუ მინის სასმისებით, ჭიქებით, ტოლჩებით, ბოკლებით, სირჩებით, ტუჩსაწმენდებით, ხელსახოცებით და სხვა მრავალი წვრილმანით ავსებულ მაგიდას, რომლის აღრიცხვას თავად ნაცადი მეჯამეთ-უხუცესიც ვერ აუდიოდა, როცა თორმეტჯერ თორმეტ პერსონაზე მომზადებული ფრინველისა თუ ნადირის ხორცითა თუ ხორცეულიდან დამზადებული კერძებით, წვნიანებით, ღვეზლებით და განრირებით, თევზეულებით და ბოსტნეულებით, ხაჭაპურებით და მჭადებით, საწებლებით, ნამცხვრებით, სხვადასხვა ნუგბარითა თუ მურაბებით, უამრავი ხილით, ჩაით, ყავით, კაკაოთი, ლიმონათებითა და სხვა ათასგვარი გამამხნევებელი თუ გამაგრილებელი სასმელებით სავსე ჭურჭელს შემატებდნენ, ყმაწვილ სიამოს ლამის სუნთქვა ეკვროდა.
მაგრამ რა ექნა, ამგვარად სავსე სუფრა სიამოთა სამეფოს სიძლიერის ნიშნად ითვლებოდა და სხვაგვარად ვერც ისაუზმებდა, ვერც ისადილებდა და ვერც ივახშმებდა… ის კი არა, ყოველი კერძი, ხილი თუ ნუგბარი, წესისამებრ, ეტიკეტისდა დარად განკუთვნილი ამა თუ იმ ნიჩბით, კოვზით, ჩანგლით უნდა გადაეღო. მერე კი სხვა, შესაბამისი ჩანგლით, კოვზით თუ კოვზის კოვზით მიერთმია. არადა, ზოგი სახის დანა-ჩანგლის აღებისას ეგონა სატახტო ჯარისკაცთა აღჭურვილობას, ორმეტრიან შუბს, უსაშველოდ მძიმე, კიდეებგამობერილ ხმალს ჩრიდნენ ხელთ. ალბათ იმიტომ ეჩვენებოდა ასე, რომ საუზმის მერე საბრძოლო ხელოვნებაში უნდა ევარჯიშა. სადაც მძიმე მუზარადის დახურვა და სქელზე სქელი ჯაჭვის პერანგის ჩაცმა უწევდა…თუ რაიმეს გადაღებას უბრალოდ, ხელით მოინდომებდა, სხვადასხვა ფერის ხელთათმანებით მორთულ-აღჭურვილი მსახურები, შეპარვით უმალვე ეტიკეტით განკუთვნილ ნიჩაბს, ორთითა, სამთითა თუ შვიდთითა ჩანგალს შეუცურებდნენ თითებში.
მაშ, როგორ, უფლისწულის ხელი, მსახურთა მიერ მორთმეულ კერძსა თუ ხილს უშუალოდ ხელით არ უნდა შეხებოდა, თუმც იმავე ხელებით მომზადებული კერძების ჭამა სრულიად მისაღები გახლდათ…
ამგვარი ცერემონიალებით გაბეზრებულ ყმაწვილ კაცს, თუმც იგი უფლისწული გახლდათ სიხალისე წართმეოდა. ძილითაც ცუდად ეძინა და გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, როგორ განთავისუფლებულიყო იმ თორმეტჯერ თორმეტი პირობითი თანამესუფრისაგან, დანა-ჩანგლების, ჩამჩების, კოვზების, ბოკლების და მისთანანის ალყისაგან…
====
უცნაური ხის კოვზი…
======================
ერთხელ, შუაღამისას გაღვიძებულმა ვერ მოისვენა, წამოდგა, კართან მთვლემარე მცველებს პერანგისამარა გაეპარა და სანთლებით გაჩირაღდნებული სასახლის ტალანს გაუყვა. მერე უცებ, სადღაც გვერდზე გაუხვია და შემთხვევით მეჯამეთ-უხუცესის საგამგებლოში მოხვდა, ანუ ათასგვარი ჯამ-ჭურჭელით, ასანაირი სერვიზით, ჩანგლებით, დანებითა და კოვზებით გავსებულ საცავში.
სიამომ ჭურჭლით გაძეძგილ თაროებს უსიამოვნოდ გადაავლო თვალი და ის იყო საცავიდან გამოსვლას აპირებდა, რომ ერთგან, ლამაზად ნაკეთები სკივრი დაინახა. მივიდა, თავი ახადა და სანთლების შუქზე შიგ ჩაყრილ ხის კოვზები შენიშნა. რამდენიმე მათგანს ინტერესით შეახო ხელი, უნებლიეთ მათ შორის გამორჩეულად ნაკეთების ძებნას შეუდგა და იპოვა კიდეც…
მალე ძველისძველ, იდუმალი მშვენიერებით მბზინავ კოხტაზე კოხტა კოვზს წააწყდა. გულისფანცქალით აიღო, პერანგის სახელოთი გაწმინდა და მის ტარზე ამოკვეთილი სიამოთა საგვარეულოს ტოტემის, ცისარტყელას ფერებით მორთული, ცადაწვდილი ხის გამოსახულება იხილა.
უცებ კოვზი შეთამაშდა და სიამომ მადისამღვძრელი სურნელი შეისუნთქა. ის იყო სამზარეულოსკენ გაუწია გულმა, რომ კოვზმა ახლა ჰაერში შეითამაშა და სიამოთა გასაიდუმლოებული საბრძოლო ილეთი დიდი სიმარჯვით განასახიერა. სიამომ თავისდა უნებლიეთ მიბაძა. კოვზმა ახლა სხვა ილეთი უჩვენა. უფლისწული კვლავ უყოყმანოდ მიენდო და მთვარის შუქზე წვრთნას დიდი გულმოდგინებით შეუდგა. ბოლოს კოვზი მის გაშლილ ხელისგულზე დაბრძანდა და ჩვეულებრივ, უბრალო ხის კოვზად იქცა, რითაც უფლისწულს მიანიშნა, რომ დრო იყო შეესვენა. სიამო კოვზს მოწიწებით ეამბორა, უბეში დამალა და დასაძინებლად ღიღინით წავიდა. ტკბილად მოისვენა.
====
მფრინავი ცისარტყელები…
==========================
გაიღვიძა თუ არა, ნანახი სიზმრის გახსენება მოინდომა… მხოლოდ წამიერი, გამამხნევებული თრთოლვა შეიგრძნო, რომელსაც სიზმარში გაგონილი ხმა ჰგვრიდა… ეგ ხომ ხის კოვზი იყოო, გაიხსენა უცებ. უბიდან ამოიღო და იმ ადგილზე ეამბორა, სადაც სიამოთა საგვარეულოს ტოტემი _ ცისარტყელას ხე იყო გამოხასული…
