ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

понедельник, 3 декабря 2007 г.

პუბლიცისტური ტროპები

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
----
პუბლიცისტური ტროპები...

"ხატოვანი მოტივაციები" _ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
the magazine "Image-Bearing Motivations"
-----

მას ისეთი დათაფლული ენა ჰქონდა და ისეთი ტკბილმოუბარი გახლდათ, რომ სიმართლის სათქმელად შემზადებულ კაცს, ხმის გაღებასაც არ დააცლიდა...
-----

იგი ისეთი დიდი იყო, ისეთი დიდი, რომ მის ჩრდილქვეშ, ახლომახლო კი არა, შორ მანძილზეც, ვერც ერთმა ნერგმა ვერ იხარა...
====
ხ ვ ა ნ ც ა რ ი კ ი
ხვანცარიკი _ ”ორტოტი მახე, რომელიც ერთი თავითაც იჭრს და მეორითაც”. ასე განმარტავს მას სულმნათი აკაკი, მაგრამ იმერულ კილოკავში შემონახულ ამ მოქნილ სიტყვას, სხვა უფრო ხატოვან დატვირთვას აძლევს და ხშირად მოიშველიებს ყალთაბანდის, თვალთმაქცის მნიშვნელობით.
”შენ რისთვისაც ხვანცარიკობ, კი შეგატყვეთ, არ ვართ ბრმაო”
”უნდა ვითათბიროთ... პირდაპირ და რაინდულად, თორემ ხვანცარიკობა, იქით-აქეთ კუდის ქნევა... ყველგან ვერ გაჭრის”
დაილოცოს ქართულ სიტყვათა მადლიანი სალარო, ამასთან სად მოვა დღევანდელობაში ყბადაღებული გამოთქმა ”ორმაგი სტანდარტი”.
ზუსტადაც, რომ მავანთა უთავბოლო ხვანცარიკობამ და იქით-აქეთ კუდის ქნევამ დააჩიავა ჩვენი ქვეყანა...
====

