ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 4 января 2008 г.

...რომელსა შენ მდევნი”... (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ. _ "The One You Pursue." novel. P. H. "Merani," 1991

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი

…”რომელსა შენ მდევნი”… (რომანი), გამომცემლობა ”მერანი” 1991 წ.

"The One You Pursue." novel. P. H. "Merani," 1991

1986-1987წ.

ტირაჟი 10 000



ანოტაცია…

რომანს …”რომელსა შენ მდევნი”… ქვეტექსტად ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება ახლავს: ბრმა მორჩილებას ულმობლობა მოსდევს, ქვეყნად აღზევებულ სისასტიკეს კი დედაშვილური გრძნობის შებღავლაც ძალუძს… დიახ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში მოკვეთით ემუქრებიან სათუთი ბუნების ყმაწვილს, რომელიც სამყაროს შეცნობას ის-ისაა ეშურება. ვისთვისაც მოყვასის არგამოსარჩლება ღალატია, ხოლო ოჯახის ღირსების დაცვა _ წმიდათაწმიდა მოვალეობა.

…რომელსა შენ მდევნი…
ერთი თავი რომანიდან…

”… სასიკვდილოდ დაჭრილი კაცი მიწაზე ეგდო, საცოდავად იკლაკნებოდა და კვნესოდა, ძალზე ეწადა ლამაზად შეგეგებოდა სიკვდილს, მაგრამ სხეული აღარ ემორჩილებოდა. ალიონისას მწვანე მთებზე შეფენილი ნისლი დაბლობისკენ მიიძურწებოდა. კაცი თანდათან სუსტებოდა და ამასთანავე თითქოს სიმშვიდე ეუფლებოდა. ცვრიან, ხასახასა ბალახზე იწვა, და წარმოიდგინეთ გრძნობდა ამას. ერთი ხელი ნაღმისგან დაფლეთილ მუცელზე ედო, მეორე ხელით კი ცვრიანი ბალახი ჩაებღუჯა. ახლა კირიონი ცვრიან ბალახს უფრო გრძნობდა, ვიდრე სიკვდილს. იგი უთენია გამოვიდა ეზოდან ხარების საძებნელად და ამ პატარა მინდორზე ნაღმს წააწყდა. ბედი უნდა ყველაფერს… გაიფიქრებდა ალბათ კირიონი, გაფიქრების თავი რომ ჰქონოდა. იგი ხომ ორივე მსოფლიო ომში იბრძოდა და სამოქალაქოშიც მიეღო მონაწილეობა, მრავალ საბედისწერო ბრძოლაში იმავ ბედს იყო მინდობილი. სიცილისმომგვრელ უცნაურობად კი ჟღერს, მაგრამ ერთხელაც არ დაჭრილა, ოდნავაც არ გაუკაწრავს ტყვიას. სასაცილოა, აბა რა, უამრავ სასიკვდილო შეტაკებაში ვაჟკაცური შემართებით იბრძოლო კაცმა და, ყველაფერ ამის მოსაგონებლად, განაკაწრიც არ გააჩნდეს. იმ სამი უშველებელი ორომტრიალიდან ასე ”მშრალად” გამოსვლა კიდეც ადარდებდა; პატიოსანი კაცი გახლდათ და წუხდა, იმ ზღვად დაღვრილ სისხლში მისი სისხლრძარღვისაც რომ არ ერია. წუხდა, ოღონდ ომი საშინლად სძულდა და მისი გახსენება ეთაკილებოდა კიდეც… და აი, დღეს უთენია გამოვიდა სახლიდან ხარების საძებნელად… ამ პატარა მინდორზე სხვებიც ხშირად მიმოდიოდნენ, მაგრამ ეტყობა, ის ნაღმი მხოლოდ მას უნდა რგებოდა ასაფეთქებლად. მთელი არსებით შეიგრძნო ეს და შვება იგრძნო. მონასტერს შუქჩამდგარი თვალებით გახედა, თითქოსდა მონაზონთა გალობა ჩაესმა, ხელი თავგამეტებით წამოსწია და პირჯვარი გადაიწერა, უგუნურთა მიმართ ღმერთს პატიება შესთხოვა… ბოლოს დაჭრილს თითქოს ტკივილები გაუყუჩდა თუ დაჰკარგა მათი შეგრძნების უნარი, გონი დაენისლა, მაგრამ რაღაც-რაღაცა მაინც გაახსენდა… მკრთალად