ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 4 января 2008 г.

”იოგობანა” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1990 წ. _ "Playing Yoga." A satirical-comic collection. "N.B." 1990

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====

გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი

”იოგობანა” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1990 წ.

"Playing Yoga." A satirical-comic collection. "N.B." 1990

ტირაჟი 20 000



სარჩევი

ქალბატონი ქალიშვილი
კალიების შემოსევა
იოგობანა
სრულიად სერიოზულად…

იოგობანა

შოშიტა შაშამბრიშვილი სამსახურიდან დაბოღმილი ბრუნდებოდა. თქმა რომ იციან, ზუსტად ისე, გახეთქვაზე ჰქონდა გული. თავისთვის ნამალევად ილანძღებოდა, დაუნდობლად თათხავდა მტყუანსა თუ მართალს… ”უჰ, მე მაგათი, უჰ მე მაგათი და მაგათი წამქეზებელისაც!.. და იმგვარ სალანძღავ სიტყვებს მიაყოლებდა, თავადაც განიცდიდა რაღაც უხერხულობის მაგვარს და იმ წამქეზებლად მიჩნეულ პირთან მობოდიშების მიზნით, უმალვე საკუთარ თავსაც თავგანწირვით შეუკურთხებდა: ”ერთი შენიც, მომინდომე დემოკრატობანას თამაში, თითქმის შენი ხელით დაიგე ხაფანგი!” _წარმოსახვაში მასებს ზედიზედ უღერებდა მუშტს, ”გასარტყმელადაც” ჰყავდა გამეტებული, მაგრამ ვერ ახერხებდა…
წამით, თავის ნამოქმედარს, თითქოს თვალებდაჭყეტილი მიაშტერდებოდა და გაოცებას ვერ ფარავდა; ვერ მიმხვდარიყო, რატომ დააღალატიანა ჩვეულმა, ნაცადმა ხერხმა. ყოველი დადაგენილების ”სადევიზო მოწოდებად” ატაცებას ხომ მუდამჟამს ოსტატურად ახერხებდა. თქმა რომ იციან, ზუსტად ისე, თვალებში ნაცრის შეყრისა არ იყოს, სახალხო საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული კაცივით მოჰყვებოდა ”ფაქტების შელამაზებას” და მასებს მამამარჩენლის გულშემატკივრობით ჩააწოდებდა.
ახლაც ნაცადი ხერხით გაეთამაშა მორიგ მოწოდებას და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტზე ”კრიტიკისა და თვითკრიტიკის” ორთვიური გამოაცხადა.
შეკრიბა ხალხი, ამაღლდა ტრიბუნაზე და თანამშრომლებთან ერთად საკუთარ თავსაც გადაჰკრა ”კრიტიკის წკეპლა”. უძრაობის ეპოქის გათათხვას კი, საგანგებოდ მიეძალა.
რა თქმა უნდა, სიფრთხილომანიით შეპყრობილი საზოგადოება ასე ადვილად არ აჰყვა. შოშიტამ ომახიანად წააქეზა ყველანი, გაწყრა კიდეც, მაგრამ… კი, გამოვიდნენ ერთეულები, ჩვეულებისამებრ, თქმა რომ იციან, ზუსტად ისე, არც მწვადი დაწვეს, არც _ შამფური, უკან დასახევი გზაც გვარიანად დაიტოვეს…
ოღონდ შოშიტას მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, ”პროგრესისტთა” ფრლაგმანი გამხდარიყო. კრების დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელს ”ბრძანების სახით” ”კრიტიკისა და თვითკრიტიკისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის” საყვედურიც კი გამოუცხადა და სულ მალე საწარმოო თათბირი მოიწვია. ეკონომიკის გარდაქმნაზე რიხით ილაპარაკა. ვიღაცას გულმა არ მოუთმინა, სიფხიზლე მიივიწყა და აჰყვა. მამაშვილურად, გულისამაჩუყებლად შეაქო იგი შაშამბრიშვილმა და იქვე ფულადი პრემიითაც წაახალისა.