მერე მსახურთა დახმარების გარეშე ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა და სამზარეულოსკენ ხალისიანად წავიდა. შემკრთალი პირისფარეშნი თავდახრილები მისდევდნენ… ასე მხნედ მიმავალი უფლისწულის დანახვაზე თავად ამირეჯიბი _ სამეფო კარზე წესრიგის მეთვალყურე პურობისა და დარბაზობის დროს ანუ ცერემონმაისტერიც კი გაკვირდა…
უსაშველოდ უგრძესი მაგიდის ბოლოს მდგარმა უფლისწულმა ღვთისადმი ლოცვა აღავლინა, მერე, მოოქროვილ სავარძელში ჩაჯდომამდე, გულის ჯიბიდან ხის კოვზი ამოიღო, ხელსახოცით ნაზად გაწმინდა, ტარზე ეამბორა და მაგიდაზე პატივით დადო.
ხის კოვზის დანახვაზე მეჯამეთ-უხუცესს ელდა ეცა, ცერემონმაისტერმა კი სული ძლივს მოითქვა და უფლისწულ სიამოს მთრთოლვარე ხმით მიანიშნა: თქვენო უდიდებულესობავ, ეგ კოვზი, რა თქვენი საკადრისიაო… ეგ მე ვიცი და ჩემმა კოვზმაო, ღიმილით გაეპასუხა იგი და მირთმეული წვნიანის ჭამას ხის კოვზით მადიანად შეუდგა. მსახურები გაშეშდნენ… მერე ამირეჯიბი გონს მოეგო და მანდატურთ-უხუცესის დასაძახებლად გაგზავნა კაცი.
უფლისწული სიამო ისე სიამოვნებით მიირთმევდა წვნიანს, გეგონებოდათ ხის კოვზს ეფერებაო… კოვზი კი, ფარულად რაღაცას ახსენებდა…
მობრძანდა მანდატურთ-უხუცესი, თეთრწვერა, მხრებგაშლილი მოხუცი, რომელიც ჯერ კიდევ სიამოს დიდ პაპას ემსახურებოდა მთელი ერთგულებით. ხელთ ვეფხისთავიანი ჯოხი ეპყრა.
უფლისწულმა უნებლიეთ უნდობლად შეხედა მისი ძალაუფლების ნიშნად მიჩნეულ ჯოხს და უცებ გაახსენდა, იმავ სიზმარში ხის კოვზი, საადღაც ჯურღმულში გამოკეტილ დედას უხმობდა. დედა კი, ცისარტყელას ფერებით მოელვარე, მშვენიერი ციცხვი გახლდათ, სიამოთა გვარის უშორეს წარმომადგენელს კვერთხად, რომ ეპყრა ხელთ.
ვეზირმა უფლისწული მოწიწებით დალოცა, კარგი მადა უსურვა და თავისეული ღირსებით წარმოთქვა:
ეგ მდაბიური კოვზი რა ღირსია, მისი უდიდებულესობის პირს ეხებოდესო…
უფლისწულმა წაუყრუა, მაგრამ მან კვლავ შეპარვით შეახსენა სამეფო კარის ეტიკეტი. სიამო ერთხანს ჩუმად განაგრძნობდა წვნიანის მირთმევას, მერე როცა მანდატურთ-უხუცესი მეტისმეტად მიუახლოვდა და იმ აჩემებული სამეფო ეტიკეტის შესახებ განცხადების გაკეთება დააპირა, ყმაწვილმა წვნიანის ჭამას თავი მიანება და მოხუცს შეაგება:
-ტყუილად ნუ ირჯებით, ამ კოვზით ჩემი დიდი წინაპრები მიირთმევდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სამეფო დინასტიას შექმნიდნენ… თავის დროზე, ჩვენს სამეფო გერბზე გულითადი მასპინძლობის ამსახველი ამ კოვზის დედა, ციცხვთა ციცხვი იქნებოდა გამოხატული, მაგრამ მერე როგორც ჩანს, რომელიღაც ამპარტავანმა მეფემ ითაკილა და გერბზე ცისარტყელას ხის, დედა ციცხვისა და ციური ყვავილის მაგივრად კბილებდაკრეჭილი ვეფხვი, არბალეტი და ვეება მუშტი გამოხატა…
-ცისარტყელას ხე?!-გაიოცა მოხუცმა,-თქვენ საიდან იცით მის შესახებ…-კოვზი კარგად შეათვალიერა და რაღაცას მიხვდა,-დიახ, უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენი დიდი პაპისგან მსმენია ამ ხის შესახებ… სიამოთა გვარის წინაპრად იყო მიჩნეული, ნაწვიმარზე, როგორც კი მზე სხივებს მოჰფენდა, თურმე უამრავი ცისარტყელა აფრინდებოდა მისი ტოტებიდან და იწყებდა ნავარდს… მსგავსი მსგავსს პოულობდა, ერწყმოდა და ქრებოდა… თუ განსხვავებული წყვილი შერჩებოდა ცას, მამახე მათ თავისკენ უხმობდა და მიწაზე დაშვებულთ ნერგად აქცევდა… ისიც მსმენია, ამ ხის ტოტიდან ამოჭრილ ყოველ ნივთს ჯადოსნური ძალა ჰქონდა… არა, იმ გრძნეულ ხეს, მე არ მოვსწრებივარ…-თითქოს თავი იმართლა უნებლიეთ,- არც თქვენ დიდ პაპას უნახავს ის ხე… მისი მონაყოლიდან, როგორც მახსოვს, ბოლო სიამოთაგან, მისი პაპის პაპისპაპა იყო ცისარტყელა ხეების ბაღის მომსწრე… ის ბაღი, მთის გადაღმა, ახლანდელ გადამწვარ ველზე, თქვენს თავდაპირველ საგვარეულო მამულში ყოფილა გაშენებული… სანამ ციდან, მფრინავ ცისარტყელებზე გაავებული ის ცხრათავიანი გველეშაპი არ დაეშვებოდა და ცეცხლოვანი ენებით ველს არ გადაწვავდა…- იგი მიხვდა, რაღაც ზედმეტი წამოცდა და გაფრთხილდა.
უფლისწულმა მსახურის მიერ ჯამით მირთმეულ თბილ წყალში კოვზი მარჯვედ ამოავლო, შეამშრალა და გულისჯიბეში თავმომწონედ ჩაიდო.
