ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 4 января 2008 г.

არქივში შემონახული ”ფაქტები”...

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
----
პირველი გამოქვეყნებული მოთხრობა... 8 აგვისტო, 1968 წ. (დაკ. ეპიზოდი იხ. სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... )


...
თელავი, ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკური თათბირ-სემინარი, 1974 წ.






<<<
>>>
პირველი ავტორიტეტული შეფასება...
ლიტერატურული საქართველო 18 ოქტომბერი, 1974

შეხვედრა ნიჭიერებასთან

თინა დონჟაშვილი

ეს ჯანრი გოგეშვილია. იგი შემართებით ასახავს ცხოვრების ორომტრიალში ჩართულ ადამიანებს, მათ გარემოს, საქმიანობას, მიზანსწრაფვას.
ზოგჯერ გაკვირვებასაც იწვევს ავტორის მიერ ადამიანის სულიერ სამყაროში ღრმად წვდომის, ფსიქოლოგიურ ლაბირინთებში დანახულის დამაჯერებლად, შთამბეჭდავად ასახვის უნარი, ამის საუკეთესო დასტურია შეკრებაზე წაკითხული მოთხრობა ”ყმუილი”.
ჯანრი გოგეშვილი ძალზე მოკრძალებული, სავალდებულო სამხედრო სამსახურმოხდილი ახალგაზრდაა საშუალო განათლებით, ცხოვრობს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნიგოითში და დროგამოშვებით თანამშრომლობს რაიონულ გაზეთში. იგი იმსახურებს მწერალთა კავშირის განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას, ჩემი ღრმა რწმენით, ჯანრი არ დარჩება მზრუნველთა ვალში.


