ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

воскресенье, 2 декабря 2007 г.

სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...

სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...

ამ რუბრიკის წამოწყება ”ბლოგი”-სგან შეხალისებულმა გადავწყვიტე…
თავდაპირველად, ჩემთვის მნიშვნელოვან, ჩემეულ ”სამწერლო ეპოპეაზე” მოგითხრობთ. თუ დამცალდა ზოგი რამ გზადაგზა ჩასწორდება და განივრცობა კიდეც… მერე შესაძლოა, ”დღიურების” სახე მიიღოს, შესაძლოა სულაც სხვაგვარმა მოგონებებმა ან ”მიგნებებმა” გამიტაცოს… ზეცად ასულ კეთილ ადამიანებსაც შევახსენებთ თავს… ვერ ვიტყვი, ”ბლოგი”-ს ამ ნაკვეთს, თავსა თუ კარს აზარტულად გავააზატებ მეთქი, მაგრამ ჩემეულ რუბრიკებს შორის, თხრობის მანერითა და სიუჟეტური წიაღსვლებით, ალბათ ყველაზე უფრო ”თავისუფალი” იქნება…
თავისთავად მომიწევს ამა თუ იმ პიროვნებეთან შეხვედრების აღწერაც. ზოგი მკითხველისათვის საკმაოდ ცნობილია, ზოგიც უცნობი, ზოგი გარდაცვლილია, ზოგიც ალბათ მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს თავს… მინდა ასე იყოს… რომელთა სულებიც ზეცად ამაღლდა, ღმერთმა ყველანი ნათელში ამყოფოს… მათ კი, ვინაც შეიძლება უხერხულად იგრძნოს თავი ან იქ, ან აქ, სახელით და გვარით არ მოვიხსენიებ... რადგან მოგეხსენებათ, ზოგი აქაა და მკვდარივითაა, ზოგი კი, იქაა ცოცხალი...

-----

სად, ვინ, როგორ, რა ფერებში… _
ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს…

..1968 წელს, იმჟამინდელ პოლონეთში განლაგებულ საბჭოთა საჯარისო ნაწილიდან, რაღაც ორი თვე რომ მიკლდა სამხედრო სამსახურის მოთავებას, ფილტვების ანთებით სამხედრო ჰოსპიტალში მოვხვდი… იქედან ბელორუსიის, უკრაინის და მშობლიურ ნიგოითის გავლით პირდაპირ _აბასთუმანში. აი, იქ შედგა ჩემი ლიტერატურული ნათლობა… 1968 წლის 8 აგვისტოს ადიგენის რაიონულ გაზეთ ”განახლებულ მესხეთში”, პირველად დაიბეჭდა ჩემი მოთხრობა ”მესხური ყაყაჩოები” (ისე დედანში ”ყაყაჩოები” ერქვა)
რედაქციასთან მიშუამდგომლა, მართლაც რომ ღირსეულმა ქართველმა, ნიჭიერმა პროზაიკოსმა ბატონმა შოთა არაბულმა. (წლების მანძილზე რედაქტორობდა ყაზბეგის რაიონულ გაზეთს). შემდგომ, სუფრას პოეტი ანზორ აბულაშვილი უძღვებოდა, ასე რომ გაითქვა სახელი თავისი დიდებული ლექსებით. მახსოვს რა ლამაზად ჰქონდა გამხდარ თითებში ღვინით სავსე ჭიქა მოქცეული და ჩემს სადღეგრძელოს, როგორც მომავალი პროზაიკოსის ”ნიჭიერებით მოსილ” გზას, პოეტური აღმაფრენით მიიკვლევდა… მაშინ ყველანი ”ჭლექიანები” ვიყავით… რის გამოც, კარგა ხნის შემდეგაც ვერიდებოდი ამგვარ ვითარებაში ამ ადამიანების დასახელებას… თუმც, სადღაც ამოკითხული მქონდა, რომ ჭლექი ”გენიოსების” ხვედრიაო და ამით, ჩემდა უნებლიეთ, შესაძლოა თავსაც ვინუგეშებდი, მაგრამ, ამის შესახებ ჩემს მეზობლებს, ნაცნობებს და უცნობებსაც სხვა წარმოდგენა ჰქონდათ, (თუმც, ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ ძალზე მოგვიმრავლდნენ ”გენიოსობის პრეტენდენტები”), იმხანად აშკარად თუ შეფარვით ნათესავიც თავს გარიდებდა, ნაკითხი ბიჭი კია, მაგრამ არაფერი გადამდოსო… ასე რომ, შემდგომ ამისა, ვითარებისდა მიხედვით საუმაღლესოდ შემზადებულმა, ”ბედის ირონიის” წყალობით შორეულ ყაზახისტანში ამოვყავი თავი, კერძოდ ქალაქ ალმა-ატაში. მის სილამაზეზე შესაძლოა მერე მოგითხროთ. წერისთვის იქ ნაკლებად მეცალა, ვერც ყაზახი მწერლების გაცნობა შევძელი (იქაურ რუსულ თეტრში კი ვმუშაობდი რამდენიმე დღე დამხმარე მუშად)...
ორიოდე წელი ქალაქის საყოფაცხოვრებო სამმართველოს სისტემაში ვმსახურობდი უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად და უფროს ტექნოლოგად… თუმც, მშრალი ჰავა ძალიან მომიხდა და კუმისს, ”ბიშმარმაკს” (მგონი სწორად ვასახელებ) ანუ კვიცის ხორცით დამზადებულ კერძსაც გავუსინჯე გემო. ულამაზეს ხედებზე და სხვა იქაურ ამბებზეც შემიძლია ვისაუბრო, რომელიც ჭორის სახით მრავალმა დაინტერესებულმა პირმა იცის.
იქედან მეტნაკლებად გამოჯანმრთელებულმა, ორიოდე გამოუქვეყნებელი ნოველით, ისევ მშობლიური ნიგოითის გავლით ქალაქ ბათუმს შევაფარე თავი… მოვიწადინე ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლა… გადავახალისე ადრინდელი რომანებიდან ჩემის აზრით ყველაზე უფრო ”სრულყოფილი” (სხვათაშორის ჩემი მოთხრობების პირველი შემფასებელი, თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში საწავლისას, სიკეთით სავსე კაცი, ტექნიკუმის ქართული ენის მასწავლებელი გვარად შენგელაია გახლდათ…), თუმც უფრო ადრინდელ, ასე თხუთმეტი_თექვსმეტი წლის ასკში, შეთხზულ-გამოგონილ ჩემს ”რომანებს”, უფრო დიდი ინტერესით კითხულობდა ჩემი თბილისელი საახლობო… მახსოვს, ერთი მათგანის გმირი, ძალად გაბანდიტებული მეტსახელად ”შმაგი” იდაყვის მოხდენილად და უროსავით ნიკპის ქვემოთ მძლავრად ამორტყმით აფრთხობინებდა სულს მოწინააღმდეგეს, გამოძიება კი თავს იმტვრევდა, რა სახის იარაღს იყენებდა ძებნილი… ძალიან ინტერესით კითხულობდნენ და მეკითხებოდნენ, ეს ამბავი მართალია თუ შენ მოიგონეეო… სანახევროდ მეთქი ვპასუხობდი, თუმცა დღემდე ვერ გავრკვეულვარ, ეს ძალით გაბადინტებული შმაგი, ასე მარჯვედ, როგორ ხმარობდა, იმ თავის იდაყვს… მერე ახალგაზრდული სიფიცხე ცოტათი, რომ გამინელდა, დამშვიდებულზე სარკესთან რამდენჯერმე ვცადე, იდაყვის უროსავით გამოყენება, მაგრამ არაფერი გამომივიდა...
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ის ”სრულყოფილი” ბევრად რეალური და დალაგებული იყო… სათაურიც ორაზროვნული ჰქონდა _”ამბავი ცოდვა-მადლისა”. ახლობელი ქალბატონის დახმარებით დავუკავშირდი მხცოვან პოეტს, კეთილ ადამიანს ნესტორ მალაზონიას. და ჩემი ნამუშაკევის წაკითხვა ვთხოვე, რა თქმა უნდა, მოიწონა, რა თქმა უნდა, დახმარებას შემპირდა და ჟურნალ ”ჭოროხის” რედაქციისკენ დამილოცა გზა… იქ კი, შემხვდნენ კეთილად, ოღონდ, პოეტმა ზურაბ გორგილაძემ და პროზაიკოსმა ნოდარ მოდებაძემ მირჩიეს, ასე ერთაბაშად რომანით დაწყება არ ივარგებს და მოთხრობები მოიტანეო… არ დამიგვიანია, შეარჩიეს ”უჯიშობის მსხვერპილი”, რომელშიც ცოლთან შეკამათების დროს შეზარხოშებული ქმარი უშვილო ქალის საფერებელ ლეკვს თავს წააჭრის, _ ასეთ უჯიშოს და ”დვორნიაშკას” რა გამაზრდევინებსო, როგორც ამბობდნენ ძალზე მოეწონათ… და რედაქტორს წარვუდგენთო შემპირდნენ… რედაქტორი მაშინ თუ არ ვცდები გვარად შონია გახლდათ… მოკლედ შეფრთიანებული გამოვედი რედაქციის შენობიდან… მოლოდინში გავიდა თითქმის ორი წელი; გამოვიდოდა ჟურნალის ახალი ნომერი, გულისფანცქალით მივადგებოდი კიოსკს, მაგრამ… იქ კი, მანუგეშებდნენ მომავალ ნომერში გადავიდაო… ამასობაში, მე ფეხსაცმელების ფაბრიკიდან, სადაც ახლობელმა, საქმე ჩამიწყო და ბრიგადირად დამაწყებინა მუშაობა, წამოვედი და საზღვაო ნავსადგურში ელექტროამწის მემანქანის შეგირდი გავხდი… რაშიც ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ნიჭიერი და გულისხმიერი კაცი ომარ ფირცხალაიშვილი დამეხმარა… ბოლოს და ბოლოს, ამ ჩემი მოთხრობით ”მოხიბლულებმა”, რედაქტორს, გვარად შონიას შემახვედრეს… მან ერთხანს ინტერესით მათვალიერა და მერე გამომცდელი ხმით მკითხა, მაინცადამაინც ეს მოთხრობა რატომ შეარჩიე, რა, სხვა არ გაქვსო… როგორ არ მაქვს მეთქი, გაკვირვებით გადავხედე იქ მდგომთ… ეს ფაშისტური იდეიის მატარებელია, ეს რომ დავბეჭდოთ აქ არავის არ დაგვტოვებენო… შევწუხდი, არა ბატონო მეთქი… მოვკიდე საქაღალდეს ხელი და წამოვედი… კარგა ხნის მერე უნებლიეთ ვიფიქრე, იმ კაცს მიგზავნილი ხომ არ ვეგონე მეთქი.. ისე, ის მოთხრობა შემდგომ, არც სხვა ჟურნალებმა დაბეჭდეს, წიგნში კი ”მორიგი მსხვერპლის” სახელით შევიდა. მაშინ კი, ფარ-ხმალი არ დამიყრია და ისევ ომარის შემწეობით გაზეთ ”საბჭოთა აჭარის” რედაქციაში გადავინაცვლე იუმორისტ ალი სამსონიასთან. მოახერხა და ერთი იუმორესკა, სახელწოდებით ”ვინ უღალატა მშვიდობას” დამიბეჭდა… ისე გამიხარდა, რომ ახლად აღებულ პირველ ხელფასს, (უკვე ელექტროამწის მემეანქანე ვიყავი და ამწის გრეიფერს სატვირთო გემების ტრიუმებთან დავაქროლებდი) რომელიღაც რესტორნის მეორე სართულზე გამოვუყვანე წირვა… მართალია, ალის ვერ ვუმასპიძლე, მაგრამ იმხანად იქ სტუმრად მყოფ ”ლიტერატურნაია გაზეტას” მაშინდელი რუბრიკის ”თორმეტი სკამის” თამაშრომლებს იცოცხლე მივაწექი… მახსოვს ერთმა მკითხა… ალბათ ცნობილი მწერალი ბრძანდებითო… ცნობილი ოცი წლის მერე ვიქნები მეთქი, ორაზროვნულად ვუპასუხე, თუმც სახეზე რა ორაზროვნებაც მექნებოდა ამოხატული თქვენც მიხვდებით… ძალიან მოეწონათ ჩემი პასუხი, მაგრამ ოცი წლის მერე კი არა, ოცდაათი წლის შემდეგაც, როგორც მე არ გამიგია იმათი არაფერი, ისე დარწმუნებული ვარ, მათაც ჩემი… შეიძლება ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, უცებ კი გაახსენდეს, ვიღაც იუმორესკის დაბეჭდვისგან გადარეული ”გრუზინი” მშვენიერ ქართულ კონიაკს, რომ აძალებდა, მისამღერით ”პეი დადნაო…” ამასობაში პიესაც მქონდა შეთავაზებული ბათუმის დრამატული თეატრისთვის სათაურით ”ორი მინისტრის პირისპირ” (ხომ მაგარია?..) ახლა ბუნტი ნაღდად არ გვაწყობსო არ უთქვიათ, მაგრამ პიესა უბრალოდ დაიკარგა… ასე დამებედა და მერე რომელ თეატრშიც პიესა მივიტანე ყველგან ის ბედი ეწია, მე კი პრინციპულად არ მიმქონდა მეორე ეგზემპლარი…
ასე რომ ბათუმურ ”სამწერლო მოღვაწეობიდან” შემომრჩა უსიამოვნო მოგონება ”უჯიშობის მსხვერპლის” გამოქვეყნების მოლოდინისა, ერთი დაბეჭდილი იუმორესკა, იმ დაკარგული პიესის გადაკეთებული სათაური _”არც არაფერი ხდებოდა თითქოს”, ახლობლების გულთბილი მასპინძლობა, ბათუმის ქუჩებში თავსგადამხდარი ღამეული ფათერაკები, ჩხუბის გამო, ორი დღე ხელვაჩაურის მილიციის საკანში ყურყუტი, პედაგოგიურ ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარების უიღბლო მცდელობა, ჩემივე მოგონილი ”შაყირი”, ვითომდა გემების კაპიტნების გამაფრთხილებელი ყვირილი: ”დაიმალეთ, ამწეზე გოგეშვილია!”, სასიყვარულო ეპიზოდები, სანაპირიოზე, ზღვისა და ნახევრადშიშველი რუსის ქალების თვალთავალი… თუმც, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ნახევრადშიშველ, რუსული წარმომავლობის გოგოებს, ჯერ კიდევ თორმეტი წლისამ მოსკოვისკენ მიმავალ მატარებელში შევავლე თვალი, მთლად ტიტლიკანა ქალები, კი იმავე ასაკისამ, თავად მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში ვიხილე… ოღონ რუსები არა, ისინი ჩინელები იყვნენ… ეს კი, ნამდვილად ღირს მოყოლად, ამიტომ ”სამწერლო ასპარეზის ეპოპეას”, ცოტა ხნით მივივიწყებ, რადგან თუ კარგად მახსოვს, მაშინ პირველი ლექსი, ჯერ კიდევ არ მქონდა ”ამოშაქრული”…


