====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
----
ჯანრი გოგეშვილი
”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული)", გამომცემლობა ”მერანი”, 1982
Janri Gogeshvili
"The Refugee from Dreamland." P. H. "Merani," 1982
ტირაჟი 3000 ეგზ.
სარჩევი
ძაღლები
მორიგი მსხვერპლი
სახლი
ვალი
ზედმიწევნით ახირებული კაცი
ლტოლვილი სიზმარეთიდან
ზედმიწევნით ახირებული კაცი
ლტოლვილი სიზმარეთიდან
ანოტაცია
თანამედროვე ადამიანის მორალური სახე, მისი მიზანდასახული ლტოლვა ჭესმარიტებისაკენ, აი, კრებულში შესული მოთხრობების ძირითადი დედააზრი.”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (ნაწყვეტი რომანიდან) მოგვითხრობს ადამიანზე, ვინც სიყალებეს, მისი მეშვეობით კარიერიზმისკენ სწრაფვას, ოცნებას არჩევს, ოცნებით იწმინდება, თავისებური ავტონომიის მოპოვებას ლამობს. ოცნება ხომ ყოველი ლამაზი საქმის მეკვლეა და ბოლოს კაციც ჰპოვებს ძალას გაიმარჯვოს მზაკვრულ, მაცთუნებელ აზრზე…
ძაღლები
ტიგრა ჩამოწერს, ათი წლის სამხედრო სამსახურის შემდეგ ჩამოწერეს, სხვა გზა არ იყო, აღარ მოსდგამდა ძველებური ჯანი საცოდავს. არადა, საყვარელი ძაღლი იყო ტიგრა. ძუკნებს შორის სილამაზითაც გამოირჩეოდა და ალღოიანობითაც. მარტო ის რად ღირდა, დიდრონი თაფლისფერი თვალებით რომ შემოგაცქერდებოდა, თუ უსამართლოდ ექცეოდი, შეგაწრუნებდა მისი სიმეტყველე, თუ ეალერსებოდი; უკეთეს სამადლობელს რას ინატრებდა კაცი. ”პირდაპირ ცოდოა, ასეთი თვალები ადამიანიშვილს რომ არ დაჰყვა”, _ იტყოდა ჩვენი ათმეთაური და ხითხითით დაუმატებდა, ”ნახეთ, რა თვალები აქვს მაგ ძუკნას, ნახეთ, რარიგ აბრდღვიალებს, გადარევს პირატს, აბა რა იქნება…” პირატი ბევრად ახალგაზრდა გახლდათ ტიგრაზე. მაღალი, დანაკვთული გულმკერდით გამოსარჩევი, ზედმიწევნით ტიგრას სიდიდისა. ბალანიც მისფერი ემოსა ტანზე, ღია თამბაქოსფერი, მუქი წაბლისფერი ლაქებით დადაღული. ხუთი წელი იქნებოდა, რაც ისინი ერთად დაყავდათ ყარაულში. საოცრად შეჩვეოდნენ ერთმანეთს. უერთმანეთოდ გაძლება უჭირდათ. ვოლიერებში ცალ-ცალკე გამოკეტილები, განუწყვეტლივ ბობოქრობდნენ, ყმუილსა და წკმუტუნში ახშობნენ ხვაშიადს. წესდების მიხედვით ძაღლების წყვილად მოთავსების უფლება არ გვქონდა, მეტადრე ძუკნა-ხვადისა… წესდება კრძალავდა სამხედრო სამსახურში დასაქმებული ძაღლების ლეკვიანობას, მაგრამ მე სახიფათო შედეგს არ შევუშინდი: ტიგრას მიხვედრილობა და ხანდაზმულობა თუ მანუგეშებდა. გაზაფხულზე ორთავეს ბუდრუგანა ერთ ვრცელ ვოლიერში დავდგი. ამაზე კიდეც წამეჩხუბა ათმეთაური, ოღონდ აღარ დაუჟინია შეყვარებულები განმეცალკევებინა. მთელი დღე შემეძლო მათი