====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი
”თეთრი კედელი” (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1987 წ.
"White Wall" (novel), publishing house "Merani", 1987
ტირაჟი 10 000
ანოტაცია
სიმართლე მაინც თავისას იმართლებს და ერთხელაც არის გამოაშკარავდებაო, _უთქვამს ხალხს, ამ რომანის გმირთა ფათერაკიანი ცხოვრების ბიოგრაფიაც ამასვე ადასტურებს, ისინი დღევანდელობის პოზიციებიდან იბრძვიან მართალი სიტყვის, მართალი საქმის დასამკვიდრებლად და მომავალს ეიმედებიან...
თეთრი კედელი
ამონაკრები...
”ელასა-მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა, მთქმელსა და გამგონებელსა, ძილი ნებისა ყველასა”, თითქოს დამფრთხალი ფრინველივით წამოფრინდა ეს სიტყვები ცნობიერებაში გაღვიძებიდან ერთი წუთის შემდეგ საურმაგმა უკვე იცოდა, მატარებელი ბოლო სადგურში შედიოდა, და იგი ყველა იმ სადგურს გასცდა, სადაც კი ჩამოხდომას აპირებდა. ახლა თვალებდაბრეცილი მისჩერებოდა ვაგონის ჭერს და რაღაც საფიქრალის შეკოწიწებას ცდილობდა. უჭირდა კი, რადგან თვითნებურად, წყვეტილ ხაზებად გაირბენდნენ გონებაში სიტყვები და გრძნობის იმპულსებს უთვაბოლოდ უღიზიანებდნენ…
სულ ზედა, პირველ საწოლზე, საწოლზე კი არა, ბარგის დასაწყობ თაროზე იწვა ულოგინოდ, გაუხდელად და, რა თქმა უნდა, იმგვარ ყოფაში არც ლოგინი და არც სამოსის გახდა არ შეუქმნიდა მგზავრობის შემამსუბექებელ კომფორტს. ერთი რამ კი იქნებოდა კარგი, დაწოლისას ფეხსაცმელები გაეძრო, რადგან გრძნობდა, მომეტებული სითბოსგან ფეხები დასივებოდა და ერთხანს მაინც გაუჭირდებოდა სიარული… ცხრა საათის განმავლობაში ჩემოდანი უწევდა სასთუმლის მაგივრობას და კისერი კარგა გვარიანად სტკიოდა.
იწვა ჭერს მიშტერებული, იმ წყვეტილი ხაზების მიღმა მომავალი სამოქმედო გეგმის მინიშნებას ცდილობდა და ბორბლების რიტმულ ხმაურს გულმოდგინედ უგდებდა ყურს. მერე შარვლის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოაძვრინა, ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა, ყელ-კისერი ამოიმშრალა, ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო, იდაყვით ”საწოლს” დაეყრდნო და წამოიწია.
უნდა ამდგარიყო, სხვა რა გზა ჰქონდა.
იატაკზე დადგომისთანავე უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, მაინც მოხდენილად ჩაისწორა ლავსანის კოსტიუმი. ეს ნაჭერი ნაკლებად იჭმუჭნებოდა და ამან ახლა გულუბრყვილოდ შეაგულიანა.
”ესე იგი, აქ… კი არ მინდოდა ასეთ დიდ ქალაქში მოხვედრა, მაგრამ, ჯანდაბას, იყოს ეს… ვნახოთ, იქნებ გაგვიმართლოს… ამ მხარეს რუკაზე თავისი სასაზღვრო ნიშნები აქვს. ვნახოთ, იქნებ აქ სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ… ესე იგი, აქ, ალბათ, თავიდანვე აქეთკენ მომიწევდა გული, ჰმ, ზღვა და რომანტიკა… ”ელასა-მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა…” საურმაგი გვერდზე გადგა, ქვედა საწოლზე მსხდომთა წინ რომ არ ყოფილიყო ატუზული. მერე ოფლის სუნითა და თამბაქოს კვამლით დამძიმებული ჰაერი შეპარვით შეისუნთქა, გეგონებოდათ გაფილტვრას უპირებსო, ’ელასა-მელასა”…
-აკი, ადრე ჩასვლას აპირებდი,-ჩლიფინით უთხრა ვიღაცამ,-სამი მანეთი კიდევ უნდა დამიმატო…-გამცილებელი გახლდათ; პატარა, მსუქანი კაცი, სახეზე ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა.
-დაგიმატებ არა…-აგდებულად შეესიტყვა საურმაგი და მოსაუბრე ცივად შეათვალიერა.
კაცმა თავი გადააქნია…
-ავდგეთ, ავდგეთ!-შესძახა, საურმაგს მოხერხებულად აუარა გვერდი და ვაგონის მეორე ბოლოსკენ გაცუხცუხდა.
საურმაგმა თვალი გააყოლა და ჩემოდანთან დახრილი უცნობი ქალიშვილის შხვართალა ფეხებს უწია მზერა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა უმალ დასძლია და ფანჯრისკენ გაიხედა.
