=====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი
”გამთენებელი ღამისა” (ორი რომანი _ ”გამთენებელი ღამისა”, ...”რომელსა შენ მდევნი”...
გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ.
"The Herald of Dawn," "The One You Pursue." Two novels. P. H. "Merani," 1991
გამთენებელი ღამისა
ანოტაცია
რომანი ”გამთენებელი ღამისა” მეტად ორიგინალურია თავისი ფორმითა და სიუჟეტით. იგი ბალადური ჰაეროვნებით ითრევს და თანამზრახველად იხდის მკითხველს. ნაწარმოების გმირი _ ახალგაზრდა ინტელიგენტი კაცი, უღვთოდ გამეტებული ძლიერთა ამა ქვეყნისაგან, თითქმის ფერფლიდან აღსდგება… გაუსაძლისი შურისძიების დათგრუნვის ფასად სულიერად დასახლდება სამყარო ”ოაზისში”, სადაც რომანტიკითა და მოულოდნელობებით აღსავსე სიცოცხლე გრძელდება…
პროლოგის მაგიერ…
ქალაქის ამ უბნიდან ყველაზე მდიდრული ნაგავი გაჰქონდათ, და ამიტომაც შავტუხა, ულვაშიანმა კაცმა ამრეზით გამოსტაცა მწირი ნაგვით სავსე ვედრო შეფიქრიანებულ ვაჟს, თითქოსდა შეჯავშნული მანქანის ძარის კიდეზე ჩამოჰკრა და ჰაიჰარად მიაჩეჩა.
-ოოჰ, როგორ აფუჭებს ეს კაცი ამ მშვენიერ ხედს!-გულაზიზად ჩაილაპარაკა სამსართულიანი სასახლის ფანჩატურიან აივანზე, სავარძელში მოკალათებულმა თვალგაწაფულმა მბრძანებელმა, რომელიც ვერცხლის ფირფიტებით შემოსალტულ მაგიდაზე გამოფენილ თოფ-იარაღს სიამით უთვალთვალებდა.
-თქვენც კარგად იცით, რამდენს ვეცადეთ, ჩვენმა ბიჭებმა რა არ შეაძლიეს, მაგრამ ვერასგზით გავასახლეთ აქედან, გულისამრევია მშიერი ინტელიგენტის ახირებული სიჯიუტე, თავი მოსწონთ კიდეც სიღარიბით…-მოახსენა კონდახმოოქვრილი თოფის წმენდით გართულმა კისერგასქელებულმა ვაჟბატონმა.
-მაშ, დასდეთ პატივი, გააყოლეთ ნაგავს…-თითქოს ისე, სხვათაშორის ჩაიცინა თვალგაწაფულმა, ტუჩი გაილოკა და რელიქვიასავით შემონახული ბრაუნინგის სასხლეტს ნეტარებით მიაჩერდა.…
ამონაკრები რომანიდან
ნაგავსაყარი ჩვეულებისამებრ ხრჩოლავდა, ალიონის მქრქალ სინათლეში აქა-იქ მბჟუტავი ცეცხლის ალი კრთოდა. შიგადაშიგ, სიმხურვალისგან გავარვარებული მინისა თუ პლასტმასის ნივთი გაიტკაცუნმებდა და მაშინ, შესაძლოა, მთელი დღის წანწალისგან გასავათებული, ნაგავში ცხვირწაყოფილი ძაღლიც აყეფებულიყო.
ნაგვით სანახევროდ ამოვსებულ ხევში, ვიღაც ახოვანი მამაკაცი მოჩვენებასავით დაბორიალობდა… შეყოვნებული წამით გაირინდა, მერე თავგანწირვით შეუდგა ნაგვის ქექვას…
ერთგან კვლავ გაკრთა ცეცხლის ალი და ხევის პირას გაშოტილი ადამიანიც გამოჩნდა. სხეულზე სხვადასხვაფრად აჭრელებული ნარჩენები ეყარა და ამგავრად მოთხვრილი რაღაცით ნეგატივსა ჰგავდა; ტანხმელი, მკვრივი აღნაგობის ახალგაზრდა კაცი უნდა ყოფილიყო. სახემკრთალი ჩანდა, ნაზ თმაზე ჭრილობიდან ჩამოდენილი სისხლი შეხმობოდა.
გონმიბნედილი იწვა, მაგრამ გრძნობდა სიამით განაბული დასცქეროდა საკუთარ სხეულს, მერე, წამით მტკივნეულად დააწვა რაღაც უხილავი და გონმოსულმა თვალი გაახილა. უმალვე შესძრა მძაღე სუნმა, სუნთქვა შეეკრა, ძლივსღა მოიბრუნა სული. ხელი ფრთხილად წამოსწია და სახეზე ჩამოისვა, რაღაც გუმანით იგრძნო, შეძრწუნდა, მაგრამ მაინც ვერასგზით მიმხვდარიყო სად იწვა. ერთხანს უაზროდ შესცქეროდა ვარსკლავებით მოოჭვილ ცას. ბოლოს, ისევ შეზარა სიმყრალემ, წამოიწია, იმავ წამს კვამლის ფენა შემოეფეთა და ლამის გაგუდა. ხველა აუტყდა. კვლავ ძლივსღა მოიბრუნა სული. თხემთან მიყენებული ჭრილობა ფრთხილად მოსინჯა. გონებაში შემორჩენილი საფიქრალის ამოცნობას შეუდგა…
…მინაწერი:
ეს რომანი 1981-1983 წლებში დაიწერა… მაშინ, ალბათ ინტელიგენციის დიდ ნაწილს ”საბჭოურ რეალობაში” სიუჟეტის ამგვარად განვითარება არარეალურად მიაჩნდა… ავტორისგან რომანის გამოქვეყნების ყოველი მორიგი მცდელობა ”შავი რეცენზიების” სერიით მთავრდებოდა.
1983წ. ავტორის ინიციატივით გამომცემლობა ”მერანის” დარბაზში, დაუბეჭდავი ანუ ”ცენზურაგაუვლელი” რომანიდან რიგი თავების საჯარო წაკითხვა უნდა შემდგარიყო… მაგრამ ”ღონისძიება”, ორიოდე ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ჩაიშალა.”შავი რეცენზიების” ნაცად ”ხელოვანთაგან” ბევრი ისევ თავისიანებმა გააყოლეს ”ვითარებას”… მაგრამ ახლა აშკარაა, სიუჟეტის ამგვარი განვითარება, ანუ ”გააყოლეს კაცი ნაგავს…” _ ნაკლებ გაოცებასა და გაღიზიანებას იწვევს…
15.12.2007
ავტორი
იხ.
====
15.12.2007
ავტორი
იხ.
ფილმი - “ოაზისის” მაძიებელი - (ინტერპრეტაცია…) – Film - THE “OASIS” SEEKER - (interpretation…)
====
Комментариев нет:
Отправить комментарий