ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 7 декабря 2007 г.

ჩამოიღვარა ფანტაზიის უცხო ნაყოფი...

====
----
მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით…
ვუძღვნი თავისუფლების ძიებაში, სამშობლოდან შორზე შორს გადახვეწილ თანამემამულეებს…

წიგნს, სათაყვანო თავნება-მზრუნველ მშობელივით თავის ჭკუაზე ვუტარებივარ… ამგვარი აზრი, რა თქმა უნდა, მრავალ გამორჩეულ მკითხველს მოსვლია ფიქრად და ყოველ მათგანს, თავდაპირველად ცნობიერებაში ჩარჩენილი იმ სათაგადასავლო რომანების მწველი სიტკბო შეუგრძნია, რომელთა რომანტიკული ხიბლი დღემდე ლამაზ ზმანებასავით თან სდევს კაცობრიობის სულიერ სამყაროს…
დიდი გერმანელი პოეტის ფრიდრიხ ჰოლდერლინის, ერთი ულამაზესი ლექსის ”აღმოჩენამ” კი, მახსოვს, რომანტიზმით ნასაზრდოები შინაგანი თრთოლვა მომგვარა…
ძნელია, ძნელი, მიატოვო წმინდა სავანე
სადაც შობილხარ, გიცხოვრია
გალაღებულხარ…
ასე ფიქრობენ: მსგავსი მხარე სად იქნებაო!
სად ვიცხოვრებდით ასე ლაღად და ბედნიერად!
მე კი მიმიწევს მაინც გული კავკასიაში!
რადგან მსმენია, თითქოს ზღაპრად გამიგონია:
რომ იქ მგოსნები მერცხლებივით
დანავარდობენ _
მათი ხვედრია თავისუფლება!
გარდა ამისა, ბავშვობაში მიამბეს ისიც,
რომ გერმანული ტომი ჩვენთა მამა-პაპათა
სამხრეთს წასულა, გაჰყოლია დუნაის ზვირთებს,
ჩრდილს დაეძებდა მზიან დღეში, და მზის
შვილებთან
შავი ზღვის პირას გაშლილ ველზე დასახლებულა, _
იმ დალოცვილი ქვეყნისათვის განა ტყუილად
უწოდებიათ სტუმართმოყვარე! _
რადგან ესტუმრა კოლხებს უცხო ხალხი თუ არა,
მიუახლოვდნენ უცნობსა და ცნობისმოყვარეს,
ზეთისხილის ქვეშ დასვეს თურმე
მშვიდობიანად…
უცხოდ ემოსათ, უცხო იყო, ენაც მოსულთა,
და ვერაფერი ვერ გაუგეს ერთიმეორეს.
ის იყო, უნდა ჩამოეგდოთ განხეთქილება,
მაგრამ ფოთლები აშრიალდნენ
მაცოცხლებელნი,
სტუმარ-მასპინძელს გაებადრა ღიმილით სახე;
ერთხანს ერთმანეთს შესცქეროდნენ მშვიდი
ღიმილით,
მერე მარჯვენა გაუწოდეს ერთიმეორეს,
ძმურად გაცვალეს იარაღი, გაცვალეს სიტყვა,
სიამტკბილობა გადავიდა მამიდან შვილზე,
წმინდა კავშირი საქორწინო შიეიკრა შემდეგ,
იზარდა ტომი…
სად ცხოვრობ ახლა, ხალხო, ჩემო სისხლო და
ხორცო? _
რათა ხელახლა შევკრათ იგი კავშირი წმინდა
და მოვიგონოთ მამა-პაპა დაუვიწყარი?
ფრიდრიხ ჰოლდერლინი,
დიდი გერმანელი პოეტი (1770-1843)
(”სიბრძნის სიმფონია” მთარგმნელ-შემდგენელი
აკაკი გელოვანი,
გამომცემლობა” ხელოვნება”, 1989).