სინათლე მკრთალად ეფინებოდა სივრცეს. ბუნდოვნად მოჩანდნენ ხეები და ხეებს მიღმა მდგომი სახლები. ერთგან ზღვის სანაპიროც გამოიკვეთა.
მერე ვიღაცამ ფანჯრის ჩამოწევა მოისაზრა და იქიდან მონაბერი სუფთა დ გრილი ჰაერი სახეზე მაცოცხლებლად მიესალმუნა. ახლა კიდევ უფრო გარკვევით ხედავდა ზღვას. რატომღაც, იფიქრა, ზღვას მბრძანებლური და მედიდური იერი დაჰკრავსო. ზღვა კი, ბინდბუნდში გახვეულიყო და ჩვეული სილურჯე მღვრიე სისავით შესუდვროდა.
საურმაგმა ხელ-პირის დაბანა მოიწადინა. დააპირა კიდეც საპირფარეშოსკენ წასვლა, მაგრამ, ერთი პირობა, ჩემოდნის უმეთვალყუროდ დატოვებისა შეეშინდა. მერე უცებ შემტრიალდა და მხნედ გააბიჯა. თითქოს ბედისწერა გამოიწვიაო, თითქოს ჩემოდნის დაკარგვა სულაც არ ადარდებდა, ჩემოდნისა, რომელშიც შინიდან წამოღებული სამოსი და ნივთები ეგულებოდა…
მგზავრები უკვე ჩასასვლელად აფუსფუსებულიყვნენ. ვიღაც ქალი დაოსებული ხმით უხმობდა საპირფარეშოსთან ატუზულ კაცს. კაცი შეძლებისდაგვარად არ იმჩნევდა, მას რომ ეძახდნენ, სახემოღრეცილი, მოჩვენებითი სიმშვიდით განაგრძობდა ლოდინს.
უკან მიბრუნებულმა საურმაგმა ალმაცერად გახედა თაროს კიდისკენ გადმოქანებულ ჩემოდანს. ჩამოიღო და უნებლიეთ ჩაიცინა. მერე იგრძნო, ვიღაც უთვალთვალებდა, ფეხი მოინაცვლა და იმ უცნობ ქალიშვილს დაადგა თვალი. იგი, ისე მზერადამძიმებული მისჩერებოდა, გეგონებოდათ, გასასვლელ გზაზე აღმართული საგნის ვარგისიანობას ამოწმებსო…
ალბათ ”დასასვენებლად მიდის… მეც უდარდელი კაცის იერი მაქვს; გამარჯობათ ქალიშვილო! ნება მიბოძეთ… და რომც გიბოძოს… აჰ, არა… ” აღარ მიუტანებია თვალი ვიწრო კაბაში გამოკვართული სხეულისთვის. ფრთხილად შებრუნდა და გააბიჯა.
გზადაგზა ბოდიშს იხდიდა და უკვე კარამდე გაბაწრულ მგზავრებში მოხერხებულად მიძვრებოდა. მართალია, რიგის თავში ვერ მოექცა, მაგრამ იმდენი კი შეძლო, ტამბურში დაწყობილ, ნაადრევად მოყვანილი ბოსტნეულით დატენილი ტომრებისა და იქვე ასვეტილ, ნაცრისფერ კოსტიუმებში გამოწკეპილი მამაკაცების უკან დამდგარიყო…
ერთი მათგანი, მოუსვენარი იერის კაცი, გასაიდუმლოებული ხმით ებაასებოდა მეორეს.
-ვეუბნები, სოფელს პატიოსანი კაცი აღარ სჭირდება, სოფელი იმისდა მიხედვით აფასებს ხალხს, ვინ რამდენ ხვავსა და ბარაქას ჩამოათთლის… ოცი ათასი დამიჯდა მაგისი მოწყობა, გამძვრა ტყავი… დაამთავრა და შინ კაპიკის შემომტანი არაა… წესიერ ადგილას ვერ მოიკიდა ფეხი. გონს ვერ მოვსულვარ ეგეთი უნიათო ვის გამოემსგავსა. ჭკუას ვარიგებ, ვურჩევ, ვინ გისმენს… ცდილობს ყველგან სიმართლე დაამტკიცოს, გლახაკსა და უმწეოს გამოექომაგოს. ბავშვობაშიც ასეთი იყო, აუცილებლად გაჭირვებულს დაიამხანაგებდა. ისინი, მერე ყველა საქმეს ეწია, ფული იშოვეს, ეს ვიღას ახსოვს… მოვა შინ, შეიკეტება ოთახში და თვალებით წიგნსაა ჩამკვდარი… გონს ვერ მოვსულვარ, ეგეთი უნიათო ვის გამოემსგავსა…-დამწუხრებულმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-შენ თავად უნდა გამოუძებნო სარფიანი საქმე…-გაბეზრებული ხმით ურჩია ამხანაგმა.