ეპიდემიასავით იფეთქა შოშიტასადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე ”კრიტიკისა და თვითკრიტიკის” ორთვიურმა. აღარავის აღარ ინდობდნენ, აღარც შაშამბრიშვილის შიში ჰქონდათ. თქმა რომ იციან, ზუსტად ისე, სიმართლემ პური ჭამა, ოღონდ გამუდმებული შიმშილობისგან განაწამები, ისეთ გამძვინარებულ რამედ იქცა, რომ შაშამბრიშვილის ბიუროკრატიული ციტადელი თითქმის გამოღრღნა. მხურვალე გამოსვლებით გულის მოოხებას აღარ სჯერდებოდნენ და პირდაპირ საქმეზე გადადიოდნენ. შოშიტას პირდაპირ აფრენაზე ჰქონდა ნერვები, ორთვიურის დამთავრებას კი, არც არავინ ფიქრობდა…
შაშამბრიშვილმა ერთხელ კიდევ შეუკურთხა ვიღაცას, საჭე ძლივძლივობით დაიმორჩილა და მივიწყებული ფსიქიატრი გაახსენდა. უმალ მისი რეზიდენციისკენ აიღო გეზი. ფსიქიატრს სულაც არ გაკვრვებია შოშიტას დანახვა.
-ბუჭუნამ მომაკითხა გუშინ,-ახარა შაშამბრიშვილს,-მეექვსე კლასში ორჯერ რომ ჩარჩა ჩვენთან, ტრესტის მმართველი რომ არის, იმან, გუშინწინ გაბო იყო, მამალაყინწა გაბო, იდეოლოგიაში რომ მუშაობს, ის! ჰო, ჰო, ნუ გაგიკვირდება, ჩემთან მოსვლა არჩია, ამბის გახმაურებას მოერიდა… გაგახსენდით ხომ!..-ამაყად აქაჩა წარბები, მერე თქმა რომ იციან, ზუსტად ისე, პირდაპირ რქებში წვდა მოზვერს, _ნუ გეშინია, გიშველი… ისე, ამ ბოლო დროს ძაან გაჭირდა ნორმალურობის ზღვარის დადგენა, ვეღარ გაარკვევ, ვინ თამაშობს და ვინ მართლა გიჟია… ამას წინათ გაბოს გამოსვლას მოვუსმინე, საკუთარ თავის ნორმალურობაში შემეპარა ეჭვი. ეს ჩვენი გაბუნია ისეთ მაღალ მატერიებზე საუბრობდა…-ეტყობა, რაღაც ისეთი გაახსენდა, ბღავილით შეიხარხარა.
შაშამბრიშვილმა ძლივს დაამშვიდა და იმედით მიაჩერდა.
-იოგობანა უნდა ითამაშო…-დამაჯერებლად ურჩია მან,-აქვთ იოგებს ერთი ასეთი ასანა, დამამშვიდებელს ეძახიან… ვთქვათ, შეიგინა ვინმემ, უსწრაფესად მიიდებ თითებს საფეთქლებთან, დაჭიმავ კანს, დაჭყიტავ თვალებს, გამოყოფ ენას, რაც შეიძლება გრძლად და უმალ მოგეხსნება სტრესი… ზუსტად დღეს დამირეკა გიგლამ, მლოცა და მლოცა, არ დაგივიწყებო, შემპირდა, ვნახოთ…-იჭვნეულად შეათამაშა წარბები და მეგობარს ოსტატურად უჩვენა, როგორ კეთდებოდა ”დამამშვიდებელი ასანა”,-ნუ შეშინდები, ხალხში ენის გამოყოფა არ მოგიწევს, კარგად რომ დაეუფლები, წარმოსახვაში გაითამაშებ ამ ასანას და ჩვეულებისამებრ მოგეხსნება სტრესი, თან ისე სახეგაბადრული იქნები, ვითომ თაფლს გისვამდნენ ენის წვერზე…
დაეჭვებული კი გახლდათ შაშამბრიშვილი, რომ იოგობანას თამაში რამეს უშველიდა, მაგრამ შინ მისვლისთანავე შეიკეტა თავის კაბინეტში, დადგა სარკის წინ და სტარტთან მდგომ სპორტსმენივით დაიძაბა. ვარჯიში შუაღამემდე გააგრძელა.
შეუკურთხებდა თავისთავს, მიიდებდა თითს საფეთქელთან, დააჭყეტდა თვალებს, გადმოაგდებდა ენას და კეთილშობილ არსებასავით გაიღიმებდა.
დილით, გამხნევებული გაემართა სამსახურისკენ, ლარად შეაბიჯა კაბინეტში და ნებიერად ჩაბრძანდა სავარძელში…
მომჩივნებს მოყვასივით უღიმოდა. ის ერთი, სიმართლის მაძიებელი გოგო, რა თქმა უნდა, შეცბა, უმალვე სახეზე მოისვა ხელი, მკერდზეც დაიხედა, შაშამბრიშვილს ნირწამხდარი გამოემშვიდობა და ოთახიდან თითქმის გაიქცა.
სიხარულისგან აფრთხიალებულმა შოშიტამ უმალ ჩაკეტა კარი და ენერგიულად წაივარჯიშა… შეუკურთხებდა საკუთარ თავს, მიიდებდა თითებს საფეთქლებთან, დააჭყეტდა თვალებს, გადმოაგდებდა ენას და გაიბადრებოდა.
მალე, შეტევაზე გადმოსულ მასას ნაწრთობი ღიმილითა და მოსიყვარულე მშობელის სულგრძელობით უსმენდა.
ექსპერიმენტი ”კრიტიკა და თვითკრიტიკა” შეუფერხებლივ გრძელდებოდა…
1987
(ამონაკრების აკრეფა)

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...