====


ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი…

…მოსკოვში ჩემს გამგზავრებას, რა თქმა უნდა, წინაპირობა ჰქონდა… დიახ, ის რომ ჩვენს სოფელში, კარგა ხნის მანძილზე, მხოლოდ ჩვენს ოჯახს ჰქონდა პატეფონი, ამან ვგონებ საბჭოეთის დედაქალაქში ჩემს ”მივლინებას” გარკვეულად შეუწყო ხელი…
ვერ ვიტყვი, მთლად ”პატეფონის თაობა” ვარ მეთქი, რადგან რადიოდანაც ხშირად ვისმენდი სიმღერასა თუ მუსიკას, ბოლო ხანს, უკვე რადიოლაც გვქონდა შეძენილი, ტელევიზორზეც მსმენოდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ ძირითადი მუსიკალური ”განათლება”, მაინც პატეფონთან მქონდა მიღებული. ფირფიტები კი, ანუ ”პლასტინკები”, როგორც საზოგადოდ ეძახდნენ, საკმაოდ ბლომად ეწყო ბამბუკის თაროედზე ჩარიგებულ წიგნებთან ერთად … მაგრამ მე გამორჩეულად ქართულ ხალხურ სიმღერას ”ლაშქრულს”, ნიკოლაი პაგანინის ”კამპანელლას” და ფერერას ”ფოქსტროტს” ვუსმენდი… რომანებსაც ძალზე აზარტულად ვკითხულობდი, (თუმც, ხშირად ცხენით ჯირითი, თევზაობა და ფეხბურთის თამაშიც თავდავიწყებით გამიტაცებდა…) კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, ალაბათ ყველაფერი ეს არ იკმარებდა მამაჩემი იმ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რომ არ ყოფილიყო ოცწლიანი სტაჟით.
ზოგ-ზოგნი, ამ რამდენიმე წლის წინათ, თავის ავტობიოგრაფიებში, რომ წერდნენ აკვნიდან დისიდენტი ვიყავი და მშობელი დედის ძუძუდან ნაწოვი რძით გამოძღომის შემდეგ, პირიდან საპროტესტო ბუშტებს ვუშვებდიო, შეიძლება ”ამიხტნენ”, აუ, ეს კომუნისტების ოჯახიდან ყოფილაო… კი ბატონო, უნდა გამოვტყდე, სააღდგომოდ კვერცხს წითლად არ მაღებინებდნენ, საპირველმაისოდ კი იცოცხლე, სულ წკაპაწკუპი გაჰქონდა ჩვენი ჩათქვირებული დედლების მიერ დადებულ ალისფრად შეღებილ კვერცხებს…
თუმც, დღემდე მეამაყება მამაჩემის შესახებ ნაცნობებისგან და ზოგჯერ უცნობებისგან მოსმენილი: ავთანდილ გოგეშვილმა ”სოფელი შეინახაო…” ხოლო დედაჩემის ანეტა კვირკველიას გაშლილი სუფრის გემო, ახლაც ახსოვს აქ შემორჩენილ ჩვენს ოჯახში ნასტუმრებ ხალხს, უფრო კი, ალაბათ საიქიოში წასულები იხსენებენ გულიანად… ასე, რომ სტუმართმოყვარეობით განთქმულ ოჯახიდან გახლდით. ჩემი და დალი და მე, ისე ვიყავით დაგეშილები ეზოში ფეხშემობიჯებულ სტუმარს, რომ დავინახავდით უმალ სუფრის გაშლის თადარიგს ვიჭერდით…
მამაჩემი თავის თავმჯდომარეობის ბოლო წელს ითვლიდა მგონი, შეიძლება , აღარც იყო უკვე ”თავრე”, მაგრამ სტუმრის დახვედრა და პურ-მარილის გაშლა ძველებურად ეხერხებოდა…
ჩვენს სკოლაში არცთუ ისე დიდი ხნის დანიშნულმა, სკოლის დირექტორმა, რევაზ გვარჯალაძემ წესრიგის მოყვარული, ენერგიული, მკაცრი დირექტორის სახელი, რომ ჰქონდა უკვე მოპოვებული, ჩემი მოსკოვში გააგზავნა გადწყვიტა ”სახალხო შრომითი მიღწევების გამოფენაზე”, _ აბრეშუმის ჭიის წარმატებულად გამოზრდის და მაღალი ხარისხის აბრეშუმის პარკის მიღების გამო…
რაიონიდან სულ ორ მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს, მგონი პიონერხელმძღვანელს ერგო ეს პატივი… აბრეშუმის ჭიის გამოზრდა და პარკის გამოღება, რა თქმა უნდა, დედაჩემს დააწვა მხრებზე, რომელიც იმხანად მსახურობდა კიდეც… მაგრამ, სანამ აბრეშუმხვევია მატლი კანს ოთხჯერ შეიცვლიდა, ზოგჯერ მეც ვაკონტროლებდი მისი კვებისა და ტემპერატურის ხარ
ისხს… ბოლოს და ბოლოს თუთის, ანუ, როგორც ჩვენთან ეძახდნენ ბჟოლის ფოთლების მოპოვებაში ხომ აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას… ჰოდა, მართალი გითხრათ არ გამიპატიჟია და ასე ამოვყავი თავის მოსკოვისკენ მიმავალ მატარებელში… გზად ხან ”ლაშქრულის”, ხან ”კამპანელლას” და ხან ”ფოქსტროტის” მელოდია მიმაცილებდა…
ჰო, ახლა ვინმემ, რომ არ დამაბრალოს, ამას ბავშვობიდანვე მოსკოვთან ჰქონია კავშირიო, გეტყვით, რომ თბილისში უკვე ნამყოფი ვიყავი

