ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

четверг, 1 мая 2008 г.

ტვინქამარას ტვინჩახდილი ”საჭკუეთი”... იგავ-ზღაპარი, გროტესკი თუ სინამდვილე...

====
====
ტვინქამარას ტვინჩახდილი ”საჭკუეთი” …
_
იგავ-ზღაპარი, გროტესკი თუ სინამდვილე…
_
კაცობის ეშხზე მოსულმა ცმაცნიმ კოსტიუმის შეკერვა, რომ გადაწყვიტა, თერძმა ჭიჭომ ზომები ვერანაირად აუღო, რადგან საზომ ლენტს ერთ ბოლოში ძლივძლივობით რომ მიაბჯენდა, მეორე ბოლოს მოხელთებას ვერაფრით ახერხებდა.
ეს იმიტომ, რომ სადაც იწყებოდა, ლამის იქ თავდებოდა და ერთი შეხედვით ცეროდენა თუ ციცქნაც არ ეთქმოდა. რა თქმა უნდა, ტვინიც ერთი ბეწო ჰქონდა, ამიტომაც, მოიაზრა და თავისი კაცობის დასამტკიცებლად ღვედივით წვრილი ქამარი, ზედ ტვინზე შემოირტყა.
ტვინზე იმიტომ, რომ შემთხვევით გაპარული ცერცეტი გენის კვალობაზე ”საჭკუეთის” მკვიდრი გახლდათ.
ამ ქვეყანაში კი, ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდით ჭკუაგახსნილ, ჭკუადალაგებულ, ჭკუადამდგარ, ჭკუადამჯდარ, ჭკუამახვილ, ჭკუადახედულ, ჭკუანასწავლ, ჭკუამოსწრებულ, ანუ ყველა ჯურის და მიმართულების ჭკუის კოლოფს…
მოკლედ, აქ ყველა და ყველაფერი ჭკუით ბრწყინავდა… არამცთუ ადამიანები, არამედ ცხოველებიც, ფრინველებიც, მწერებიც კი… მცენარეებიც ძალზე ჭკვიანები იყვნენ… სამომხმარებლო ნივთებსაც აშკარა ჭკუის ელფერი აჩნდათ… ის კი არადა, ქუჩაში დაყრილ ნაგავსაც კი ”ჭკუანასწავლობა” ეტყობოდა, რადგან პატრონთაგან უსარგებლოდ მიჩნეული და მოძულებული, ძალზე ბევრი კარგი წიგნი ყოველდღიურ ნაგავში არეულიყო…
ჩვენ ისეთი განათლებული და მცოდნე ერი ვართ, ერთი სამასი წელი, რომ არაფერი წავიკითხოთ, არც დაგვემჩნევაო, თავს იწონებდნენ ”ჭკუის კოლოფები”…
ეამაყებოდათ, უცხოურ ისტორიულ ნარკვევებში ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ”საჭკუეთად” მოიხსენიებაო…
მართლაც ასე იყო, რადგან ამ დალოცვილ მიწა-წყლიდან გაქცეული თუ გატაცებული ბიჭები, სხვის მიწაზე ერთიასად ამჟღავნებდნენ ბუნებისგან მომადლებულ გონიერებას და სიმამაცეს…
სხვა ქვეყნის მოვლა-პატრონობას თავგადაკლულები ჩემულობდნენ; პირველკაცობასაც აღწევდნენ, მძეთამძლე გაერთიანებებს ქმნიდნენ და სახელის უკვდასაყოფად წინაპართა მიწა-წყალსაც ხშირად ასაოხრებლად ემუქრებოდნენ…
ჭკუაამაყებს გაუმარჯოსო, დაამატებდა ტვინქამარა და ვითომდაც განსაკუთრებული ჭკუამოქნილობის დასამტკიცებლად, ზედ ტვინზე შემოჭირებულ ქამარზე დარდიმანდულად მიმოივლებდა ხელს…
ჭიჭომაც დრო იხელთა თუ არა, იმ ქამარს ჩაეჭიდა და სახელდახელოდ აზომ-გაზომა…
ნაღდად საპარლამენტო ხუნტის საფერი კაცი ხარო! დაცდა უნებლიეთ.
