ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 4 января 2008 г.

”მემკვიდრე” (მოთხრობების კრებული), გამომცემლობა ”ნაკადული”, 1984 წ. _ "The Hire." Collected stories. P. H. "Nakaduli", 1984

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
----
ჯანრი გოგეშვილი


”მემკვიდრე” (მოთხრობების კრებული), გამომცემლობა ”ნაკადული”, 1984 წ.



Janri Gogeshvili



"The Hire." Collected stories. P. H. "Nakaduli", 1984

ტირაჟი 10000






ანოტაცია

წლები მიდიან და ადამიანის სულში სიხარულისა და ტკივილის ნაკვალევს ტოვებენ... წლები მიდიან და ჩვენთვის მრავალი რამ ხდება ნათელი და ადვილად შესაცნობი...
მაგრამ ყმაწვილობის დროინდელი სიწრფელე კვლავაც და კვლავაც გვიწევს ერთგულ მეგზურობას...
აი, ის ძირითადი, რაც კრებულში შესულ მოთხრობებს აერთიანებს.

სარჩევი

მემკვიდრე
გრიგალში
ომისდროინდელი რელიქვია
მარცვალი
სინამდვილე
მეთერთმეტე ფეხბურთელი
ყველა ღალატის ჯიბრზე
მორევი
ძახილი
მოუნანიებელი ცოდვა