სააზროვნო სივრცის პერიპეტიები...ყოფილ თანამოაზრეთა და მერე მიზეზთა გამო სამტროდ გადაკიდებულ პოზიცია-ოპოზიციის პაექრობას თვალმიდევნებულ ”ჰომოსაპიენსში”, ამგვარმა უთავბოლო გადაკიდებამ (ანუ პოლიტიკურ ასპარეზე შეკრება-დაშლისა და დაშლა-შეჯგუფების ტექნოლოგებმა) შესაძლოა მსგავსი ან მსგავსის მსგავსი ასოციაცია გამოიწვიოს. რადგან ოპონენტები ზვიგენის გარშემო მათ მიერვე ნებსით თუ უნებლიეთ შექმნილ ”მტაცებლურ გარემოცვას” კი არ აანალიზებენ, არამედ თავგადაკლულები იმაზე გაჰყვირიან, რომ იგი ბუნებისგან მინიჭებულ მტაცებლური მადით არ კმაყოფილდება და ავადმყოფურად აწუხებს ფრენის ილუზია...იქნებ ზვიგენი თავის ვირტუალურ სამყაროში დაფრინავს კიდეც, მაგრამ ამის გარშემო შექმნილმა ჩოჩქოლმა ლამის მივიწყებას მისცეს ის, რომ ზვიგენი იმგვარ რია-რიაში თავის ”ცხოველმყოფელ” არსებობას უფრო მეტი დაუნდობლობითა და სიცბიერით განაგრძნობს... ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ ხელისუფლებას... რასაც მოვუწოდებთ თქვენ უკეთ იცით, ცოტა უფრო მეტ ალტრუიზმს ვითხოვთ... მაგრამ ვითარებას სათავისოდ მორგებული მუდმივად ”ცნობილი სახე” ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ თავადაც ისწრაფვოს ევოლუციური სახეცვლილებისკენ... ბევრი თავადაა ზვიგენი და არც ფრენის ილუზია აწუხებს, ბევრს ეგოიზმის ღვარძლით ქვეყნის მისახედად უცილო სააზროვნო სივრცე უიმედოდ აქვს ჩახერგილი...ამას წინათ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა თავისებური ლაკონიურობითა და მოხდენილობით შეახსენა საზოგადოებას, რომ ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მოპაექრე მხარეები არ უნდა იყვნენ ზედმეტად კატეგორიულები... და მართლაც, თუ სამშობლო ორივე დაპირისპირებულ მხარისთვის სათაყვანებელს წარმოადგენს, მაშინ ფარულმა, მაგრამ ერთიანი ველის წარმართველმა შინაგანმა განწყობამ დინამიურად უნდა დასძლიოს პატივმოყვარეობისა და ქიშპობის სენი.საკუთარი ღირსების დასაცავად პარლამენტის წინ თავშეყრილმა ქართველმა ხალხმა ჩვენს პოლიტიკოსებს სულ ახლახან, ამ მხრივ ხომ თავისებური ”ტრენინგი” ჩაუტარა...თუმც ჩვეულებრივ ყოფაში შესაძლოა ამგვარ კურიოზსაც წააწყდეთ:ორიოდე კვირის წინ მიტინგიდან შეიმედებული, რომ ვბრუნდებოდი, ”გლდანვეგასში” ( ასე ხუმრობითა და მოფერებით გლდანის დასახლებას მოვიხსენიებ ხოლმე) რეკლამირებულ პარკთან მსემზურის გამყიდველ მჯდომარე დედაბრების კინკლავს წავაწყდი. ისინი დაბალ სკამებზე ისხდნენ, წინ, ჩვეულებისამებრ გასაყიდად გამოტანილი მზესუმზირით სავსე ტომსიკები ელაგათ _ შესაფერისი ”ატრიბუტებითურთ”.ერთმანეთს მაგრა აწვებოდნენ... ყური მოვკარი, უფრო ბებერი მეორეს შესამჩნევად ბებერს, რა გამომწვევად დაემუქრა: გაჩუმდი, თორემ ისეთ კაცთან მოგიწევს ლაპარაკი ნიფხავში ჩაძვრებიო... წარმოიდგინეთ რა ხასიათზე დავდგებოდი... უნებლიეთ გაღიმებულს, ტირილის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამგვარმა ფიქრმა კი გამკრა, ამ პოლიტიკის შემხედვარე ცხოვრება ცხოვრებას აღარ გავს მეთქი... ესეც ალაბათ ”ზვიგენისთვის” ფრთების დაჭრის თავისებური მცდელობა იყო...