მერე ღმერთს მადლობა მოახსენა ბოძებული შეჭამადისთვის და მანდატურთ-უხუცესს მიმართა:
-ვბრძანებ! დღეის შემდეგ, არავითარი თორმეტჯერ თორმეტი მოჩვენებითი წარჩინებულნი და მისთანანი… არავითარი გადამეტებული კერძი, ნუგბარი თუ სასმელი, არავითარი ზედმეტი თეფში, ფინჯანი, ჭიქა, კოვზი, დანა-ჩანგალი და სხვა ასნაირი ბუტაფორია… აქ მყოფ მსახურთა უმეტესობა დღეიდან გამწესდეს სახელოსნო სკოლებში და ყოველი მათგანი რაიმე სასიკეთო საქმეში დახელოვნდეს…-მანდატურთ-უხუცესს გამომცდელად შეაჩერდა და სანამ იგი წინააღმდეგობის გაწევას მოინდომებდა, მკაცრად უთხრა…- სჯობს, შხამცეცხლა გველეშაპზე მიამბოთ, ვგრძნობ რაღაცას გულდაგულ მიმალავდით…
მოხუცი შეყოყმანდა, მაგრამ უფლისწულის მკაცრმა და ჩამძიებლურმა მზერამ თავისი ქნა…
-დიახ, იგი ახლაც სიამოთა გვარის პირვანდელ სასახლეში ბინადრობს… უმეტესწილად წევს და ნებივრობს, ყოველ წელს კი გაზაფხულის დაწყებისას, შხამიან ცეცხლს მიმოაფრქვევს და გადატრუსულ ველს კიდევ უფრო გადატრუსავს, რათა სადმე ერთი ცისარტყელას ხეც არ ამოვიდეს… სამწუხაროდ მრავალი ორგული და მოღალატე მის სამსახურში ჩადგა, მისი ნასუფრალით იკვებებიან და გამუდმებით აქეთკენ წამოსვლას და ჩვენს განადგურებას ჩასჩიჩინებენ,-მწუხარე იერით მოახსენა მან, მერე კი დამაიმედებლად დაუმატა,-მაგრამ არც ჩვენ ვართ მშვიდად, თქვენი უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ზომებს გეგმაზომიერად ვატარებთ, შხამის მომტანი გველეშაპი მთის აქით, რომ არ გადმოვიდეს, სამეფო ეტიკეტით დამზადებულ ყოველ კერძს ვუგზავნით…
-რა დამამცირებელია?!...- შეშფოთებით შესძახა სიამომ.
-სამაგიეროდ მისი შიშით მთის იქითა მხრიდან ვერც ვერავინ ბედავს ჩვენზე თავდასხმას, ზღვის მხრიდანაც ერიდებიან ჩვენზე საომრად წამოსვლას, რადგან გველეშაპი, როგორც კი, საფრთხეს იგრძნობს ცეცხლის ქარიშხალს ამოუშვებს და იმგვარ ტალღებს ააგორებს, რომ…
-მაშ, ჩვენივე მონობითა ვართ დაცულნი… თუ ბრძოლის შნო არ გქონდათ გერბზე გამოსახულ სიმბოლოებს რაღაზედ ცვლიდით?!-ნიშნის მოგებით შეაწყვეტინა, ფარული სიამაყით მოცულ ვეზირს,-ცისარტყელას ხე, ციცხვი და ციური ყვავილი უთუოდ ღვთისგან მონიჭებულ ძალაზე მიგვანიშნებდა… თქვენ კი ამპარტავნობის ნიშნად კბილებდაკრეჭილი ვეფხვი, არბალეტი და ვეება მუშტი ჩაანაცვლეთ… პომპეზური, საბრძოლო აღჭურვილობა შემოიღეთ და ჯარი უმოქმედო გახადეთ!-უნებლიეთ ისე შეუწყრა, თითქოს ყველაფერი ეს მისი მითითებით მომხდარიყოს.
-ვფიქრობდით, ამ ამბის გაგება თქვენთვის ნაადრევი იყო, მაგრამ თქვენმა საზრიანმა საუბარმა მეც ძალა შემმატა. ვატყობ, უკვე ბავშვი აღარა ხართ და მალე, ალბათ უხუცესთა თანხმობით სამეფო გვირგვინს დაიდგამთ…-მორჩილების გამომხატველ ნოტზე დაამთავრა ნაცადმა კარისკაცმა.
-მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცისარტყელა ხეების ბაღი, ისევ დაამშვენებს ჩვენს ქვეყანას…-ომახიანად განაცხადა უფლისწულმა.
მერე წამოდგა და ბრძანა:
-სიამოთა გვარის პირვანდელი საგვარეულო მამული უნდა მოვინახულო!..
====
ფათერაკები საგვარეულო მამულამდე
===================================
სამეფო კარი აფორიაქდა: დაფაცურდნენ დიდვაზირები; ამირ-სპასალარი, ამილახორი, ამირბარი, მანდატურთ-უხუცესი და სხვანი…
სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე ამილახორი ემუდარებოდა, თქვენთვის განკუთვნილ რჩეულ ცხენთაგან, რომელიმე მაინც იახლეთო… მაგრამ სიამომ ბრძანა, არც არავინ დამგზავრებოდა და არც არავის გაებედა თვალთვალი…
ცხენს და იარაღს თუ საჭირო იქნება თავად მოვიპოვებო, ბრძანა სხვაგვარი
შემართებით. სასახლის ეზოდან ფეხმარდად გავიდა… მხოლოდ იდუმლად შეგულებული ხის კოვზი ედო გულისჯიბეში. კოვზი თითქოს მის გულს სიამოთა გვარის პირველვაჟკაცთა საგმირო საქმეებს უმღერდა…
ზაფხულის ცხელი დღე იდგა. მაგრამ უფლისწული მაინც მხნედ გრძნობდა თავს და ღიღინებდა… მთის მწვერვალზე, რომ ავიდა, შორს, მოელვარე ციხე-კოშკი დაინახა. გული სასიამოვნოდ შეუთრთოლდა და მოუთმენლად დაეშვა ქვემოთ. მაგრამ წყურვილმა ძალა წაართვა… ხის კოვზო, ჩემო მეგობარო, წყაროს წყალს ხომ არ მიმასწავლიო, წამოსცდა უცებ.