ექსკურსიაზე და სახელმწიფო მუზეუმი, ერისთვის საამაყო სხვა ღირშესანიშნაობები დათვალიერებული მქონდა…
რა თქმა უნდა, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უკვე გარდაცვლილი იყო და მასზე განაწყენებული, ციხეებიდან გამოშვებული პოლიტპატიმრებსაც შეეძლოთ თავისუფლად ელანძღათ დიდი ბელადი… აგრესია ხშირად ქართველებზე გადმოდიოდა… რომ არ იფიქროთ ამ კაცმა ნახევრადშიშველი მშვენიერი რუსის ქალებისა და არანაკლებ საამო ტიტლიკანა ჩინელი ქალების (უნდა გამოგიტყდეთ აღმოსავლელი, ფერადკანიანი ქალების მომხიბვლელობაში უფრო მოწიფულ ასაკში მომიხდა გარკვევა) ნახვის იმედით ”სტალინურ რეპრესიებამდე” მიგვიტყუაო, გაგიმხელთ, რომ არც იმ ქალების ამბავია შორს, იქმდე კი, ის უნდა ავღნიშნო, რომ მეთვალყურედ მე და იმ ჩემსავით ”წარჩინებულ” გოგოს, მასწავლებლისა თუ პიონერხელმძღვანელის სახით (სამწუხაროდ არც მოსწავლისა და არც იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს) ისეთი მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი გვახლდა, რომ მე მაგალითად, იმჟამად ნახევრადშიშველი რუსის ქალებისა თუ ტიტლიკანა ჩინელებზე უფრო, ყვავილებით მოხატული ”შიფონის” კაბიდან ფარულად მომზირალი მისი სხეულის მოხდენილობა მხიბლავდა…
კავკასიიდან მოსკოვისკენ მიმავალ მატარებელს, სადღაც ელექტროსადენების მიჯნასთან ელმავლის, მაგივრად ორთქმავალი, რომ ჩააბეს, მგონი ბევრ მგზავრს არც გაუგია, ჩემთვის კი ადრიან დილით გახდა ყველაფერი ცნობილი.
უცებ, რაღაც უსიამოვნო შეგრძნებამ გამაღვიძა. და თითქოს უმალვე შიშით დავაცქერდი გამურულ ზეწარს, მერე გაშავებული ხელსაც შევავლე თავლი. თითი სახეზე შეპარვით ჩამოვისვი და იქედანაც, რომ მური ჩამომყვა გული შემიქანდა, ეს რა მომსვლია მეთქი.
კუპის ზედა, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან მქროლავი ნიავის მოპირდაპირედ ვიწექი. როგორც ჩანდა ორთქმავლის კვამლთან ერთად გამოფრქვეული მჭვარტლით ვიყავი ასე გამურული… მაგრამ მაშინ ესეც ვერ მოვისაზრე… შიშნარევი სიმორცხვით გავხედე, მოპირდაპირე მხარის საწოლზე ანუ ”კოიკაზე” მოკალათებულ გოგოს. ეშმაკურად მომღიმარმა თვალებით ოდნავ ჩამოწეულ ფანჯარაზე მიმითითა და ამ დროს ორთქმავალმაც დაიკივლა. გოგო ნიშნისმოგებით აკისკისდა… ვითარებაში, რომ უკეთ გავრკვეულიყავი, არ დამიყოვნებია, მარჯვედ გადავიწიე, მის სუფთა ზეწარს ხელი ჩავავლე და მოვქაჩე…
აი, პირველად მაშინ ვიხილე მოწიფული რუსის გოგოს ნახევრადშიშველი მკერდი და… მართალი გითხრათ სხვა რამეზე არც დავფიქრებულვარ, მე ის მაინტერესდებდა, ის გოგოც ჩემსავით გამურული იყო თუ არა, რადგან დაწოლამდე, როცა ჩემმა მშვენიერმა პიონერხელმძღვანელმა, ვითომდაც მატარებელში შეხვედრილი ნაცნობი ვაჟის ხათრით, ჩემი ადგილი გადაცვალა და მე უცნობ, შეთქვირებულ გოგოებთან შემომასახლა, იმათაც ადვილად დამითანხმეს და ერთხელ კიდევ შემომთავაზეს ადგილის გაცვალა…
გოგომ შეჰკივლა, წამოიწია და ნებსით თუ უნებლიეთ სხეული მთლად მოიშიშვლა… ახლა კი ვიგრძენი, რომ გამურული ნამდვილად არ იყო… გარუჯული, მკვრივი სხეული, ისე კოხტად და ისე მიმზიდველად ჰქონდა ჭრელი ლიფითა და ჭრელი ტრუსიკით მორთული, რომ გაოცებისგან ნერწყვი გამეჩხირა ყელში… მის ყვირილზე, ქვემოთ მწოლი მისი დაქალებიც წამოცვივდნენ. მართალი გითხრათ მათი ლიფებისა და ტრუსიკების ფერი აღარ მახსოვს. ამდენი მშვენიერი ”ნატაშას” დანახვაზე (მაშინ ჩვენთან საბჭოური ფილმების გავლენით მომხიობლელ რუს ქალებს უმეტესწილად ”ნატაშების” სახელით იცნობდნენ) თვალები გამიფართოვდა, გული შემიხტა და… ჩემი, ”გაუბედურებული” რუსულით ძლივს ამოვღერღე ”ტიშე-ტიშე…” _მეთქი, ზეწარი გადავიძრე, რათა ჩემი გამურული ტან-ფეხი ენახათ, ანუ ჩემი რეაქციის მიზეზს მიმხვდარიყვნენ… გოგოები გულიანად კისკისებდნენ, თან მამშვიდებდნენ… ერთმა ამის ნიშნად, შარვლის ჩასაცმელად აწრიალებულს, სადღაც ნიკაპთთან მაკოცა კიდეც. წახალისებულმა სამგზავროდ, ჩემთვის საგანგებოდ ნაყიდი იმდროინდელი ”პიჟამა” ჩავიცვი და გარეთ გავვარდი. დაფეთებულ-დარცხვენილმა ”კორიდორში” ფანჯარასთან მდგომ გაჩხიკინებულ კაცს მხარი გავკარი, მან კი შემიღრინა:
-ნუ ეტი გრუზინი!.._აღშფოთდა იგი და კბილებით პაპიროსის ბოლო ჩაღეჭა.
არც შევჩერებულვარ… მიხვდი ქართველებს, რომ ახსენებდა და ალბათ მიცნო _მეთქი, ვიფიქრე.
მერე მას ვიღაც ქალი შეეპასუხა დამამშვიდებელი ხმით, პასუხად კი, სიტყვა ”დესპოტი” და სტალინი გავიგონე… როგორც მერე იმავე კუპეში მყოფმა თბილისელმა სომეხმა ამიხსანა:
იმ ქალს უთქვამს, ბავშვს რას ერჩიო, ამას კი შეუღრენია. ესეც ისეთი დესპოტი გამოვაო…
ხელ-პირის დაბანა და სველი პირსახოცით ტან-ფეხის გაწმენდა მეჩქარებოდა და ის გამიხარდა ტუალეტი თავისუფალი, რომ დამხვდა… მერე გამახსენდა, წინა დღით, როცა რუსი, ჭაღარათმიან მასზე ცოტა უფრო მოსუქებულ თანამგზავრს შახმატს ეთამაშებოდა, მე იმ ჭაღარას უნებლიეთ სასურველ ”სვლაზე” მივანიშნე… კაცმაც დამიჯერა და გაჩხიკინებულს ქიში გამოუცხადა… მართალია, შამათი არ იყო, მაგრამ დიდი არც არაფერი უკლდა… გაჩხიკინებულმა მაშინ გესლიანად შემომხედა, მეც იქაურობას დანაშაულის შეგრძნების განცდით გავეცალე… ალბათ, იმაზე ბრაზობს მეთქი, თუმც ისიც ვიცოდი სიტყვა ”სტალინს” ხალხში ძველებურად მაგიური ძალა, რომ არ ქონდა… მოვრჩი თავის მოწესრიგებას, პირსახოცი ვაი-ვაგლახით გავრეცხე, გავწურე, თავი შევაგულიანე, იმ რუსს არ შევუშინდები -მეთქი და ვიწრო დერეფანში მედგრად გამოვედი… ის კაცი, ისევ ფანჯარასთან იდგა… მაგრამ მასთან შეჯახება არ მომიწია, მოპირდაპირე მხრიდან ჩემი ამბის საკითხავად, ჩემი ლამაზი პიონერხელმძღვანელი მოდიოდა…
რაღამც სახელს ვერ ვიხსენებ, მკითხველი, რომ არ გავაწვალო და მეც გამუდმებით ეს დაწუნებული წოდება ”პიონერხელმძღვენელი” არ ვიძახო, მოდი, რუსუდანს დავარქმევ…
-რა იყო, ვინმემ ხომ არ გაწყენინა?..-ღიმილით მკითხა მან და მიახლოებულს თმა ამიჩეჩა.
გაჩხიკინებულმა კიდევ ჩაიღრინა რაღაც…
-ყურადრებას ნუ მიაქცევ, ნერვოზი ჭირს, რეაბილიტირებული ყოფილა… მაგასთან სტალინს მაინცადამაინც ნუ ახსენებ…_ჩურჩულით დამარიგა.
რებილიტირებულის მნიშვნელობას ვერ მივხვდი, მაგრა უცებ დავასკვენი სტალინის დროს ციხეში მჯდარა მეთქი…
რუსუდანის სიახლოვემ მალე ის რუსიც დამავიწყდა და მისი ”რეაბილიტაციაც”… ქალს მეწამულისფრად ”შეფოთლილი” კაბა ძალზე შვენოდა… სიამაყე ვიგრძენი, ასეთი მომხიბლავი პიონ… ბოდიში მასწავლებელი, რომ მახლდა. იმ რეკლამისა არ იყოს, თუ სწორად მახსოვს ეშხიანი, მოშავგრემანო სახე, წაბლისფერი მხრებზე ჩამოფენილი თმა ჰქონდა და ტანიც ნატიფი და მოხდენილი… ასე რომ ჩემს ცნობიერებაში ჩაბეჭდილ მასაწავლებელი ქალის სტანდარტს, რომ არ შეესაბამებოდა აშკარა იყო… ალბათ, ამიტომ სხვების ყურადღებასაც იქცევდა და ხან ვინ გამოელაპარაკებოდა და ხან ვინ, მეც მეკითხებოდნენ ვინ არისო... მე ათიოდე რუსული სიტყვის წარმოთქმა თუ ვიცოდი გამართულად, იმას კი ვხვდებოდი მის ვინაობასა თუ სადაურობას, რომ მეკითხებოდნენ და სიტყვა ”გრუზინკა”, რომ დამავიწყდებოდა, ”სტალინ!”, ”სტალინ!” მეთქი ვყვიროდი, იმის თქმა მინდოდა, სტალინის ქვეყნიდან, მაშასადამე საქართველოდან ვართ მეთქი, რაზეც ის გაჩხიკინებული სულ მთლად გიჟდებოდა და ძლივს აწყნარებდნენ… განუწყვეტლივ მიბღვერდა და ხშირად გამოსცრიდა სიტყვა ”დესპოტ!”-ს… როგორც მერე, ჩუმად ის თბილისელი სომეხი მითარგმნიდა, ესეც იმისთანა დესპოტი გამოვაო… ამბობდა თურმე ჩემზე… მე კი, ჩემდა უნებლიეთ სიამაყე მეძალებოდა, ბოლოს და ბოლოს ხუმრობა საქმე ხომ არ იყო სტალინის მადარებდნენ, თუმც გარეგნულად სულაც არ ვგავდი და მართალი გითხრათ ბავშვობაში მამაჩემზე დიდი თანამდებობა თუ ეკავა, ვერც იმაში გავრკვეულიყავი…
ერთხელ, ექვსი წლისა თუ ვიქნებოდი, მეზობლის გოგომ სასკოლო ოთახის დაგვა, რომ ევალებოდა და მეც წამიყოლია. აი, მაშინ, უცაბედად, ამ ჩვენი ბელადის, ფრიად სანდო პირის ლავრენტი ბერიას კედელზე ჩმოკიდულ სურათს, რომლის სათვალიანი სიფათი არ მომეწონა, ბრაწი ვუჩვენე… იმ გოგომ შიშით შეჰკივლა, ვინმემ არ დაგინახოს, დაგიჭერენო! მე ცოტა არ იყოს გავვოცდი, მამაჩემი ამ სოფელში ყველაზე დიდი კაცია და ვინ უნდა დამიჭიროს მეთქი…
ასე რომ, ალბათ მაშინდელი ”უცოდინარობის” გამო, ცოდვამ მიწია, თან იმ ”რეაბილიტირებულმაც” (ახლა, რა თქმა უნდა, მესმის მისი, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, ეს რა ბოროტი ვინმეა მეთქი…) იმდენი მიბღვირა, მოსკოვს, რომ მივაღწიეთ კბილი ამტკივდა… ასე რომ ვეებერთელა, იმ დროისთვის ამპარტავნულად მორთულ სასტუმროში შესვლის სიამოვნება ვერც ვიგრძენი… შიგადაშიგ კი ვიღიმებოდი, მაგრამ…
რუსუდანი იმ ჩემსავით ”წარჩინებულ” გოგოსთან ერთად, ისევ ცალკე მოეწყო, მე კი ვიღაც ახალგაზრდა ქართველთან შემასახლა. ურიგო ბიჭი არ უნდა ყოფილიყო, თბილად დამელაპარაკა მერე წავიდა და მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა…
მარტოდ დარჩენილი და კბილის ტკივილით გაწვალებული, ერთხანს საწოლზე მივწექი, ლოყით ბალიშს ვიყავი ჩაკრული… კბილის ტკივილის ავზნიანობაზე თავს არ შეგაწყენთ, თქვენც კარგად იცით; რის დაძინება, რა დაძინება, კინაღამ შევიშალე… ასე, ღამის თორმეტ საათს იქნებოდა გადაცილებული წამოვხტი, ვიფიქრე ცივ წყალს ჩავიგუბებ პირში და ტკივილი ცოტა დამიამდება მეთქი, ოთახში წყლის ნასახიც არ ჩანდა, არამცთუ ონკანი… (მერე გაირკვა მამაკაცების ტუალეტი და საშხაპე იქვე იყო).
დერეფანში გასულმა იქით გავირბინე, აქეთ გამოვირბინე, გზა ამერ-დამერია, სადღაც გავუხვიე, სადღაც აუხვიე, და უცებ წყლის შხრიალი მომესმა… ლამის ყმუილის პირას მისულმა, ვეძგერე კარს, შევაღე, შევარდი და წვრილ ხმაზე შენაკივლიც შემომეგება…
გამწარებულმა მიმოვიხედე, საშხაპეებთან პატარა ტანის, წვრილთვალება შიშველი ქალები დარბოდნენ და სადღაც ქვემოთ ხელებს იფარებდნენ… ”ჩინელები?!” _მეთქი გავიფიქრე და გავშეშდი… წამით, გონს ვერ მოვედი სად მოვხვდი, გამოშტერებული ვუცქერდი ამ საინტერესო არსებებს… მერე მათი კისკისი, რომ გაისმა კი ვიგრძენი ქალების აბანოში რომ ამოვყავი თავი, დარცხვენილი უკან გამოვარდი… კვლავ თავგაზააბნეული გავიქეცი… ჩემს ოთახს, როგორც იქნა, რომ მივაგენი, ჩემდა სასიხარულოდ ვიგრძენი კბილი აღარ მტკიოდა… სხვათაშორის, ფერერას დაწერილი და გიტარაზე მისივე შესრულებული ”ფოქსტროტის” მელოდიაც ამოტივტივდა გონში, შვებამოგვრილს წაცეკვებაც კი მომინდა… =====



ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…

ცნობილაძეს ”სახალხო შრომითი მიღწევების გამოფენა”-ზე გადავეყარე, _ მაშინ, როცა საქარველოს დელეგაციამ, ანუ სხვადასხვა კუთხეებიდან მოსკოვს წარგზავნილებმა ერთად მოვიყარეთ თავი და ურთიერთგაცნობის თავისებური რიტუალი ჩავატარეთ…
-აი, ის ცნობილაძეა!-წამჩურჩულა ჩემს გვერდით მდგომმა გოგომ, თავშემელოტებულ, საკუთარ სისმსუქნეში ბეჭებჩადგმულ, ლოყებწამობუშტულ, ამაყად მომღიმარ კაცზე…
”ვინ ცნობილაძე? _ უნდა მეკითხა, მაგრამ ის კაცი თითქოს მეცნობა: ”ეს, ის აფერისტი ხომ არაა, ჩვენს სკოლაში გამოჩენელი პოეტის სახელით, რომ შემოიარა და მერე…” კაცს თვალი ავარიდე; ”არ მიცნოს და არ დაირცხვინოს …” გულუბრყვილოდ გავიფირე.
-სახალხო პოეტია, ერთი სტროფი სახელდახელოდ მეც მომიძღვნა…-კვლავ შემომაჩეჩა ინფორმაცია ”არამკითხე მოამბებ”.
გოგო ფარული ცნობისმოყვარეობით შევათვალიერე… ჩვეულებრივი გაწრიპული ვინმე იყო.. ”ამისთვის, ნორმალურ კაცს, რატომ უნდა მიეძღვანა ლექსი?!” _ გავიფიქრე და ალღოს კარახით დაეჭვებულმა დელეგაციის ხელმძღვანელად შესახელებულ უშნოდ მაღალ, გამხდარ ქალს შევაჩერდი… მანაც, თითქოს არ დააყოვნა და გოგოს გამოსძახა:
-ციცუნი, წავედით!-და მორიგ პავლიონისკენ გაგვიძღვა.
-დედიდაჩემია, უნდა წავიდე…-გაპრანჭვით მომიბოდიშა გოგომ.
მე ცნობილაძეს კვლავ თვალს ვარიდები, მაგრამ იგი ისე იყო გართული ერთი ცნობილი რაიონის წარმომადგენელ ქალთან მასლაათით, რომ მე კი არა, ალბათ მისთვის უფრო ბევრად ახლობელსა თუ ნაცნობს მოარიდებდა მზერას.
”კი, მგონი ისაა…” დავასკვენი, თან გულუბრყვილოდ გავოცდი,
აქ, ამ მნიშვნელოვან გამოფენაზე საქართველოს დელეგაციაში ”სახალხო პოეტის” რანგში, რომ ვიხილე… გამახსენდა, რა შეწუხებული იყო ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მოსწავლეებისგან აკრეფილი სამ-სამი მანეთი, თურმე ვიღაც ყალთაბანდს, რომ შეაჩეჩა…
ორიოდე წლის წინათ, ეს კაცი პირდაპირ ”მეტეორიტივით” შემოიჭრა ჩვენს სკოლაში… დირექციაში, რაღაც ცნობა წარადგინა მისი ”პოეტური უფლებების” შესახებ და ”პოეზიის შუადღე” გამართა. მოსწავლეები, რომელიღაც გამონთავისუფლებულ საკლასო ოთახში შეგვრეკეს და იქ წაგვიკითხა ყელმოღერებულმა თავისი ლექსები. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, რა აბდაუბდას გვიკითხავს ეს კაცი მეთქი… ერთი ლექსი, ვითომდაც მის გზასაცდენილ მეგობარს ეძღვნებოდა, რომელმაც ცოლი მიატოვა და საყვარელს გამოეკიდა, ეს კი, აქედან შესჭიხვინებდა: ვახტანგ! გონს მოეგე, ხრამთან დგეხარო… ”ჩვენ, რა შუაში ვართ?!” გამკრა გონებაში, მაგრამ ”ცოცხალი პოეტი” იყო, თან ცნობაც ჰქონდა ზემდგომი ორგანოებისგან, ათგზის დამოწმებული. ცნობილაძემ მოასწრო დირექციის ფულის ჩაჯიბვა. ”დავალიანების” დასაფარად, მეორე დღეს, მოსწავლეებსაც მიგვატანინეს სამ-სამი მანეთი. მესამე დღეს განათლების რაიონული განყოფილებიდან დიდის ამბით დარეკეს თურმე, თქვენთან, თუ ვინმე ცნობილაძე შემოივლის ლექსების წასაკითხად, სკოლაში არ შეუშვათ, _ აფერისტიაო… მახსოვს სასწავლო ნაწილის გამგე, ახალგაზრდა, გასათხოვარი, გამომწვევად ლამაზი ქალი, სამი დღე ნამტირალევი თვალებით დადიოდა, ”ეს რა მომივიდაო…” არადა, რა ექნა, პოეზიის დიდი მოყვარული იყო, და იმ დროს, სოფლებში ცოცხალი, საბუთდამოწმებული პოეტებიც იშვიათი სანახავი იყო…
ჰოდა, მოსკოვში, რომ გადავეყარე, ამ ცნობილ ცნობილაძეს, პირველი რაც ფიქრად მომივიდა, ამ კაცს ჩემი სამი მანეთი მართებს და თუ მიცნო არ შერცხვეს მეთქი…
და უცებ, თითქოს ამის პასუხად მან ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოიღო, დელეგაციის ხელმძღვანელობის წინ ჩაიჩოქა და რამდენიმე კა
დრი ”სხაპასხუპით” გადაიღო… მერე ჩვენსკენ მარჯვედ შემოტრიალდა და ”ოფ!-ოფ!”-ის ძახილით აპარატის ”ჩხაკუნი” ბავშვების მისამართით დაუწყო.
ჩემსკენ, რომ აპარატი მოიშვირა, გულმა რეჩხი მიყო: ”მგონი ”ლენტა” გაუთავდა და ”ტყუილზე” გვიღებს…” გადავწყვიტე: ”ფულის აკრეფა თუ დაიწყო, რამეს მოვიზეზებ და გავეცლები…” მაგრამ წინდახედულ თუ მოხერხებულ ცნობილაძეს ჩემი მომხიბვლელი ”მეთვალყურისგან” უკვე მოესწრო ”გადასაღები ფოტოსურათების” საფასურის მიღება, იქმდე კი, ვითომდაც ექსპრომტი, საგულდაგულოდ დაწერილი სტროფიც მიეძღვნა, სადაც ”ადრესატის” სახელსა და გვარს მოხერხებულად ცვლიდა. მოსკოვიდან გამოგზავრებისას ბავშვებისგან ხშირად გაიგონებდით, ის სურათები, როდის იქნება, ცნობილაძემ, რომ გადაგვიღოო… პასუხები სხვადასხვაგვარი იყო, მე კი, მომხიბვლელი რუსუდანისგან, ამგვარი დამამშვიდებელი პასუხი მოვისმინე: ”სასწრაფოდ გამოიძახეს და დაიბარა, ფოტოსურატებს სკოლებში დავაგზავნიო…” შეიძლება, ვინმეს გაუგზავნა კიდეც, მე პირადად ის სურათები არ მინახავს, და იმჟამინდელი ”მ
ოსკოვური დღეების” შესახებ, მხოლოდ გაცრეცილი მოგონებები შემომრჩა…
მაშინ კი, ”ფოტოსურათების გადაღება” ცნობილაძემ ხითხითით დაამთავრა და იმ ქალბატონთან ერთად შეუმჩნევლად ჩამოგვშორდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, პავლიონების დათვალიერება განვაგრძეთ…
მომდევნო დღეებში ქალაქში გაგვიყვანეს ექსკურზიაზე. დაგვათვალიერებინეს სამხატვრო გალერეია, მგონი ტრეტიაკოვის სახელობისა იყო; ალბათ ცნობილ მეცენატზეც გვიამბეს რამე, თუმც მე იმ ამბიდან ყველაზე უფრო ის დამამახსოვრდა, რომ თანმხლებ მასწავლებლებს უნივერმაღ ”ცუმში” თუ ”გუმში” ეჩქარებოდათ და კედლებზე გამოფენილ ნახატებს ”ჩარბენით” ვათვალიერებდით… შემდგომ, რომელიღაც ეკლესია-მუზემშიც შვიარეთ, იქედან კრემლის შემოგარენის მოსანახულებლად გავემართეთ, შევათვალიერეთ ”მეფე-ზარბაზანი”, გვერდჩამომტვრეული ვეება ზარი, კრემლის საათი, მაგრამ უმთავრესი წინ გველოდა, ეს იყო მავზოლეუმი … იქ, ლენინთან ერთად ჯერ კიდევ ესვენა ”დიდი სტალინი”. გარდაცვლილ ბელადებთან ”სტუმრობის” ამბავი, ვერ მოვითმინე ამ დღემდე საიდუმლოდ, რომ შემენახა, ჩემი რომანის …”რომელსა შენ მდევნი”-ს ერთ-ერთი გმირის ფსიქოლოგიური სილუეტის წარმოსაჩენად ”შემომეხარჯა”, მაგრამ ღირს კიდევ ერთხელ გავიხსენო, რადგან, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს ადამიანს იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრებისა და საქმიანობის მიმართ, იგი რუსეთის განახლებული იმპერიის შეუდარებელი ხელისუფალი გახლდათ.