-შევიგულე ერთი ადგილი, ათს მთხოვდნენ, მაგრამ რათ გინდა, არასდიდებით არ დამთანხმა. დაუჩემებია, ვისაც მე ვაგინებ, იმას ვერ დავემსგავსებიო. შენ რომ ყოველ ნაბიჯზე გატყუილებენ, იმას ვინ აგინაზღაურებს _მეთქი?! ვინ გისმენს, შეიკეტება თავის ოთახში და თვალებით წიგნსაა ჩამკვდარი, ვინც მაგისი ფაკულტეტი დაამთავრა, ყველა საქაფავშია, ეგ კი… გონს ვერ მოვსულვარ, ვის გამოემსგავსა ეგეთი უგერგილო…
-რას ერჩი, კარგი ბიჭი ყოფილა…_ჩაილაპარაკა საურმაგმა და კეთილად გაიღიმა.
კაცმა იჭვნეულად გამოხედა, რაღაცით შემკრთალმა თვალი აარიდა და აშკარად დაეტყო, ლაპარაკის ხასიათი წაუხდა. საურმაგს კი გულს მოეფენა.
”ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ეგეთი გზააბნეულები…”-კვლავაც კეთილად ჩაიღიმილა.
მატარებელმა სვლას უკლო. საურმაგმა შარვლის ჯიბეზე მოისვა ხელი, სადაც ორმოცდაათმანეთიანი ეგულებოდა, ერთადერთი ქაღალდის ფული, რაც საერთოდ ებადა, ხარბად შეისუნთქა კარიდან მონაბერი ქორფა მწვანილისა თუ კიტრის სურნელებით შეზავებული სუფთა ჰაერი და მხრები გაშალა. მერე სადგურის ბაქანზე მიმავალ მგზავრებში მიაბიჯებდა. მიაბიჯებდა ნელა, მსუბუქად, თითქოს არხეინადაც კი.
გაახსენდა, ამ ქალაქში სულ ერთხელ იყო ნამყოფი, ისიც ბუნდოვნად ახსოვდა, რადგან ოთხი წლისაც არ იქნებოდა, დედამისმა რომელიღაც შორეულ ნათესავს რომ ასტუმრა. ამან გაახარა, ამან კი არა, ეს ქალაქი რომ სრულიად უცნობი გახლდათ მისთვის, იმან. ”ელასა-მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა”… _ და შეკრთა, შორიახლო მიმავალ ქალს შეპარვით მიადევნა თვალი. მოდური, ნაქსოვი კაბა-პალტო ეცვა, რომელიც მოხდენილად იტალღებოდა სავსე სხეულზე. საურმაგი გონმიბნედილივით მისჩერებოდა მიმავალს და რაღაც გაუთვითცნობიერებელის გახსენებას ლამობდა. ის კი, თითქოს იდუმალებით მოსილ მეგზურივით მიუძღვებოდა… მერე გონში ქალის თვალები წამოტივტივდნენ, საყვედურით შემოაცქერდნენ. ”ჩემი მედგარი ბიჭი”… ახლა დაცინვასავით ჩაესმა ეს სიტყვები. წამით ეგონა, მაშინ ეს ქალი, ამგვარი საქციელისათვის აქეზებდა. ”ჩემი მედგარი ბიჭი…” მზიასკენ შეპარვით გაიხედა. მას ახლაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა და, ჩვეულებისამებრ ენერგიულად მიაბიჯებდა. ”ჩემი მედგარი ბიჭი”… არა, ახლა არასგზით არ შეეძლო მასთან შეხვედრა. ”ამ ქალაქში ალბათ გავლითაა”… დააიმედა თავი და ნაუცბათევად შეეცადა მის მივიწყებას. გამოგონილი სიდინჯით გააგრძელა გზა.
”ელასა-მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა, მთქმელსა და გამგონებელსა, ძილი ნებისა ყველასა”… თითქოსდა ვერც კი ამჩნევდა, ისე იმეორებდა გონებაში ამ სიტყვებს. ასე იყო, აეკვიატებოდა რომელიმე უმწიფარი წინადადება და მორჩა ვერა და ვერ ამოიგდებდა თავიდან. ასე იყო, თუმცა ეს ახირება ერთი ორჯერ წაადგა კიდეც. ”იყო და არა იყო”… _ ყმაწვილობისას, ერთხელ, უცაბედად აღმოაჩინა, რომ ეს სიტყვები უმიზნოდ გაჩხერილიყვნენ მის ცნობიერებაში. მერე მთელი დღე ლოცვასავით იმეორებდა: ”იყო და არა იყო რა… იყო და არა იყო რა…” რარიგ არ სცადა მათი მივიწყება, ამაოდ… ლამის ბოდვად გადაქცეოდა. მაშინ ისევ იმ აკვიატებულ სიტყვებს მიჰყვა და ქართული ხალხური ზღაპრების კითხვა დაიწყო. გულმოდგინედ დაეწაფა, რაღაც თავისებური აზარტით და იმდენი საჭირო და აუცილებელი შეგონება ამოიკითხა მათში, რომ სულდაშოშმინებული, მადლობელიც კი იყო, იმ ”იყო და არა იყოს რას” აჩემებისა.