ფაქიზი ”წაწლაობისთვის” მეცქირა. სხვა მეძაღლე თუ მიუახლოვდებოდათ, იმწამსვე წყვეტდნენ ღლაბუცს და ბალანაშლილნი მიაშუირებდნენ ბუდრუგანებს. ტიგრა, უმეტესად იწვა. იწვა ზურგზე და ისე ეჯაჯგურებოდა, თითქოსდა მოძალადე პირატს. მალე პირატიც გაგორდებოდა მის გვერდით. დატკბილული ღრენით უღიტინებდა დრუნჩით ქეჩოსა და და კისერში. მერე ტიგრა მოულოდნელად წამოხტებოდა, წამოხტებოდა პირატიც, წამით ორივე მხიარული ყეფით შეითამაშებდნენ და უეცრივ ერთმანეთზე თავ-კისერ მიჭდობილები თვალის საამებლად გაირინდებოდნენ. ბოლოს პირატი ნელა გაატარებდა თავს ტიგრას ქეჩოზე და… ტიგრა მოწყვეტით ჩაიმუხლებდა უკანა ფეხებით, გვერდზე გადაქანდებოდა და ზურგზე გაწვებოდა, ლაღად გადაგორ-გადმოგორდებოდა. გაწბილებული პირატი ფეხებგაჩაჩხული დაადგებოდა, ზემოდან დაჰყეფდა, დაკაწკაწებდა. ერთი ორჯერ ტყავის სახელურშიც წაავლებდა კბილებს, მაგრამ ტიგრა წოლასა და ასე არშიყობას არჩევდა. იგი, როგორც სიბერისკენ პირქცეული ალღოიანი ძუკნა, ხანგრძლივ ალერსს უფრო ამჯობინებდა, ვიდრე უცაბედი ვნების ატორღიალებას. ბოლოს და ბოლოს პირატს მოთმინება ღალატობდა, გაგულისებული იწყებდა ღრენას და ქეჩოზე ბალანწამოშლილი მიაშურებდა ბუდრუგანას. ტიგრა უცებ გადმოტრიალდებოდა მხარ-თეძოზე. ყურებდაცქვეტილი გაკვირვებით გახედავდა პირატს. თითქოსდა ამბობდა, ასე ადრე მოთმინებამ რად უღალატა, ეეჰ, გაჭიანურებული ალერსის ფასი არ იცის, ჯერ კიდევ ჯეელიაო. მერე ომახიანად შეიყეფდა, საოცრად მარდად წამოხტებოდა და უკვე ბუდრუგანაში გაშოტილ პირატს მიაშურებდა მხიარული ყეფით. ჯიხურის წინ ჩაჩოქებული გულმოდგინედ დაიწყებდა კუდის ქიცინს და წკმუტუნს, პირატი მამრის შესაფერისად ინარჩუნებდა ცივ იერს. მზერას არიდებდა ძუკნას. იქნებ იმისაც ეშინოდა, ნაადრევად რომ მოლბებოდა. ტიგრა ახლა ახალგაზრდული შემართებით კეკლუცობდა მის წინაშე. ყეფდა, წკმუტუნებდა, ხან წინა, ხან უკანა ფეხებზე ჩაიჩოქებდა. ერთი ორჯერ იატაკზეც გაიშხლართებოდა, ლაზათიანად ამოტრიალდებოდა. მერე ზეწამომდგარი მოკლე ნახტომით შებრუნდებოდა ბუდრუგანაში. იქ იწყებდა საეჭვო ღლაბუცსა თუ ოინბაზობას. პირატი, იმედმოცემული პირატი, მალე ტოვებდა სადგომს. მსუბუქ ნახტომს გააკეთებდა და ფეხებგაჩაჩხული და ენაგადმოგდებული შედგებოდა ბუდრუგანის წინ. ტიგრა არ ჩქარობდა ბუდრუგანიდან გამოსვლას. ერთხანს ”ახვეწნინებდა” მამრს. მერე სწრაფად გამოძვრებოდა გარეთ, ერთს კი შეითამაშებდა და იატაკზე უსინდისოდ გაიშხლართებოდა. ახლად აღგზნებული პირატი უმალ დააცხრებოდა ზემოდან, წამით სასაცილო გამომეტყველებით დააჩერდებოდა, ბოლოს უკმაყოფილოდ შეაქანებდა თავს, შეიყეფდა და ყოველივე ისევ თავიდან იწყებოდა. უფრთხილდებოდა, ძალზე უფრთხილდებოდა და ელოლიავებოდა ტიგრა თავის უკანასკნელ სიყვარულს, ამიტომაც ყველა ძუკნასადმი ეჭვით იყო გამსჭვალული, ყველაში მოცილეს ხედავდა, განსაკუთრებით ჯერი სძაგდა. ჯერი ახალგაზრდა ძუკნა გახლდათ, ნაცრისფერი, წელწვრილი და კანჭებგრძელი. თაგვისებური, ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი, პატარა, ციმციმა თვალები ჰქონდა. იგი აშკარად ეარშიყებოდა პირატს. მისი დანახვისთანავე კარგავდა წონასწორობას. მასთან სიახლოვის წადილს ყოველნაირად ამჟღავნებდა. პირატი, დარბაისლურად იკავებდა თავს, გასაოცარი იყო, არც კი დაყნოსავდა ძუკნას. ტიგრა, მაინც ღელავდა და ჯერ ჩუმად, მერე ხმამაღლა იწყებდა ღრენას. ტიგრა და პირატი ხშირად დამყავდა სასეირნოდ, ზოგჯერ შემთხვევა თუ მომეცემოდა, აეროდრომის მახლობლად, მინდორში, კურდღლებზე ნადირობის უფლებასაც ვაძლევდი. ტიგრა მინდვრის ბოლოში ჩაჯდებოდა ბილიკთან, პირატი კი, გარშემო მიმიოირბენდა. სადმე მაღალ ბალახში მიმალულ კურდღელს წამოაგდებდა და იმდენს უტრიალებდა, სანამ საცალფეხო ბილიკს არ დააყენებდა. მერე, თუკი ყურცქვიტა ბოლომდე მიყვებოდა ბილიკს, ტიგრას თათებს ვერა და ვერ აცდებოდა. როცა თასებით ვოლიერში სალაფავს შვუდგამდი, ორთავე ერთდროულად მივიდოდა თასებთან. ნელა გასინჯავდნენ ენის საამო წკლაპუნით საჭმელს. მერე შეთქმულებივით გახედავდნენ ერთმანეთს და ადგილებს გაცვლიდნენ... ასე იყო, უყვარდათ ერთმანეთი. ტიგრა რომ ჩამოწერეს, ზამთარი იდგა. უკვე ვიცოდი, ტიგრა რომ ჩამოწერილი იყო და ძაღლები თითქმის თავის ნებაზე მივუშვი. ამას, თითქოს ორთავე გრძნობდა. ცქერით ვერ დატკბებოდი, როცა ისინი ერთმანეთს ებღლაძუნებოდნენ. განსაკუთრებით ტიგრა აქტიურობდა. მონდომებით ავლენდა თავის მდედრულ მარიფათსა და ეშხს, თითქმის ალერსში ”წურავდა” პირატს. ქათქათა თოვლზე აცელქებულებს, მზის სხივებზე მომაჯადოებლად უბრწყინავდათ ვეფხვისებური სამოსი. ხანდახან ვეფხვის ნაშიერებსაც ჰგავდნენ დალოცვილები. სანამ ძაღლების ახალ შევსებას მივიღებდით, იქამდე კიდევ არავინ ერჩოდა ტიგრას. დეკემბრის ბოლოს, ახალი შევსება რომ მივიღეთ, ტიგრას ულუფა სხვას მიაკუთვნეს… უნდა მოგვეკლა ერთგული და ალღოიანი მეგობარი. თითქმის გამიმართლა, იმ ხანად გვარიანად გავცივდი და ჰოსპიტალში მოვხვდი. როცა ნაწილში დავბრუნდი ტიგრა ცოცხალი აღარ დამხვდა. ათმეთაურმა ნახვისთანავე შემომჩივლა: ”შენი პირატი საშინლად წახდა, არც არავის იკარებს და არც საჭმელს ჭამს წესიერად. ჯერ იყო და, ტიგრა რომ გავიყვანეთ ვოლიერიდან და აღარ დაბრუნდა, რკინის თასს დაუწყო ღრღნა. დრუნჩით აქეთ-იქით დააგორებდა და ღრენით იკლებდა ყველაფერს, სიდოროვი შევგზავნე გამოსაყვანად, კინაღამ დაჭამა. მერე მე შევედი, მეც კბენა დამიპირა. ბოლოს, ასე ექვსი თასი რომ დაიგროვა, იძულებული გავხდით ბუდრუგანაში წკნელით შეგვეგდო. ამის მერე სულ მთლად გაავდა… ყმუილით აგვიკლო. მოკლედ, წახდა ძაღლი. თუ შენც ვეღარ მოარჯულებ, ლეიტენანტს უკვე მოვახსენე და…” ”ხომ არ გაგიჟდი!”