მე მაშინ გულუბრყვილოდ მეამაყებოდა, რომ სტალინი ქართველი იყო… ახლა, როგორც ისტორიულ ფაქტს, ისე შევცქერი მის ცხოვრებასა და ”მოღვაწეობას” და ვფიქრობ, მისი მოსვლა, ბედისწერის კანონზომიერებით იყო განპირობებული… ამგვარი ფატალიზმის საბაბს, ერთი, თითქოს უმნიშვნელო ფაქტი მაძლევს; როცა რუსეთში ბურჟუაზიული რევოლუცია მოხდა, სოსო თუ კობა მაშინ ციმბირში იხდიდა სასჯელს, მგონი ცხრამეტი წელი ჰქონდა მისჯილი და როგორც ერთი მისი თანამედროვე იხსენებს, დაღლილი, მოშვებული იყო. როგორც კი, რევოლუციის ამბავი გაიგო, გამომოცოხლდა, წვერი გაიპარსა და თითქოსდა დიდი საქმეებისთვის შეემზადაო… აგრეა, გამგებმა გაიგოს… მე კი ჩვენი დელეგციის წევრებთან ერთად, ადრიან დილით გავსწიეთ მავზოლეუმისაკენ, მაგრამ იქ იმხელა რიგი დაგვხდა, რომ სამი საათის შემდეგ ძლივსღა მოვაღწიეთ გრძელსაფეხურებიან კიბეს…
ცნობისმოყვარეობის, რიდისა და შიშის ნაზავით დამუხტული მივაბიჯებდი…
მერე გლუვკედლებიანი შენობის სინოტივე შევისუნთქე და ცნობისმოყვარეობით ჩავხედე იატაკის სიღრმეში ჩადგმულ სარკოფაგებს, რომლებსაც საპატიო ყარაული იცავდა.
-ჩუმად, ჩუმად!-მჭექარე ხმით დაგვემუქრა თეძოსთან რევოლვერწამოზიდული გალიფეშარვლიანი ოფიცერი,-არ შეჩერდეთ!
ისე იყო მოზიდული, რომ ვგრძენი, რამე საეჭვო რომ შენიშნოს სროლას არ დააყოვნებს მეთქი… ცოტათი კი დავიბენი, მაგრამ ინტერესი დიდი იყო და ლენინისა და სტალინის გვამები ნაჩქარევად ”გადავამოწმე”. მომეჩვენა, რომ სტალინი უფრო გავდა სტალინს, ვიდრე ლენინი ლენინს… ”ილიჩის” სახე არაბუნებრივად მეჩვენა… სტალინი, მასზე, რა თქმა უნდა ტანადიც ჩანდა, მერე მისი სამხედრო თუ გენერალსიმუსის სამოსიც ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მხარს ზემოთ დადებული კოკორდიანი ქუდიც თავისებურ ეფექტს ქმნიდა… შვამჩნიე ყურში ბალანი ამოზრდოდა. მოკლედ, მკვდარიც ჯობნიდა გვერდით ”გაჭიმულსა და გასანთლულს”… ამან უნებლიეთ სიამაყის გრძნობა შეაფხიზლა ჩემში, მაგრამ ვინ გაცალა.
-ტიშე, ტიშე!..-კვლავ დასჭექა ოფიცერმა.
სხვებთან ერთად მეც ნაბიჯს ავუჩქარე და გარეთ გასულმა შვებით ამოვისუნთქე.
წარსულში,ჩემი ახლობლის ახლობელი დიდგვაროვანი ქალბატონი თავს იწონებდა ლენინს, ჰიტლერს და მუსოლინს მოვესწარი, სამივეს გამოსვლა მაქვს მოსმენილიო… მე გარდაცვლილი სტალინის ნახვა მერგო და იმასაც, რომ იტყვიან პიწკზე მივუსწარი, რაღაც სამ თვეში მავზოლეუმიდან გამოასახლეს, და როგორც ვიცი, კრემლის კედელში სხვებთან ერთად მიუჩინეს ”ფერფლთშესალაგი”,
ვფიქრობ, ცუდი ფეხი მაინც არ მქონია, წყევლა რომ გამიგია, შენ არ გეღირსოს დამარხვაო, _ილიჩივით, რომ არ აუხდა, ესეც საქმეა…
მერე რუსუდანმა, მოდით მაღაზიებში გაგატარებთო, გვითხრა მე და იმ ჩემსავით ”წარჩინებულს”. გამიხარდა, მინდოდა ცოტაოდენი საჩუქრები მეყიდა შინაურებისათვის, თუმც, არც დირექტორი მყავდა დავიწყებული… სასტუმროში, რომ დავბრუნდი სიურპრიზი მელოდა. დერეფანში ანზორი შემეგება, აი ის, ვისთანაც ერთად სასტუმროს ოთახში მერგო საწოლი. ძალიან შინაურულად მომიკითხა და მერე გამიმხილა, სათხოვარი მაქვს, ჩვენს ოთახში, ერთი ჩემი მეგობარი დავტოვე თავის მეგობართან ერთად, რაღაც მოხსენებაზე მუშაობენ და იქნებ ცოტა ხნით ადროვო, არ დაგეკარგებაო… თან თავის ოთახისკენ წასულ რუსუდანს გახედა და მიმანიშნა, ოღონდ მაგასთან არაფერი დაგცდესო… სახეზე დამეტყო, რომ მზად ვიყავი კაცური სამსახური გამეწია, ანუ იმ ორისთვის ”მოხსენების მომზადებაში” ხელი არ შემეშალა. ოღონდ, ეს იყო ხელში დაჭერილ ჩანთაზე მივანიშნე, ამას რა ვუყო მეთქი. ამას მე შევინახავო, გამომართვა და ჩვენს ოთახში შეიტანა,მალე გამობრუნდა, _ კი მეჩქარება, მაგრამ თუ გინდა ბუფეტში ჩავიდეთო…
-არა, მარტოდ გავივლი!..-თამამად ვითხარი, და არხეინად გავეცალე, თითქოს არც მახსოვდა, რამდენიმე დღის წინ, იმავე სასტუმროში, მართალია კბილის ტკივილისგან აზრწართმეული, მაგრამ ჩემი გამოუცდელობით გზაარეული პირდაპირ ქალების აბანოში, რომ შევარდი, იქედან კი ჩინელი ქალების ”უცნაურობებით” დაფეთებულმა მთლად უმისმართოდ ვდურთე თავი …
მერე დერეფანში ფიქრიანი იერით დავაბიჯებდი, ვცდილობდი არ მეჩქარა. თუმც, როცა ღამის ცხრა საათს გადაცილდა, ცოტა არ იყოს დავიძაბე, რადგან დაღლილს მეძინებოდა კიდეც… მაინც დინჯად გავეშურე ოთახისკენ და რომ ვიფიქრე, უკვე ის მოხსენება დაწერილი კი არა, ერთი სამჯერც ექნებათ გადაწერილი მეთქი, ჩემი ოთახის კარს მივადექი და ის იყო უნდა გამეღო, უცებ ნაცნობი ხმა მომესმა:
-ელისო, ედელვაისო!..
ვიგრძენი ცნობილაძე იყო, ვიღცას ლექსს უკითხავდა. მალე, იმ ვიღაცამ ისეთი კისკისი ატეხა, უხერხულობა ვიგრძენი, ვინმემ ყური არ მოკრას და არ მიხვდეს ამ ჩემს ოთახში, რაღაც საეჭვო ამბავი, რომ ხდება მეთქი…
”ის ქალი რაღამ გამოაშტერა?!’ გავიფიქრე უნებლიეთ და აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა, ჯიქურ შემეღო კარი თუ დამეკაკუნებინა, ერთი პირობა კინაღამ უკან გავბრუნდი… ბედად ანზორიც გამოჩნდა…
-რა, არ წასულა?!-გაოცებით მკითხა მან,-აბა, ეგ არი ახლა კაცობა?!..-ჩაილაპარაკა და კარზე გამომწვევად დააბრახუნა.
უცებ ხმა მიწყდა, მერე ცნობილაძემ ამოღერღა:
-დიახ, ერთი წუთით…
ხუთი წუთი მაინც გავიდა, სანამ გააღებდა.
-ბოდიში გავერთეთ…-შეაგება და მე მომეტებულად გამიღიმა,-ჩემი ლექსების განხილვა გვქონდა, ედელვაისმა უნდა თარგმოს, საკავშირო ჟურნალის შეკვეთაა… ერთი ათი წუთი გაიარეთ და ოთახი თავისუფალი დაგხვდებათ…-გაგვიპირდა მერე და მე თვალი ჩამიკრა.
კინაღამ წამომცდა, შენ ალბათ მაშინდელივით აფერისტობ მეთქი…
ანზორმა რაღაც გამაფრთხილებლად შესჩურჩულა, მერე ხელი მომხვია, იქაურობას გამაცილა და მომიბოდიშა.
-საიდან იცნობ?!-ვკითხე გაგულისებული ხმით.
-ერთი, მაგისი გიჟპოეტა!-ჩაიღრინა მან, თვითონ ამეკიდა,-მომიწყო აქ განხილვები…
- აფერისტია!- ვერ მოვითმინე მე…
-საიდან იცი?-დაინტერესდა იგი.
-სამი მანეთი მართებს ჩემი და დღემდე არ დაუბრუნებია…-უცებ გავხალისდი.
-ისეთ ხალხთან ვხედავ, თან სულ იმას იძახის ოცი კრებულის ავტორი ვარ და ახლა რუსულად მზადდება ჩემი ერთტომეულიო…-დაიბნა ანზორი.
ახლა რომ ვუკვირდები, ეს ცნობილაძე ”ვეფხისტყაოსნის” დასაწყისში რუსთაველის მიერ აღწერილ მოშაირეთა ”ფსიქოტიპაჟების” მომცველ სტროფებიდან ყველაზე უფრო ამ ”რანგს” ესადაგებოდა:

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, _
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
და დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

ოღონდ, თავისებური მსგავსების მიუხედავად განსხვავება ის იყო, რომ წერდა გრძლად და რახარუხით…
-რა ვიცი, მაგის წიგნი მე ბიბლიოთეკაში არ მინახავს და…-ჩავილაპარაკე შეფიქრიანებულმა…
რა ვიცოდი, რომ საბიბლიოთეკო ქსელში, გავრცელებული იყო ბროშურა, სახელწოდებით ”სხარტულები”, რომლის წინასიტყვაობის ბოლოში ”მსუყე” შრიფტით იყო დაბეჭდილი ავტორი და შემდგენელი დ. ცნობილაძე.
და როცა სოფელში დაბრუნებულმა ეს ბროშურა აღმოვაჩინე, მივხვდი, იმ დღემდე თუ ყველა წიგნი მეგობრად მიმაჩნდა, ასე არ ივარგებდა, მეგობრების შერჩევისას გარკვეული სიფრთხილე და დაკვირვება მმართებდა…
თუმც, მერე და მერე ”სამწერლო ასპარეზე” გამოსვლის მოსურნეს ცნობილაძე არა, მაგრამ, მსგავსნი მისნი კი, ხშირად დამხვედრიან ცრუმენტორის მანტიით და ჩემი მოთხრობებისა თუ რომანების გამოქვეყნება შეუფერხებიათ…
15.12.2007