ახლა ძალზე მოეწადინა ზღვის სანაპიროზე გასულიყო, მაგრამ შეშინდა მის სიმშვენიერეს სხვა რამისკენ არ წაებიძგებინა, თანაც შიმშილის შეგრძნება მოეძალა. შარვლის ჯიბეში ჩაცურებული თითები ფრთხილად შეახო ქაღალდის ფულს. შედგა, ჩემოდნიდან ლაბადა ამოიღო, ჩაიცვა და გზად მიმავალ ცისფერთვალება გოგონას უნებლიეთ გაუღიმა. ”ჩემი მედგარი ბიჭი”… მუხანათურად გაუსხლტა გონში. თავი გააქნია. გაუბედავად დაზვერა შემოგარენი, უნებლიეთ ინატრა ისევ მოეკრა მზიასთვის თვალი, საკუთარ თავს დაუდევრად შეუკურთხა. წამით თითქოსდა შეშინდა, არ შემეპასუხოსო, ჩაიცინა.
”ელასა-მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა, მთქმელსა და გამგონებელსა ძილი ნებისა ყველასა”… ჩაიღიღინა და ჩემოდანი აიღო…
”დასწყევლოს ღმერთმა, დღეს მადიანად უნდა უნდა ვისაზმო”… გადწყვიტა უცებ, თან ქუჩა გადაჭრა, რათა სასაუზმეში შესულიყო.
სასაუზმედან, სადაც ორი ულუფა სოსისი შეჭამა და ორი კათხა ლუდი დაგემოვნებით შესვა, კმაყოფილი კაცის იერით გამოვიდა. კვლავ ძალზე ეწადა სანაპიროზე გაეღწია, მაგრამ ქუჩის ბოლოს მაინც გააჩერა ვიღაც უცნობი მამაკაცი და ფეხსაცმელების ფაბრიკის ადგილსამყოფელი ჰკითხა. იქეთკენ რომ მიაბიჯებდა, გუმანით გრძნობდა, ამ დღეს მისთვის წარმატება უნდა მოეტანა. ტყავის ჩემოდანი არც ისე მჩატე გახლდათ და ინანა, სადგურის შემნახველ საკანში რომ არ დატოვა. ქუჩებში მოსიარულე ადამიანების ჩაცმულობაში ადვილად შეამჩნია სიხალვათე და უბრალოება და ამან გულუბრყვილოდ გაახარა. უნებლიეთ სიმპათიურად განეწყო აქაურობის მიმართ, თუმც, ჯერ კიდევ არ იცოდა, მოსწონდა თუ არა ეს ქალაქი; ფიქრობდა, არჩევანი უკვე აღარ მაქვსო.
…და აი, მოულოდნელად მზის სხივები დაეფინა ქალაქს. საურმაგის შემეცნებაში ყოველივეს თითქოს სუდარა ჩამოეცალა. გაორკეცებული სიმხნევით მიაბიჯებდა. ცდილობდა სხივდაფენილ ადგილებზე ევლო. ამისთვის ერთგან ტროტუარიც მიატოვა. ავტობუსის გაჩერებასთან რომ იდგა, მაჯის სააათზე მალიმალ იხედებოდა, უკვე მტკიცედ გახლდათ დაჯერებული, რომ იმ დღეს გაუმართლებდა და ძვირფასი წუთების დაკარგვა ადარდებდა. …მაგრამ ფაბრიკის შესასვლელთან მაინც შეყოვნდა, შეემზადა, კარისკაცს, თავგადაპარსულ მოხუც კაცს, მშვიდად უთხრა:
-კადრების განყოფილებაში მინდა შევიდე…
…უკან მობრუნებულს ეზოში გაქცევის სურვილი მოეძალა, მაგრამ კვლავ ისე მიაბიჯებდა, გეგონებოდათ მანძილს ზომიერი ნაბიჯით ზომავსო. ”დღეს ნაღდად გიშველა გვარმა და თამარ ცინცაძის თბილისიდან გადმოხვეწილმა ნათესავმა…” ხალისიანად კენწლავდა თავის თავს. ”ჩემი მედგარი ბიჭი…” უცაბედად თითქოს წამაქეზებლად წასჩურჩულეს. ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ბაკაბუკის ხმაც ჩაესმა. მერე სევდიანად გაეღიმა და მოგონებებს მინებდა.
”…სიგარეტი ზედიზედ მოქაჩა და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. ჩამოჯდომისთანავე წამოდგა, ფანჯარას მიაშურა და ქუჩას ქურდულად გახედა. შორიახლო ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ბაკაბუკი გაისმა. გული მკერდიდან თითქოსდა გადაიკარგა. ერთხანს გარინდებული იდგა, მერე შეტრიალდა და უმიზნოდ გააბიჯა. მთელი სხეული მათრობელა თრთოლვას მოეცვა… რაღაც სევდიანად გვრემდა, რაღაც სითბოს მატებდა, მერე სიცხიანივით აჟრჟოლებდა, ალერსისგან ქანცმილეულს ამსგავსებდა და იმავ წამს სიტკბონარევ სიმხურვალედ აღავლენდა. ის რაღაც, ვნებით დაგესლილი ჭაბუკის ლოდინი იყო…
მრგვალ, კოპწია მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა.