ეჩვენა, პირველი მსოფლიო ომის დროს, მიტოვებულ სანგარში მკვდარ ჯარისკაცს რომ წააწყდა უცაბედად. შეშინებულმა ზედიზედ ესროლა ცხედარს… მოელანდა, ჯარისკაცი კიდევ ცოცხალი იყო და საცა იქნებოდა, წამოიმართებოდა, შაშხანას შემართავდა და… მივარდა და ახლა ხიშტი ჩაჰკრა, იგრძნო, მკვდარს რომ ებრძოდა, სირცხვილისგან მოიკუტა და გაჩენის დღე დასწყევლა. მერე იბღავლა, ყელში დანაგაყრილ ხარივით ამოიხრიალა, სანგრიდან ამოხტა, დიდხანს მირბოდა დაფეთებული. სამიოდ წუთის შემდეგ გონმა იმის წარმოსახვასაც მოაბა თავი, აი, იმის, შიშველი ხელებით რევოლვერიან თეთრგვარდიელს რომ შეეჭიდა, იმან სამჯერ ესროლა, სამ მეტრით დაშორებულმა სამჯერვე დააცილა… ეს კი, სამეგობროდ განწყობილი კაცივით მიიწევდა და მისი კისრისკენ ისე გაიშვირა ხელები, თითქოს მკერდზე უნდა მიიკრას და გადაკოცნოსო. როცა ახრჩობდა, ასე ეგონა, იღიმებოდა კიდეც, თითქოს ბავშვს ებღლაძუნებოდა… ბევრი რამის გახსენება მოუნდა კაცს, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა. ატყობდა, უკვე ძლიერ დაცლილიყო სისხლისგან… ხარებს ადევნებული შვილიშვილის სახე კი, ჩასახვისთანავე იცრიცებოდა, მის მაგივრად თვალმსუსხავ მუნდირში გამოწყობილ ქანდაკისებრ კაცს ხედავდა, ვეღარ მოეგონებინა, სად ან როგორ მოეკლა… სახეშეშლი ომის ფრაგმენტები, თითქოს საფლავის ქვასავით აწვებოდა მის ცნობიერებას…
კირიონს უკვე სისცოცხლის უკანასკნელი წუთებიღა დარჩა. ცვრიანი ხელი მუცელზე დაიდო, მუცელზე დადებული კი, ქვევით ჩასწია და ბალახებში შეაცურა. ნისლს მთის უბემდე ჩამოეღწია, ფენა-ფენად მოტორტმანებდა და მინდორს, საცა იყო, საბანივით დაეფინებოდა. კირიონს, უცებ ნიკორას ზმუილი შემოესმა, მერე წითელასიც. მეორე ხელიც ჩასწია ქვემოთ და ცვრიან ბალახში ნელა შეაცურა. იგი კვლავ გრძნობდა სისველეს და არასდიდებით არ ეგონა, თუ კვდებოდა. წითელამ ხაოიანი ენით სახე აულოკა, მალე ნიკორამაც მიბაძა, კირიონს ჩვეულებისამებრ ეამა მათი თვინიერი ფშვინვა, ღმერთს მადლობა შესწირა, უკანასკნელი ღონე მოიკრიბა, სისხლიანი ხელები ცვრით განიბანა, მერე ხასხასა, შეუბღალავი ბალახი მოძებნა, მოგლიჯა და ხარებს გაუწვდინა… ხარებმა ბალახი დაყნოსეს, საცოდავად შეიზმუილეს და მერე ერთხმად აბღავლდნენ…
მონასტრიდან მართლაც ისმოდა მონაზონთა გალობა, ღვთისმშობლობა ახლოვდებოდა…”
ამგვარი საფიქრალით შეპყრობილი გულბაათი, თითქმის მთელი საათი იქნებოდა გაღმა მთისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა. მხარზე ჯიმშედის ეზოდან ნამალევად წამოღებული ნაჯახი გაედო. თავისი გაანგარიშებით იმ დღეს სამი გზა მაინც უნდა გაეკეთებინა და დამოყვრებული ოჯახისათვის ჯიმშედის დაბრუნებამდე სამყოფი შეშა მოემარაგებინა. ”მერე ალბათ ხარებსაც გახედნის…” გაიფიქრა იმედიანად, მაგრამ უმალ დაეჭვდა, იქნებ ხარებიც კანონგარეშედაა გამოცხადებულიო… კვლავინდებურად შეძრწუნდა, მომაკვდავ კირიონთან აბღავლებული ხარი წამოელანდა, ჯიუტი მზერა მიაპყრო სამხრეთ-აღმოსავლეთს, მაგრამ მონასტერს და მის შემოგარენს ოდნავადაც ვერ მიაწვდინა თვალი.