თავისებურად შევფიქრიანდი ლეგენდარული იდუმალებით მოცულ ”საძმო კავშირზე”…
_თავისუფლების ძიებაში, სამშობლოდან შორზე შორს გადმოხვეწილი და კოლხთა მასპინძლობით მოხიბლულ ხალხზე…
_გულის კარნახით დანათესავებულ ნაშიერთა შინაგან ლტოლვაზე ხმა მიეწვდინათ შორეულ მოძმეთათვის,,,
_შორეულ წარსულში ჩარჩენილ ”სისხლთა შერწყმის” მესიანურ როლზე…
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მსოფლიოში მრავალი ისეთი რამ მოხდა, რაც ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა წარმოდგენილი…
ძნელბედობის ჟამს, მრავალმა ვინმემ გამოგვიწოდა მეგობრულად ხელი…
გერმანელი და ქართველი ხალხების ურთიერთობაც უფრო გაღრმავდა…
ბოლო წლებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ქართველთა ჯიშის მრავალმა წარმომადგენელმა ირჩია საცხოვრებლად გერმანთა ქვეყანა და შესაძლებელია, მათ შორის იმათი ჯიშ-ჯილაგის წარმომადგენლებიც არიან, რომელთაც დიდი პოეტი ”წმინდა კავშირის” შესაკრავად უხმობდა…
თუმც, რომანტიზმი და ლირიკა ობივატელთა გაგებით, თითქოსდა ნიადაგამოცლილი, წამიერი ემოციებით ნასაზრდოები მცნებებია, მშვიდობისა და საძმო კავშირთა დესპანად ხალხებს შორის, უპირველესად ლიტერატურული სახეები გვევლინება…
და როცა, რამდენიმე წლის შემდეგ, დიდი გერმანელი პოეტის (რომელსაც ერთ დროს თურმე თავად გოეთეს გვერდით და უფრო მაღლაც კი აყენებდნენ…) ეს ლექსი კვლავ გადავიკითხე, უმალვე იმ პირველმა შეგრძნებამ მომიცვა…
კვლავ გულუბრყვილოდ შემაგულიანა იმაზე ფიქრმა, რომ გერმანელი ხალხის თვალსაჩინო პოეტი გულმხურვალედ უხმობდა საუკუნეთა წინათ კოლხებში ჩარჩენილ თვისტომთ… გამახსენდა საუკუნეების მანძილზე ბედის უკუღმართობისა თუ უკეთესი ცხოვრების საძიებლად გადახვეწილი აურაცხელი თვისტომი და მეც მომინდა მეხმო მათთვის, რათა ვერაგულად დანაწევრებულ ქართული სამკვიდროსთვის ეშველათ. თავისებურად ელოცათ ისტორიული მიწა-წყლის აღორძინებისთვის…
მერე კი მთის მწვერვაზე აგებულ და მამაპაპურად მოძლიერებულ მონასტერში მორჩილის კაბით მობინადრე ოთხმოც წელს მიტანებული, სანდომიანად და ტკბილად მოუბარი იმერელი მოხუცის ნაამბობმა, თითქოსდა რელობასთან დამაბრუნა…
გამიჩნდა სურვილი, გადამეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ”წმინდა კავშირი”, რომელსაც ხმოვან ფონად ფრიდიხ ჰოლდერლინის ჩემთვის გამორჩეული ლექსი დაამშვენებდა…
სცენარს კი, ალბათ, ამგვარი შინაარსი ექნებოდა…
საქართველოში, მთის მწვერვალზე დაფუძნებულ ეკლესია-მონასტრის სენაკში, ღვთისმშობლის ხატის წინ, მუხლმოდრეკით ლოცულობს მხცოვანი ბერი… მალე მის მყუდროებას, თითქოსდა შეფარვით შემოღწეული გერმანულად მოსაუბრე ქალის ტკბილი ხმა დაარღვევს…