-ალო…-ამოთქვა ძლივს გასაგონად. ყურმილი ჯერ კიდევ ყურისკენ მიჰქონდა, მერე ივაჟკაცა და გაბედულად წარმოთქვა,-გისმენთ!
ის ვიღაც დუმდა. საურმაგს გაეღიმა, ერთბაშად გამხნევდა, იმედით დაიყურსა, მოკამკამე ცას შეაჩერდა. თამბაქოს კვამლი ფენა-ფენად ირწეოდა და ფანჯარაში მიიძურწებოდა. იგი უკვე ფანჯარასთან იდგა და ვიწრო ქუჩას ჯიუტად უთვალთვალებდა. გული და გონება ქალის შესახვედრად მიიჩქაროდა. იმედი, რომელიც ტელეფონის ზარმა და იმ წუთიერმა დუმილმა შესძინა, მკერდში ბოღმასავით დახვეულ სევდაში უჩინარდებოდა. ფარდა დამფრთხალი ჩიტივით შეფრთხიალდა საურმაგი კედელს აეკრა.
ყელმოღერებული ქალი თამამდ მიაბიჯებდა. თამბაქოსფრად შეღებილ, მხრებზე ჩამოშლილ თმას ქარი უნანავებდა. სიმსუქნე სხეულის დახვეწილ ნაკვთებში მოხდენილად შენიღბულიყო და ქალური სინაზით გამშვენერიებულ პირისახეს ჩვეულ მომხიბვლელობას უნარჩუნებდა.
საურმაგი სავარძლისკენ გასრიალდა, შიგ მოწყვეტით ჩაეშვა, თავი მოიმძინარა. ლოდინში ლამის უმტყუნა ნებისყოფამ. წამით, თითქოსდა ნემსის ყუნწად იქცა და იმ ნემსისი ყუნწში გაძვრა. მალე ოთახში ქალმა შემოიხედა, რაღაც წაიჩურჩულა, სავარძელთან მივიდა და მძინარეს დააჩერდა. ყმაწვილს წყვეტილ ხაზებად დაუარა ველურმა სიტკბომ, სიოდანაბერ ფოთოლივით ათრთოლდა. ფრთხილად შეინძრა, ძილდამფრთხალივით შეიშმუშნა, თავი წამოსწია, წამწამები აახამხამა და ეშმაკურად მომღიმარე ქალი, რომელსაც სიელამედაკრულ თვალებში იმავე ღიმილის შინაგანი შუქი ამოჰფენოდა, მორცხვად შეათვალიერა.
-ოჰ…-თქვა ღონემიხდილივით.
-გეძინა?-ჩაიცინა ქალმა, -რამდენს ეწევი, რა ამბავია, რას ფიქრობ, მშობლები რომ უცებ დაბრუნდნენ?..-არა უშავს რა, წელს ვერ მოხვდი, მომავალ წელს მოხვდები… არსად გაგექცევა ეგ უმაღლესი…
-სულაც არ ვდარდობ-შეეცადა რაც შეიძლება დაუდევარი კილო ჰქონოდა.
-ჩემი მედგარი ბიჭი…-დაუყვავა ალერსიანად, ქოჩორი აუშალა და ოთახიდან გავიდა.
რაღაცის სათქმელად შემზადებულმა ჭაბუკმა ხელი მომუჭა. ”დონდლო, უჰ, შენი”… წამით დაიძაბა. ”რისი მეშინია, იმ დღეს ხომ მან წამოწყო, იმ დღეს ხომ მან წამოიწყო. იმ დღეს ხომ”… სასიამოვნოდ გააჟრჟოლა”…
შემთხვევით ვიღაც ჭაღაროსანს მხარი გაკრა. მოკრძალებით მოუბოდიშა და თითქოსდა დრო იხელთაო მოგონებებს უმალვე დაუსხლტა. ”ელასა-მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა, მთქმელსა და გამგონებელსა ძილი ნებისა ყველასა”…
…
აიაქსი არა და არ გამოჩნდა. ნოდარმა მერანდემჯერმე მოიარა უბანი და მიმდებარე ქუჩები, ნავსადგურისკენ მიმავალი გზაც მიმოჩხრიკა, მაგრამ აიაქს ვერსად გადააწყდა. მერე რაღაც გაახსენდა, ინანა შაოსანი მანდილოსანის მისამართი, რომ არ იცოდა და სასაფლაოსკენ წავიდა. უნებლიეთ, ასე ეგონა, ის სახელდაბრეცილი უცნობი ნამალევად უთვალთვალებდა, შიგადაშიგ ბრაზიანად მიმოათვალიერებდა გარემოს, მაგრამ იმ აკვიატებული ეჭვის დამადასტურებელს ვერაფერს ხედავდა. სასაფლაო გულდასმით დაათვალიერა. მერე უწინდებურად მოეჩვენა, რომ ნაია, სადღაც იქ იყო დამარხული, შეშფოთებულმა მიმოირბინა იქაურობა, ბოლოს გასავათებულმა მშობლების საფლავთან ჩაიმუხლა და პატიება ითხოვა. წამით მოეჩვენა დედამისმა თავზე ხელი გადაუსვა, და ისიც ბალღივით აქვითინდა. გატანჯულმა და სასომიხდილმა დასტოვა სასაფლაო. შინ დაბრუნებული ოთახებში უმიზნოდ დაბორიალობდა. უნებლიეთ კედელზე მიხატულ სურათს მიაშტერდა, საშინლად მოუნდა ეშმაკის მიერ, ჭაბუკისთვის ჩანგლით შეთავაზებული კუბო ჩაეკბიჩა. აღგზნებული და გონაბურდული ლამის შეასკდა კედელს, მაგრამ მოულოდნელად მამის თვალებს წააწყდა, დიდრონ, თაფლისფერ თვალებს. მამას სახის ნაკვთები დაეძაბა და აღშფოთებული მისჩერებოდა. გაშეშდა, ხახა გაუშრა, თითქმის აღარ სუნთქავდა.
