====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი
’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი), გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან”, 1995წ.
"Sweet Souls of the Insane." A novel. P. H. "The Cubs will Grow up," 1995
ტირაჟი 500
ანოტაცია
ბედისწერის სიმუხთლე, ავანტიურისტთა ფანდები, კოშმარული მკვლელობები, ალმოდებული სიყვარული, ვნებისამშლელი სასწაულები და უჩვეულო გამაბრუებელი თვისებების მქონე ”ეკალნემსა” კაქტუსი, რა თქმა უნდა, გაამძაფრებენ თქვენს ინტერესს რომანისადმი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ღირსნი ყველასთვის ნაცნობნი და მაინც ბოლომდე ამოუცნობი, თავიანთ არსსა და მისიაში გაურკვეველნნი ”შეშლილები” არიან… რომელთაც უბრალოდ, თავისებური უცნაურობა ახასიათებთ…ტკივილი, _ღვთიურ ნეტარებად, იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა მასზედ სიყვარული იმარჯვებს…
ამონაკრები ალღო-ვარაუდით…
ტერორიზებული ბენე-ხალამპრე და დუდე ”ნუგეშისმცემელის” გამოცხადება…
”პროგრესი” გუგუნებდა. ზედ მიფიცხებული ბენე-ხალამპრე ჩვეულ ნეტარებას მოეცვა, მაგრამ შიგადაშიგ პართენის ჩამძიებლური გამოხედვა წამოელანდებოდა და მშფოთვარედ ცმუკავდა. ”აუჰ, რა მეშველება თუ მაგ ჩათლახმა მართლა შეასრულა დანაპირები…” ფიქრობდა მშფოთვარედ და იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს მისთვის ტკბილად მოგუგუნე ღუმელი ორიოდე დღის შემდეგ საერთოდ არ დანთებულიყო. ” ხე ფესვითა დგას, ადამიანი მოყვრითაო”, გონებაში თავისდა უნებლიეთ ამოტივტივებული ეს ანდაზა, სურდა როგორმე გერის დასანამუსებლად გამოეყენებინა, ოღონდ გრძნობდა პართენის მტაცებლური გამოხედვისგან, ასე ადვილად თავს ვერ დაიძვრენდა.
ზედა სართულის დარბაზში, განახლებულ სუფრასთან, ნაბახუსევზე თავშეყრილი ორიოდე სტუმარი და ”მამობილის” წვრილფეხა დამქაშები, ქოსა ტიმოთეს თამადობით ქეიფობდნენ. გამოუსწორებელი სცენისმოყვარე და პროფესიონალი დალაქი ქოსა ტიმოთე ჩვეულებისამებრ დაუზარებლად ოხუნჯობდა და შესაბამისი ხორხოციც გაბმით გაისმოდა.
ქოსას ხმა ბენე-ხალამპრეს, რაღაც თავისებურად აფხიზლებდა და თანდათანობით, ვითომდა გონებაში აგდებდა… ბოლოს, როგორც იქნა თავის საფიქრალს ჩაუღრმავდა:
”იქ, ციმბირში!” _ განსჭვრიტა უცებ და თვალწინ, სადღაც იაკუტიაში, ღია ცის ქვეშ, თავის მიერ დადგმული, რევოლუციის ამსახველი გრანდიოზული სცენები გაუკრთა. ”აი, სად მივქარე! რა მრჯიდა, ეგ ნაბიჭვარი კაგებეს გენერალს ზონიდან რომ გამოვაყვანინე და ჩემს საპატივცემულოდ გამართულ ბანკეტზე, ალალ, მონატრებულ შვილივით გვერდზე მოვისვი…”
მაშინ, მეტისმეტად გალაღებულმა ბენემ , სუფრასთან მყოფი გავლენიანი პარტიული მუშაკის გულის მოსაგებად, რომელიც თურმე მორიგი წმენდის დროს თეატრალური სტუდიის სცენაზე იქნა დაპატიმრებული, მაღალფარდოვნად წაიტრაბახა:
-თქვენდამი ჩემი ერთგულების ნიშნად მინდა ერთი რამ გაგიმხილოთ! გითხრათ ის, რაზედაც დღემდე, სიტყვაც კი, არავისთან დამცდენია. მრავალი წლის წინათ, როცა ჩემი მეამბოხე კოლეგა, მისთვის საბედისწერო სპექტაკლის ფინალში, ბოლო მონოლოგის წარმოთქმისას, უთქმელის დარდით გულშეწუხებული სასიკვდილოდ მოცელილი დაეცა, მისაშველებლად მივარდნილს საიდუმლოდ შემომჩურჩულა, ბეჭედი, რომელიც სიცოცხლედ მიღირს, იოველს მივანდე… რა თქმა უნდა, უმალ მივხვდი, საქმე ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ საიდუმლო ორგანიზაციის ბეჭედს ეხებოდა და სულთმობრძავს, რომელიღაც თანამოაზრე-პარტნიორში შევეშალე, მაგრამ დღემდე, არც იმ ბეჭდისა და არც იმ იოველის შესახებ სიტყვა არავისთან დამიძრავს…
ამგვარი ”აღსარებისთვის” ბენემ შეზარხოშებულ და ”ლიბერალურად” განწყობილ პარტიელთა მხურვალე ტაში დაიმსახურა.