წყნარი, მზიანი ამინდი იდგა. ქვეყნის სიმშვიდე თითქოსდა მედიდური დუმილით მოსილ მთებს ეპყრათ. ”იქნებ ოთხი გზის გაკეთებაც მოვასწრო…” გულხარბობდა გულბაათი, დასახული მიზნით აღფრთოვანებული დაღლას არ გრძნობდა. ნაჯახის ტარს ძალუმად უჭერდა ხელს და უკვე მოსაჭრელად ვარგის ხეს ეძებდა. ერთი ეპატარავებოდა, მეორე მეტისმეტად დიდი იყო, მესამე მისადგომად ჩანდა ძნელი და ამგვარად გართულს შიში არაფრისა ჰქონდა, ტევრის სიღრმისკენ გატაცებით მიიწევდა. ჩიტების ჭიკჭიკი და დამფრთხალი შაშვის ჭახჭახი ნაცად მეგზურივით მიაცილებდა. ერთგან ტყე გამეჩხერდა და შიგ გაველურებული ხეხილისა და ვაზის ჯიშები გამოერია. ცნობისმოყვარეობამოძალებული ბიჭი თითოეულ მათგანს აღმაფრენით აკვირდებოდა. შთამბეჭდავად ტანმსხვილსა და მომძლავრებულ ვაზს რიდით მიუახლოვდა, ფრთხილად შეავლო ხელი და სულში იდუმალების მომცველი ჟრჟოლვა ჩაეღვარა. მიხვდა, ნამოსახლარზე იმყოფებოდა. იქ, სადმე, ალბათ ერთ დროს ძელურიც იდგა. გულისყურით გააგრძელა გზა, თანდათანობით თითქოსდა გაივაკა და უცაბედად მონასტერსა და მის შემოგარენს მიაწვდინა თვალი. მოულოდნელობისგან გახევდა, აქეთკენ მომავალს იქაურობის დანახვა კი არადა, მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრაც ეძნელებოდა, ახლა კი, ნათლად აღიქვამდა ”ცხრა მთის იქით” მდებარე ეკლესიის კონტურებს, მთებს შუა მოქცეული სივრცითი ჭრილი ბუნებრივ ჭოგრიტს დამსგავსებოდა. მზერამიტაცებული თითქოსდა იმ ჭრილში მიილტვოდა და წამით ასე ეგონა, საცა იყო, მიწას მოსწყდებოდა, შეშინებული ვენახის ძირსაც კი მოეჭიდა. მერე უცაბედად გაიმკაცრა სახე, გაიხსენა, შეშად გამოსადეგი ხის პოვნასა და მოჭრას რომ ესწრაფვოდა და იქაურობას მოუცლელი კაცის იერით გაეცალა. ”თავისუფალი დრო რომ მექნება, მაშინ ამოვალ და კარგად დავათვალიერებ ამ ნამოსახლარს… აქ, ალბათ, მთელი სოფელი ცხოვრობდა…” _შეაგულიანა საკუთარი თავი და შორიახლო გადატოტილ კაკლის ხე მეხსიერებაში ”მძევალივით” მიინიშნა. სადღაც, რაღაცამ გაიშლიგინა, ბიჭს მოეჩვენა, ნამალევად ადევნებული თმაწვერულვაშგაბურძგნილი კაცი უთვალთვალებდა და ”საეჭვო მხარეს” შეუბღვირა. დაუზარებლად მიაბიჯებდა, სურდა, საპატიო მანძილზე გაშორებოდა გონებაში უკვე თავისებურ ნაკრძალად შერაცხულ ადგილს და მოსაჭრელი ხეც მერე გამოეძებნა.
ბოლოს დაიღალა, ყოყმანი შეწყვიტა და ტანშემსხვილებულ რცხილას მიაბჯინა მზერა. ხემდე მისასვლელი ბილიკი ნაჩქარევად გაკაფა, მერე ხის ტანი მხნედ შეათვალიერა, ძირის მხარე თვალით მოუზომა და ნაჯახი შემოჰკრა. საქმეს თავგამოდებით ეჭიდებოდა და ოფლად გახვითქულს არასდიდებით არ სურდა, დაღლა ეგრძნო, ნაჯახი თითქოსდა ეურჩებოდა და მინიშნებულ ჩანაჭერში ხშირად ვერ ახვედრებდა. მალე ხელისგულზე ბებერაც დააჯდა, ემწვავა, ოღონდა არ შეყოვნებულა. ეს იყო, ტარს ჩვეულებრივზე უფრო უნაცვლებდა ხელებს. ბოლოს და ბოლოს რცხილას ნაჯახით გარშემო შემოუარა, ჩანაჭრების ერთობლივი ბოლო თითქმის თითისტარივით დააწვრილა, მაგრამ შეშად გამეტებული ხე ისევ და ისევ ვერტიკალურად იდგა… დაღლილს უკვე ნაჯახის მოქნევა უჭირდა, მოლოდინით შესცქეროდა ჩაჩორკნილ ადგილს, რცხილა კი ფოთლებს ძველებურად აშრიალებდა. უნებლიეთ გაირინდა, სუნთქვა შეეკრა და პირველად იგრძნო, ჩვეულებრივი ხის წინაშე ცოდვას რომ სჩადიოდა, ”ლამაზად მაინც მოგეჭრა, რაღას აწვალებ…” უსაყვედურა საკუთარ თავს, ძალა მოიკრიბა, ნაჯახი ზედიზედ შემოჰკრა და ის ერთი ბეწო საყრდენი ადგილიც ჩაუჩეხა.