ბერი უნებლიეთ იმ ხმას მიუგდებს ყურს, მერე წამოდგება და სენაკიდან გადის…
საყდრის გარშემო უცხოელი სტუმრები მიმოდიან…
შორიახლო, დაბალ გალავანზე ქერათმიანი კოხტა ქალი დგას და გერმანულად ჰოლდერლინის ცნობილ ლექსს კითხულობს…
გაისმის მის გარშემო თავშეყრილ თანამგზავრთა აღტაცებული შეძახილები და ტაშისცემა…
მოხუცი ქალს ინტერესით ათვალიერებს და მასში თითქოს ნაცნობ იერს შეიცნობს… მერე მის ნატიფ ხელს შეაჩერდება და წამით მოეჩვენება, რომ ქალს ხელში ლამაზად მოხატული წიგნი და გამჭირვალე ქაღალდში გახვეული პურის ნატეხი უჭირავს…
იგი ფიქრში თვალს მიადევნებს ხელის მოძრაობას და წარსულის მოგონებას მინებდება…
გამოჩნდება ომისდროინდელი გერმანული ქარხნის შიდა ფონი… აქ, სამხედრო ტყვეები გერმანელ მუშებთან ერთად მუშაობენ… ტყვეები სათანადო ჩაცმულობით გამოირჩევიან… მათში კი, განსაკუთრებით შესამჩნევია სრულიად ახალგაზრდა, მეტად გამხდარი, ქართული იერის სამხედრო ტყვე … დაუძლურებულს ტვირთის აწევა უჭირს და სასოწარკვეთილს აღმოხდება, ”ვაი დედა!..”
გვერდით ჩავლილი ზედამხედველი რაღაცას გამაფრთხილებლად ჩასძახებს… რადიოში ორატორის გაანჩხლებული ხმა ისმის…
იმავ დროს, მუშურად ჩაცმული, მაგრამ პოეტური ჰაეროვნებით მოსილი გერმანელი ქალი ზედამხედველს ფარულად სამალავში ლამაზად მოხატულ წიგნს, ფურცელს, ფანქარს და გამჭირვალე ქაღალდში გახვეულ ბუტერბროდს დებს და ვაჟს მასზე მიანიშნებს…
ეს კადრი რამდენჯერმე მეორდება. …
მერე ის ქალბატონი ოჯახურ გარემოში, წიგნებით სავსე თაროებთან მდგომ მაგიდასთან ზის… გადაშლილ წიგნს მომხიბვლელი იდუმალებით კითხულობს…
იქვე, იატაკზე, ორიოდე წლის ქერათმიანი გოგონა თამაშობს… წამით კედელზე დაკიდებულ ნახატს შეაჩერდება, რომელზედაც ფრიდრიხ ჰოლდერლინის ლექსის ის სცენაა ასახული, სადაც შორეული მხრიდან მოსულ გერმანთა ტომის რჩეულთ, აშრიალებული ხეების ფონზე სტუმართმოყვარე კოლხები მასპინძლობენ…
წამით ფოთლების შრიალიც გაისმის…
მერე კვლავ მონასტრის შემოგარენი მოჩანს…
აქაც ხეთა შრიალში ესალმუნება სმენას…
სენაკთან გარინდებული, ტურისტებს თვალმიდევნებული ბერი ჩუმად ლოცულობს…
და ისმის ქალის მომხიბლავი ხმა, რომელიც ცნობილ ლექს ქართულად კითხულობს…
აი, გადასაღებდ ჩაფიქრებული ფილმის შინაარსიც, თუმც, გადაღებისას, ალბათ, ჩვეულებისამებრ შელამაზდებოდა ესა თუ ის ეპიზოდი… საამოდ სანახავი ფილმი-მინიშნება უნდა შექმნილიყო…
მაგრამ მოგეხსენებათ, არსებობს სხვა კაცთმოყვარეობის ” საზღვრების განმსაზღვრელი” მოძღვრება-შეხედულებანი და ჩემი იდეა ამგვარი ფილმის გადაღების შესახებ განუხორციებელი დარჩა…