”…მაგ ყასაბს, როგორც ჩანს იმ ბეჭდის ამბავი თავისებურად გაუგია!”, დაასკვნა ”პროგრესს” მიშტერებულმა ბენე-ხალამპრემ და უცებ უმწეოდ მოიკუტა. ”არადა, იმ ბანკეტზე, მე, რა თქმა უნდა, რუსულად ვმეტყველებდი, ანდერძად მონათლული ამბის მოყოლისას, სიტყვა ბეჭედი, მხოლოდ ”პეჩატის” მნიშვნელობით ვიხმარე?!”, მრავალნაცადმა ხალამპრემ გაოცებისგან ლამის პირი დააღო. გერის ნამოქმედარს გონების თვალი შეფარვით მიადევნა…
-მობრძანდი, მობრძანდი!-გაისმა მოულოდნელად ფაშფაშა ცაცას ხმა და იგი ეზოს მხრიდან ოთახში შიოს შემოუძღვა,-პართენი შვილო, გუშინღამითვე, ერთ თავის სტუმართან ერთად სასწრაფო საქმეზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა, რა ქნას, რაც ეს მამობილობა ითავა, ქვეყანა აწუხებს და მოცლა არა აქვს…-ვითომდა, რაღაც სხვაგვარი გულისხმიერებით მოუბოდიშა შიოს და საკუთარ თავს უსაყვედურა,-ასეთი საპატიო სტუმარი სუფრასთან როგორ ვერ მიგიწვიე?!
-არა, გმადლობთ, აგერ, ბატონ ბენეს მოვინახულებ და…-კვლავ თავისებურად გაეპასუხა სტუმარი და დამფრთხალ ბერიკაცს გულღიად მიესალმა, მოიკითხა…
-აი, დღედაღამ ასეა მიფიცხებული, ხანდახან მეშინია, ეს ღუმელიც ლოგინში არ ჩაიწვინოს…-მეუღლეს დამცინავად გადახედა ცაცამ.
-ამაღლებულ გრძნობათა თეატრიც, აი, ასე დაუოკებლად გიზგიზებდა!- დანაშაულზე წასწრებულივით, თითქოსდა რაღაც ფაქტის მისაჩქმალავად შეჰყვირა ბენე-ხალამპრემ. ოდნავ წამოწეული ჯორკოზე ფრთხილად შემობრუნდა, შიოს ალმაცერად ახედა და ღუმელს ზურგით მიფიცხებულმა თანამეცხრედეს უსაყვედურა,-რა ხანია, შენ გამოჩენას ველოდები!
-ხე-ტყე ვერ შემოვზიდე და სახერხი გაჩერებული მაქვსო, კი ჰქონია შენთვის შემონახული ცოტა მშრალი ნახერხი, მაგრამ ვიღაც ბოროტს ზედ შლანგით წყალი მიუშვია…-არ დააყოვნა პასუხი ქალმა და წაიპუტუნა,-ეგ, უნახერხობას ისე ვერ აიტანს, როგორც უჰაერობას…
-ტერორისტული აქტი!-თითქოსდა დაიჩხავლა ბერიკაცმა და მეუღლის თვალებამდე სამსხვერპლოდ განწირული კაცის მზერა ააცოცა.