რცხილა ოდნავ შეტორტმანდა და მისკენ ზოზინით გადმოქანდა. დაბნეულმა პირი იბრუნა და იმავე მიმართულებით გაიქცა. ტკაცანით წაქცეულმა ხის წვერომ კისერთან გაუშხლართუნა. ხიფათს გაცლილი შემაღლებულ ადგილზე დაჯდა, სული მოითქვა და ამაყად დააცქერდა მოჭრილ რცხილას…
მერე ნამოსახლარისკენ გაიხედა და იქაურობას თავმომწონედ შეჰღიმილა. მონასტრის დანახვაც ინდომა, მაგრამ ამაოდ, მთებს შუა მოქცეულ სივრცობრივი ჭრილის ნიშანწყალსაც კი ვერ წააწყდა. ნაჯაფ ხელისგულებს დააცქერდა, იგრძნო, დაღლილობა მოსძალებოდა, შიმშილმაც შეახსენა თავი და იმის შიშით, სულ მთლად არ დავსუსტდეო, მარჯვედ წამოდგა. ხე ტოტებისგან გულმოდგინედ გამოწალდა არც კი დაფიქრებულა, მის წამოწევას შეეცადა. მხარზე ჭაპანწყვეტით გაიდო, ბედად ნაჯახი ხელიდან არ გაუშვა, მარჯვენა მხრიდან მომარჯვებული შუაწელთან შეაცურა, გააწონასწორა და საურმე გზისკენ დაეშვა. იქამდე მედგრად იარა, რამდენჯერმე წაიბორძიკა, მაგრამ წაქცევას გადაურჩა; არც სამშვიდობოს გაღწეულს შეუსვენია, გულუბრყვილოდ სურდა, ერთბაშად რაც შეიძლება მეტი გზა გაევლო. თავწახრილი მიიჩქაროდა, თანდათანობით არაქათი გამოელია, წელში მოიკაკვა, უცაბედად გაუსაძლისად ემძიმა ტვირთი, მხრიდან მოიშორა და ნაჯახიც ზედ მიაგდო. წარბებთან ჩამოდენილი ოფლი მაჯით გადაიწმინდა, სახე შარვლიდან ამოჩაჩული პერანგის ბოლოთი შეიმშრალა და ბოლოს ტკივილისგან ამწვარ მარცხენა მხარზე ხელი შეპარვით გადაისვა, თან გვარიანად მსხვილ, ოთხიოდე მეტრის რცხილას ორჭოფულად გადახედა, ”ეგ სახლის ბოძადაც კი გამოდგება…” თითქოსდა თავისთავს ნამუსი მოსწმინდა. შეპარვით ზომავდა ჯიმშედის სახლამდე გასავლელ მანძილს. ბოლოს დინჯად წარსდგა ნაბიჯი, ხის წამოსაწევად უშიშრად დაიხარა, აზიდა ზემოთ და მერე მის კანგადაყვლეფილ ტანზე ფრთხილად, გამოზომილად უნაცვლებდა ერთმანეთს ხელისგულებს. ის იყო, ხელებს მხარიც შეაშველა, რომ ნაჯახი გაახსენდა, მის ასაღებად დაუფიქრებლად წაიწვდინა ხელი, რა თქმა უნდა, უაზროდ გაშვერილი დაურჩა და ლამის წონასწორობა დაკარგა, ძლივსღა შეინარჩუნა მეტნაკლებად მყარი მდგომარეობა.
”ჩავიტან, მაინც ჩავიტან…” დაემუქრა უნებლიეთ ჯიმშედის მტრებს. მომჭირნედ იწყო ჩამუხვლა, ტვირთიანად ძლივსძლივობით მიუჩოჩდა ნაჯახის ტარს, თითებით წვალებით მოეჭიდა, როგორც იქნა, საბჯენივით მოიმარჯვა და მედგრად წამოიმართა.
გზა საოცრად გაწელა. გასავათებული ბიჭი შეუსვენებლად რამდენიმე მეტრის გავლას თუ ახერხებდა. უკვე წელში მოხრილი მიაჩაქჩაქებდა წილხვედრ ტვირთს. მეასედ მაინც დაასხა სიმწრის ოფლმა, მარცხენა მხარი ტკივილისგან თითქოსდა ნაბეგვ ძაღლივით უწკავწკავებდა.
შესასვენებლად შემდგარი, შიშისგან მეტისმეტად ფრთხილობდა, რათა მსხვილი ბოლოთი მიწისკენ დაშვებული რცხილა ხელიდან არ გასხლტომოდა. რამდენჯერმე მხრიდან უცაბედად გადმოცურებული ნაჯახის ყუით წვივებიც კი დაეჩეჩქვა. ერთხელ კი, კოჭთან მისი ბასრი პირიც მოხვდა, ბედად, ოდნავ ჩაუსერა ხორცი, ჭრილობიდან სისხლი გადმოსდინდა, მაგრამ მას არც კი შეუმჩნევია. აღარაფერს აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ იმ ფიქრით იყო შეპყრობილი, როგორმე ეს ხე ჯიმშედს სახლამდე მიეტანა, ვაჟკაცურად დაეგდო საჩეხზე და ნინოს დასანახად მხნედ სჭეროდა თავი.