-მამა!-წამოიძახა უნებლიეთ, სახლიდან შერცხვენილი გაიძურწა. ისევ ისე უცემდა გული, როგორც მაშინ პატარა ბიჭს.
…ბიჭი ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა. ციცქნა ბიჭი იყო, პირველად მიდიოდა საქურდლად და ერთიანად ცახცახებდა. კი იცოდა, ქურდობას, რომ აძაგებდნენ, მაგრამ ძალზე სჭირდებოდა ფული. იმხანად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ და დედამ სამმანეთიანი ვეღარ გაიმეტა. ამას კი, არ სურდა ტოლებში გამოწყვეტილიყო, საზიარო ბურთის საყიდლად სამმანეთიანი არ დაედო. ბიჭმა ხელის კანკალით გამოაღო მაგიდის უჯრა, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ფული უჯრაში ჩაფენილ გაზეთის ქვეშ იდო; სულ შვიდი მანეთი იყო, შვიდივე მანეთიანები. ბიჭმა სამი მანეთი ამოიღო, უჯრა შესწია და სწრაფად შებრუნდა გასაქცევად. მოულოდნელად მამის თავლებს წააწყდა, დიდრონ, თაფლისფერ თავლებს. მამას სახის ნაკვთები დაეძაბა და აღშფოთებული მისჩერებოდა. გაშეშდა, ხახა გაუშრა, თითქმის აღარ სუნთქავდა.
-მამა!-წამოიძახა უნებლიეთ, ახლა მისი არსება შიშზე მეტად გაოცებას მოეცვა. ორიოდ წუთის შემდეგ მიხვდა, მამამისი კი არ იყო ოთახში, ისე ჟინიანად, წინადღით დედის მიერ კედელზე მიმაგრებული მამის პორტრეტი უცქეროდა, თითქოს გულზე მოეშვა, თავი დახარა და ფეხაკრეფით წავიდა. გაუბედავად მიაბიჯებდა, ზურგიდან მამის მწველი მზერის შეგრძნება ყოველ წამს უორკეცდებოდა. პირისახე უხურდა, მუხლები ეკეცებოდა. ასე ეგონა, სულ მალე ვიღაც ქეჩოში წაავლებდა ხელს. უცებ მიტრიალდა, მშობელს ვერც კი შეხედა წესიერად, თვალები დახარა. გარინდებულს ძალზე სურდა დივანზე შემდგარიყო და სურათის უკან შეეჭვრიტა, მაგრამ ეშინოდა მართლაც მამას არ წაწყდომოდა. მერე განჯინასთან მიირბინა, უჯრა ერთბაშად გამოაღო და ფული თავის ადგილზე დადო. ოთახიდან რომ გადიოდა, პორტრეტისკენ გააპარა მზერა. მოეჩვენა, მამა უკვე აღარ ბრაზობდა. ოღონდ ეს იყო, სევდა მოძალებოდა. ძალზე სურდა მამას გამოლაპარაკებოდა, პატიება ეთხოვა, მაგრამ შიშმა თუ სირცხვილმა კარისკენ უბიძგა.