=====


აფრიკა და ამერიკა…

პირველი მასწავლებლის მზრუნველ სიყვარულს და გულმოდგინებას უმეტესწილად წლების შემდეგ შეიცნობს ხოლმე აღსაზრდელყოფილი… აგრაფინა გოგეშვილი მასწავლებლად მოვლენილი ქალბატონი გახლდათ; ბავშვების მოსიყვარულე, ზომიერად მკაცრი… გულმოდგინედ რომ გვასწავლიდა წერა-კითხვას… მასში იყო რაღაც ”მისიონერული”, მას ჩვენი მორჯულებაც ევალებოდა, წიგნიერების სამყაროში ჩვენი მეკვლეობა… მარჯვედ ხმარობდა სახაზავს და ”კუთხეში დაყენების ხელოვნებას”… მაშინდელ თაობას, როგორც ჩანს თავმოყვარეობა უფრო აწუხებდა და თუ იგი ვინმეს კლასიდან დაითხოვდა ანუ ”გააგდებდა”, შეურაცხყოფილი ბავშვი შესაძლოა მთელი კვირა არ გამოჩენილიყო სკოლაში და იწყებოდა მშობლის გამოძახება და ”დამუშავება”, რომ აუცილებელი იყო შვილს სკოლაში ევლო… რა თქმა უნდა, ორაზროვნულად ჟღერს და ვინმეს შეიძლება დაცდეს კიდეც, სად გავიცინოო… სასაცილო ის იყო, როცა მეხუთე კლასელს ”აზარტული თამაშისადმი მიდრეკილების” გამო სკოლიდან მრიცხავდნენ… ჩვენი სოფლის მაშინდელ შვიწლედში, სასკოლო ნაკვეთზე გაშენებულ ბაღში, ბავშვებს ნარგავების მოვლა გვევალებოდა, ჰოდა გაკვეთილების გამო იქ შეკრებილ ბიჭების ერთმა ჯგუფმა კარტის თამაში წამოვიწყეთ, ჯერ ისე თავშესაქცევად, მერე ფული შემოაპარა ვიღაცამ იმ ჩვენს ”სეკას” და მალე დაგვასმინეს კიდეც… ატყდა ერთი ვაი-უშველებელი… ”მრისხანე დირექტორის” ინიციატივით სკოლიდან დაგვითხოვეს. მშობლებს, მართალია არ ვუცემივარ, მაგრამ ”სადამრიგებლო საათებით” კარგა ხანს ”მაწამეს” და საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობა მომისაჯეს… ერთკვირიანი ”გაძევების შემდეგ” პედსაბჭოზე ”მიწვეულები”, სადაც, (უფრო დასაშინებლად) ჩვენი სკოლიდან გარიცხვის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, დერეფანში ჩარიგებულები გაყუჩებულები, რომ ვიდექით და ჩვენი საქციელის გამო ”ერთიან მწუხარებას” გამოვხატავით, სამასწავლებლოსკენ მიმავალმა ინგლისური ენის მასაწავლებელმა, კეთილმა, ბუნჩულა ვაჟმა, ვითომდაც ავადმყოფობის ნიშნად, შემაცოდებლად ცხვირ-პირახვეულ ჩემს ამხანაგს გაეხუმრა:
-რა იყო ბიჭო, კარტი ხომ არ მოგვხდა ცხვირში?..
ისე უცებ გამომიკეთდა გუნება, რომ სიცილნარევი ”ფხუკუნი” ამიტყდა… უყურე, ამას იცინის კიდეცო… გამკილმა ინგლისურის მასწავლებელმა, რომელმაც ისე უშნოდ დამაბედა ამ ენის სწავლება, რომ დღემდე ვცოდვილობ და საყველპუროდ ძლივს ავითვისე… პურ-მარილი და პურ-ღვინობა, როგორც მახსოვს ძალიან უყვარდა, ამბობდნენ გამართული ინგლისურით იცის სადღეგრძელოების თქმაო, თუმც მისი შემმოწმებელი ჩვენს სოფელში არც არავინ იყო… რადგან, მის გარდა ინგლისური ახლომახლო მგონი არც არავინ იცოდა, რუსულს კი, იცოცხლე ამტვრევდა ბევრი… მაგრამ ყველაზე გამართულად, ალბათ გადასახლებაში ნამყოფი გეოგრაფიის მასწავლებელი ლაპარაკობდა, რომელიც როგორც ჩვენთან იტყოდნენ თბილისშიც იყო ნასწავლი…
უყვარდა ნადირობა, _ განსაკუთრებით იხვების გადაფრენის სეზონზე…
იყო ჯიბრში და ხშირად გაიგონებდით გაკვეთილის დაწყებამდე:
-კუტა, რამდენი მოკლა, გუშინ მამაშენმა?
-ასი!..
-ასს სულ არ გადაუფრენია გუშინ?!
დაეგდე, ორიო, არ მახსოვს დაემატებინოს, მაგრამ არც არაფერი აკლდა…
მამაჩემის პატრონს ასეთ რამეს ვერ შემბედავდა, თანაც რუქასთან მდგომი გუმანით ვგრძნობდი, სად უნდა მიმებჯინა ჯოხის წვერი…
ერთხელ სურამში, მაშინდელ ”პიონერთა ბანაკში” ყოფნისას (სადაც ზედიზედ მაგზავნიდნენ მთელი ოთხი წელიწადი და ხშირად ორთვიან საგზურსაც ”გამიხერხებდნენ” ხოლმე…) უცაბედად ”შემოგდებულ ნიზლავში”, მაშინ იშვითობად მიჩნეული ”მსოფლიო ატლასიც” კი მქონდა მოგებული.
ჩემზე უფრო მოვლილმა და ჯანიანმა თბილისელმა ბიჭმა, რომელიც ყოჩობდა, მახსოვს, რაღაც სხვანაირ საუბრებში შეგვიყოლია, მამაჩემი აქ და აქ არის ნამყოფიო, მერე ის შავყდიანი წიგნი ამოიღო და გაგვეთამაშა; აი, ახლა გადავშლი და ვინც გამოიცნობს, რომელი ქვეყანა იქნება, წიგნიც მისი იყოსო… ჰოდა გადშლილი არც კი ჰქონდა წესიერად, აფრიკა მეთქი, რომ ვიყვირე… დახედა და ოდნავ შემკრთალმა მკითხა ვინ განიშნაო… მერე მიხვდა ისე არ ივარგებდა და აბა კიდევო… ჰოდა, ხუთიდან ოთხი გამოვიცანი; ორჯერ აფრიკა, ორჯერ კი ამერიკა… ეს იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის მაგიერ ავსტრალია დავასახელე, (კიდევ კარგი მაშინ ასეთ რამეებზე ხალხს არ იჭერდნენ…) იმ ბიჭს შევატყვე უნდოდა ჩემი იმ ერთადერთი ”მიუხვედრლობით” ესარგებლა და წიგნი თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ ჩემს ”გონიერებაზე” აქაქანებულ ბავშვებს ხათრი არ გაუტეხა და წიგნი ღიმილით გადმომცა; თავმომწონედ მითხრა, ნამდვილად დაიმსახურეო… არ ვიღებდი, მაგრამ თავისი დაიჟინა… მერე სულ იმ წიგნს ჩავკირკიტებდი, განსაკუთრებით აფრიკისა და ამერიკის კონტინეტებს ვათვალიერებდი დიდის გულისყურით… ვერ გეტყვით ეს სრული შემთხვევითობა იყო თუ რაიმეს _მიმანიშნებელი … ესაა, რომანში ”შეშლილთა” ტკბილი სულები”
"შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)აფრიკული თემა თავისებურ იდუმალ მოტივად იქცა. მოვიყვან შესაბამის ნაწყვეტებს:
…”ბედისწერის უცნაური ხელწერა ლამის დაღივით აჩნდა ამ ფათერაკიან თავგადასავალს…
შინაურების ამოხოცვიდან, რაღაც ორიოდე საათის შემდეგ, სადღაც აფრიკის ჯუჯა სახელმწიფოს ღია სცენაზე ცერებზე შემდგარ შიოს უეცრად გაშეშების მაგვარი ავადმყოფობა დაემართა და მკვლავმაგარი ბიჭების გუნდმა ძლივს მოახერხა მისი კულისებში გაყვანა.”
…”აფრიკულ ნირზე, თავისებური მიმზიდველობით შემოსილმა დესპანმა მადლობისა და თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ პაწია ქოთანში ჩარგული უჩვეულო კაქტუსი და იაპონური წარმოების ავტომობილის ჩუქების დამადასტურებელი საბუთები გადასცა.
შიომ დაასკვნა, ალბათ ჩემი ცეკვით ამ ქვეყნის დედოფალი ან პრინცესა მოიხიბლა და იმიტომაც შემიბრალეს და დამასაჩუქრესო…”
…”შინ დაბრუნებულს აფრიკაში ნანახი კოშმარული სიზმარი აუხდა… დედამისი და ერთადერთი და ვიღაც გარეწარს მართალაც რომ სადისტურად ამოეხოცა.”
…”წამით მოუნდა კაქტუსს ხელით შეხებოდა და უცებ ცერა და საჩვენებელ თითებს შუა ჩასობილი ეკალნემსა შეამჩნია… გუმანით იგრძნო მცენარის მსხვილი ეკლები ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდნენ. აკი, სადღაც გაგონილიც ჰქონდა, რომ აფრიკელი და ინდიელი ტომები ნარკოტიკებს კაქტუსისგან იღებდნენ.”
”-იქ, აფრიკაში, ეკოის მთებში, ცის ღმერთის ობასი-ოსას მაცნედ მოვლენილსა და მზის სხივებით ნასაზრდოებს, ალბათ უფრო მეტი გაეგება აქაური მტერ-მოყვრისა, ვიდრე მე…” ასე შემდეგ და ა. შ.
მოკლედ ”აფრიკული მოტივაცია” ჩემი რომანის გმირს, როგორც ჩანს მაშინდელი ”ამოცნობით” ტყუილად არ დაებედა… აგერ ახლა კი, აფრიკელმა, მშვენიერმა და ნიჭიერმა პოეტმა ქალმა, ჩემი ლექსის შესახებ გულთბილი კომენტარი გამოგზავნა…
ამერიკის კონტინეტის ამოცნობამ კი, ცოტა ხნის წინათ, სასიამოვნოდ შემახსენა თავი… შემთხვევით ამერიკული წარმომავლობის პოეტურ საიტებზე, რომლებსაც მე თავად ”პოეტური თამაშობანი” ვუწოდე, ჩემმს მიერ წარდგენილმა რამდენიმე ლექსმა (თარგმანი ქალბატონ ასმათ ლეკიაშვილისა), იქ მონაწილე პოეტთა მოწონება დაიმსახურა… ზოგი მათგანი ჩემი მეუღლის რჩევით პრინტერზე ამოვბეჭდე და ამ უშუალო ურთიერთობის სამახსოვროდ და ნიშნად იმისა, რომ ჩემი პოეზია პირველად საერთაშორისო ”პოეტურმა პუბლიკამ” აღიარა ამ ჩემს ”gogejanr.blogspot.com”-ზე გამოვაქვეყნე… (