გრძნობდა, იმ დღეს გაღმა მთისკენ ხის მოსაჭრელად მეტად ვეღარ იზამდა პირს, ამას აღარ დაგიდევდათ, ოღონდ ამჯერად არ შერცხვენილიყო, რაიმე საბედისწერო ხიფათს არ გადაყროდა, ან ფეხი არ გადაბრუნებოდა და მუხლს არ ემტყუნა, ან სადმე ხრამში არ გადაჩეხუილიყო. ისე კი, სანამ ფეხზე იდგა, სანამ სული ედგა, ამ ხეს გზაში არ მიატოვებდა. სულმოუთქმელი ინტერესით ახედავდა, რათა კვლავ ეგრძნო მისი ”ტანადობა”, რათა კვლავ დარწმუნებულიყო, რომ მართლაც უნდა გასჭირვებოდა მისი ტარება. მხარზე გადებისას გვარიანად უჭირდა მისი გაწონასწორება, ბანცალობდა, მაგრამ თავგანწირვით ლამობდა მიწაზე ფეხის მყარად მოკიდებას. მერე კვლავ ჭიანჭველასავით ცდილობდა, ვაი-ვაგლახით მიათრევდა წნეხივით ჩამომძიმებულ ტვირთს.
სოფელს რომ მიუახლოვდა, წელში გამართვა უჭირდა, ტკივილისგან დაბიჟვინებულ მხრებს ვეღარც კი ანძრევდა.
მიხვდა, ორღობეში ამგვარად დაჩაჩანაკებული შესვლა არ ივარგებდა. იქნებ, ვინმე გზად შეხვედროდა. ნაუცბათევად თუ არ დასცინებდა, შეცოდებით მაინც შეიცოდებდა, თავს რაზედ იკლავ, შვილოო, შეწუხებული სახით ეტყოდა და შესაძლოა, მიხმარებოდა კიდეც. ეს კი, ერთ შერცხვენად უღირდა, ამხელა გზაზე ნატარები ხე, როგორმე მასვე კაცურად უნდა მიეტანა ჯიმშედის სახლის ეზომდე.
გადაწყვიტა, გვარიანად შეესვენა და მომძლავრებულიყო. რცხილა გზის პირას დააგდო და ზედ ჩამოჯდა. შიმშილს აღარ დაგიდევდათ, წყურვილი კლავდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, ითმენდა.
უცებ საიდანღაც ლაპარაკის ხმა მოესმა, დაფეთებული წამოხტა და ბუჩქებში მიმალვა სცადა, სამხილებლად საშიში ნაჯახიც გაიყოლია. შემაღლებულ ადგილზე არბენილი მიხვდა, ხმა ხევგაღმიდან მოდიოდა. დამშვიდებულმა სოფელს გახედა, თვალი მოავლო, ჯიმშედის ეზო მოძებნა; მოეჩვენა, საჩეხთან ნინო იდგა, ხელში პაწია გულბაათი ეჭირა და უღიმოდა. გული შეუთბა, მოუნდა უმალვე გაეგრძელებინა გზა, მაგრამ უეცრად, ბანაკის შორიახლო, გზაჯვარედინთან, თითქოსდა შავად ალაპლაპებული ”ვოლგა” დალანდა. ფანჯარასთან ნაცნობსილუეტიანი კაცი მიყრდნობოდა. ”ოტელო…” გაიფიქრა განცვიფრებულმა და ისიც თითქოს მის თვალს მიემალაო, მსწრაფლ მანქანაში ჩაჯდა. აბორგებული გასაქცევად შეემზადა, რათა მომხდურ მტერს გამკლავებოდა, ოღონდ მოხვდა, ხეს ვერ მიატოვებდა, ღალატს ვერ ჩაიდენდა. და შავად ალაპლაპებული ”ვოლგაც” თვალს მიეფარა. ”ოტელოს, ოტელოს რაღა უნდოდა იმ გათახსირებულთან…” დაეჭვდა, ოტელო არც ისე გულუბრყვილო არ უნდა იყოსო და სიბრაზისგან დაღლილობა თითქმის ჩამოეცალა. გაწიწმატებული გაბრუნდა უკან, ხეს სწვდა, აიტაცა და ბედთან თავგანწირვით შერკინებულმა გაიდო მხარეზე.. ლამის მიძუნძულებდა, მიზანი ახლოს იყო, არადა არ უნდა ემტყუნათ მუხლებს ”ერთ გზას კიდევ რომ გავაკეთებდე დღეს…” გულუბრყვილოდ ეთათბირებოდა საკუთარ თავს, ქედწახრილი ჭიშკრისკენ გუმანით მიიწევდა.
-უიმე, ბებია, ამხელა ხე რამ აგაწევია?!-სადღაც, ეზოში შეჰყვირა უცაბედად თეოლინემ.