პოლიტიკოსები რა თქმა უნდა, უფრო ხშირად და უფრო დაუნდობლად აწვებიან ერთმანეთს, შეცდომებსაც უფრო ხშირად უშვებენ, ხალხი კი ჩვეულებისამებრ პასუხს აგებს მათ შეცდომებზე. თუმც მერე და მერე”ცნობილი სახეები” ამა თუ იმ ”უპასუხისმგებლო ქმედებების კასაკადით ” გამორჩეულ ”ლიდერების” მხარდაჭერისთვის შიგადაშიგ ბოდიშსაც იხდიან ყოფილ ”თანამოაზრეებს” დაუნდობლად აწვებიან და ისევ და ისევ ახერხებენ ხალხის ნდობის მოპოვებას… თავისას გაინაღდებენ, ”ხელისუფლებას დაითრევენ” და ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს მშენებნლობაში ხალხი მათაც ავიწყდებათ… ამგვარი პერმანენტული ამნეზიისგან ამომრჩეველიც თუ არ განიკურნა ისე არაფერი გვეშველება… მარტო გადამდგარი თუ გადმომდგარი პრეზიდენტების გინებით შორს ვერ წავალთ… პროფილაქტიკის მიზნით კი, უმჯობესია შემუშავდეს და დაკანონდეს ”საარჩევნო პიარტექნოლოგიების” წყალობით ქვეყნის სადაავებთან მოქცეული თაღლითისა თუ ხვანცარიკის გამოწვევის მარტივი პროცედურა… თორემ ისე, ვერც ”საპარლამენტო რესპუბლიკა” და ვერც სხვა რომანტიკული ხიბლით შემოსილი ფორმაცია გვიშველის...საბედნიეროდ, ჭეშმარიტ მამულიშვილთა გამოცნობა ამდენი წლის ვაი-ვაგლახის შემდეგ მეტნაკლებად ვისწავლეთ… მაგრამ იმ ერთეულებთან ერთად ”პოლიტიკურ საქანელაზე” შემოსკუპებულ მედროვეს, რომელიც მალევე თავის ხალხს უცხო თუ შინაურ ’”გამღლეტთა”,მევახშეთა ლობისტად მოევლინება, ვერაფერს ვუხერხებთ… და მერამდენედ იწყება ზვიგენისთვის ფრთების დაჭრის რია-რია... სხვათაშორის, მათი (ხვანცარიკების) ნაადრევ რეაბილიტაციაში ”მედიას” დიდი ღვაწლი მიუძღვის… დაისვამენ წინ ამ ქვეყნის ჭირად მოვლენილ ”პოლიტიკურად მარადიულ სახეს” და დიდის ამბით ჩაეკითხებიან ”სოფლის გასაჭირს”. არადა, ამა თუ იმ სოფელში ღვთის წყალობით კიდევ შემორჩენილ, მართლაც, რომ ჭკუასაკითხავ, დარბაისელ კაცს არაფერს ეკითხებიან… ამასთანავე, ხშირად, საკმაოდ დამაჯერებლად გაისმის, რომ სასურველია აღსდგეს და განახლდეს”კითხულ კაცთა” ინსტიტუტი (საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეს ცნება სხვადასხვაგვარად იყო გააზრებული), რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას დიდად წაადგება. ისე კი, კვლავ და კვლავ იტრიალებს ”ყოვლისმცოდნეთა მარადიული კარუსელი” და ქვეყანაც გამუდმებით ზვიგენისთვის ფრთების დაჭრის მცდელობაში იქნება…
17.11.2007
ჯანრი გოგეშვილი
....
ცნობიერების ბერწ საშოში...
სიზმრებს კრძალავდნენ,
სცენის სიღრმეში
დაშვებული
ნათლის სვეტი
ჯვარედინათ გადაეხაზათ...
ორატორი კი ამაყობდა,
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი!..
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა...
სმენადახშული
თვალებდათხრილი
სიცოცხლე
თვლემდა ვრცელ დარბაზში და
თავისთავად იქნევდა ხელებს,
ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე,
ცნობიერების ბერწ საშოში
მსუნაგი კუჭი განაბულიყო,
ორატორი კი ამაყობდა
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა...
1975წ.
....