ორმოცი წლის შემდეგ…

აისი 21 ნოემბერი, 2006 წ. ქართულო მიწავ

60
მებრძოლი სიტყვისსაჭურვლიანი

როგორი გრძნობა აქვს კაცს, სამოცისა რომ მოიყრება? ვალმოხდილის? სვეკეთილის? სასოწარკვეთილისა თუ დაუკმაყოფილებლის? შეიძლება ერთ-ერთი ამ გრძნობათაგანი ან იქნებ ყველა ერთად, მაგრამ სხვადასხვა დროს. და, თუ ეს კაცი მწერალია, მაშინ შეიძლება ამას მიესართოს სხვა გრძნობა-განცდანი, როგორიცაა _ ამაღლებულობისა… გამარჯვებისა ან სულაც _ ხელმოცარვისა და ა.შ.
დიახ, მწერალი კაცი არაორდინალური, განსხვავებული ფენომენია და პლუს ამას _ ეს ხელოვანი კაცი თუ არაა განებივრებული კულუარებში ჩაწყობილი პრემიებით, ძვირადღირებული რეკლამებითა და ტაშ-ფანდურით, ე.ი. ის ახლოსაა მამულის მაჯისცემასთან, ენისეულ სალმობასთან, სარწმუნოების კიდეგანთან. რამდენი შემოქმედი ვიცით, ჩვენი თუ უცხოელი, მათ შორის, ნობელისტებიც, რომელთაც დიდი რეკლამა გააჩნდათ, მაგრამ დრო-ჟამის სვლასთან ერთად არავის ახსოვს არათუ ნაწარმოები, მათი გვარ-სახელიც კი! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ეს ყველაფერი. მაშ, რომელი ხელოვანის ქმნილებაა გამძლე და ფერუცვალებელი? იმისი, რომელიც თავისი ეპოქის სიმართლით იღვაწდა, თავისი ერის ცრემლ-სიხარულით განვლო წუთისოფელი.
ეს აქსიომა გახლავთ.
ჩემი გულისხმით, უხმაურო, მაგრამ თავისი ქვეყნის პირუთვნელი მხატვრული მემატიანეა რომანისტი ჯანრი გოგეშვილი, რომლის ნაწარმოებებშიც შეუფერადებლადაა ასახული მე-20 საუკუნის ბოლო მესამედის კაცობრივ თუ სახელმწიფიფოებრივ ჯახ-ვნებათა პერიპეტიები.
მწერალი მთელი თავისი შემდგომი შემოქმედებითი ცხოვრების თვალსაწიერზე ერთგული დარჩა იმ ნათელი პრინციპებისა, რომელიც გაგვიმჟღავნა პირველ კრებულში დაბეჭდილ მოთხრობებში _ ”ძაღლები”, ”მორიგი მსხვერპლი”, ”სახლი”, ”ვალი”, ”ზედმიწევნით ახირებული კაცი”, ხოლო ეს პრინციპები გახლდათ _ უკეთურებასთან შეუგუებლობა, შეუცნობელის ძიება და მისკენ დაუოკებელი ლტოლვა, განწმენდა სულიერი და განწმენდა გვამიერი.
თითზე ჩამოსათვლელ მწერალთაგან ჯანრი გოგეშვილი ერთ-ერთია, ვინაც თავის შემოქმედებას ჰგავს; ე. ი. იგი იმ დოქტრინის აღმასრულებელია, რასაც წიგნად აკინძული გონება _ ნიჭი კარნახობს, უკეთ რომ განვსაზღვროთ _ იგი გარემო მწიკვლისაგან თავდაღწევას ლამობს და ეს წუთისოფელიც დიად განსაბანელად აქვს წარმოჩენილი!
თუკი, ერთ შემთხვევაში, აიეტისა (რომანი ”სიყვარულის კრემატორიუმი”) და ჯუანშერის (რომანი ”გამთენებელი ღამისა”) მხარდამხარ, საწუთროული ლაბირინთის გავლისას, ირეალურ-ფანტასტიკურ სივრცეში გვიწევს თანამყოფობა არცთუ იშვიათად, სხვა დროს, საურმაგისა (რომანი ”თეთრი კედელი”) და ყმაწვილი გულბაათის (რომანი ”რომელსა შენ მდევნი”) ფათერაკების თანამონაწილენი უფრორე ცოდვილნი დედამიწაზე ვეშვებით და ცხოვრებისეული შუქ-ჩრდილებიც ჩვენთვის ასატანია და ყმაწვილისეული ჯვარიც ჩვენთვისაც გასაგები ხდება.
რომანებში არაერთ დაუვიწყარ პოეტურ სახეს შევხვდებით _ ”ნაბადი ხელებზე ცხედარივით ესვენა” _ ”ღამე სიჩუმეს მიყურადებული ფრინველივით განაბულიყო”… _ ”საყვედურით შეფერადებული თვალები” _ ”გაუთავებელი ფუსფუსისგან დაღლილი სოფელი თითქოს ერთ ვეებერთელა ლოგინში ჩაწოლილიყო და თვლემდა”…
არის საკუთარი შესაძლებლობების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პერსონაჟის მიერ თვითგვემის განცდის მომენტებიც: _ ”საშინლად მომინდება, საკუთარ თავს პანღური ამოვარტყა!”
აბსოლუტურად თანამედროვედ ჟღერს მწერლის ოცი წლის წინანდელი დაკვირვება: _ ”ნორჩი მეშჩანები მხოლოდ თავიანთ სურვილებს მორგებული მორალით ცხოვრობდნენ, რადგან მათ ფეხის ხმას ადევნებული ახალგაზრდობის უმეტესობა მათივე ცხოვრებას შესტრფოდა”.
ალბათ, ჯანრი გოგეშვილის ცხოვრების მრწამს გამოხატავს მწერლის პირველი რომანის ”თეთრი კედლის” მთავარი გმირი საურმაგი: _ ”კაცმა შენი წილი სიცოცხლე ლამაზ ჭიდილში უნდა გალიო და, თუ მხოლოდ წამებაა ეს ცხოვრება, ადამიანური მოვალეობა გვაიძულებს, ლამაზად მაინც ვეწამოთ”…
მწერლის რომანებში არაერთი მისაბაძი გმირი და პოეტური სახეა დასამახსოვრებელი… რაც მთავარია, მისი წიგნები შეუნელებელი ინტერესით იკითხება და ყოველი თაობის მკითხველი იპოვის იმდაგვარ სიბრძნეს, რომელიც ჩააფიქრებს და წუთისოფლის ბარიერების დაძლევაში დაეხმარება კიდეც.
ასე მგონია _ ”ცნობიერების ნაკადის” ვითარცა შემოქმედებითი მეთოდის მხატვრული ხორცშესხმა ჯანრი გოგეშვილის ქმნილებებშია ყველაზე უკეთ გამოვლენილი! ასევე, ბატონი ჯანრი გახლავთ ძალზე ორიგინალური მიმართულების ალმანახ ”ხატოვანი მოტივაციების” მთავარი რედაქტორი და გამომცემელი.
მე მხურვალედ ვულოცავ, ვითარცა კოლეგა, მწერალ ჯანრი გოგეშვილს ექვსი ათეული წლის მწვერვალზე ლუხუმივით შედგომას და სიმხნევესთან ერთად ვუსურვებ ახალ შემოქმედებით გამარჯვებებს. მას შემიძლია თამამდ ვუწოდო ”ცნობილი”, ”შესანიშნავი”, ”გამოჩენილი”, ”ბრწყინვალე” ან ”დიდი” მწერალი, მაგრამ, რადგანაც კეთილად ვუწყი, რომ ეს გამონათქვამები ჯანრისთვის მხოლოდ ბიჟუტერიაა და სხვა არაფერი, მიუკერძოებლად შემიძლია შემდეგი განვაცხადო _ ის არის იმ 10-12 მწერალთა შორის, რომელთაც შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე საქართველოს მაღალნიჭიერი, პირუთვნელი მხატვრული მეისტორიენი… ამასთან, მომავლის მკითხველისათვის, ვისაც მე-20-21 საუკუნეთა მართალი მაჯისცემის გაგება სურს, სხვებთან ერთად, ჯანრი გოგეშვილის ორიგინალურ პროზაში იგი უსათუოდ იპოვის _ ამაღლებულ, რაინდულ, გულწრფელ და ჩქერალივით უტეხ სულისკვეთებას!

გრიგოლ რუხაია

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...