შემკრთალი ბიჭი შებარბაცდა, ნაჯახი ხელიდან გაუვარდა, გზა ვეღარ გააგრძელა, ნაჯახის დატოვება ესირცხვილა, არც ხის მოცილება უნდოდა მხრიდან, მერე, შესაძლოა, ადგილიდანაც ვერ დაეძრა. ნაჯახის ტარი ფეხით წამოსწია და გაწვდენილ ხელში ძლივს მოიხელთა, ლამის ჩაიკეცა, ლამის ზედ დაეცა ნაჯახის ბასრ პირს, ბედად მუხლებში გამართვა შესძლო, წინ გაქანდა.
-დააგდე, ბებია, დააგდე, რაზედ იკლავ თავს, ვიღასთვის გინდა ეგ შეშა, ნინო და ბავშვი მაინც აღარ არიან აქ… ჩამოაკითხეს მისიანებმა და ძალით წაიყვანეს. მეც, აგრ საყოლის მისახედად გამოვედი… დააგდე, ბებია, დააგდე…-შეწუხებულმა ქალმა ჭიშკარი გამოაღო,-უიმე, უიმე, ამხელა ხე რამ აგაწევია…
გულბაათი ეზოში ერთიანად მოხრილი შევიდა, საჩეხთან მიტორტმანდა და რცხილა მიწაზე დააგდო, ძლივსღა გაიმართა, ნაჯახის ტარს გაჭირვებით გაუშვა ხელი და ვითომდა დინჯად იკითხა:
-ჯიმშედი არ დაბრუნებულა?
-ვინ გამოუშვა, შვილო, ღმერთი იმას არ გაახარებს, ვინც იგი დასაჭერად გაიმეტა, მივაკითხე ჩვენს გაბერილ თავმჯდომარეს, მაგრამ ახლოს არ გამიკარა, ჩემი აყვანილი არ იყოს მაინც… სოციალისტური კანონიერების დარღვევისთვის პასუხი უნდა აგოსო, დაუჩემებია, რომელი მეკანონე ეგაა, ქურდბაცაცობის მეტი არაფერი გაუკეთებია… მოდი, შვილო, მოდი, დაისვენე…-სამზადისისკენ მიიპატიჟა.
-გამოუშვებენ…-დამაჯერებლად წარმოთქვა გულბაათმა და ქვეცნობიერად თითქოსდა ”ლეგენდარული” ბიძის მხრდაჭერა იგრძნო, კოჭთან შემხმარი სისხლი ახლაღა შეამჩნია, მოვიწმენდო, იფიქრა, მაგრამ მოხრა გაუჭირდა, მთელ სხეულში ტეხდა, ხელები საცოდავად ჩამოჰკონწიალებოდა.
-გმადლობთ, შვილო, გმადლობთ…-ნაჯაფი ხელით ბებრული სიფაქიზით მიეფერა თეოლინე,-მოდი, შვილო, მოდი, ჭიდან ცივ წყალს ამოგირებ, მოწყურებული იქნები…
გულბაათი ძალისძალად გაყოჩაღდა, მე თვითონ ამოვიღებო, ჩაილაპარაკა და ჭისკენ წალასლასდა. მერე ოწინარზე გამობმულ ჯაჭვს თავგამეტებით ჩაეჭიდა, ქვემოთკენ დაქაჩა და ვედრო წყალში ჩაძირა. წვალებით ამოიღო, წყურვილი მოიკლა, ხელ-პირიც დაიბანა და თითქოსდა მოცოცხლდა. ნერწყვმორეული შეაჩერდა სამზადიდან გამოსულ მჭადითა და ყველით ხელდამშვენებულ დედაბერს.
-მიირთვი, ბებია, მოშივებული იქნები, ისე გულის გადასაყოლებლად გაუსინჯე გემო…-თავისებურად დაუყვავა მან.
გულბაათს არ გაუპატიჟნია, შემოთავაზებული გამოართვა, მადლობა მოუხადა, გამოემშვიდობა და მის ლოცვა-კურთხევაში ჭიშკრისკენ წავიდა. პირი ლამის ნერწყვით გავსებოდა. ერთი სული ჰქონდა, თვალს როდის მიეფარებოდა. ჭამას გამალებით შეუდგა. მჭადი საოცრად ეგემრიელა, ყველის მიტანება ლამის დაავიწყდა. საცალფეხო ხიდზე მიმავალი რაღაცას თავისთვის ღიღინებდა.