GOGEJANR: The Echo of The Universal poetical Field _ Response…ნახმევი ლექსთა ველისა...) … ამავე წარმომავლობის საერთაშორისო საიტზე, რომლის ”პოეტურ რუბრიკაში” დღეისთვის 30 000 მოხალისემ წარმოადგინა საკუთარი ლექსები, სრულიად დამოუკიდებლად, შესვლის პირველივე დღეებიდანვე, თავის დროზე ”საქართველოს მწერალთა კავშირში” პროზაიკოსის ნიშნით გაწევრიანებული კაცი, ”მსოფლიოს” 500 ”პოპულარულ” პოეტში აღმოვჩდი… GOGEJANR: Top 500 Poets in the World -Poem Hunter... (პოეზია _ სიზმრიდან ცხადში _ ვარიაცია წინათქმის კვალობაზე )
…მაშინ კი, ”აფრიკა-ამერიკის” მიგნებებით გაამაყებულმა ის წიგნი სოფელში დიდის ამბით ჩამოვიტანე და როცა მის შესახებ გეოგრაფიის მასწავლებლის ყურამდე მიაღწია თავისებური ნახევრადხუმრობანარევი კილოთი მითხრა:
-აბა, ერთი მაჩვენე კუტა, რა ატლასით იწონებ შენ თავს?..
მაშინ, მე რა თქმა უნდა, ”ფალოსის კულტზე” არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ჩვენი ”გეოგრაფი და მონადირე”, ვისაც კი მიმართავდა, ლაპარაკში, სადღაც აუცილებლად ჩაურთავდა თავის ძვირფას ”კუტას”…
ასე, რომ ნახე რა თქვა, რა თქვაო, ძველებურად კარგა ხანია აღარ გვიკვირდა ბავშვებს…
ჰოდა, ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელმა, ცნობილმა ”კუტოლოგმა” მთელი გაკვეთილი ინტერესმოძალებული ათვალიერა ის წიგნად გამოცემული ”მსოფლიო ატლასი” და გაკვეთილის ახსნა დაავიწყდა.
ბოლოს კი დაასკვნა;
-გამკვირვებია, რაფერ შეელია ის ბიჭი, ალბათ მამამისი ელჩად მუშაობდა კუტა, თორემ, ისე ამ წიგნს უბრალოდ ხელში ვერ ჩაიგდებ კუტა…-შევატყვე დაბრუნება ენანებოდა და კინაღამ წამომცდა _თქვენი იყოს მეთქი, მაგრამ ჩემმა ამხანაგმა შემაჩერა.
-არ აჩუქო, თორემ გაგვბერავს მერე ათასი სიშტერით…-მიჩურჩულა მან.
შემდგომ ბავშვები ხშირად მეხვეწებოდნენ შენი მოგებული წიგნი მოუტანე, რაო… მაგრამ, ის წიგნი მასწავლებელს, მთელი ერთი თვის მანძილზე, ჩემგან ჩუმად ჰქონდა წაღებული, და ხომ არ გავცემდი, ჩემი წიგნიდან ამზადებს გაკვეთილებს მეთქი… ისე კი, მართლაც უკეთესად გვიხსნიდა… ასე, რომ ახლა ქვეყანას, რომ პირზე აკერია ”ტრენინგი”, როგორც ჩანს მთელს დასავლეთ საქართველოში თუ არა, ჩვენს სოფელში, ნაღდად მე დავნერგე, ანუ ”ნიზლავში” მოგებული წიგნის მეშვეობით ჩუმად გადავამზადე ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი, თუმც ისიც უნდა გავამხილო, რომ თავისებურად გონებამახვილი კაცი იყო და წიგნის კითხვაც გვარიანად უყვარდა…
სოფლის ბიბლიოთეკის მკითხველთა ავანგარდში მეც ვიდექი. მეორე კლასიდან ბიბლიოთეკის სტუმარი ვიყავი…
თუმც, უფრო ხშირად თანატოლებთან ერთად მთვარის შუქზე ”ბოლო ბურთის” გატანამდე ფეხბურთის თამაში მიწევდა. უფრო რკინიგზის გადასასვლელთან ჩიხში საძოვრებიდან შემოხეტებული უბელო ცხენების მიმწყვდევა მიტაცებდა… მესერზე ამძვრალი, რომელიმე მათგანს, როგორც კი, ზურგზე მოვექცეოდი, გულისფანცქალით ჩავავლებდი ფაფარში ხელებს და თუ გამიმართლებდა და გახედნილი ცხენი შემხვდებოდა, საკუთარი ლაჯების გამოყვლეფამდე დავარბენინებდი… არც მამაჩემის ველოსიპედის ”მოპარვაზე” ვამბობდი უარს, განსაკუთრებით თუ ბიჭები შემომიჩნდებოდნენ… რის გამოც, მშობლებს ხშირად დავუსჯივარ ”სადამრიგებლო საუბრებით”. ”სადამრიგებლო საუბრებს” არ სჯერდებოდნენ, როცა მამაჩემის ორლულიან თოფს ”გავაცუნულებდი” სახლიდან… თევზაობა, ბანაობა, ჭიდაობა და მისთთანანი სოფლის ბავშვების საყოველაო ”ჰობად” ითვლებოდა… ლახტის მამაცურად თამაში პრესტიჟის საქმე იყო და რაღაცით ჩამოგავდა ვინმე სუსტი თანატოლის დასაცავად ასაკით უფროსკლასელ ბიჭთან ჩხუბს…
ამას მოსდევდა უფროსკლასელ გოგოებზე ფარული გამიჯნურება. არჩევანი დიდი არ იყო, მაგრამ სიყვარულის შეგრძნობის შესაძლებლობა იცოცხლე…
ოღონდ, რომანების კითხვით გატაცება მაინც სულ სხვა გახლდათ… მეექვსე კლასში მყოფს უკვე წაკითხული მქონდა ”სამი მუშკეტერი”, ”რობინზონ კრუზო”, ”უთავო მხედარი”, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, ორდე დგებუაძისა და პარმენ ლორიას რიგი მოთხრობები და რომანები… და ასე შემდეგ და ა. შ.
მშობლები მიკრძალავდნენ, ბიბლიოთეკარსაც აფრთხილებდნენ ნუ აძლევ ”დიდების” წასაკითხ წიგნსო, მაგრამ მე მაინც ვახერხებდი… მე და ქლბატონი ლუბა (ბიბლიოთეკარი) ფარულად, შეთქმულებივით ვმოქმედებდით. იგი, რომელიმე უწყინარ წიგნს გამომიწერდა, თან ჩემი თხოვნით სქელტანიან რომანსაც მანდობდა გადასათვალიერებლად… ჰოდა, ამ რომანებით გართულმა სწავლასაც ვუკელი, ნამალევად გარეგნულად შენიღბული ლექსიც დავწერე სიყვარულზე, ბუნებას მივუძღვენი, გათენებას ვუმღერდი. ის ლექსი არვისთვის მინახვებია, მაგრამ სახეზე ალბათ მეტყობოდა რა სატკივარიც შემყროდა და ჩემმა მშობლებმა გადწყვიტეს ჩემი თბილისში გამოგზავნა სწავლის გაგრძელების მიზნით…
მე შვიდწლედის დამთავრების შემდეგ ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში ჩაბარება ვარჩიე, მაგრამ გამოცდაზე გასულს, რომ იტყვიან ტვინი გადამეკეტა და ალგებრაში მარტივ საკითხს ვერ ვუპასუხე, გარეთ გამოსულმა ჩემს დას და მის დაქალს ზეპირად ვუთხარი ის წესი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემი ”ჩავარდნის” მიზეზი გახდა… გაკვირვებით შემომაჩერდნენ… მაგრამ იქ, ორიანი უკვე დაწერილი იყო.
მომიწია მეზობელ სოფელში მდებარე საშუალო სკოლის მერვე კლასში სწავლის გარძელება, სადაც ერთი ”შეტრფიალება” კიდევ ”მოვიხადე”, ოღონდ ამჯერად ლექსი არ დამიწერია, უბრალოდ ზედმეტად ვფანტაზიორობდი, სულ მთლად იმ გოგოზე არა, ”პატრიოტული თემებიც” მაწუხებდა… ისე, მთლად უიმედოდ არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან აშკარად თუ ფარულად მეც მოვწონდი ზოგ ვინმეს; ნაწნავებიანსა თუ თმაშეკრეჭილს, მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ჩემმა მეუღლემ, რომლის დაბადებას, მაშინ მე კი არა, ვარსკლავთმცოდნეობაში ცაგარელივით ჩახედული კაციც კი, ვერ იწინაასწარმეტყველებდა, და იმ ამბებიდან კარგა ხნის შემდეგ მოევლინა ქვეყანას ”პოეტურ პაექრობებში” ჩემს შესაშველებლად, დროის ასეთი სხვაობის მიუხედავად შეიძლება მაინც იეჭვიანოს…
იმ ერთი წლიდან ყველაზე უფრო ის დამამხსოვრდა, რომ თანაკლასელები დილადრიან მელოდნენ, რათა გაკვეთილად მოცემული ”ვეფხისტყაოსნის” სტროფები მეთარგმნა, რომელთა წაკითხვას ხშირად თავად ვერ ვასწრებდი… მაგრამ, როგორც კი, წაკითხულს მოვისმენდი სკოლის შეჯგუფულ ბავშვებს იქვე ”ვუთარგმნიდი” მათ შინაარს… ავუხსნიდი თუ რაში იყო საქმე, ვინ სად გულფიცხობდა და ვინ სად იბნიდებოდა სიყვარულით. მერე ჩემი მოსმენილით განსწავლულები ოთხიანისა და ზოგჯერ ხუთიანის მიღებასაც ახერხებდნენ, მე კ,ი სამიანი განაღდებული მქონდა, წახალისების მიზნით ზოგჯერ ოთხიანსაც დამიწერდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რადგან ეტყობა, ფარულად მიღებული ინფორმაციის წაყალობით იცოდა _ დილით ”სალექტორო სამუშაოს”, რომ ვასრულებდი… მაგრამ სხვა საგნებში ხუთიანს ან ოთხიანს ორიანი მოსდევდა და ქარტალღებში მოყოლილ აფრიან ნავივით ხან სად ”ჩავყვინთავდი” და ხან სად მოვექცეოდი აფოფრილ ტალღებს ზურგზე, ნორმალური ადამიანი ნამდვილად ვერ განსჭვრეტდა…
ჰოდა, ჩემი თბილისში გამგზავრების ამბავი კვლავ დადგა დღის წესრიგში… შემდგომ გაზაფხულზე, ჩემს ალღოს არვინ ენდო და ერთი გათბილისელებული მეზობლის რჩევითა და დახმარებით თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ამოვყავი თავი, რომელიც, მაშინ (1960 წ.) დიდუბის ბოლოს მდებარეობდა; ხიდს იქით კი, ახლანედლი პრესტიჟული ”დიღმის მასივის” მაგივრად დიღმის ველები გაშლილიყო, სადაც მერე ტექნიკუმელები ”სეკას” სათამაშოდ გავდიოდით დროდადრო…


23-24.01.2008

(გაგრძელება იქნება...)

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...