აქ, მე იმის მინიშნება მინდოდა, რომ ”წმინდა კავშირის” შეკვრა, პოეტის სიტყვას, ლიტერატურას ძალუძს უპირველესად… მაშინაც, შავი ზღვის პირას, ურთიერთეჭვით შეპყრობილნი, ხეთა შრიალში განივთებულმა პოეტურმა სულმა დაამოყვრა სამარდჟამოდ…
კლასიკურ ლიტერატურაზე აღზრდილმა, მისგან გამომდინარე რომანტიზმით ნასაზრდოებმა გერმანელმა ქალმაც, იმერეთის თვალწარმტაც სანახებში გაზრდილ, მშობლიურ სოფელს ათასობით კილომეტრით მოწყვეტილ ყმაწვილში იმ ლეგენდარული დამოყვრების გენეტიკური ნაშიერი თუ შეიცნო…
იგი თავის სიცოცხლის უსაფრთხოების რისკის ფასად, ნამალევად გადასცემდა ტყვეს შინიდან მოტანილ ბუტერბროდს… მერე ფრიდრიხ ჰოლდერლინის წიგნთან ერთად, თეთრი ფურცელიც მიაწვდინა და სთხოვა ზედ ქართული ასოები ჩამოეწერა…
არადა, რაიხის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ქალებს, სასტიკად ეკრძალებოდათ ტყვეებთან ურთიერთობა და როგორც გამიგია, ამგვარი პასუხისმგებლობის შესახებ ხელწერილიც ჰქონდათ ჩამორთმეული…
ვერ გეტყვით, უცნობი გერმანელი ქალი რა იმედებს უკავშირებდა მითიურ კოლხეთში გადახვეწილ წინაპრების ნაშიერთა აღმოჩენას, მაგრამ ლექსში ამოკითხული ”წმინდა კავშირი” უფრო მეტი სისუფთავით აღავსებდა, ვიდრე თავად რეალური სამყარო… ალბათ, იმედოვნებდა ”კოლხი ყმაწვილი”, რაიმე განსაკუთრებულს მოუყვებოდა ამ ამბის სესახებ… წიგნები, ალბათ მასაც სათაყვანო, თავნება მშობელივით თავის ჭკუაზე ატარებდა…
და ალბათ, ამგვარი ტაეპებიც ხშირად ჰგვრიდა შვებას…
უმღერეთ შვებას! დებო და ძმებო!
მძლავრად მოჰხვიეთ ერთმანეთს ხელი!
კავშირს მაღალსა და საოცნებოს _
სიმღერა წმინდა, ყველაზე მწველი!
ნახეთ, ვენახში ჩარგული მთები!
დაბლა, დაბურულ ხევში დაეშვით!
ყოველ მხარეში ეშალოს ფრთები
ნეტარ სიყვარულს, ყოველ მხარეში!
სიყვარულის სიმღერა
ფრიდრიხ ჰოლდერლინი
თარგმანი ა. გელოვანისა
მე კი, ყველაფერმა ამან, ოთხმოციან წლებში დაწერილ რომანში (”გამთენებელი ღამისა”, გამომცემლობა ”მერანი”, 1991) შესული ჩემეული ლექსი გამახსენა…
ჩამოიღვარა ფანტაზიის უცხო ნაყოფი,
აცდუნა სული და აამბოხა…
მან მიატოვა ყველაფერი,
გადაიკარგა,
მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით,
სადაც დასახლდა,
იქ დაასახლა და
როგორც იქნა,
მისი ალერსით იჯერა გული…
…თავისუფლების ძიებაში, სამშობლოდან შორზე შორს გადახვეწილ თანამემამულეებს და მათ სამომავლო გენს…
…”მძლავრად მოჰხვიეთ ერთმანეთს ხელი!
კავშირს მაღალსა და საოცნებოს…”

ჯანრი გოგეშვილი
ლიტერატურული საქართველო 7-13 ნოემბერი, 2003 წ.

...


Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...