ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

суббота, 30 августа 2008 г.

მონასტრისეული სივრცე... Monastic space...



მონასტრისეული სივრცე; ტაძრის კედელი... აკაკის ხე... სამარხების ქვები... და მონასტრისეული ზეცა... (ფოტოები გადაღებულია ავტორის მცდელობით...)
...ქვებზე ჩემთვის ახლობელი ადამიანების სახელებია ამოკვეთილი...
მორჩილი აკაკი
მორჩილი ნიკოლოზი

მორჩილი აკაკი, (აკაკი გაბრიჭიძე) მომხიბვლელი ბუნების ადამიანი გახლდათ. გარეგნობაც შესაბამისი ჰქონდა და თავისი დახვეწილი, იმერელი კაცისთვის ჩვეული მანერებით თავისებურად იქცევდა ყურადღებას. სხარტი გონების პატრონს, მჯერა იქაც, ზეციურ სამყაროშიც არ ღალატობს ალღო და უნარი არსებითის უშუალოდ შეგრძნებისა… კეთილად მოუბარმა მრავლად იცოდა სხვადასხვა გამონათქვამები… ჩემთვის უცნობი ავტორის სათაგადავსავლო პოემას იმგვარი ინტერესით ყვებოდა, რომ ნაწარმოების სიუჟეტი და მხატვრულობა მეტად მიმზიდველი და ფიქრშესახები ხდებოდა… იუმორით იგონებდა თავის ყმაწვილობის დროინდელ ამბებს; განსაკუთრებით, გურიაში ”მოღვაწეობის”დროს თავსგადამხდარ ”ფათერაკებს”… იცხოვრა და იშრომა ღირსეულად, ქალბატონ თამართან ერთად შექმნა ჭეშმარიტად ლამაზი ოჯახი და ღვაწლი დაუფასდა კიდეც… ბერობის წიაღს ნაზიარებ თავის უფროს ვაჟს, წლების მანძილზე მორჩილის კაბით ერთგულად ედგა გვერდით და იმ მონასტრის აღორძინებაში შველოდა, რომლის ეკლესიის კედლებსა თუ შემოგარენს, ასორმოცდაათი წლის მანძილზე, განგების ნებითა და საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბერადშემდგარი შიოს მიერ საეკლესიო მოღვაწეობის დაწყებამდე, ქართული წირვა-ლოცვისა და გალობის ხმებით არ ”გაეხარათ”… ჯერ კიდევ ყმაწვილს მოუწია მეორე მსოფლიონ ომში ”საბრძოლო ნათლობის” მიღება, გახლდათ მეკავშირე, დაჭრილი ჩავარდა ტყვედ... რომელიღაც გერმანულ ქალაქში მდებარე ქარხანაში სამუშაოდ ”მიამაგრეს”… მის მიერ მოყოლილ ეპიზოდს მოიცავს ესეი: ”მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა გულით”,(იხ. ჩამოიღვარა ფანტაზიის უცხო ნაყოფი...) რომელიც გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა და რომელიც ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთმეგობრულ სწრაფვას ეხმიანება… (მომეპოვება ამ ეპიზოდის მომცველი სცენარიც, რომლის მოხედვით, ასე 20 წუთიანი დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღება იქნებოდა შესაძლებელი...)

მორჩილი აკაკი მართლაც, რომ ღვთის მორჩილი გახლდათ, და მან თავისი გარდაცვალებით ღირსეულად გაამყარა ”ქართულ ნირზე” აღორძინებული მონასტრისეული სივრცე…