-ამაღლებულ გრძნობათა თეატრის მახვშს, ჩემი კულტგაუ!-მთელი ხმით შესძახა უცებ ოთახში შემოვარდნილმა ჩამრგვალებული იერის კაცმა და ოდნავ მიბრუნებულ შიოს მხურვალედ მოეხვია.
შიომ ძლივსღა შესძლო მოდურ შარვალ-ხალათითა და ფეხსაცმლით შემოსილი ვაჟის შეთვალიერება.
-ნუგეშისმცემელო!-შესძახა მერე სიხარულით.
-როგორც იქნა ვეღირსე შენთან შეხვედრას…-აღტაცებადაკრული კილოთი გაეპასუხა იგი და საეჭვო ხმაურზე კისერმოღერებულ ქათამივით გაფაციცებულ ბენე-ხალამპრეს გამამხნევებლად მიახარა,-მშვენივრად გამოიყურები!
ეს შექება ხეიბარმა მის მიმართ ნათქვამადაც ჩათვალა და ხალისით მიუგო:
-ოღონდ, შენ, მაინც სხვაგვარი მეტამორფოზა განგიცდია, როგორც ჩანს, ამჟამად სხვაგვარად გამორჩეული კონტიგენტი შეგირჩევია ნუგეშისსაცემად…
-კონცერნ ”საიდუმლო კლიტენის” საპატიო ვიცე-პტრეზიდენტს, მართლაც რჩეულ ხალხთან უწევს ურთიერთობა!-თავმომწონედ შესძახა მან და აშკარად დაეტყო მთვრალი, რომ იყო.
-ბარემ, სუფრასაც აქ გაგიშლით და ეს ბერიკაციც გულს გადააყოლებს თქვენს ლაპარაკს…-გადაწყვიტა მათი საუბრის გაგრძელებით დაინტერესებულმა ცაცამ და პურ-მარილის მოსაზიდად გაემართა.
-თქვენს გაგებას ვენაცვალე, ქალბატონო ცაცა!-დარდიმანდულად დაადევნა ჩამრგვალებულმა და წამახალისებლად დაუმატა,-ვიცი, მახსოვს ინჟენიუს ამპლუას რომ ელოლიავებოდით და პირადად თქვენი ხათრით ისეთი ვოდევილის აღდგენას ვაპირებ, კვლავაც რომ გული იჯეროთ გულუბრყვილო, მიამიტი ქალიშვილის როლის შერულებით…
-ბალაგანია, აბა, რა, ამდენი მამაძაღლის პაპობა თუ ბიძობა ტაკიმასხარას როლივით მერგო!-ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ბერიკაცმა, სანახევროდ მიტრიალდა, შუბლი გავარვარებულ ღუმელს მიუშვირა და ფიქრში საკუთარ თავთან შებაასებულმა დაიქადნა,-კი ბატონო, ეგ მეც კარგად მეხერხება, ახლა ეროვნულობის ნიშნით ავაგიზგიზებ ამაღლებულ გრძნობათა თეატრს!..
-მე წავალ, აუცილებელი საქმე მაქვს!-განაცხადა მოულოდნელი წიაღსვლებით აფორიაქებულმა შიომ და დუდეს მოუბოდიშა,-სხვა დროს შევხვდებით…-გუმანით იგრძნო გადამხდარი ფათერაკის შესახებ ამ ხალხთან სიტყვაც არ უნდა დაცდენოდა-კარისკენ წავიდა.
-საით?! შენ ჩვენთან ერთად უნდა იყო!-მიაძახა სკამს ჩაჭიდებულმა დუდემ.
და ღიმმომდგარ შიოს მეხსიერებაში მისი უცნაური სტუმრობის ეპიზოდები გაუკრთა:
…დახეიბრებულს და ცხოვრებისეულ სიმუხთლესთან მორკინალს იგი მოულოდნელად გამოეცხადა. ოდნავ გახუნებულ, მაგრამ მაინც პეწშენარჩუნებულ კოსტიუმში ”გამოწკეპილი” და ჰალსტუხით მკერდდამშვენებული… რაღაცით გუვერნიორს გამოქცეულ, თავშესაფრის მაძიებელ პუტკუნა ყმაწვილს ჰგავდა.