ქუჩაში მიმავალი იმ უცნობ მხატვარზე ფიქრობდა, ვინაც მამამისი პორტრეტი, ისე ”სასწაულმოქმედად” დახატა და მკერდი სითბოთი ევსებოდა, და უცებ, თითქოსდა ნამალევად გაიფიქრა: ”თუ ჩიბუხის ეშმასეული იერი ’ნაკვთებაღრეულ” მამაკაცს ჩამოჰგავს და ალბათ სევიკოსთვის თავისებური პაროლია, მაშინ სევერიანეს მიერ მოხელთებულ კოლოფზე მიხატული ”გადამწიფებული მონაზვნის” შესადარი ლამაზმანიც ვიღაცის ან რაღაცის მსგავსებას მიანიშნებს, ალბათ ლამაზმანის ნაკვთებშიც სულ სხვა რამაა შემალული”… წარმოსახვაში ”ბრძენი აიაქსი” ომახიანად აყეფდა. ნოდარ დიდებულიძე ხალისიანად მიირწეოდა იმ ხმის რიტმზე. მერე ის ყეფა ცნობიერების გარეთ გამოსხლტდა და ახლა ქუჩიდან ეხმიანებოდა. შემკრთალი შებრუნდა და მისკენ გამოქცეული აიაქსი დაინახა, სუფთა, მოვლილი, ლამაზი საყელურით დამშვენებული. განცვიფრებული ნოდარი ჩაიმუხლა, ხელებგაწვდილი შეეგება, მის მკერდზე თავმიყრდნობილს მიუალერსა, თან უსაყვედურა:
-სად დაიკარგე, არ გრცხვენია?...-ძაღლმა დაიწკმუტუნა, გაეთამასა,-კარგი, კარგი… ჰმ, ვიღაცას დაუბანიხარ კიდეც, საყელურიც შემოუბნევია, ალბათ ბინაში ყავდი გამომწყვდეული, ერთი ის გამაგებინა, ვინ მიგისაკუთრა?! ყოჩაღ, ყოჩაღ! რომ შესძელი და გამოიპარე…-იგი წამოდგა და მასთან ერთად შინისკენ წასვლა დააპირა, მაგრამ აიაქსი შეყოვნდა, მარჯვნივ მიიხედა და შეჰყეფა,-მიაგნებ, შენს სატუსაღოს, მიაგნებ?-გაეხარდა ნოდარს და უბრძანა,-აბა, წინ!
აიაქსი გაიქცა, ნოდარი მიჰყვა. გზად მიმავალნი ცნობისმოყვარედ შესცქეროდნენ. ლეკვმა შვიდასიოდე მეტრი გაირბინა და ერთგან, ღრიჭოდ დარჩენილ ეზოს ჭიშკარში შეძვრა. ქვით ნაგებ სახლის კართან მიირბინა და შეჰყეფა. სახლიდან ქალი გამოვიდა. ქალის პირისახე ნაწიბურებისგან შეკოწიწებული გეგონებოდათ.
-რაზედ დაბრუნდი, შე სულელო, რაზედ?.. მე ხომ იმისთვის გაგიშვი, ის ბიჭი რომ დაამშვიდო…ვერ ნახე, რა გულმოკლული დაგეძებს,-დახრილმა ლეკვს მიეფერა,-წადი, წადი…
ჭიშკარს მიმდგარი ნოდარი ფეხზე ძლივს იდგა. ერთი ხელით რკინის მესერს ჩამოყრდნობოდა და გამოთაყვანებულივით იცქირებოდა. ნაიას ხმა ესმოდა, ნაიას სხეულს ხედავდა, ნაცნობ და დამახსოვრებულ მოძრაობებს, სახეს კი _ვერა. ქალს ლეკვისთვის საყელურში ხელი ჩაევლო და ქუჩისკენ მოჰყავდა. უცებ თვალი მოჰკრა ნოდარს, დაძაბული შეაჩერდა, შეჰკივლა, ძაღლს ხელი შეუშვა, დაფეთებული სახლისკენ გაიქცა, შიგ შევარდა, კარი მიიკეტა. ფეხდაფეხ ადევნებული ძაღლი ჯერ კარს მიაწყდა, მერე ნოდარისკენ გამოიქცა და გაბმული ყეფით, თითქოსდა რაღაც შესჩივლა.
-ნაია… არა… ეს როგორ…-დაუფიქრებლად ლუღლუღებდა იგი, ბოლოს თავს ძალა დაატანა, ეზოში შევიდა,-ნაია, ეს როგორ… როგორ?!-და ერთიანად შეაძაგძაგა, სaხლის ფანჯრიდან სახედაბრეცილი უცნობი მოსჩერებოდა,-ნაია!-შეჰყვირა გაუბედავად. ფანჯარას ფარდა ჩამოეფარა. ვაჟმა მინაზე დააკაკუნა,-ნაია, მისმენ ნაია…-წამოცდა დაუფიქრებლად….
-წადი, ნოდარ, ღვთის გულისათვის, წადი…-მოესმა ქალის მინავლებული ხმა.
უკვე, ეჭვი აღარ უნდა შეპარვოდა, რომ ის ქალი ნაია იყო…
აცუნდრუკებული აიაქსი, სახლის გარშემო მხიარული ყეფით დარბოდა.
-რად მემალები, რად მემალები…-თავისთავად ალაპარაკდა ვაჟი.
-წადი, ნოდარ, ღვთის გულისათვის, წადი…-კვლავ შესთხოვა,-მაპატიე, მაპატიე, ასე რომ გაგამწარე, კვლავ რომ დაგირღვიე მყუდროება, მაგრამ რა ვქნა, მე ახლა, იმ ჩვენი სიყვარულის გარდა არაფერი დამრჩენია, ეგ ლეკვიც ამიტომ მოვიტაცე, ვიფიქრე, მისი ალერსითა და მოვლა-პატრონობით მაინც ვიჯერებ გულს _მეთქი… მაგრამ შენ ისე თავგადაკლული დაეძებდი, იძულებული გავხდი გამომეშვა, ახლა კი, ვნანობ… წადი, ღვთის გულისათვის, წადი…
-არსადაც არ წავალ, რა მოხდა, რა მოგივიდა?!-იგი კართან მივიდა, კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.