გრიგალში

ქარი ქშუილითა და ქშენით აწყდება კედლებს და ფარღალალა კარებში სისინებს.
სადალაქოში გვარიანად ცივა.
ექვსი კაციდან ექვსივეს ჩექმები გვაცვია და შიგადაშიგ ექვსივე გულიანად ვაბაკუნებთ ფეხებს იატაკზე.
ილიკო დალაქი სწრაფად ამოძრავებს სამართებელს სავარძელში მჯდომი ბერიკაცის, ანთიმოზის გასაპნულ სახეზე. ზოგჯერ კი, უცაბედად ჩერდება და მასთან ერთად ხელების დაორთქვლასა და ფეხების ბაკუნს იწყებს.
-აა, ბიჭო, ჩქარა, შემეყინა საპონი სახეზე,-აჩქარებს ბოლოს ანთიმოზი.
-რაც თავი მახსოვს, ამფერ ქარს არ მოვსწრებივარ,-თითქოს ყველა იქ მყოფის ნააზრევს დასკვნას უკეთებსო, ისე ხაზგასმით ამბობის გრძელ სკამზე ჩემ გვერდით მჯდომი ზორბა ტანის მამაკაცი, სახელად ნესტორი.
-აბა, ქარფისია!-უმოწმებს გიორგი, მისი ხნისა და მისი სიმაღლის ძვალტყავა კაცი,-ელექტრონიც რომ გამოთიშეს, გაეყინა ილიკოს მაკრატლის ჩახჩახში ხელი.
-რა დროს ელექტრონია, ამ ქარში შეიძლება ელექტრონის გაშვება?!-გაბრაზება ემჩნევა ნესტორს,-ხომ გადაბუგა ყველაფერი…
-ილიკო, პაწე ჩქარა, თვარა დაგვაგვიანდა სატირალში!-აფრთხილებს გიორგი ხეების დაორთქვლის ეშხში შესულ დალაქს.
-რა მაინცადამაინც ახლა მოკვდა ის ჩემი ცოდვით სავსე. ისე, თქვენ ორ თვეში ერთხელ თუ იპარსავდით,-კიდევ ერთხელ იწყებს ანთიმოზის გასაპვნას იგი.
-ბოდიში მოგიხდია, მე ყოველ ორ დღეში შენთანა ვარ,-ესიტყვება ნესტორი და ამაყად მიყურებს.
ქარი შიგადაშიგ ორმაგი ძალით ეხეთქება წინა კედელს, კარებს აჯანჯღარებს, ფანჯრის მინებს აზანზარებს, გვერდის მხარის კედელს ეგლისება, სახურავზე დათარეშობს, ბრდღვინავს, მორიგ კრამიტს აგდებს ძირს და ზრიალით ან ყრუდ ანარცხებს მიწას.
-დაგვაგქცია მაგ უპატრონომ, სახლისთვის ვერ შეგვიხედია,-დაუძლურებული ხმით ამბობს გიორგი.
-აბა, დღისით, მზისით, ჩვენ თვალწინ უღებს ყველაფერს ბოლოს,-ეხმაურება ილიკო,-რამდენი ზარალია… ფოთში უნდა ნახო, იქინე ქარი იცის…
-ფოთში რა გინდა ქარის სანახავად, აქანე განგრევს, შე უპატრონო,-ბუზღუნებს ნესტორი.
ვიღაც დაუდევრად და მუშტმიწყობით აბრახუნებს კარზე.
-ვინაა კიდო?-ბრაზიანად შეიძახა ილიკომ,-არკაცს არ გავპარსავ, გაყინული და მთელი დღის უჭმელი ვარ…
თენგიზი, საულვაშე შეღინღლული ჭაბუკი, აღებს შიგნიდან კარს.
-ნელა!..-ეუბნება მოსულს.
მაგრამ ქარი ერთბაშად სტაცებს ხელიდან კარს და ზედიზედ ახეთქებს კედელს.
-დაგექცა ოჯახი, რა მხარბეჭი შენ გაქვს, რომ ვერ შემოეტიე!-უყვირის ახალმოსულს, ჩია ტანის წარბებგადაგლესილ მამაკაცს დალაქი.
-გამარჯობათ!...-მაინც რიხიანად გვესალმება იგი,-შენ რა გაღრიალებს ბიჭო?-კუშტად აჩერდება მერე ილიკოს.
-რავა რა მაღრიალებს, ხომ ხედავ, ვიყინებით,-არ უთმობს დამხვდური.
-სახლი რაფერ გაქვს, რეზოია?-თითქოსდა ამშვიდებს საჩხუბრად ალესილს გიორგი.
-ყრის კრამიტს ნელ-ნელა,-ირონიით პასუხობს იგი და ილიკოს ერთხელ კიდევ ცივად ახედ-დახედავს.
-დაგვაქცევს, ასე თუ გასტანა,-მუხლებზე ხელს ირტყამს ნესტორი.
-ივლიანე სადაა?-ვაჟიშვილზე ეკითხება რევაზი.
-მგონი, სანადიროდ.
-გაგიჟდა?!
-გაგიჟებული არაა?!
-გაგუდავს ქარი.
-ისე, ახლა იხვი იქნება?-ტყუილია,-თავმომწონედ ერევა საუბარში ილიკო.