ვაპირებ კიდეცო, არ დაიბნა ტვინქამარა და თერძი დაანამუსა, რაღამც ზომები ამიღე, ბარემ, ხალხში სალაყბო თუ ტელეარხებზე საფრონცქაო იმიჯმეიკერული, ლიპებიანი კოსტიუმი და მისთანები შემიკერეო… თუ მოახერხებ და ისე სხვების დასანახად გარეგნობას სამმაგად გამიზრდი კარგად გადაგიხდი და მერე გადასახადიდანაც გაგანთავისუფლებო…
ჭიჭოს არც ეს გაჰკვირვებია, რადგან იცოდა მის კლიენტს ენა ჰქონდა ისეთი მოპირული, რომ დიდრონ-დიდრონ კაცებსაც კი აბრიყვებდა…
რადგან, დიდად შეძლებულის სახელით საშუალოდ შეძლებულს ჰპირდებოდა, საშუალოდ შეძლებულის სახელით, უფრო ნაკლებად შეძლებულს… ყველა ამათ კი, ”პირველის” უცილო მხარდაჭერას აღუთქვამდა.
ასე ენაგატლეკილი არა მარტო უბანში, მთელს ქალაქში შესამჩნევი გახლდათ.
ჭიჭოს კოსტიუმებმა კი, თითქმის კაცად აქციეს და მალე სხვადასხვაგვარად შეფერადებულ პოლიტიკურ შოუებშიც იწვევდნენ… მის ბჟუტურს დიდის ამბით ასმენინებდნენ ლაყბობით გამოთაყვანებულ ტელემაყურებლებს…
ჭკუაშერჩენილები ჭკვაამაყების შეფხიზლებას ცდილობდნენ, ძველებურად უშუალონი და ბუნებრივები იყავითო, მაგრამ უმრავლესობა მაინც ტვინქამარათი იყო მოხიბლული.
-ბაყ-ბაყ!-ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებდნენ სუფრასთან მის საპატივცემულოდ თავშეყრილი ამფოსონები თუ ამყოლ-დამყოლები…
უქებდნენ გამორჩეულ ვაჟკაცობას, გამორჩეულ მარიფათსა და კიდევ ათასნაირ რამეს, რაც უბრალოდ ბუნებრივი მონაცემების გამო არ გააჩნდა… თუმც, გარკვეული მიზეზებითა და გაურკვეველ ვითარებაში რამდენჯერმე გახლდათ საზღვარგარეთ ნამყოფი და რომელიღაც სახელგავარდნილ უმაღლეს სასწავლებელთან თავის ”ინტელექტუალურ” დამოკიდებულებას მარჯვედ და შესაფერი ტონალობით გაუსვამდა ხაზს…
ამაზე სულ მთლად ”ეცემოდნენ” მისი პოლიტიკური კარიერის მოტრფიალენი…
ისიც იფერებდა, ინგლისურს, ფრანგულ, ზოგჯერ კი თურქულ ენებზე დაზეპირებულ ფრაზებს ფეირვერკივით ანუ ფერად-ფერად შუშხუნებივით უშვებდა… ნახეთ რა წონა და გავლენა მაქვსო… ბაქიაობის უკიდეგანო ჟინი კიდევ უფრო შეუჯდებოდა და იწყებდა თვალების ქაჩვას, მე თქვენ, ვიღაც ის ხომ არ გგონივართ, თუ გავდელდი, აქაურობას სულ მთლად მივანგრ-მოვანგრევო…
აჰ, არა, ნუ დაგვღუპავო, თავგამოდებით ამშვიდებდნენ მოდღლეზილზე მოდღლეზილები, უშნოდ აცერცეტებული ”ჭკუის კოლოფები”, და მისი ნამდვილი სახელი ცმაცნი აღარც ახსოვდათ. თუმც, ყვარყვარეზე და მის გარემოცვაზე ტელევიზიით იცოცხლეთ ბევრი სასაცილო სცენა თუ კლიპი ენახათ და სხვების მიმართ ჩვეულებისამებრ ღადაობდნენ კიდეც, მაგრამ…
-ბაყ-ბაყ!-კვლავ ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებდნენ და ძმობას, ერთგულებას ეფიცებოდნენ…
ნაღდად საპრეზიდენტო კაცი ხარო, არ ეშვებოდა თერძი ჭიჭოც და უკვე ”კრიშის” მაძიებელ ბიზნესმენისგან დასპონსორებულ იმიჯმეიკერულ გარდერობს დროისა და ვითარების შესაფერისად უმარჯვებდა…
ეგ მეც ვიციო, უკან არ იხევდა ტვინქამარა და იმით გადიდგულებული, რომ ”დიდრონების” მართვის თავისებურ ხელოვნებას ვფლობო, საარჩევნოდ თვალთმაქცურ ფანდებს ხლართვადა…
სახელდახელოდ გამართულ მიტინგებზე ენას ციბრუტივით ატრიალებდა…
-ჩემო ლამაზო, გონიერო და ღონიერო ხალხო!!!-რომ დასძახებდა მიკროფონთან, ზოგიერთ გააქტიურებულ ქალბატონს მომენტალურად ცრემლებისღვრა ეწყებოდა, ისიც არ დააყოვნებდა და, _ჭკვაამაყებს გაუმარჯოსო!-მიაყოლებდა გაჭაჭული.