შიომ ძლივსღა შეიცნო მასში ყოფილი თანაინტერნატელი.
-აჰ, არა, ავადმყოფს შენ რა გიგავს?!-თითქოსდა პირუთვნელად გამოთქვა თავისი აზრი მოსულმა და შთაგონებით გააგრძელა,-რაღაც ანტიკური ხანის ღმერთკაცის ქანდაკებასაც კი მაგონებ, ასე მგონია ზევსს შენი მშვენიერი ცერული შეშურდა და მოძრაობის სიმეტრია საგანგებოდ დაგირღვია, ვგრძნობ და წინასწარმეტყველის იდუმალი თვალით ვხედავ, შორს არ არის ის დრო, როცა შინაგანი ცეკვისგან გაჩაღებულ ცეცხლოვან ალზე ბედისწერისგან თავსმოხვეული სენი უცაბედად ჩაიბუგება და ფერფლიდან ფენიქსივით უბადლო აღსდგები…
შიომ მისეულ მჭევრმეტყველებაზე გულღიად გაიცინა და მოიკითხა…
მალე სახელდახელოდ გაწყობილ სუფრასაც მიუსხდნენ. დუდე კვლავ რიტორიკული ტონით განაგრძობდა მის გამხნევებას და როცა შიო შეეცადა საუბრის თემა შეეცვალა და ცეკვის გაკვეთილები მოაგონა, დუდე გამოუტყდა:
-არ იყო, ჩემი საქმე, მშიერი კუჭით ცერებზე შედგომა…
ცეკვის მასწავლებელმა დიეტის დაცვა, რომ მომთხოვა, მთელი ღამეები საშინელზე საშინელ სიზმრებს ვნახულობდი, ვითომ ვიღაც ფეხის თითებით გადასაყლაპავად გამზადებულ გემრიელზე გემრიელ ლუკმას მაცლიდა პირიდან…-და შიოს სიცილში მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა,-ბოლო, დამამთავრებელ წელს მათემატიკამ გამიტაცა და თუმც იმდენი ვიძალე, ასპირანტურაში შესვლას არაფერი მიკლდა, უნივერსიტეტში ხუთი წლის სწავლის შემდეგ, რატომღაც დიპლომის დაცვა შემეზარა და უცებ იურიუდულ ფაკულტეტზე ამოვყავი თავი… ოღონდ მერე და მერე იმდენი უსამართლობის თანამოზიარე შევიქენი, რომ იურისპრუდენციაზეც ადვილად ავიყარე გული…-წამით მისმა მრავალფარდოვნებამ თითქოსდა აპოგეას მიაღწია, ყელი მოიღერა და საგანგებოდ გამკვეთრებული ხმით წარმოთქვა,-საკუთარი მეს ძიების მწვალებლურ პროცესით სასოწარკვეთილმა მორიგი სულიერი პერიპეტიის წამს ნუგეშისმცემლობის ნიჭი შევიგრძენი, სრული სიმშვიდე დამეუფლა და განგებისგან ბოძებული მისიის აღსასრულებლად გავემართე!-თვალებგაცისკრებულმა სასმისი დაცალა, მასპინძელს თავმომწონედ შეხედა და მხარზე ხელი მოუთათუნა.
იმ საღამოთი გემრიელად გამოთვრნენ. შუაღამისას შიომ სტუმარს დივანზე მიუჩინა ადგილი, თავად კი ჩვეულებისამებრ საწოლზე ”მოკალათდა”.
შეფხიზლებულმა მასპინძელმა თავს ძალა დაატანა, სუფრა განაახლა და ფანჯრიდან შემოჭყეტილ მზის სხივებისგან ბალიშით სახედამალულ დუდეს შეეხმიანა.
-არა, არაფერი არ მინდა, რა ხანია ასე გემრიელად არ დამისვენია, ვიქნები ასე, ნუგეშისცემას უკეთ ვახერხებ…-ჩაილუღლუღა მან.