-არა, არ შემოგიშვებ!-გამოსძახა ნაიამ,-გთხოვ, წადი…-ქალი მწარედ აქვითინდა.
-ის მაინც მითხარი, რა დაგემართა? ის მაინც მითხარი…-თითქოსდა ინერციით ეკითხებოდა იგი.
-შემიბრალებ, არა?..-ამოისლუკუნა ნაიამ.
-მითხარი, თორემ კარს შემოვამტვრევ!-დაემუქრა ნოდარი.
-არა, არ გაბედო, ნოდარ, თორემ საერთოდ ვერ მიხილავ! არა, დამაცადე, მალე ისევ უნდა გამიკეთონ ოპერაცია, ვნახოთ, იქნებ, ოდნავ მაინც დავემსგავსო შენ რომ გახსოვარ, ისეთ ნაიას!..-ქალი კარს მოადგა და ვაჟს მისი გულისძგერა ესმოდა.
-ვინ, ვინ დაგისახიჩრა სახე?..-მაინც ვერასგზით დაეჯერებინა, რომ ის სახედაბრეცილი, ნაია იყო.
-მე თავად, იქ, აბასთუმანში, შენთვის ხიფათის აცილება მინდოდა და იმიტომ გავყევი დოლაბაძეს. მერე გზაში… ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ მაინც არ შემიჩერეს მანქანა. უცებ, არც კი დავფიქრებულვარ, კარი შევაღე და გადმოვხტი… ხრამში გადავიჩეხე, თითქმის მკვდარი ვიყავი, გვიან მიპოვეს, გვიან მიპოვეს, ძლივს გადამარჩინეს… გონს მოსული ვახტანგ გაჩავამ მინახულა, ვთხოვე შენთვის ჩემი ამბავი დაემალა, მეგონა შევძლებდი და… მაგრამ ვერ შევძელი! აქ, მამიდაჩემთან გადმოვსახლდი და ნამალევად გითვალთვალებდი, ვფიქრობდი, ასე, მის შორიდან ცქერაში გავლევ ამ წუთისოფელს მეთქი, მაგრამ საახალწლო კარნავალზე მისული, რომ დაგინახე, ვეღარ მოვითმინე, საშინლად ვიეჭვიანე, შემეშინდა შენი დაკარგვისა და… მერე აიაქსი მოვიპარე, მისი ალერსით, ოდნავ მაინც ვიოხებდი გულს… რა ვქნა, გიჟს დავემსგავსე, ნუ განმსჯი… ახლა აღარავინ შეგეცილება ჩემს თავს,-მან გესლიანად ჩაიცინა,-აღარავინ!-და ნოდარმა იგრძნო, რომ უკვე შეეძლო ქალისთვის თამამად შეეხედა. კარის სახელური მოსწია,-არა, არ გაბედო, ნოდარ! დამაცადე, და თუ ოდნავ გამიმართლებს, მე თავად მოვალ შენთან, ვიცი გაგაწვალე, მაგრამ იცოდე შენზედ ვლოცულობ! წადი, წაიყვანე აიაქსი, წადი… ზეგ, ალბათ ლელინგრადში გადავფრინდები, ქალს ოდნავ სილამაზე აღუდგინოს კაცმა და ათას გაჭირვებას სიხარულით გადაიტანს. წადი, საცაა მამიდაჩემი უნდა მოვიდეს და არ მინდა აქ დაგინახოს… წადი, თორემ მართლა გადავიკარგები. ხომ გითხარი, ოდნავ, მაინც თუ არ დავემსგავსე, შენ რომ გახსოვარ ისეთ ნაიას, ახლოსაც არ გაგიკარებ. ასე მაქვს ჩათქმული და განგებისთვის მიცემულ პირობას ნუ დამარღვევინებ. ისედაც მოხდა გაუთვალისწინებელი, და თვალი შემავლე… წადი, გესმის, წადი!
ვაჟი მიხვდა ნაიას თხოვნა უნდა შეესრულებინა.
-კარგი წავალ, მაგრამ როდის გიხილავ?
-მე თავად მოვალ, მე თავად… წადი შენთვის ვილოცებ!
-იქნებ…
-არა, შენ ნურაფერზედ ნუ შეწუხდები… ფულიც საკმაოდ მაქვს და ნათესავებიც თან გამყვებიან. გემუდარები წადი!..
მისი შეუდრეკლობით დათრგუნვილი ნოდარი დაცხრა, აიაქს მოუხმო, ხელში აიყვანა, ნებისყოფა მოიკრიბა და წავიდა. ძალზე ეწადა უკან მიბრუნება, მაგრამ ქალი თითქოსდა კვლავ ემუდარებოდა: ”ასე მაქვს ჩათქმული და განგებისთვის მიცემულ პირობას ნუ დამარღვევინებ… წადი, გესმის, წადი!” და ისიც ფიცმიცემულივით უმკლავდებოდა ცთუნებას.
...
====
იხ. ფილმი-თვითგამორკვევა-(ინტერპრეტაცია…)-Film-SELF-EXAMINATION- (interpretation…)
====
Комментариев нет:
Отправить комментарий