-შევაწყვეტინე. პირატმა, არც ისე გულთბილად მიმიღო. ვოლიერში შესულს შემომიღრინა კიდეც. მერე, თითქოს ახლაღა მიცნოო, უცებ გამოძვრა სადგომიდან და დაბეჩავებულივით მომელაქუცა, რაღაც შემაძრწუნებლად, მოკლედ შეიყმუვლა, ჩაჩოქილს ხელები ნაჩქარევად გამილოკა. თვალებში შევხედე, თვალები აწყლიანებოდა. თითქოს მკერდში გულის დედაძარღვი ჩამწყდა. ”აღარ გვაყავს ტიგრა…” შევსჩივლე. თავი მუხლებში ჩამიდო და საცოდავად აკრუსუნდა. დიდხანს ვეალერსე ძაღლს. მერე სასეირნოდ გავიყვანე. გამეთამაშა კიდეც. თუმცა, რაღაც არაბუნებრივად. არაბუნებრივად კი არა, უცებ წამოიწყებდა და მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მოულოდნელად წყვეტდა ღლაბუცს. ვაგლახად იწყებდა წკმუტუნს. ”ეშველა”, _გამომძახა გახარებულმა ათმეთაურმა, _ ”ხვალიდან ყარაულში!”
ყარაულში პირატი ჯერისთან ერთად წავიყვანე, რომელსაც ვოლიერშიც ტიგრას ბუდრუგანა მივაკუთვნე. ჯერი პირდაპირ მეძავი ქალივით სთავაზობდა სხეულს, თაგვისებური თვალებით შესციცინებდა და გამხდარ თეძოებს შესაძლებლობის მიცემისთანავე ზედ დრუნჩზე გაკრავდა. აღარ ვუშლიდი წაწალაობას. იქნებ პირატი გამოცოცხლდეს _მეთქი, მაგრამ პირატს კვლავ დარბაისლურად ეჭირა თავი, ამრეზით მიატრიალებდა გვერდზე, რაზედაც ჯერი მჭახე ყეფით უწყრებოდა. პირატი თავშეკავებულ ღრენას იწყებდა, კუდს ფეხებში ამოიკეცავდა და ნაცემივით გაიძურწებოდა. ფერდები შეტკეცოდა, ტყავი სხეულზე მოშვებოდა და ლაშები მიხრწნილ ძაღლივით გადმოფლაშოდა.სალაფავით სავსე თასთან მისული უგუნებოდ დასუნავდა საჭმელს. ერთი-ორჯერ უხეიროდ წააკარებდა ენას. მერე გვერდზე გაიხედავდა, იქ, სადაც ტიგრა ეგულებოდა და იმედგაცრუებული ბუდრუგანისკენ გაბრუნდებოდა. ბუდრუგანაში მიგდებული მოძალადეს ხავილით ეპასუხებოდა. სადღა იყო მკერდწამოზიდული, ვნებიანი მოარშიყე. გაწბილებული ჯერი დასაკბენად ეტანებოდა. ალბათ ჯაბნიდა კიდეც. მე კი ვფიქრობდი, სისხლი თავისას იზამს, სევდა სიბრაზედ ექცევა, სიბრაზე ძალას შემატებს _ მეთქი… მაგრამ ერთ დღეს, ვოლიერში შესულს ყელგასისხლიანებული პირატი ჯერის ბუდრუგანასთან გაშოტილი დამხვდა, სისხლით მოთხვრილი ჯერი თავზე ადგა და გაავებული ჰყეფდა. პირატს სული ამოხდენოდა, ოღონდ გეგონებოდათ, უბრალოდ ლოდინში მიძინებიაო…
1973წ.