უცაბედად, ხევის პირას შავად ალაპლაპებული ”ვოლგა” შეამჩნია. წამოეჩვენა, ურჩხულს გაეყარა, შეძაგძაგებული კინაღამ ხიდიდან გადავარდა, მაინც მედგრად მიიწევდა ხიფათად ქცეულ მხრისკენ. ”არ ეშვები… არა, არ ეშვები… არა, გიჩვენებ მე შენ, გიჩვენებ მე შენ…” დაჟინებით იმეორებდა გონებაში და მზად იყო, მტერს სასიკვდილოდ შებმოდა. ”ვოლგას” ჯიქურ მიადგა და მხოლოდ მაშინღა შეამჩნია, რომ შიგ არავინ იჯდა. დაბნეულმა მიმოიხედა. გაღმა მხრიდან ლაპარაკის ხმა მოესმა, ვიღაც ქალმა ჩაიკისკისა კიდეც. შეცბუნებული გასცქეროდა გამოვლილ გზას და მის გასწვრივ მდებარე ჯუჯა ხეების განშტოებული ვარჯით ჩაბურულ მიდამოს. ”წეღან, ალბათ შემამჩნიეს და დამემალნენ… ”დაასკვნა ნაუცბათევად, დაიძაბა და ახლა საიდანღაც, შორიახლოდან, კაცის ქშენა და ქალის ვედრებანარევი ჩურჩული მოესმა. მანქანას ხელი შემოჰკრა, ემწვავა, მერე კარი მოუთმენლად გამოაღო, საყვირის ახმიანება და საეჭვოდ თვალსმოფარებულთა დაფრთხობა განიზრახა. ვერ მოახერხა, განერვიულებული საჭეს მიუჯდა, დაეჯაჯგურა, ფეხი რომელიღაც სატერფულს მიაწვდინა, მუხრუჭიც აუშვა; შურისძიების გრძნობით აღვსილს, ალბათ ავტომობილის მწყობრიდან გამოყვანა ეწადა. ”ვოლგა” შეუმჩნევლად დაგორდა, გეზი იცვალა და ხევისკენ დაეშვა. გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი ბიჭი საჭეს ჩაეჭიდა, ვერც კი გრძნობდა, ორიოდე წუთში შესაძლო იყო სასიკვდილოდ გადაჩეხილიყო. ბედად, მანქანის მარჯვენა მხარე, ოდნავ შემაღლებულ ადგილს წააწყდა, ბიჭი გადმოიხარა და ღია კარიდან მიწაზე თითქოსდა ”ხელწანაშველებივით” გადმოვარდა. ახალთახალი ”ვოლგა” კი, ხევში გადაეშვა და სიპი ლოდებით მოფენილ ფსკერზე გრუხუნით დაენარცხა.
მარცხენა მხრით დაცემულ გულბაათს ხელიდან დაძრული ტკივილის სიმწვავე შემოაწვა. სახედამანჭული წამოიმართა და იგრძნო, ნაღრძობ მაჯასთან, კანქვეშ ძვალი ამოსჩროდა. ხელისგული იქვე დაგდებნულ ქვას შეძლებისდაგვარად დააყრდნო და ჯანმრთელი ხელი მაჯას დაჰკრა. ტკივილისგან მწვავედ დაიკვნესა, მაგრამ მისი აზრით ძვალი პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა. წამოდგა, ბანაკისკენ დაუფიქრებლად წალასლასდა, უსიცოცხლოდ ჩამოკონწიალებულ ხელს მარჯვენათი იჭერდა. ტკივილისგან დაკორტნილს გონი ენისლებოდა. ფიჭვნარში შემთხვევით გოგონებს გადაეყარა, შეეცადა, მათ დასანახდ ყოჩაღად სჭეროდა თავი, მაგრამ გასაჭირს უმალ მიუხვდნენ და ჩოჩქოლით შემოესივნენ. უნდოდა, როგორმე მიმალულიყო, ვინღა გაუშვა, ავიშვიშებულები, ვითომდა სიარულში შველოდნენ.
ხიდან ჩამოვარდიო, იცრუა ბიჭმა, თავად მომირჩება, რა ექიმობა ამას უნდაო… წილხვდომილი გასაჭირის მიფუჩეჩება ეწადა. მერე საიდანღაც სალომემ მოირბინა.
-გულბაათ, რა მოგივიდა გულბაათ?!-სასოწარკვეთილი ხმით თითქოსდა შველას შესთხოვდა. სახეგაფითრებულს ხალათის ღილები გადაღეღოდა, თმები აწეწვოდა. მაზლი მხურვალედ ჩაკოცნა,-გოგონების ძახილი შემთხვევით გავიგე, გიჟივით მოვრბოდი,-მოულოდნელად ხელები შემოაჭდო და ციმციმ აიტაცა.
გატანჯული ბიჭი შეკრთა, არასოდეს არ იფიქრებდა, სალომეს თუ ამოდენა ძალა გააჩნდა.
-ჩემით წამოვალ…-ძირს ჩაცურება და მისი მზრუნველობისგან თავის დაღწევა მოინდომა.
გაუძელი, შენი ჭირიმე გაუძელი…-შეემუდარა ქალი და უილაჯოდ აწრიალებულმა ბიჭმა მის თმაში ბალახისნაირი სიმწვანე შენიშნა, დაიზაფრა ”სოსო ჯვარისშემცვლელმა თუ მოკაზმა ასე…” გაიფიქრა და სიმწრისგან ჭკუანაკლულივით გაეღიმა, უცაბედად ნატკენი ხელი სხეულის უკან ჩაეგრიხა, გულმტირალმა დაიკვნესა, ლამის გონი მიებნიდა,-გულბაათ! გულბაათ! არ დამღუპო, გულბაათ…-განწირული ხმით შესძახა სალომემ და ბანაკის ეზოში მდგომ ხორაგით დატვირთულ ავტომანქანისკენ გაიქცა.