იგრძნო გულისჯიბეში ჩადებულმა კოვზმა მალულად წყაროს გზა მიანიშნა. გულის კარნახს მინდობილი, მართლაც გავიდა იმ ბილიკზე, რომელმაც წყაროსთან მიიყვანა, თუმც, უკვე წყაროს ნაკლებად ჰგავდა, რადგან ძლივს წვეთავდა… როგორღაც წყურვილი მაინც მოიკლა და ახლა შიმშილმა შეახსენა თავი. მიიხედ-მოიხედა და ნახა ტოტებდაღვლარჭნილი ხეები ხეებს აღარ ჰგავდნენ. ფოთლები თითქმის არ ებათ და ნაყოფზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო…
როგორც ჩანს გველეშაპის ცეცხლოვანმა შხამმა ცისარტყელას ბაღის გარდა, მთელი შემოგარენი გააუბედურაო, გაიფიქრა შემკრთალმა და ხის კოვზს მორიდებით სთხოვა: ხის კოვზო, ჩემო მეგობარო, იქნებ საჭმელიც მაპოვნინოო… გულის კარნახით, მალე ტყეში შემალულ ბაღში აღმოჩნდა, რომელიც უწყლობით ეტყობოდა გადაჯიშებულიყო და ალბათ, პატრონსაც კარგა ხნის მიტოვებული ჰქონდა, მაგრამ მაინც მიაგნო უსურვაზის მცირე ნაყოფს, რომელმაც სიმხნევე შემატა. შიმშილიც რომ დაიოკა, ახლა ხის კოვზთან მოთათბირება მოუნდა და სთხოვა: ხის კოვზო, მირჩიე გველეშაპს რა მოვუხერხოო… იარე და გზადაგზა მიხვდებიო, ურჩია კოვზმა. მანაც მხნედ განაგრძო გზა…
თავისუფლების შეგრძნება სილაღეს გვრიდა. ზოგჯერ ასე ეგონა ტყვეობიდან დააღწია თავი. თეფშების, ჩამჩების, კოვზების დანა-ჩანგლების, ბოკლების, სირჩების და სხვა მისთანანის ლაშქარს გამოექცა… თუმც, მერე და მერე გზად შეხვედრილი მოჩვენებითი სტუმრების სიმრავლემ შეაწუხა.
გარეგნულად სტუმრად მოსულებს კი ჰგავდნენ, მაგრამ სტუმრობის წესებს არად დაგიდევდნენ. თუ რამეს ხელში მოიგდებდნენ გაჰქონდათ და გამოჰქონდათ. არადა, უკვე წასაღებიც აღარ იყო. ერთგან მისი გაძარცვაც მოინდომეს.
უფლისწულმა კოვზი ამოიღო, მაგრამ ხის კოვზი ამჯერად არ განძრეულა… ყაჩაღებს ხითხითი აუტყდათ ამ საცოდავი კოვზით რა უნდა გვიქნასო, მაგრამ სიამომ უცებ იგრძნო თავად უნდა გარჯილიყო. დატრიალდა, საბრძოლო ხელოვნება გაიხსენა, კოვზს იარაღად ხმარობდა, თან ისე მარჯვედ და ისე მოხერხებულად, რომ ყაჩაღებს ხმლებისა და არბალეტების გამოყენება არ დასცალდათ…
რომ ჩაივაკა, შესამჩნევი გახდა გამომშრალი, გვალვისაგან დახეთქილი მინდორ-ველი. ერთგან დაღონებულ მწყემსებს წააწყდა, რომლებიც ცოცხლად გადარჩენილ ორიოდე ცხვარს-ძროხას და ცხენს სდარაჯობდნენ. რა დაგმართნიათო, ჰკითხა თანაგრძნობით.
რაღა რა დაგვმართნია, მიწა ვერ დაგვიხნავს და დაგვიმუშავებია, ნახირიც შიმშილისგან ამოგვიწყდა, ოჯახებიც შიმშილისგან გვეხოცება და მალე ალბათ აქაურობა სულ მთლად გაუდაბურდებაო…
მერედა სასახლიდან დახმარება არ გაქვთო, შეწუხდა უფლისწული.
მაგათ ჩვენ რა ხანია აღარ ვადარდებთ, ჟამიანობის შემდეგ მთის აქეთ, არც გადმოუხედიათ, ძვირფასი ქვების საბადოებში მოპოვებული სიმდიდრით ირჩენენ თავს, უფლისწულ სიამოს სუფრიდან მორჩენილ კერძებს შხამცეცხლა გველეშაპს მიართმევენ ძღვნად, მის მომადლიერებაზე აქვთ მთელი ყურადღება გადატანილიო… ნაღვლიანად უპასუხა სახეჩამომჭკნარმა მოხუცმა და დაუმატა, ამბობენ გაუთავებელი ჭამისგან სიამოთა ერთადერთი მემკვიდრე სულ მთლად გადაჯიშდა და ხალხი ვისღა ახსოვს, არადა მაგათი გვარის პირველვაჟკაცობაზე მე რაც საგმირო ამბები გამიგია, ალბათ სულაც კარისმწერლების მოგონილი არაკებიაო…
სიამოს გვარიანად შერცხვა. მერე გაძვალტყავებულ ცხენს შეხედა და უნებლიეთ მწყემსებს უთხრა:
ეგ ცხენი, მათხოვეთ, შხამცეცხლა გველეშაპის ადგილსამყოფელისკენ მოვდივარ, ცისარტყელა ხეების ბაღი უნდა ავაღორძინო, დავბრუნდები და გასამრჯელოსაც მოგართმევთო…
ეგ ჯაგლაგი, რაში გამოგადგება?! თანაც იქითკენ წასული კი, მაგრამ უკან დაბრუნებული არავინ გვინახავს, გასამრჯელოს კი არა, ამ ცხენსაც დავკარგავთ, ხვალ ან ზეგ დაკვლას ვუპირებთ, მაგის ხორცმა, იქნებ ერთი კვირით თავი გაგავატანინოსო… აგდებით მიუგო ახალგაზრდა კაცმა.
მაგრამ მოხუცმა რაღაც სხვაგვარად შეათვალიერა სიამო და თქვა, რაღამც ამან ცისარტყელა ხეების ბაღი ახსენა, უბრალო კაცი არ უნდა ჩანდეს, წაიყვანოს ეგ ცხენი, იქნებ ბედს გვწიოსო.
გმადლობთ, არ დაგაღალატიანებთო, მიუგო უფლისწულმა. თავისდა მოულოდნელად გაქანდა, ცხენს ზურგზე მოექცა, ერთი ხელი ფაფარში ჩაავლო, მეორეთი გულისჯიბიდან ხის კოვზი ამოიღო და ჰაერში შეათამაშა.
მწყემსები ჯერ გაოცებულები შეაჩერდნენ, მერე ახითხითდნენ…
ნახეთ ხის კოვზს, გორდასავით არ ათამაშებს ხელშიო, ჩაიქილიკა ერთმა.
უიმე, ეგ გიჟი ჩანს, ცხენს დავკარგავთ, აბა კოვზით ვის უომიაო, შეიცხადა სხვამ. მხოლოდ სახეჩამომჭკნარი დარბაისელი მიხვდა რაღაცას და დინჯად ბრძანა:
კოვზი ოდითგანვე სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა, სიმდიდრე კი სხვადასხვაგვარია, თუ კაცი ვარგა, მტრის დასამარცხებლად, ერთი შეხედვით უბრალო ნივთსაც მძლეთამძლე იარაღად აქცევსო… ცხენმაც, თითქოს უჩინი ძალა ჩაბერესო, ლამაზად წამოიმართა, ნახტომი გააკეთა და საოცნებო იორღასავით გაჭენდა.
====
დასტურ _ კლიტენი…
==================
ცხრათავიანმა გველეშაპმა შორიდან იგრძნო საშიშროება. ცხრავე თავი დაპყრობილი სასახლის ცხრავე ფანჯარაში გამოყო. გამოცვივდნენ სიამოთა ტახტის მოღალატენიც, უფლისწულს არბალეტები დაუშინეს…
გაისარჯა ხის კოვზი, უფლისწულისა და ცხენის გარშემო ციბრუტივით დატრიალდა და მტრის ნასროლი ისრები მტერსავე დაუბრუნა. მხნედ და ხალისიანად ირჯებოდა, რადგან სასახლის ჯურღმულში სიამოთა საგვარეულოს კერძების ჯადოქრული ამომზელი და სუნელებით შემზავებელი დედა ციცხვი ეგულებოდა გამოკეტილი.
სიამომ მერნად გადაქცეულ ცხენით სასახლეს გარს შემოუფრინა, ხის კოვზს ხან ერთ თავს უშვერდა, ხან მეორეს… ნეტა რას გვეთამაშებაო, ეკითხებოდა ერთი თავი მეორეს და გართობის ეშხზე მოსულები ცნობისმოყვარედ მისჩერებოდნენ ხის კოვზს, რომელსაც სიამოთა სამეფო კარზე დამზადებული ზღაპრული კერძების მძაფრი სურნელი ასდიოდა.
სიამოთა საგვარეულო ნობათი მოგართვით და შეიტკბეთო, შეეხმიანა უფლისწული.
ღორმუცელა გველეშაპმა ცხრავე კისერი დაიგრძელა. თავებს ჩამოგრძელებულ ლაშებზე ნერწყვები სდიოდათ, ძალზე უნდოდათ საოცნებო კერძების სურნელებით გაჟღენთილი კოვზი აელოკათ, მაგრამ სასახლის გარშემო მქროლავ მერანზე ამხედრებული სიამო კოვზს წამიერად ხან ერთი თავის ნესტოებთან შეაჩერებდა, ხან მეორის, ხან მესამის და ასე ცხრავე თავი ერთმანეთზე მიყოლებით გააბრუა და ჩააძინა. მერანმაც დრო იხელთა, სასახლის გარშემო კამარა კამარაზე შეჰკრა და ძირს დაშვებისას გველეშაპს ფლოქვებით ცხრავე თავი ჩაუჩეჩქვა… ცოცხლად გადარჩენილმა გველეშაპის დამქაშებმა უფლისწულის წინაშე დაიჩოქეს და პატიება სთხოვეს.
-სამეფო ციცხვი!-ბრძანა მან. ხის კოვზი სიხარულისგან აცეკვდა და უფლისწულს ტკბილად მიუმღერა:
მოქრის დესპანი,
მოციქული
ნაცადი ციქვი,
მოსდევს ნაბიჯი
მოდრეკილი,
სხარტი და ციცქვი,
დასტურ _ კლიტენი
ციხე-კოშკის,
უპყრია ციცხვიც,
ციცხვი ზღაპრული,
ამომზელი ჭამადის ციმციმ,
შემნელებელი სურნელოვან
სანებელთ რიგით…
მცველი უებრო
ქვეყნის მადლის
ღვთიური ნიჭით…
მართლაც გამოჩნდა, ცისარტყელას ფერებით მორთული ციცხვით ხელდამშვენებული ციქვი თუ დესპანი, უფლისწულმა სიამომ ცხენით ჩამოუქროლა, ციცხვი აიტაცა…
აიტაცა და იქაურობა უცებ გასხივოსნდა, სასახლის გარშემო ცადაწვდილი ცისარტყელა ხეების ზღაპრული ბაღი ამოიზარდა.
დედა-შვილის _ ხის კოვზისა და სამეფო ციცხვის შეხვედრის ცქერა ხომ ერთ რამედ ღირდა…მერე ტოტებიდან ცისარტყელები ცისკენ აფრინდნენ, ცაზე უმშვენიერესი ყვავილი გამოისახა და მთელი ის მხარე ამწვანდა… წყაროები კვლავ ამოჩუხჩუხდნენ, ცაში ფრინველნი, მიწად კი ცხოველნი გალაღდნენ, მომრავლდნენ…
გამოქვაბულში შეხიზნული ხალხიც დღის სინათლეზე თამამად გამოვიდა, შვებით ამოისუნთქა და წინაპართა სამკვიდრო მამულებს დაუბრუნდა… ჯაგლაგი ცხენის პატრონებმა კი, საჩუქრად ჯიშიანი ცხენების რემა მიიღეს. მასპინძელი მასპინძელს დაემსგავსა. აბეზარმა სტუმრებმაც თავს უშველეს…
ხის კოვზი მოულოდნელად ცისკენ გაქროლდა, ცის ყვავილს მიეხალა და თავი დაუკრა. ყვავილიდან მშვენიერზე მშვენიერი ყმაწვილი ქალი გადმოვიდა, კოვზის ტარზე დაბრძანდა. კოვზიც უმალვე ფრენა-ფრენით გამობრუნდა და ასული უფლისწულს მოჰგვარა.
-წარმოგიდგენთ, ცისარტყელა სამეფოს პრინცესა!-მიახარა და ამცნო-დაწინდულებად ითვლებით… ეს ადრე, თქვენს დაბადებამდე ცაში გადაწყდა…
პრინცესას სილამაზით მოხიბლულმა უფლისწულმა ცას მდაბლად დაუკრა თავი და ცისარტყელებიდან გადმოღვრილ ცისარტყელა მუსიკის ხმაზე საცოლე საცეკვაოდ მიიწვია…
სიამოთა სამეფო გერბზე კი, ძველებურად, ქვეყნის სიმდიდრის, ძლიერების, გულითადი მასპინძლობის ამსახველი ციცხვი, ცისარტყელას ხე და ციური ყვავილი დაბრძანდნენ… ხის კოვზი კი, უფლისწულს, კვლავაც საამქვეყნო საქმეების გაძღოლაში შველოდა…
თუ ღმერთი გმფარველობს და წინაპართა ნირს არ უღალატებ, ხის უბრალო კოვზიც გიპატრონებსო… უჩუმრად ბრძანა სამეფო ციცხვმა.