ფრისკლინტე…
(ნუგბარი)

ფოსინე, ფასინე და ფუსინე ერთდროულად გამოიჩეკნენ, ანუ ერთდროულად დაუწყეს ნისკარტების ცემა ნაჭუჭებს, ერთდროულად გამოამტვრიეს და ერთდროულად ამოყვეს მზის სინათლებზე თავისი ყვითელი, ბუსუსსა თავები…
ტყუპები შეგვეძიანაო, დასჭყივლა თავყვითელა, გრძნელნისკარტა მამა ჩიტმა ფრისკლინტემ.
სამივე გოგოა, დედა ენაცვალოთო, გაიხარა დედა ჩიტმა ფუსუსამ.
ერთი მაგათიცო, არ დააყოვნა გარე-გარე ფრენას დაჩვეულმა ფრისკლინტემ, ეგენი ვისი გვარის გამგრძელებლები იქნებიანო ეშმაკმა უწყისო! _ ისარივით აიჭრა ზევით და ცად გადაფრენილ საერთაშორისო მისიის გუნდს შეუერთდა, სადაც ლიკლიკების ექსპერტად იყო მიწვეული…
მას შემდეგ იგი, არც გოგოებს უნახავთ და არც ფუსუსას, ვინც წინასწარ იყო შეგუებული ქმრის ამგვარ გაუჩინარებას, რომელიც მასთან წელიწადში მხოლოდ ორ-სამ კვირას ატარებდა.
ფუსუსსა ბარტყებს დედობრივ მზრუნველობას არ აკლებდა. დილაადრიან საშოვარზე მიფრინავდა და შვილებთან ჭია-ღუით ნისკარტდამშვენებული ბრუნდებოდა.
მერე დაკვირვებით უთვალთვალებდა ”ნადავლის” დატაცებით აღგზნებულ პირმშოებს და სინანულით ფიქრობდა: ნეტა რა მაჩქარებდა, აქედან ორი მგონი ბიჭობას ჩემულობს და მალე შეიძლება სქესიც შეიცვალონო… ძალზე სურდა თავისი აღმოჩენა ”თავისი კაცისთვისაც” გაეზიარებინა, მაგრამ პოლიტიკით დაკავებული ფრისკლინტე საერთაშორისო აფიორით იყო დაკავებული და აბა ფუსუსა ვისღა ახსოვდა.
ბარტყები მალე შეიბუმბლნენ. თავებიც ნაღდი სიყვითლით შეემოსათ და ერთხელაც, როცა სამივენი ბუდესთან დასკუპებულ, ჭიაყელით ნისკარტდამშვენებულ ფუსუსაგან ერთდროულად ცდილობდნენ ჭიაყელის მისაკუთრებას, გულაჩუყებულ დედაჩიტს წინდაუხედავად დასცდა:
-ცოტაც მოითმინეთ, მალე მამათქვენი ფრისკლინტე ჰუმანიტარული ტვირთით ცად გადაიფრენს და ნუგბარს ჩამოგიგდებთო…
პატარებმა ჭიაყელას თავი მიანებეს და იკითხეს, ნუგბარი რა არისო…
-ნუგბარი, ნუგბარია, ანუ გამორჩეული ტკბილი, უსაშველოდ გემრიელი რამე-რუმეები; სანუკვარზე სანუკვარი საჭმელიო, _მეტისმეტად გააზვიადა ფუსუსამ, რადგან უნებლიეთ, ოდესღაც ფრისკლინტესგან მორთმეული ჰუმანიტარული დახმარების ”პაკეტი” გაახსენდა.
თქვენ წარმოიდგინეთ რა დაემართებოდათ ტყუპებს! სამივე ფოსინე, ფასინე და ფუსინე ოცნებაში გაერთო და მას შემდეგ ციდან ჩამოცვენილი ნუგბარი ელანდებოდათ. სულ იმ ნუგბარზე საუბრობდნენ… ზოგჯერ ამგვარი ჭყლოპინით გაბურსალებულები ღია პირებს ცისკენ ააშვერდნენ და იმ ჰუმანიტარული ნუგბარით ყელის ჩაკოკლოზინებას ნატრობდნენ…
გვერდით მცხოვრებ ეშმაკუნა ჩხიკვებს, ერთხელაც ყელში ამოუვიდათ იმ მითიურ ნუგბარზე მათი უსაშველო ჭყიპინი და ასე პირდაღებულები რომ შეიგულეს, თავზე ერთმანეთის მიყოლებით გადაუფრინეს და ჯერ ერთს ჩაასკლინტეს პირში, მერე მეორეს, _მერე მესამეს.
ოცნებაში წასულებს ისე ეამათ ონავარი ჩხიკვების სკლინტები, რომ ასე ეგონათ, ყელი რაღაც უგემრიელესი ტკბილეულით ჩაიკოკლოზინეს, და ატეხეს მორიგი ჭყლოპინი, მამა ფრისკლინტემ გზად ჰუმანიტარული ტვირთით გადაიქროლა და ნუგბარი მოგვართავაო…