-ბაყ-ბაყ!-არ დაახანებდნენ მოძახილს მოყვარულები.
კი, იყო მასში რაღაც ქარიზმატული; ”ნდობით აღჭურვილი პირები” უკვე საქვეყნოდ გაჰყვიროდნენ ტვინქამარას განსაკუთრებულ გულისხმიერებასა და უნარ-ჩვევებზე…
ტვინქამარაც ისე ახლებურად და გატაცებით ყვებოდა ძველი დროის სამომავლო გეგმებზე, რომ მარჯვედ მოასკუპდა საარჩევნოდ დატრიალებულ კარუსელს და პრეზიდენტად არა, მაგრამ ხალხის რჩეულად და საპარლამენტო ხუნტის წევრად მალევე მოევლინა ”საჭკუეთს”…
მერე და მერე, რა თქმა უნდა, სულ მთლად ენად იქცა…
ქვეყანაში უფრო და უფრო მომრავლდნენ ტვინთხელები თუ ტვინნაღრძობები, აშკარა მიდრეკილება გაჩნდა ჭკუაარეულობისაკენ, ჭკუამხიარულობა კი, უკვე ჩვეულ ნორმად ითვლებოდა, რაც უცაბედად ჭკუაგაავებულობაში თუ ჭკუაგაუვალობაში გადაიზარდა…
ყოველ ”ჭკუის კოლოფს” თავისი განსწავლულობის დამამტკიცებლად, მოდურად გამართული ქამარი, ზედ ტვინზე ჰქონდა შემორტყმული…
ბევრი მათგანი ერთი შეხედვითთ წარმოსადეგი და მომხიბვლელიც გახლდათ, მაგრამ ტვინზე შემორტყმული ქამრის გარეშე, მაინც არასრულყოფილად მიაჩდათ თავი…
ჭკუაშერჩენილებს შეფარვით თუ აშკარად ეცლებოდათ სარბიელი და საარსებო წყარო, მაგრამ მაინც თავგამოდებით იცავდნენ ქვეყნის ინტერესებს და ნებსით თუ უნებლიეთ ტვინქამარასა და მის ამფსონებს ქამრებსაც კი შეუსწორებდნენ ტვინზე, როგორმე ქვეყნის სახე თუ სახელი შევინარჩუნოთო…
ახლა ბევრზე ბევრს ტვინქამარა არა მარტო ბრძენაკაცად, არამედ ლამის გოლიათად ეჩვენებოდათ…
ტვინქამარაც არ ისვენებდა; ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, ტელეეკრანებზე, სარეკლამო აბრებზე, მაისურებზე და ტრუსებზეც კი ხშირად ნახავდით ქამარშემოჭერილ ტვინებს, აზროვნების მიმანიშნებელი ნაოჭის ნაკვალევიც, რომ არ აჩნდათ… განსაკუთრებით სლიპინა, ათასგვარი სარეკლამო კლიპებით გაპრიალებული ტვინები იყო მოდაში… ტელერადიოსტუდიებიდან, თეატრის, რესტორნის თუ ართასგავრი ჯურის კლუბების სცენებიდან მხოლოდ და მხოლოდ მოდურ ტვინებს უმღეროდნენ…
ტვინქამარას ერთი ბეწო, ნაირფერად აბრჭყვიალებული, ღვედშემოჭერილი ტვინი კი ”ჭკუის კოლოფის” ეტალონად იქცა…
ნაგავსაც ოქროდ ვაქცევო, იქადდა ექსტაზში შესული ტვიქამარა, ჩვენისთანა ელეგანტური და ამასთანავე კოლორიტული ნაგავი მთელს მსოფლიოში არ მოიპოვებაო. შეგვიძლია ნაგვისმწარმოებელ ქვეყანად ვიქცეთ, რაც მეტ დახმარებას, სესხს ანუ ინვესტიციებს მოვიზიდავთ მით
უფრო მეტ დაფასოებულ ნაგავს გავიტანთო… მარტო ნაგვით შეგვიძლია ვირჩინოთ თავი, ჩვენი ეროვნული ნაგვითო და
ეროვნულ ინტერესებზე ისეთ რამეებს გააბამდა…
ეკოლოგიურად სუფთა ნაგავს მსოფლიო ბაზარზე მართლაც დიდი ფასი აქვსო… უმალვე მხარს აუბამდა ”იდეოლოგიის” მეორე”რუპორი”; მესამე საზღვარგარეთ ეძებდა დასაყრდენ ძალას…
მოკლედ ხშირად რელობა გროტესკს ჯაბნიდა…
ცოტაც და დიდი მოგება გვექნება და თქვენც შეგხვდებათო… ცმაცნი თუ ტვინქამარა ”დომკრატულ ღირებულებებს” იშველიებდა… არ იფიქროთ ეშლებოდა ”დემოკრატიულს” ”დომკრატიულს” ეშმაკურად ჩაუნაცვლებდა… ეს სახელმწიფოს მოწყობის ჩემეული ხედვააო, შეფარვით ყველა საქმის ენით აწევის იდეა ჰქონდა აკვიატებული….