1997წ.

////////////////////////////////////////////

ხატოვანი მოტივაციები - ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
the magazine "Image-Bearing Motivations"


წაიკითხეთ პატარებთან ერთად...

ყოველი ადამიანი თავისებურად ლამაზია, განსაკუთრებით მოზარდი... რომელმაც, უპირველესად თავად უნდა შეძლოს საკუთარ თავში ამ სილამაზის შემჩნევა, შეფასება და მოვლა... როგორც ამბობენ კაცთშეგრძნება ღვთისგან მომადლებული ნიჭია. მხატვრული სახეებით აზროვნება დიდად უწყობს ხელს ამ ნიჭის განვითარებას... გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მხატვრული სახის ასლნი არიან... ხშირად ავტორი ცხოველს, ფრინველს, მწერს პეპელას და ქვასაც კი აამეტყველებს ადამიანის ენით... ჩვენ კი, აქ მოყვანილ ზღაპრებში ამა თუ იმ ფიზიონომიისა და ფსიქოლოგიური ტიპისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებსა და უნარ-ჩვევებს გთავაზობთ ... ყოველ მათთაგანმა შეიძლება თქვენში მსგავსის ასოციაცია გამოიწვიოს : ვინც იმარჯვებს და მოცემული ნიშნების მიხედვით ამა თუ იმ ტიპაჟს (თუნდაც ”ეპიზოდურს”) გალექსავს; ცოცხლად, მოხდენილად თავისებური ინტერპრეტაციის (ანუ ნაწარმოებში მოცემული ამა თუ იმ ტიპაჟის ნიშან-თვისებების თავისებურად ახსნისა და გადათამაშების) სახით მოგვაწვდის, ჩვენეულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას... (”ინტერპრეტაცია” კომენტარის სახით გამოგზავნეთ...) გამარჯვებულები კი, თქვენი თანატოლების შეფასებებითა და ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსის ჟიურის დამოწმებით გამოვლინდება. _დასაჩუქრდებიან საბავშვო წიგნებით, რომლებზეც სამახსოვრო წარწერები იქნება გაკეთებული...

გახსოვდეთ იუმორი, სატირა და მსგავსი ემოციური გამოვლინებანი დასაშვებია... ბილწსიტყვაობა და დაუნდობლობა კი არა!
მაშ ასე დავიწყოთ... დაიხმარეთ მშობლები, უფროსი და-ძმა, _ მეგობარი და _


ნუ უგანებ ნაცად სიტყვას...

უწვრთნელს სიტყვა გაუფრინდა, _
ნაწრთობს ცერზე დაუფრინდა,
შვილი მშობელს აუხირდა:
ნუ გგონივარ ერთი ციდა!

თუ მცდი, მაშინ რად მკარნახობ?!
პასუხს ჰგავსო, შენი კითხვა,
ტყუილს ნაყავს, ვინც ტრაბახობს,
იქნებ ჯობდეს ერთად ვიწვრთნად...

დიახ, წრფელი დიალოგი გავიხადოთ შვებად, მიზნად, მაგრამ ამგვარ განდობაში საღი აზრი უნდა იშვას...
მაშ დავიწყოთ... ოღონდ ჯერ, ესა თუ ის ზღაპარი უნდა წავიკითხოთ...