აღგზნებულები გაუთავებლად ყვებოდნენ ამ ნუგბრის უგემრიელესობის შესახებ…
ონავარი ჩხიკვებიც ამტკიცებდნენ ჩვენი თავლით ვიხილეთ ფრისკლინტეს გადაფრენა; უცხო ქვეყნებში ჰუმანიტარული ტვირთი გადაქონდა და იქიდან თავის გოგონებს ნობათი უწილადაო… თან მრავალმნიშვნელოვნად დაუმატებდნენ, მაგვარი არხებით შემოსული უსაშველოდ გემრიელი რამე-რუმეები მთავრობას ცის საცავებში აქვს გადამალული და მხოლოდ თავიანთ შვილებს უკოკოზლინებენ პირებსო…
გადაირივნენ იმ მხარის ”მოზარდები”, ჩვენებურად, რომ ვთქვათ ”ბარტყობა”. ყველა ისეთ ნუგბარს ითხოვდა ფოსინემ, ფასინემ და ფუსინემ, რომ იგემეს…
მალე, ბუდეებში მსხდომი ”წვრილფეხობა” ზეცისკენ თავაღერებულები, პირდაღებულები და თვალებდახუჭულები საათობით ელოდნენ ცის სიღრმეებიდან ჰუმანიტარული დახმარების ჩამოცვენას… ყოველი საეჭვო გადაფრენის ხმაურზე თავებს რიტმულად ატოკებდნენ და თავისებურ ტრანსში ვარდებოდნენ…
ბოლოს და ბოლოს ”ნუგბარის” გასინჯვის ნატვრაში წამოზრდილები მშობლებმა, როგორც იქნა ბუდეებიდან ამოსხეს და დააფრინეს… მათაც, როგორც კი ფრთები გაშალეს, ზღაპრული ნუგბარის დაპირებებით ასაკოვანი და განსაკუთრებით ბებერი ჩიტები აიყოლიეს და ხელისუფლებას შეუტიეს…
ჩხიკვებიც დატრიალდნენ ინვესტიციების მოზიდვის კომპანია გააჩაღეს და ”ნუგბარების ფაბრიკები” გახსნეს… საიდუმლო ტექნოლოგიები შემოიტანეს და მთელი იმ მხარის ”ბარტყობა” და ”ბებრობა” დააძღეს… დეგუსტატორებდ, რა თქმა უნდა, ფოსინე, ფასინე და ფუსინე აიყვანეს…
შემოსავალი სახელმწიფოსაც გაუჩნდა, მაგრამ ერთ დღეს გაირკვა, ბუდეებიდან მოზარდთა სკლინტები საეჭვოდ ქრებოდნენ…
შინაური ექსპერტები შეშფოთდნენ… უჩინარი ეპიდემიის შიშით არსამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა…
ქვეყანა მიხვდა, მხოლოდ დაპირებებით და მათივე სკლინტებით, რომ კვებავდნენ მომავალს… ავანტიურისტი ჩხიკვები უმალვე გაქრნენ… ისინი თურმე განვითარებად ”ჩიტუნა ქვეყნებში” გაჩაღებულ ”სკლინტებთან დაკავშირებულ მაქინაციებისათვის” კაი ხნის ძებნილები იყვნენ…
მაგრამ საჩიტეთის მომდევნო ”ბარტყობა” მაინც პირდაღებული ელოდა ფრისკლინტეს მორიგ გადაფრენას და ციდან ნანატრი ”ნუგბარის” ჩამოცვენას…
1/2004 ...ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
....
მანქურთი რომ ხარ...
მანქურთი რომ ხარ, ვიცი ძამია,
მაგრამ პოეტის სახელი გქვია, და
როგორც ჩემსას, ისე ითვლიან,
შენს ხმას, _
რომელიც სხვა ხმის ფინტია...
11.12.2007
....

მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო

ანდაზა

სანამ შენ ლექსს წერ, მთავრობაში ლეწავენ კალოს,

ბაღ-ვენახებს და სარწყავ-სათიბს ქე უყვეს ლელო,

შენ, ქართველ მწერალს არ შეგარჩინეს ამ მიწის ღეროც,

მართალი სიტყვის მეაბჯრესო, _”სიმართლით” ევლოს…

24.07.08



ანონსი
”ვაშინერსი”
...

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...