ზედმიწევნით ახირებული კაცი
===
ვასიკოს ბრგე, მოხდენილი მამაკაცი ეთქმოდა, მაგრამ ამას იშვიათად თუ შეამჩნევდა ვინმე, რადგან პირისახეს ზამთარ-ზაფხულ ხშირი, ჩაბურდული წვერი უფარავდა, სხეულს კი _ იისფერი ყვავილებით მოხატული ხალათი, ტილოს თეთფრად შენაძრახი შარვალი, შავი, უსაშველოდ გრძელი ლაბადა და თავზე ჰაიჰარად დახურული ნაცრისფერი, კიდეებშემოჭმული მაღალი ქუდი. ასეთი ჩაცმულობით, რა თქმა უნდა, პირველსავე შემხვედრს აოცებდა, ან ღიმილს ჰგვრიდა. ამასთანავე იმიტომაც თვლიდნენ ახირებული ჭკუის პატრონად, რომ სათქმელის დამალვა არ უყვარდა, არც განწყობილების შენიღბვას ცდილობდა. ემღერებოდა _ მღეროდა, ეტირებოდა _ ტიროდა, გამიზნულ მოჩვენებითობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ხალხას უყვარდა ვასიკო, ზოგს ეცოდებოდა და იმიტომ, ზოგი კი თავშესაქცევს ხედავდა მასში, სხვები სიმართლისა და გულუბრყვილობისათვის აფასებდნენ. ვასიკოსაც უყვარდა ხალხი, მაგრამ უაღრესად სწყინდა, როცა ხვდებოდა ჩემი ნათქვამის არ სჯერათ და დაცინვას მიპირებენო. მაშინ შეიძლება ატირებულიყო კიდეც. ის კი არა, ერთხანს ბაზრიდანაც გადაიკარგებოდა და პატარა ქალაქის პატარა ბაზარიც უიმისოდ თითქოს ეშხს და მარიფათს ჰკარგავდა. მალე ისევ მობრუნდებოდა, რათა თავისი ალალ-მართალი შრომით ლუკმაპურის საფასური ეშოვა. ბაზარში ვასიკო ფარდულებისა და მაღაზიების დახლიდარებისა თუ გამგეების იაფფასიანი, დაუზარებელი მეკურტნე გახლდათ. აქ, იგი ჭკუასაკითხავ კაცადაც შეიძლება მიეჩნიათ, თუ ვინმე სამოცდაოთხუჯრიან შაშით დაინტერესდებოდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო ვასიკო, ყოველთვის ხელმისაწვდომზე ჰქონდა შენახული ხმარებისგან კიდეებშემოფცქვნილი ქვები და ფერგადასული, ალაგ-ალაგ ჩაყვითლებული მუყაოს დაფა. ხუმრობით ბაზრის ჩემპიონსაც ეძახდნენ, რითაც ამაყობდა კიდეც. თუ ვასიკოს გულის მოგება გსურდათ, მასთან შაშის თამაშზე უარი არ უნდა გეთქვათ; შემოთავაზებით, აუცილებლად შემოგთავაზებდათ, თუკი შეამჩნევდა, რომ თავისუფალი დრო გქონდათ. ბევრი თამაშობდა ვასიკოსთან შაშს; ზოგი თავშესაქცევად, ზოგსაც ენიძლავებოდნენ, თუ ბაზრის ჩემპიონს მოუგებ, ამდენ და ამდენ ბოთლ ღვინოს ვკისრულობო, ზოგიც თავად იყო დაინტერესებული ვასიკოსთვის მოეგო. ღვინოს ნაკლებად სვამდა ვასიკო, თითქმის იშვიათად, მაგრამ ზედიზედ რამდენიმე პარტიას რომ მოიგებდა, მაშინ ნამდვილად შეზარხოშებული გეგონებოდათ. სახეგაბადრული და თვლებგაბრწყინებული გაიჩაჩხებოდა და კმაყოფილებით იტყოდა:
-ასე უნდა თამაში, აბა!..