მერე დუდეს თითქმის მთელი დღეები ეძინა. იშვიათად წამოდგებოდა, ერთხანს თავისთვის დაბაჩუნობდა, შიგადაშიგ წაიფილოსოფოსებდა, შიოს, როგორც თავად იტყოდა, გულში ნაფიქრისდა მიხედვით შეაგულიანებდა და კვლავაც ლამის ბუნაგად ქცეულ დივანს დაუბრუნდებოდა. თავის სამყაროში ჩაძირული ტელეფონის ყურმილსაც იშვიათად იღებდა.
სადღა იყო მისი პირვანდელი პეწი. წვერგაუპარსავს, პერანგზე სხვადასხვა ფერისა და ზომების ლაქები მიმობნეოდა და მათ თითქოსდა ჩინ-მედლებივით დაატარებდა. რაღაცით კეთილ, პრიმიტიულ ტყიურს ჩამოჰგავდა მოშინაურების მერე თავის ფუნქცია, რომ მივიწყებოდა. გამასპინძლების მოსურნე შიოს თავგამოდებით არწმუნებდა, შიმშილით მკურნალობას ვეჩვევი და ძალიან გთხოვ საჭმელს ნუ დამაძალებო, თითქოს საგულდაგულოდ არწმუნებდა, შენ ნუ შეწუხდები, მე ჰაერისა და საწოლის მეტი არაფერი მჭირდებაო…
მასპინძელს კი, იმის შიში აწვალებდა ამ კაცმა საგულდაგულოდ გადამალულ კაქტუსს არ მიაგნოსო…
მაინც ითმენდა, თავისი იჭვნარევი წყენა არ გამოეხატა, სანამ ერთხელ, შემთხვევით, გვიან ღამით გაღვიძებულმა, მოულოდნელად მაცივართან ჩაცუცქული დუდე არ დალანდა. ”მარხული” შეჭამანდს, რომელზეც დღისით სასტიკი უარი თქვა, მსუნაგურად ნთქავდა. შეცბუნებულმა თვალი აარიდა და თავი მოიმძინარა, ოღონდ გაიფიქრა: ეს კაცი ასე რამ წაახდინაო…
მერე მოჩვენა, რომ ”დუდე ნუგეშისმცემელი” თავისი ბუნებრივი მცონარობით, რაღაც უნებლიე მზაკვრობას ნიღბავდა.
დილით შედარებით გვიან გაღვიძებულს შეეშინდა, ამ კაცის სიმულანტობა მეც არ გადამედოსო და თითქოს მეგობრულად, მაგრამ გაღიზიანებული ხმით დასძახა:
-ადექი, თუ ძმა ხარ, ადექი! მოგაშთობს ამდენი ძილი…
დუდემ ძლივს გაახილა თვალები, მეტისმეტად გაოცებული შეაცქერდა და უცებ მიელაქუცა:
ველოდი, ეს დღეც დადგებოდა, შენ რომ გიცქერი, საშინლად მომინდება, ისე როგორც ერთ რომანში ამოვიკითხე, საკუთარ თავს გავუსხლტე და მერე ერთი რიგიანი პანღური ამოვკრა…
-ობი მოგეკიდება,-თანაგრძნობით შეესიტყვა ცოტა არ იყოს დაბნეული მასპინძელი,-რაიმე თავშესაქცევი, მაინც გამონახე!
მისდა გასაკვირად დუდე უცებ გამოცოცხლდა, დივანზე წამოჯდა და წამწამებახამხამებულმა ფარული გზნებით წარმოთქვა;
-ჩემი ჰობი, ხმარებიდან გამოსული ორიგინალური გასაღებების შეგროვებაა!..
-მერედა, ჩვენს სარეკვიზიტოში მაგის მეტი რა ყრია!-გაეხარდა შიოს და ხალისიანად განუმარტა,-ერთ დროს, თურმე, კულტურის სახლის სცენაზე, ერთი ასეთი ვოდევილი იდგმებოდა, სახელწოდებით, ათასი კლიტის მფლობელი, ერთმანეთში გაბნეული გასაღებების ფანდზე ყოფილა აგებულ;ი. ვითომდაც ასხმულა კლიტის მფლობელი გაკოტრებული თავადი სინამდვილეში ნანაგრევებად ქცეული ციხე-სიმაგრის პატრონი გახლდათ…
-მაგას რა ჯობია!-თითქოს ამ ამბის გაგებას ელოდაო, ისე გახალისდა ხეიბრის სახლში შინაყუდად დაფუძნებული.