-იხვი იქნება და რომელი, მარა ფიჩორამდე ჩასვლა არ გინდა?!-ნიშნისმოგებით ეპასუხება რევაზი.
-წამოფრენას ვერ გაბედავს, ნეტა ერთი ვილისი მომცა,-თავისას არ იშლის დალაქი,-აციმციმებულ ჭროღა თვალებს წკურავს და ხელებს იორთქლავს.
-ჩქარა, დაგვაგვიანდება!-დაგუდული ხმით გაჰყვირის ნესტორი.
-სად მიხვალ?!-გაოცება ემჩნევა რევაზს.
-შუხუთში, სატირალში,-უხალისოდ ეპასუხება გიორგი.
-ვინ მოკვდა?
-ბათლომე იმნაიშვილი, მამიას ბიძაა და იმას მივყვებით…
-აგაშენათ ღმერთმა, იქით კი ჩაგრეკავთ ქარი, მარა აქეთ?..
-აქეთ მობრუნება რათ უნდათ, ქვეყანა მაინც ინგრევა და ბარეღმა გაყვნენ ომ ცხონებულს,-იღრიჯება ილიკო.
-მე თუ მიკითხავთ, ახლა დალევა ჯობს ყოლიფერს. დაჯექი ბუხრის პირას და წრუპე ადესა გალეშვამდე. გამოღვიძებულს ან ქარი დაგხვდება ჩამდგარი, ან ქვეყანა დანგრეული,-დინჯად ამბობს გიორგი და თავისი აღმოჩენით კმაყოფილი იღიმება.
-კარგი აზრია, ვის გაქვთ ადესა?-პირდაპირ საქმეზე გადადის რევაზი და შეპარვით გვათვალიერებს.
-ახლა ჭურის თავზე მისვლა არ გინდა?-ვამბობ მე,-ნაგვით აგევსება ღვინო…
-აბა, მე ამოღებული მაქვს, ვინაა სმის ხოშზე?-გამომწვევად აცხადებს რევაზი და გულღიად გვეპატიჟება,-წამო, დავლიოთ, მამაჩემიც უნდა დავათრო, თორემ მარცხს იზამს, ამ ხნის კაცმა ორჯერ მოინდომა სახურავზე გასვლა და კრამიტების გასწორება…
-ხომ არ გაგიჟდი, სახლი რად უნდა, თუ თავი გადააყოლა-ჩვეულებისამებრ გაბრაზება ემჩნევა ნესტორს.
-აბა, ჰე…-რევაზი თენგიზს მკლავში ხელს ჰკიდებს და კარისკენ ებიძგება,-როსტომა, გამოდი მაქედან, რას უყურებ,-მსაყვედურობს მე.
-გმადლობთ, წვერი მაქვს გასაპარსი, ხვალ მივდივარ და…-რატომღაც ვიმორცხვებ.
-ხვალამდე უშველებელი დროა, იქნებ ქალაქში რომ ხარ, აღარ გვკადრულობ?-ცალყბად მეკითხება.
-კაი, თუ ძმა ხარ! აბა, წამოდი, შენც წამოდი, ანთიმოზ, თუ შენც სატირალში მიხვალ?
-ჩემი თავი შენ გენაცვალოს, მარა…-ნაძალადევად ისაწყლებს თავს დალაქის ”ტყვეობიდან” თავდახსნილი ანთიმოზი.
-აბა, წავედით!-მკლავზე ხელს მკიდებს რევაზი, თითქოსდა ადგომაში მშველის და კარისკენ მივყავარ…
აღარ ვუძალიანდები.
ხმაურით გავდივართ გარეთ. სადალაქოდან შეძახილებით გვაცილებენ.
ქარი ჯიქურ გვეჯაჯგურება.
ქურთუკებს მჭიდროდ ვიხვევთ ტანზე და გავრბივართ.
ორსართულიანი სახლის სახურავზე მიყუდებულ კიბეზე, რომლის ორივე მხარე ორ ქალს, ხანშიშესულსა და ახალგაზრდას ეჭირა, პატარა, გამხდარი ბერიკაცი ადიოდა.
-გაგიჟდა, თუ რაა აგი!-დაიძახა ეზოში შესვლისთანავე ჩვენმა მასპინძელმა და წუთით შეყოვნებული, კვლავ გაიქცა.
მივყევით.
-რაფერ აუშვით ზევით, მამა, ჩამოდი ძირს, ჩამოდი ჩქარა!-აყვირდა იგი.
-ვინ დაგიჯერა, შვილო, ვუთხარით და კინაღამ დაგვხოცა, რამდენი კრამიტი ჩამოვარდა, იმდენი გადაირია და ძალით მიგვადგმია კიბე,-შესჩივლა დედამ.
მოხუცმა ალმაცერად ჩამოგვხედა და ერთი საფეხურით კვლავ ზემოთ ააბიჯა.
ქარმა ერთიანად დაქროლა და კიბე ზამბარასავით აათამაშა.
-ჩამოდი ძირს, გესმის თუ არა, შე კაცო! კრამიტს უნდა შეაკლა თავი?-შეუყვირა შვილმა და კიბეს ჩაეჭიდა.
მოხუცი ერთბაშად მიეკრა სახელურს, რაღაც დაიძახა.
მის დასაშინებლად რევაზმა ახლა თავად შეაქანა კიბე და მთელი ხმით გააბა:
-ჩამოდი ძირს, ჩამოდი, მე შენ გეუბნები!-შეშინებული და დაბნეული ბერიკაცი ბუზღუნით დაეშვა ძირს.
-რამ გაგაგიჟა, თუ იცი!-შეუყვირა კიბიდან ჩამოსვლისთანავე შვილს, და ჯიქურად მიაჩერდა.
პასუხად სახურავიდან კრამიტები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა.
-ხომ ხედავ…-მრავალმნიშვნელოვნად უთხრა რევაზმა, კიბეს წაეტანა და გვთხოვა, მივხმარებოდით.
მამამისი უკმაყოფილოდ ბურტყუნებდა, თან კრამიტების ნამსხვრევებს აგროვებდა.
-მამა, გამოდი აქეთ!-თითქმის უბრძანა შვილმა, როცა კიბე სახლის სახურავს მოვაცილეთ და ღობესთან მივაყუდეთ.
-შენ, რა გენაღვლება, შენი ნაშრომი არ ინგრევა,-შეუწყრა იგი.
--ოო, რა ჯიუტი კაცია, სახლი რად გინდა, თუ თავი გადააყოლე,-ხელები მოხვია მამას და სახლის კარებისკენ წაიყვანა.
-მომშორდი, ბიჭო, შენ რა გენაღვლება…
-არ მენაღვლება… რას უშველი მერე, რომ მენაღვლება… ერთს შეასწორებ, მეორე ჩამოვარდება, ქართან ხუმრობა ვის გაუგია…
-ვის და კაცს, დაგლახებული რომ ხარ… ქარს შეუშინდება კაცი?.. გამარჯობა ბიძია შენი!-მოულოდნელად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა,-ამ გიჟის ღრიალში ვერც კი შეგამჩნიე.
მივესალმე და ხელი ჩამოვართვი.
უკვე სახლში შესულმა რევაზის მეუღლემ კარი გამოაღო და ოთახში მიგვიპატიჟა.
სულ მალე მე და თენგიზი მასპინძლებთან ერთად ბუხრის წინ დადგმულ მაგიდასთან ვისხედით.
ბუხარში ვეებერთელა კუნძი იწვოდა. ოთახში სიცივედაკრული სითბო იდგა.
ქარი თანდათან ძლიერდებოდა, გრიგალისებური გაქანება ეძლეოდა, სახლის კედლები, გეგონებოდათ კვნესოდნენ.
ოჯახის უფროსი გრიგალის ყოველ გაშმაგებაზე ხელებს მომუჭავდა და აღრენილი ილანძღებოდა.
რევაზს სევდიანად ეღიმებოდა.
-არალ-თარალი კაცი ხარ, არაფერი არ გედარდება,-უფრო ბრაზობდა მამამისი და ლამის გარეთ გავარდნილიყო სახლის სახურავზე კიბის მისადგმელად.
-მამიას სახლი მთლად დაუნგრია… რევაზიესას მთელი სახურავი ააძრო, დომენტის ნალიე კრამიტივით დაფშვნა, სიმონას…
-უტვინო, სხვების დაგლახება მე რას მიშველის, ნეტავი მე მარტო ვიყო ამ დღეში, კრამიტს მაინც ვიშოვიდი, ვიღაც ხელს გამიმართავდა. ყველას რომ გვიჭირს და ყველას რომ გვანადგურებს, ესაა უბედურება,-უთხრა მის დასამშვიდებლად ენადგაკრეფილ შვილს ბერიკაცმა.
გრიგალის სტვენასა და ქშენაში ხარბად ვსვამდით ღვინოს. ბახუსი დაუკითხავად გვიმორჩილებდა და მასთან შესარკინებლად ცბიერად გვაქეზებდა. დრო შეუმჩნევლად მიიპარებოდა.
რევაზი მონდომებით მღეროდა სუფრულს, მე და თენგიზი ვეხმიანებოდით. მერე ღვინომორეული ბერიკაციც ცდილობდა მხარის აბმას, მაგრამ ნათლად ემჩნეოდა, გულისყური სულ სხვა რამისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
იგი ყოველი კრამიტის გატეხვის ხმის გაგონებაზე ძაბავდა სმენას, სახის ნაკვთებზე აუტანელი ტკივილი ესახებოდა და შვილს თავის გადაქანებით საყვედურობდა.
-გაგეშვი, ამ კრამიტს მაინც გადავარჩენდი გატეხვას, თფუ!..
-კრამიტის მეტი რა იშოვება, ჩვენ ვიყოთ კარგად და…-წამღერებით ეუბნებოდა შვილი და შესცინოდა.
-კრამიტზე ხომ არაა საქმე,-ლუღლუღებდა მოხუცი, და თითქმის სადღაც, არსობის უსასრულობიდან გმინავდა,-დაგვჯაბნა მაგ ოხერმა, დაგჯაბნა…
1973 წ.