-ვინ გასწავლა, კაცო, ასე კარგად ”დამკის” თამაში?-უმალ შეპარვით ჰკითხავდა ვიღაც.
ვასიკოს კიდევ უფრო გაებადრებოდა სახე.
-ჩემმა მეუღლემ!-ამაყად განაცხადებდა და თითებით ჩაბურდულ წვერს მოიქექავდა.
-რომელმა, ცოლი რომ არ გყავს?!-განგებ გაიკვირვებდა ვიღაც.
-მყავდა, აბა ყოველთვის ასე ხომ არ ვიქნებოდი,
-ხელებს გაშლიდა ვასიკო და ხალისიანად დაიწყებდა ყველასთვის ცნობილი ამბავის მოყოლას.
მსმენელები ერთხანს მზაკვრული ყურადღებით უსმენდნენ, მერე რომელიმე ერთბაშად გადაიხარხარებდა და ვასიკოს შარს მოსდებდა… შენ იმ ქალს, ისე არ გაუშვებდიო. იგი კი მთელი სიდინჯით მოყვებოდა მტკიცებას, ხელი არ წამიკარებია, დედის სულს გეფიცებიო.
-აბა, შენი ცოლი საიდან იყო?!-იღრიალებდნენ მაშინ ბიჭები.
-იყო!-მარჯვენას აღმართავდა ვასიკო,-ჩვენ ერთმანეთი გვსურდა და გვეწადა, მეტი რაღა გინდათ!-და ისე ერთბაშად შეიცვლებოდა, ეჭვი შეგეპარებოდა, მართალც ვასიკოა ეს, თუ არაო. როცა აღარ დაუჯერებდნენ, ხელს ჩაიქნევდა და წავიდოდა, ანუ როგორც შემდეგ ერთი პენსიონერი ინტელიგენტი იტყოდა: ”თვალზე ცრემლმომდგარი მოხარხარე ბრბოს მიატოვებდა…”
ის ამბავი კი მოკლედ ასე ითქმებოდა: ოცდაათ წელს მიტანებული ვასიკო თბილისის რკინიგზის სადგურში მუშაობდა მტვირთავად. ”შეძლებული ვიყავი და შესახედავადაც არა მიშავდა, აბა…”-თამამდ იტყოდა იგი. ერთხელ, საღამოხანს მოსკოვის მატარებელს ვიღაც ქალი ჩამოყვა. ”პირდაპირ ცურავდა კაბაში, დაბრაწული ლოყები ჰქონდა.” კაბაში ცურავდაო, სიგამხდრეს კი არ აყვედრიდა, ზოგჯერ იმასაც დაუმატებდა; ისე იყო გათქვირებულიო…” ჰოდა, ვასიკომ იმ ქალის ჩემოდნებს დასტაცა ხელი. მიდის ვასიკო, მიაქვს ორი ვეებერთელა ჩემოდანი, მისდევს ქალი უკან და ხმას არ იღებს. ბოლოს დაიღალა კაცი, დადგა ჩემოდნები, მიბრუნდა და თანამგზავრს მიაჩერდა. ”ბინა მაქვს მოსაძებნი…” დაბნეულად უმხელს ქალი და თითქოს მობოდიშებით უღიმის. ვასიკოს რცხვენია, წითლდება კიდეც და წუხს… ”ამ ანგელოზ ქალს ამ ღამე ბინის საძებრად რაზე უნდა ჰქონდეს საქმე?!” მერე გამბედაობას იკრეფს: ”თუ ჩემთან იკადრებთ…” ქალი დაკვირვებით ათვალიერებს და მხრებს იჩეჩავს. ვასიკო უცინის, ჩემოდნებს იღებს და მიდის. იგი სადგურთან ახლოს ცხოვრობს, პატარა ოთახი უკავია ქუჩის განაპირას. იმ ოთახში ისტუმრა ქალი... ვახშმად, რაც