-ასკურავასთან მივიყვანოთ…-უმალვე ურჩია მძღოლმა, შეეშველა და იმ კუთხეში განთქმული ექიმბაშის ქებას მოჰყვა.
-კი, კი, მივიყვანოთ, ოღონდ ჩქარა…-თავს ევლებოდა სალომე მისუსტებულ მაზლს.
მანქანის ჯანჯღარი გულბაათს ტკივილს უორკეცებდა, მაგრამ პირი ძალუმად მოეკუმა და ცოდვილობდა, არ დაეკვნესა. სალომე კიდეებმოქარგული ცხვირსახოცით შუბლზე მოდენილ ჭირის ოფლს მალიმალ წმენდა და საალერსო სიტყვებს ეჩურჩულებოდა.
-ვაჟკაცია, გაუძლებს!..-ომახიანად ამხნევებდა მძღოლი.
ექიმბაშს, მკვირცხლ, სანდომიან ბერიკაცს, არაფერი გაჰკვირვებია, ისე სხვათაშორის დახედა დაოსებული ბიჭის მაჯას, ვითომდა ჰაიჰარად მოავლო თითებზე თითები და ხელი ოსტატური სისწრაფით მსუბუქად დაუჭიმა, სახსრიდან ამოვარდნილი ძვალი თავის ადგილას ჩაუგდო. მერე თაბაშირის ფხვნილის, კვერცხის ცილისა და რაღაც გასაიდუმლოებული მინარევისგან შემზადებული წამალი იდაყვამდე წაუსვა, მის გასწვრივ ტკეჩები შემოუწყო და მჭიდროდ შეუბინტა.
-ოთხ დღეში მოხსენით და საჭიდაო მოედანზე შეაგდეთ…-ისე კეთილად იხუმრა, გულბაათსაც კი გაეღიმა.
-შეიძლება ბანაკში მისვლამდეც კი მოურჩეს…-მხარი აუბა მძღოლმა.
-არა, არა, შინ უნდა წავიყვანო… დედამისს თუ არ ჩავუყვანე, ისე როგორ იქნება…-შეშფოთდა სალომე და თუმც არვინ შეწინააღმდეგებია, მაინც დაჟინებით გააგრძელა,-არა, არა, შინ უნდა წავიყვანო, დედამისზე უკეთ ამას ვინ მოუვლის…-მაზლს ხელი მოხვია და ჭიშკრისკენ წაიყვანა,-ბანაკში რა სიკეთე მელოდება, უბედურების მეტი რა დამატყდა დღეს…-დაიჩივლა ბედზე გამწყრალი ადამიანის ხმით.
-ის მანქანა მე გადავჩეხე…-თითქოსდა არ შეეპუა ბიჭი.
ქალი შეტოკდა, შიშით გადმოხედა გამომწვევად შემოჩერებულს.
-ჩუ, რას ამბობ?!-თვალები მიმოაცეცა,-ვინმემ არ გაიგოს…-უმალვე თავისდა საჩოთიროდ დანამუსებულივით შეესიტყვა,-იმხელა მანქანასთან ისე დაუფიქრებლად შეთამაშება როგორ გაბედე?!..-ალბათ მის საქციელს მორიგ სიცელქედ მიიჩნევდა,-ჩუ, ვინმემ არ გაიგოს…-თითქოსდა ხიფათს გააცილაო, ეზოდან ნაჩქარევად გადაიყვანა და მანქანის კაბინაში ჩასაჯდომად ფეხწადგმულს დაურიდებლად შეეშველა. გამძაფრებული ტკივილისგან ლამის გულშეღონებული ბიჭი სკამზე საცოდავად მოიკუტა-გაუძელი, შენი ჭირიმე, გაუძელი…-ჩვეული მზრუნველობით გაამხნევა რძალმა, მერე მკურნალისკენ შებრუნდა, მადლობა მოუხადა, ახლა ასე ხელცარიელი ვარ გამოქცეული და ამ დღეებში როგორმე შეგეხმიანებით, მობოდიშებისთანავე მრავლისმეტყველად შეპირდა, გულბაათს გვერდზე მიუჯდა, ხელი ნაზად მოხვია და შესჩურჩულა-ნუღარაფერზე იდარდებ, ყველაფერს ეშველება, შენ ოღონდ მალე გამოჯანმრთელდი…-თავისებურად მიუალერსა.
შეჭირვებულ ბიჭს თვალები მიელულა, ტკივილთან ერთად სულს ძრწოლვისმომგვრელი შიშიც უკორტნიდა. თვალგახელილისთვის იქნებ ბედს კვლავ ემუხთლა და მისკენ თავდახრილი სალომეს თმაში შერჩენილი ბალახისნაირი სიმწვანე შეემჩნია.
...

იხ. ფილმი-მოსიყვარულეს შურისძიება-(ინტერპრეტაცია…)-Film-VINDICTIVENESS OF THE LOVING-(interpretation…)
====




Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...