სინამდვილე

”მივალ და ვეტყვი, მისვლა სჯობს…” _ასე ფიქრობდა და მისვლაც ეწადა, მაგრამ მაინც თავს იკავებდა. ალბათ ეშინოდა, გოგონასი კი არა, სხვისა _ იმ მაღალი, ნიადაგ წვერგაუპარსავი კაცისა. ერთხანს სულით ავადმყოფი ეგონა, დამთხვეული მაინც, რადგან მეტწილად უაზრო გამოხედვა ჰქონდა და ერთ ადგილზე გაქვავება და ჩაშტერება სჩვეოდა. მერე გაიგო, გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობდა თურმე… და კაცის ახირებასაც სხვა ელფერი მიეცა. ახლა რამდენადაც მეტ უსიცოცხლობას ამჩნევდა, იმდენად მეტად ხარობდა. გოგოსაც ისე ვეყვარები, როგორც მამამისს _ დედამისიო. გენებზე რაღაცეები წაეკითხა და იმიტომ სჯეროდა ასე. იქნებ იმიტომაც უფრო ილტვოდა იმ გოგოსკენ. დიდი სიყვარულის იმედი ჰქონდა. იმასაც ფიქრობდა, გოგო დანახვის დღიდან მეტრფისო. მთელ ამ სამ კვირას, მისი შორიდან ცქერით ვერა ტკბებოდა. გოგოც ხომ მასავით უტეხად ვერ დაუწყებდა თვალთვალს. თითქოსდა ვერც ამჩნევდა მის სიახლოვეს. იშვიათად შეხედავდა. თუ შეხედავდა, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ხალხში იდგა, გამარჯობასაც მაშინ თუ ეტყოდა. მორცხვობს და კიდეც შვენისო, უხაროდა ბიჭს. სხვებისგანაც გაეგონა, მოკრძალებული და ჩუმი გოგოა, კარგი მეოჯახეო. სხვა რაღა უნდოდა, შესახედავად ხომ ძალიან მოსწონდა.
როგორც იქნა, გაბედა პირისპირ შეყროდა. სოფლიდან ორიოდ დღეში უნდა წასულიყო და მეტად ვეღარ დააყოვნებდა. კინოდან მომავალს გზის გასაყართან დახვდა. იმას არც გაკვირვებია მისი გამოჩენა. ჩვეულებრივად შეხედა, ისე, როგორც ნაცნობს უმზერდა.
ბიჭი წინ გადაუდგა, მკერდზე ხელი მიიდო და რაინდს რომ სჩვევია, ისე ამცნო:
-მიყვარხარ…
მუხლებში სისუსტე იგრძნო. გულისცემას ხომ ნუღარ იკითხავთ, ეგონა, სული გასძვრებოდა.
გოგონამ ოდნავ გაუღიმა და აუჩქარებლად უთხრა;
-მამაჩემს უთხარი…
ფული რომ ეთხოვა, ალბათ, ასევე ეტყოდა, მამაჩემს ესესხეო.
-რაო, რა მინდაო?-იკითხა მამამისმა, რომელიც მოსახვევში მიაბიჯებდა.
გოგო სულაც არ დამფრთხალა. ოდნავ მიაბრუნა თავი.
-ცოლობასა მთხოვს,-მშვიდად მიუგო.
-ცოლობას, ჰე…-მამამისი კვლავ მძიმედ მიაბიჯებდა,-მერე სხვა დრო ვერ ნახა! ეგ არჩილის შვილიშვილია, არა? ჰო… თუ მართლა აგრე ფიქრობ, მშობლებს უთხარი, მშობლები ხომ გყავს, ვნახოთ ქუჩაში არ წყდება ეგ საქმე,-ისე, სხვათაშორის თქვა, არც კი შეჩერებულა.
ქალიშვილიც გაჰყვა. არც რაიმე უთქვამს, არც რაიმე უნიშნებია, არც გაუღიმია წესიერად. გვერდი რომ აუარა, მხარი გაჰკრა ოდნავ, ეს იყო და ეს.
მერე იქვე შეჩერდნენ.
-გაჰყვები?-ჰკითხა მამამისმა.
-რა ვიცი, მიკითხ-მოკითხვა უნდა,-დინჯად უპასუხა გოგომ.
-ჰო, მგონი შეძლებული ხალხია, ვნახოთ… წამო!
ორთავე ზანტად მიაბიჯებდა, გოგომ ერთი კი სცადა უკან მოხედვა, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა.
ბიჭს თითქოს გულ-მკერდი ჩამოფარცხეს. სითბო დაკარგა. არ შესციებია, მაგრამ გვარიანად გააჟრჟოლა.
…მერე გრძელი ნაბიჯებით მიიჩქაროდა სადგურისაკენ. იცოდა, მატარებლის გასვლამდე ცოტა დრო დარჩენილიყო. მიიჩქაროდა და უხაროდა, ასე სწრაფად სიარული რომ შეეძლო.
1972 წ.


(ამონაკრების აკრეფა...)



Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...