კი სასმელ-საჭმელი გააჩნდა, ყველაფერი სუფრაზე გამოიტანა. ”ისე მადიანად ჭამდა, სიხარულისგან აღარ ვიყავი კაცი, შემხედავდა და ღიმილად იქცეოდა…” ეს იყო საუბარს ვერ მოაბეს თავი. ვასიკოს სატრფიალო გამოთქმების არცოდნა ბოჭავდა, ქალიც მორცხვად ახამხამებდა თვალებს. ამიტომ ნავახშმევს ჩემოდნიდან შაშს იღებს და მასპინძელს ორაზროვნად უცინის. ”რომ ვუთხარი, თამში არ ვიცი მეთქი, გაკვირვებად იქცა, რა იცოდა ბაღნობიდან ტვირთი რომ მედო მხრებზე…” _ოხვრით იტყოდა ვასიკო და უმალ დაუმატებდა: ”მერე სიცილ-სიცილში ისე ჩქარა მასწავლა, ერთი ორჯერ კინაღამ მოვუგე!..”ბოლოს დაქანცულ სტუმარს ძილი მოეძალა. ”გავშალე ლოგინი და გარეთ გამოვედი, აბა ქალს თავზე ხომ არ დავადგებოდი?!” გასვლით კი გავიდა, მაგრამ უკან მიბრუნებას კარგა ხანს ვეღარ ბედავს. სულაფორიაქებული, უთავბოლოდ ხეტიალობს სახლის გარშემო, მერე გამბედაობას იკრეფს, ოთახში ფეხაკრეფით შედის და უგემურად წვება მაგიდასთან, იატაკზე. წევს ვასიკო, განძრევისა ეშინია და იმ ქალზე ფიქრობს: ”პირდაპირ ცეცხლის ალში ვიყავი გახვეული, ვგრძნობ, იმ დალოცვილსაც არ ძინავს და ჩემზე ფიქრობს, სუნთქვა გვესმის ერთამანეთის…” ესაა და ეს… იმ ღამეს თეთრად ათენებს ვასიკო, ალიონისას კი ცოტა ხანს ჩათვლემს. აი, მაშინ მიდის ის ქალი. ადგა და წავიდაო, ამბობდა ვასიკო; ”გაიპარაო…” _არასდროს იტყოდა და სხვისგან თუ გაიგონებდა ამისდამაგვარს, უმალ მოიღუშებოდა. წავიდა გაიმეორებდა მტკიცედ, თან იმაზე წუხდა, იმოდენა ჩემოდნები როგორ წაიღო, წელს მოწყვეტდაო. მერე ერთბაშად გაიღიმებდა; ”დამკა” კი სახსოვრად დაეტოვებინა...” კმაყოფილებით ჩაიდუდუნებდა და თითებით ჩვეულებისამებრ წვერ-ულვაშს მოიქექავდა.…იმ დღესაც ასე იყო; ვიღაც მემწვანილეს ვასიკომ ზედიზედ მოუგო ხუთი ხელი შაშის პარტია და ახლა თავის ამბავს ჰყვებოდა ხალისიანად… ჯერ ის მემწვანილე აუხირდა, თუ არ გაკარებიხარ, შენი ცოლი საიდან იყოო, მერე სხვებმა ათასნაირი სისულელე უთხრეს. ზოგს უკვე ეჭვი ეპარებოდა, ეს კაცი ნამდვილად რაღაცას გვიმალავსო და ცდილობდნენ იმ ამბიდან რაიმე ახალი ეთქმევინებინათ.
-იყო!-მტკიცედ განაცხადა ვასიკომ,-იყო… იმ ღამეს იმ ქალმა იფიქრა ნეტა ეს კაცი ჩემთან მოვიდესო და მეც ვიფიქრე, ნეტა მიმიყვანა მეთქი.ღრიანცელმა საგრძნობლად იმატა.