უმალ საკუთარი გარეგნობის მოწესრიგებას შეუდგა, რაღაც ოციოდ წუთში წვერგაპარსული და თავის პეწშენარჩუნებულ კოსტიუმში გამოკოხტავებული შიოს ”აფრიკულ სუვენირში” ჩაუჯდა და სამსახურში გაჰყვა.
იქ, ხალხს ადვილად გაეცნო, თავისებურად წაიფილოსოფა, შიგადაშიგ ერთი ორი თეატრალი გულმხურვალედ ანუგეშა და მერე შიოსა და მათი მეგზურობით სარეკვიზიტოში გადანაცვლებულმა, მართლაცდა უამრავი გასაღების ხილვით აღტაცებულმა შეჰყვირა:
-დახეთ, ეგ რა სიმდიდრე გქონიათ?!-მათი თვალიერებით გვარიანად გაერთო, ბოლოს ოცამდე გადარჩეული კლიტე ჯიბეებში სათუთად ჩაილაგა და თვალებგაბრწყინებულს იდეა გაუჩნდა,-მოდით, ის ვოდევილი, ათასი კლიტის მფლობელი აღვადგინოთ, გაუმხილა იქ მყოფთ.
შეიქმნა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დუდე, რაღაც ორ დღეში სცენისმოყვარეთა შორის საპატიო პიროვნებად იქცა. მაგრამ მესამე დღეს, შიოს კაბინეტიდან გასული, უგზო-უკვლოდ გაქრა. კედელზე გაკრული ვოდევილის ძველ აფიშას კი, მის მიერ ფარულად მიწერილი სიტყვები შერჩა, რომელიც აღმოჩენის შემდეგ ყოველი დაინტერესებული პირის ”რელიქვია” გახდა. მინაწერი კი, შემდეგი შინაარსისა იყო:
”ნუ დაღონდებით! დუდე ნუგეშისმცემელი…”
გრძნეული ციხის უხილავ მისასდგომთან თავგზააბნეული შიო, ფეხებაშვერილი საპატარძლო და სხვა პერიპეტიები…
სანახევროდ კლდეში გამოკვეთილ გრძნეულ ციხეს ხილული მისასვლელი არ გააჩნდა და იგი შეუვლად ითვლებოდა. ამბობდნენ შიგ შეღწევა მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბით შეიძლებაო, მაგრამ იმ გვირაბის ასავალ-დასავალი ცოცხლთაგან აღარვინ იცოდა.
ადრე თურმე ეს უჩვეულო კლდე-ციხე თავისი ნამდვილი სახელით, გრძნეულ ციხედ იწოდებოდა, მაგრამ მერე, იქაურობას, თითქოს ის ნაძირალა ყაჩაღი დაეპატრონა და მის შემდეგ შიშნაჭამი ხალხიც იმ მიუვალ ადგილს ”ფირალის ციხედ” მოიხსენიებდა.
მერე და მერე ცნობისმოყვარე თუ თავმომწონე ბიჭებმა რამდენჯერმე სცადეს შიგ შეღწევა და ერთი ორი ემსხვერპლა კიდეც ამ ამბავს. ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ორმა მათგანმა მოახერხა ციცაბო კლდის დალაშქვრა, მაგრამ როგორც ამბობდნენ ციხის ნანგრევებში საინტერესოს ვერაფერს მიაგნეს და იქაურობისადმი ინტერესიც თანდათანობით განელდა.
მთის კალთაზე მდებარე ხრამთან ”აფრიკული სუვენირით” ასულ თავგზააბნეულ შიოს მოულოდნელად სიყმაწვილის დროინდელი ჟინი შემოენთო და მანქანიდან გადმოსვლისთანავე კლდეციხეში მისასვლელი გზის ძიებას შეუდგა.
გრძნეული ციხე, მართლაც რომ შეუვალი ჩანდა.
====
იხ. ფილმი-ბედისწერის ნიღაბი-(ინტერპრეტაცია…)_ Film-MASK PREDETERMINATION-(interpretation…)
====
Комментариев нет:
Отправить комментарий