ჭკუის კოლოფებს” ერთხანს ახალისებდათ მისი აბსურდული განცხადებები…
მერე ორიგინალომანიით შეპყრობილებმა თავადაც აიჩემეს ”საჭკუეთი” ”დომკრატიული” ღირებულებების ქვეყნად უნდა იქცესო…
ტვინქამარამ ასე თქვა, ტვინქამარამ ისე თქვაო, ეცილებოდნენ ერთურთს ”ლიდერის” ნაყბედარით მოხიბლულები…
მოდიოდნენ საერთაშორისო მნიშვნელობის ელჩები, ტვინქამარას ”იდეებს” უწონებდნენ და მოსახლეობას ტვინზე ქამრის შემოჭერის ტრენინგებს თუ მასტერკლასებს უტარებდნენ…
-ბაყ-ბაყ!-იძახდა მოსეირე თუ თავგზააბნეული ხალხი.
ტვინქამარა კი, ყოველ ამგვარ დაძახებაზე თავის ტყუილებივით ციცქნა, ქამრებშემოჭერილ სლიპინა ტვინებად მრავლდებოდა და მალე ასპარეზი პაწაწინა, მოჯამბაზე ქამრებშემოჭერილი ტვინუკებით აივსო… დაპირებების ისეთი კარუსელები დაატრიალეს, რომ თავბრუდახვეულმა მასებმა რეალობის შეგრძნების უნარი დაკარგეს… საზეიმო დაპირებები საქვეყნო ჰობად იქცა; ერთმანეთს, უკვე, თითქოსდა უშუალოდ, ბუნებრივად აცუცურაკებდნენ; დიდი პატარას; პატარა დიდს; სტუმარი მასპინძელს; მასპინძელი სტუმარს… სიმართლე, თითქოს არც არავის ესმოდა და არც არავის ჭირდებოდა…
ტვინქამარას მორიგი ”დომკრატული” პროექტი ანუ ენის წვერით საქვეყნო საქმეების მანიპულირების იდეა, ინერციით ვითარდებოდა…
ამის შემყურე ტვინქამარას ქამარმა, უცაბედად თავადაც ამოიდგა ენა . ამოიდგა და რა ამოიდგა, სულ მთლად ენად იქცა… უკვე ტვინქამარას მაგივრად ის რატრატებდა, ტვინქამარა კი უფრო მოუხელთებელი ხდებოდა…
”საჭკუეთი” ნაირფერადი დაფასოებული ნაგვით აივსო…
ბოლოს ქამარმა სულ მთლად აიშვა. ტვინქამარა თუ ჩემითაა, ეტყობა მეც მაგარი ვინმე ვარო, იფიქრა. ეგ ტვინუკა რაღაში მჭირდებაო, _გაუჯდა ენის წვერში, პატრონს შემოძვრა და ტვინჩახდილი დატოვა. მალე მას სხვა ქამრებმაც მიბაძეს და მთელი ”საჭკუეთი” ჭკუაჩახდილად იქცა.
”მეფე შიშველი ყოფილა?!” _ ძლივსღა გაიფიქრა სეირისგან და შიმშილისგან დაოსებულმა ხალხმა, უკვე ბანალურად ქცეული შეგონება…
მაგრამ მერე რა, _ქვეყნის მართვას ახლა ენაწაგდებული ქამრები ჩემულობდნენ…
--
”ხატოვანი მოტივაციები” ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №1 (3) 2005

P.S
მკითხველმა შეიძლება გაიკვირვოს, ასეთი რამე ვის დამართნია ჩვენ, რომ დაგვემართოსო… რა ვიცი, ამ პუბლიცისტური ”იგავ-არაკის” ჟურნალში 2005 წლის დასაწყისში გამოქვეყნების მერე იმდენი უცნაური რამ დაგვემართა, რომ…
სხვა თქვენ იფიქრეთ, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ… თორემ, ტვინქამარას ტვინჩახდილ ”საჭკუეთს” კიდევ მრავალჯერ მივიღებთ…

ავტორი

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...