-ვაა!-შესძახა მემწვანილემ,-რამდენი რამე მე მიფიქრია…
-თუ გიფიქრია, გაგიკეთებია კიდეც,-დინჯად მიუგო ვასიკომ.
-ეჰე, გუშინ ვინატრე, რასაც ლადიკოს მაღაზია ივაჭრებს, ნეტა ამაწაპნია _მეთქი, ამიწაპნია ხომ?-სიცილისგან ჩაბჟირდა ვიღაც მთვრალი.
-მოგიპარავს!-გასაოცარი სიდინჯით დაუმოწმა ვასიკომ.
-არ გამაგიჟო,-არ მოეშვა ის ვიღაც,-აბა მე, ქურდი ვარ ხომ?..
-კი,-არ აწყენინა ვასიკომ და მშვიდად თქვა,-ვინც რას ფიქრობს, იმაზე უნდა აგოს პასუხი, შენ კი, თუ სიმართლე გინდა, ქურდობაზე უნდა ჩაგსვან,-და უცებ, ყველასადა მოულოდნელად, აღიმაღლა ხმა,-შენ კი მკვლელობაზე!..-ახლა ცხვირგაწითლებულ მსუქან ყასაბს შეხედა,-ხომ გიფიქრია, ნეტა ჩემს კონკურენტ გერონტის სული გავარდებოდესო, ჩათვალე, გინდა მოგეკლას. ხომ ვთქვი, ყველამ თავის ფიქრსა და სურვილზე აგოს პასუხი -მეთქი,-თითქოს დაიქადნა:-ერთი კაცის ცოლი ვიცი, რამდენ კაი ვაჟკაცს დაინახავს, თვალებად იქცევა, წყალი არ გაუვა, იმ ქალს ფიქრით ერთი ას კაცთან შეუცოდავს, ტყუილად ფიქრობს მისი ქმარი, პატიოსანი ცოლი მყავსო. თუ დრო და პირობები შეექმნა, არაფერს არ დაიკლებს, არც შენ დატოვებ ლადიკოს მაღაზიას გაუქურდავს და შენც არ დაგწყდება გული, გერონტი მეყასბე ხარის რქებზე აცმული რომ ნახო. ასეა ეს, აბა რატომ არ გჯერათ, ის ქალი რომ ჩემი მეუღლე იყო, მარტო მე არ მიფიქრია მასზე, ისიც ჩემზე ფიქრობდა. სიმორცხვე და უდროობა რა სახსენებელია ფიქრთან და სურვილთან, ხომ ვგრძნობდით ერთმანეთს, ხომ ვგრძნობდით…
ვინღა უსმენდა ვასიკოს, ერთი აურზაური იდგა, იმ მთვრალმა დასარტყმელადაც კი წაიწია.
-უყურე ამ გლახაკს!!!-ჩახლეჩილი ხმით ყვიროდა იგი,-ქურდები, მკვლელები და კახპები არ გაგვხადა ეს პატიოსანი ხალხი? ვინ გაქურდეთ და ვინ მოკალითო, ფიქრის და ნატვრის ანგარიში არ მოგვთხოვა? მე მაგის…
-შეეშვი, გიჟიაო!-ამშვიდებდნენ.
პენსიონერი ინტელიგენტი კი ავტორიტეტულად ამტკიცებდა, ზედმიწევნით ახირებული კაციაო. მაგრამ უკვე არც ვასიკო აქცევდა ვინმეს ყურადღებას. შაშის ქვები ლაბადის ჯიბეებში ჩაედო, მუყაოს ძველისძველი დაფა კი სათუთად მიეკრა მკერდზე, ხალხის რკალს მიარღვევდა და თავისთვის ჩურჩულებდა:
-ღმერთმა ყველას თქვენ-თქვენი სურვილი შეგისრულოთ, ღმერთმა ყველას… ერთ დღეს, ერთბაშად…ბრაზობდა თუ შენდობას უცხადებდა მოკამათეთ, ძნელი შესამჩნევი იყო.
1993წ
(ამონაკრების აკრეფა გაგრძელდება...)
Комментариев нет:
Отправить комментарий