====

უბრალო, ნათელი კაცი _ასეთი იყო მორჩილი ნიკოლოზი (რამაზ ბარბაქაძე). კარგი ძმა გახლდათ, კარგი მოყვასი და კარგი ქართველი. ჭაბუკობაში, საქართველოს ერთიანობისათვის იბრძოდა, წუხდა დაპირისპირება მშვიდობიანად, რომ არ მოგვარდა… თითქოსდა გამუდმებით საქმის საკეთებლად მომართული, თავისებურად ოცნებობდა… მისთვის საყვარელ მოძღვარსა და ახლობლებს ჩანაწერების სახით მალულად უმხელდა სიყვარულს… ამ მცირე ”კრებულში” მისი აზრები სტროფების ”ნირზეა” ჩამოწერილი, ზოგი მათგანი ძნელად იკითხება… იგი ამგვარად ცდილობდა ”შეემაგრებინა” თავისი ”სათქმელი”; ღვთისგან ბოძებული მორჩილის ”ტვირთი”… ”თავისმართლების” მცდელობაა საკუთარი ქალიშვილისადმი მიძღვნილი ლექსი ”ვუძღვნი ჩემს შვილს ლელას”, თავისებური მხატვრულობის მომცველია:

ჩემი სულის ანბანი

რითმით სიტყვის გამოთქმა

არ ყოფილა ადვილი,

მაგრამ უფლის შეწევნით

სტროფიც გაირითმება,

ლექსად აისახება

ჩემი სულის ანბანი,

მოყვასთ ჩემი ნაფიქრის

მადლი მოეფინება…

მაგრამ ალბათ მისი ცხოვრების ”ანაბანა”, აი ეს სტრიქონები გახლავთ:

ნუ მიწყენ…

ნუ მიწყენ, თუ ვერ შეგიცან,

ნუ მიწყენ, თუ ვერ გავიგე,

ნუ მიწყენ, თუ ვარ ბრმა ვინმე,

ნუ მიწყენ შეცოდებასა…

მოვა დრო თვალებს გავახელ

და სმენაც გამახვილდება,

ვითარცა გველში სიბრძნენი

ჩემშიდაც აისახება.

ვითარცა ტრედი უმანკო,

ისე დავიწყებ ფრენასა,

შევიმოსები სიბრძნითა

სამშობლოს გასახარადა!

შრომით და კარგი კაცობით

გული გავუთბო მოყვასსა

ავაღორძინო ტაძრები

ამით იხაროს ზეცამა!

ნუ გამიწყრები, თუ რამე

ნაბოდვრად მოგეჩვენება,

დრო მოვა შევკავშირდებით,

ლოცვით ვაფხიზლებთ კერასა…

ღმერთსა ვთხოვ, ჩემი გულისთქმა

საქმითა გამოაჩინოს,

მან მომცეს მადლი სიტყვის თქმის

და მადლი მშრომელობისა!

უფალო, შენ შეისმინე

ჩემი გულწრფელი ვედრება,

გარდმოავლინე ჩემზედა

მადლი, ულევი ღვთიური!

შენ სიყვარული მოყვასის

ჩემს გულში ააელვარე,

შემმოსე უბიწოებით,

ტაძარი მაშენებინე!

ის ჯვარი, რომლის ტარებაც

უფალო, ჩემით ინებე

ცხოვრების კარიბჭემდინა

კეთილად მატარებინე!

მაშრომ-მაღვაწე, მახარე,

ნუ შემყრი ავის ნებასა,

კეთილი საქმე ვამრავლო,

ბოროტი დავასსამარო!

მადლისა წყაროს დამწაფე,

შემასმევინე ულევად,

რომ მარადიულ ცხოვრების

გზები გამეხსნას ლოცვითა…

ეს გვამი სავსე ცოდვითა

გამაწმენდინე ლოცვითა

და სული დამძიმებული

შემიმსუბუქე შვებითა…

ნუ მიწყენთ თუ რომ ვერა ვთქვი,

ისეთი, რასაც ელოდით,

ნუ მიწყენთ, თუ ვერ გაამეთ

ურითმო ლექსის წყობითა…

მეც მინდა ვიყო მოყვასი

და შემწე ამა ძმობისა,

ნუ მიწყენთ ამ ჩემს თხოვნასა,

ვარ მოიმედე ლოცვისა!

ივლისი,2001 წ.

...მონასტრისეულ ქვებზე ჩემთვის ახლობელი ადამიანების სახელებია ამოკვეთილი...
////
====
====







Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...