გულთბილი სურვილებით გოგეჯანრ

----


სახელგატეხილი ძაღლი ჩიბიტო
ზღაპარი


სახელგატეხილი ძაღლი ჩიბიტო, ძალზე სახელგატეხილი იყო…
არ იწმენდა ჯაგრისით კბილებს, არ იბანდა ტანს და წყალს ჩაბინძურებული გუბეებიდან სვამდა… ამიტომაც, ერთი გულღრძო და თავხედი ვინმე გაიზარდა… არადა, მის პირვანდელ სამშობლოში, სადაც ის დაიბადა, ყოველი სულიერი _ ბალახების, ფოთოლ-ყვავილთა, ზღვის ტალღების, ხეთა ნაყოფისა და მისთანანის სურნელთა შეყნოსვით საზრდოობდა…
ჩიბი კი, როგორც მას ლეკვობაში ეძახდნენ, არ იწმენდა ჯაგრისით კბილებს, არ იბანდა ტანს და წყალს ჩაბინძურებული გუბეებიდან სვამდა… ამიტომაც, სუნებსაც ვერ არჩევდა და წარმოიდგინეთ გაზაფხულის მათრობელა კეთილსურნელებასაც არაფრად დაგიდევდათ…
მალულად წუწკობდა; ბარტყებზე, წიწილებზე ნადირობდა და ხშირად კვერცხებსაც კი იპარავდა ბუდიდან…
იგი უკვე სახელს უტეხდა სურნელოვან კუნძულს, ძალზე ცუდ მაგალითს აძლევდა სურნელთა ამოცნობა-შეყნოსვით გატაცებულ ლეკვებს და ერთ დღესაც უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით მას გადახარისხების მუხლი ”თემიდან მოკვეთა” შეუფარდეს. ზღვისმიერ ქართა არომატით გააბრუეს, ჩასვეს უნიჩბო ნავში და კუნძულის გარშემო ლაბირინთივით ერთურთში ჩახლართულ დინებებს გააყოლეს…
ჩიბი, სადღაც მიყრუებულ სანაპიროზე მოეგო გონს. ღრმად გარიყულ ნავიდან გაბედულად გადმოხტა ნაპირზე, ჩვეულებისამებრ თავხედურად შეიყეფა, თვალი გამომწვევად მიმოატარა, აბა დღეს ვინ უნდა დავიბრიყვოო, რომ უცაბედად ბუჩქნარიდან გადმომხტარმა მაწანწალა ფინიამ ყუყუმ გამოცნაურების მიზნით შეუყეფა. ჩიბიტომ უმალვე შეუღრინა და ის იყო ბასრი კბილები კისერში უნდა ჩაევლო, ყუყუ ფეხებში შეუძვრა და ნაგვის მძაღე სუნში გაახვია…
ჩიბიტოს ეამა, მიხვდა რაღაც აკავშირებდა ამ ქეციან არსებასთან. მძლავრად დაჰყეფა და კონტინეტის სიღრმისკენ გასწია…
ყუყუმ უმალ იყნოსა გამორჩეულ თავხედთან, რომ ჰქონდა საქმე და ლაქუცით აედევნა… გზადაზგა, სხვა მაწანწალა ძაღლებმაც აღიარეს ჩიბიტოს უპირატესობა და რაღაც ორიოდე დღეში უცხო მხრიდან გადმოხვეწილ ხროვის თავძაღლი გახდა. ფინია ყუყუ კი პირველი მოენე შეიქმნა. ჩიბიტოს ნდობით გადიდგულებული, ადრე მამალი კიკინოს შიშით ბოსტანში შეპარულ ქათმებსაც, რომ ვერ უყეფდა, ახლა თავგასიებულ მურა ძაღლსაც კი მედიდურად გახედავდა… თან სულ იმას ნატრობდა, ნეტა ერთი ჩვენს სოფელში შევეხეტებოდეთ, ჩიბიტოს დახმარებით კიკინოს ჯავრს ნამდვილად ვიყრი და თავისივე დედლების წინაშე გავათახსირებო…
წლობით დაუბანელი, ბეწვებშემურული ძაღლების ხროვაში ჩიბიტო უდარდელად გრძნობდა თავს.
არ იწმენდა ჯაგრისით კბილებს, არ იბანდა ტანს და წყალს ჩაბინძურებული გუბეებიდან სვამდა…
მეტად დაუნდობელი იყო, თუ რომელიმე ახალშემოერთებული მაწანწალა შეეწინაღმდეგებოდა, უმალ ყელის გამოსაღადრავად გაიმეტებდა…
ამგვარ სიავისგან თვალებიც ერთთავად ჩაუბნელდა.
შურისძიებით აღვსილმა ყუყუმ ბოლოს და ბოლოს იმდენი ჰქნა ჩიბიტო და მასთან ერთად მთელი ხროვა იმ გზებით ატარა, რომელიც მაწანწალებს ადრე თუ გვიან კორტოხზე შეფენილ იმ სოფელთან მიიყვანდა, სადაც ერთ დროს შეიკედლეს და სადაც აშარი მამალი კიკინო ეგულებოდა…
მაწანწალების გამოჩენამ სოფლის პატიოსან ძაღლთაგან ბევრი გააღიზიანა. აქა-იქ ყეფა-ღრენაც გაისმა…
მაგრამ ორიოდე ცერცეტს ცნობისმოყვარეობამ წასძლია, ხროვას შეუერთდა და მამალ კიკინოს გათახსირებაში ყუყუს დახმარება აღუქვა.
ერთი ეგ ყოყოჩი კიკინო, როგორმე ჩიბიტოზე წავაქეზო და ეგ ბნელთვალებაც უმალვე კისერს გამოღადრავსო, იმედოვნებდა ყუყუ.
იგი დაწინაურდა, რათა სადმე განმარტოებული ან ბაღის მოდარაჯე კიკინო ჯერ ჭიშკართან, მერე კი, ეზოს გადაღმა გადმოეტყუნებინა.
ნაცნობ ეზოში მარჯვედ შეიპარა. მოსეირნე ფერად-ფერად დედლებს თავისებურად კუდის ქიცინით მიელაქუცა და ის იყო თვალთმაქცურად კიკინო უნდა მოეკითხა, რომ უცებ შორიახლო, გადაჭრილ ხეზე ყინჩად მდგომმა მამალმა ფრთები შეაფართხუნა და გამურულ ყუყუს შეაგება:
-ალბათ, ბოდიშის მოსახდელად მობრძანდი, რას გავხარ, ცხვირ-პირი მაინც გაგელოკა…
შეცბუნებულმა ფინიამ, ერთხანს ვერაფერის თქმა მოახერხა, მერე კი ამოღერღა:
-ჰო, დავბრუნდი, რა ხანია მინდოდა შენთვის ბოდიში მომეხადა, მაწანწალა ძაღლებმა არ გამომიშვეს… აი, ახლაც ჭიშკართან დგანან და არ მეშვებიან…-თან ენით გამურული ცხვირ-პირის გალოკვას გულმოდგინედ შეუდგა.
ყოჩაღი და ფრთამალი კიკინო რაღაცას მიხვდა, ერთი ომახიანად დაჰყივლა, ხიდან ისკუპა და ჭიშკრისკენ ამაყად გაემართა.
ყოჩაღი კიკინო, მართლაც რომ ყოჩაღი იყო; უყვარდა წყალში ნისკარტის გასუფთავება; ფრთების ფართხუნით მიწიდან აყოლილი მტვერის დაფერთხვა და მიწის ამოქექვისას დეზების გაკრიალება.
ოქროსფერი ბიბილოც მუდამ უღაჟღაჟებდა, მოხდენილი ქოჩორი მუდამ დავარცხნილს მიუგავდა.
ეზოს ჭიშკართან, მაწანწალა ძაღლების ხროვა წრიალებდა. ჩასუქებული ქათმების დანახვაზე ნერწყვი მოსდიოდათ.
ბნელთვალება ჩიბიტოს თავი აეღერებინა და ჰაერს საეჭვოდ ყნოსავდა. მერე ეზოს შემოუარა, შიგ შესაძრომს მიაგნო და ორიოდ წუთის შემდეგ უკვე განმარტოებით ნაგვის ქექვით გართულ ჩასუქებული დედლის დაჭერას შეეცადა…
მაგრამ ყოჩაღმა მამალმა არ დააცალა, პირი იბრუნა, ჩიბიტოსკენ ისარივით გავარდა, წამოფრინდა, მაწანწალას დააცხრა და ნისკარტი ზედ თავზე ზედიზედ ჩასცხო…
თმის ღერები ააწიწკნა, მარჯვედ აფრინდა და განაპირას მდგომ ხეზე კრაზანების ბუდესთან დაფრინდა.
გამწარებული ჩიბიტო ჯერ ადგილზე დატრიალდა და ახლა ერთად თავშეყრილ და ცნობისმოყვარედ აკაკანებულ დედლებისკენ ისკუპა.
დედლები კრიახით გაიფანტნენ… საზრიანმა მამალმა კიკინომ ბუდეში მთვლემარე ბზიკებს ჩიბიტოს მყრალი ბანალი ყივილით მიაყარა და ქათმების მისაშველებლად დაეშვა…
ჩიბიტოს თმების მყრალმა სუნმა კრაზანები ერთიანად წამოყარა. ბუდიდან მსწრაფლ და გაბმით გამოფრენილებმა, საბრძოლო წყობა მიიღეს…
რამდენიმე მათგანი სახელგატეხილ ჩიბიტოს დაესხა, ერთი შიგ ყურში შეუძვრა და დანესტრა… სხვებმა კუდის ქვემოთ შეუნთეს ნესტრების ცეცხლი…
დანარჩენებმა ჭიშკართან მოწრიალე მაწანწალები დაიფრინეს, მხოლოდ სახლის კედელთან შიშით ატუზული ყუყუ დაინდეს კიკინოს ხათრით.
ატყდა გნიასი… ძალზე სახელგატეხილი ძაღლი ჩიბიტო შემზარავი წკავწკავით გარბოდა.
ოციოდე არანაკლებ გამწარებული მაწანწალა ყეფა-ყეფით მისდევდა.
კიკინო ომახიანად ყიოდა. შიშნაჭამი და დარცხვენილი ყუყუ გამოსწორებას ფიქრობდა და გადაწყვეტილი ჰქონდა ამიერიდან პატიოსანი ძაღლის ცხოვრებით ეცხოვრა.
ჩიბიტო კი მდინარეში შევარდა, ჩანჩქერის ქვეშ დადგა და იქამდე არ მოიცვალა ფეხი, სანამ მთელი ჭუჭყი არ ჩამოირეცხა.
უცებ ძალზე მოუნდა სამშობლოში დაბრუნება. სადაც ყველა ძაღლი პატარაობიდანვე კბილებს ჯაგრისით იწმენდა, იბანდა ტანს და სურნელოვანი სუნების შეყნოსვა-შეტკბობაში ხელოვნდებოდა…
ჩაჰყვა მდინარეს, ზღვის სანაპიროზე გავიდა და განმარტოებული ზღვიდან მონაბერი ქარის არომატის შეცნობას შეეცადა, რათა ლაბირინთივით ერთურთში ჩახლართულ დინებებით გარშემორტყმულ სურნელოვან კუნძულისკენ გზა გაეგნო… მაგრამ ყნოსვა სულ სხვაგვარად ჰქონდა დაგეშილი, ქარში ჩაბუდებულ შორეული კუნძულის სურნელს კი არა, ტალღების მაცოცხლებელ არომატს ვერ გრძნობდა… მძორის სუნს კი, უმალვე იყნოსავდა… ვერც იმაში გარკვეულიყო ქარი საიდან უბერავდა… ზღვაურსაც ვერ ცნობდა, ზენა ქარსა და ქვენა ქარზე ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა…
ბევრი იყეფა, ბევრი იყმუილა, მაგრამ ვერც სურნელის შეცნობა და ვერც ქარის მიმართულების დადგენა შესძლო…
ძალაგამოლეული და მოწყენილი ნაპირზე გაწვა…
დაღამებულიყო, მთვარე ცაზე მომნუსხველად ღუოდა… ჩიბიტოს ღრმად ჩაეძინა. გზად ღვაწლმოსილმა ქველმოქმედმა კიბო ტერაკომ ჩამოიარა. იგი ყველაზე გამოცდილი მკურნალი გახლდათ იმ მხარეში მობინადრე კიბოებს შორის…
-დახეთ, სახელგატეხილ ჩიბიტოს თავისი უდარდელი ბავშვობა ენატრება, სურნელთა შცნობა სწადია, ის კი არ იცის, ეს რომ შესძლოს პირის ღრუ და ნესტოები კარგად გამოწმენდილი და სუფთა უნდა ჰქონდეს, ამას კი, ჯერ კიდევ მძორის სუნით უყარს გულ-მუცელი და რომელ არომატის შეგრძნებაზეა ლაპარაკი?!-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა მან. ათივე ფეხი შეათამაშა. ღრმად ჩაძინებულ ჩიბიტოს მარწუხებით კბილები დააკრეჭინა, შიგ ჩარჩენილი ბინძური ნარჩენებისგან გაუწმინდა. მერე ნესტოებში შეუღიტინა და როცა ჩიბიტომ ზედიზედ დააცემინა, ფეხებით წყლის შხეფები მიასხურა და უბრძანა ნელა და ღრმად ისუნთქეო…
ჩიბიტო შეფხიზლდა, ძილ-ღვიძილში მყოფი, ფიქრით თავის ბავშვობას დაუბრუნდა და ზღვის სურნელის შეტკბობას შეეცადა. უფრო და უფრო შფხიზლდა, კიბო ტერაკოც გაიცნო, დაუმეგობრდა და სამშობლოში დაბრუნების მოსურნე, მისი მითითებით საკადრის ვარჯიშს შეუდგა.
ძალზე გაუჭირდა დაკარგული წლების აღდგენა, მაგრამ მაინც თავგანწირვით ცდილობდა სურნელოვან კუნძულის მკვიდრთათვის ჩვეული ღირსება მოეპოვებინა…
უკვე ყოველ დილა-საღამოს იწმენდა კბილებს, იბანდა ტანს, სვამდა მხოლოდ სუფთა წყალს და სურნელოვანი სუნების შეყნოსვა-შეტკბობაში ხელოვნდებოდა…
მალე ქვენა და ზენა ქარსაც ერთმანეთისგან არჩევდა; ზღვაურს, ფიონს და მისთანანსაც ცნობდა… თანდათან თვალებიც დაეწმინდა და ეი, შენ ბნელთვალებაო, ვერვინ შეკადრებდა…
თუმც, კიბო ტერაკო შორეული ნაოსნობისთვის უფრო მკაცრად ამზადებდა და ახლა წყალქვეშა დინებების მოკვლევა-შეცნობაში წვრთნიდა…
სურნელოვან კუნძულთან მისასვლელი გზა, ხომ ერთურთში ლაბირინთივით ჩახლართული დინებებით იყო გარშემორტყმული…
მაგრამ სამწუხაროდ, ზოგი ქარის და დინების წარმომავლობა და სახელწოდება ღვაწმოსილ მკურნალ ტერაკოსაც დავიწყებოდა…
სურნელოვან კუნძულზე იცოცხლე ყველა პატარამ იცოდა ეგეთი მარტივი ამბები… მაგრამ ჩიბიტოსთვის, სწორედაც, რომ იქამდე მიღწევა იყო საქმე…
ტერაკო იმედოვნებდა აქაც იყვნენ გამჭრიახი ბავშვები, არ დაიზარებდნენ და ჩიბის ქარების თუ წყალქვეშა დინებების სახელწოდებების, მათ წარმომავლობასა და მიმართულებების შესახებ ზუსტ ცნობებს მიაწვდიდნენ…
შემდგომ შესაძლოა, ერთ დროს, ძალზე სახელგატეხილ ძაღლ ჩიბიტოსთან ერთად თავადც წვეოდნენ სურნელოვან კუნძულს, სადაც ყოველი სულიერი _ ბალახების, ფოთოლ-ყვავილთა, ზღვის ტალღების, ხეთა ნაყოფისა და მისთანანის სურნელთა შეყნოსვით ტკბებოდა…
====





























Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...