ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

суббота, 30 августа 2008 г.

მართალი საქართველო… THE TRUTHFUL GEORGIA




მართალი საქართველო… THE TRUTHFUL GEORGIA

მოლაშქრე უნდა ჭაბუკი…

მორჩილი, სამართლოვანი…

დავით გურამიშვილი

მართალ საქართველოს დღეს ერთიანად სტკივა, მართალი საქართველო დღეს მგლოვიარეცაა და ამაყიც… ეს თავისებური ნუგეში და გამხნევებაა იმათთვის, რომლთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს…

ხუთჯვრიანი დროშებით გადაფერადებული მსოფლიო, საქართველოს მხარდამჭერთა მანიფესტაციებზე, სხვა ქვეყნის შვილთა ომახიანი შეძახილები დამცავ ზღუდედ შემოევლო ჩვენს ძალისხმევას…

მტრის განზრახვამ ტკივილის, მწუხარების, ნიჰილიზმის ტყვეობაში ჩავშლილიყავით სარბიელი ვერ ჰპოვა…

თუმც, გვარიანად დაგვარბიეს, მრავალმა ოჯახმა განუსაზღვრელი ტკივილი განიცადა და, თითქოს სამძიმარიც ამაოა მათ მიმართ…

მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, ქვეყნისთვისთვის თავდადებულთა გმირობა… ერთიანი სასიცოცხლო სივრციდან დაძრული თანაგრძნობა, ამ ქვეყნის ჭეშმარიტ შვილთათვის თანადგომად და ნუგეშად არ აღიქმებოდეს…

რუსეთის ”მმართველი ელიტა ავადაა”. იგი სნეულია იმავ სენით, რაც საუკუნეების მანძილზე აწვალებდა და ტანჯავდა მის სულსა და სხეულს…

მე, როგორც მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოების რიგითი წევრი პატივისცემითა და სიყვარულით ვარ განმსჭვალული რუსული ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართ… რუსეთში მცხოვრებ იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც სიკეთე ამოძრავებთ…

მაგრამ ”პუტინის ფედერაციული იმპერიის” გარკვეულ წრეთა სულებში ჩასახლებული ამბიციები განკურნებას თუ არ დაექვემდებარა, ”დერჟავიზმით” ჩახერგილ გონებას, თავად რუსეთის გასაკვირად მოულოდნელად დამბლა დაეცემა… უმართავი ხელ-ფეხი მექანიკურად გაიბრძოლებს და წარმოქმნილი ქაოსი გვარიანად დააზარალებს ამ ქვეყნის ხალხებს… იქნებ, იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ დაგვაზარალა ამჟამინდელმა ოკუპაციამ…

ვისურვებდი, მომავალში, პროგრესიულ ძალთა ძალისხმევით გადახალისებული რუსეთი ჭეშმარიტად შერწყმოდეს ევროპულ სივრცეში დამკვიდრებულ ფასეულობებს…

განგების ნებით საქართველო აღმოჩნდა ის ნიშანსვეტი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებას თვალნათლივ დაანახვა ამაზრზენი საშიშროება იმ ფარსისა, სადაც სამართლიანობის ნიღბით მოთამაშე პირუტყვული, ცხოველური წადილი, როგორ ცდილობს ქართული მოდგმის ოფლითა და სისხლით შენარჩუნებული მიწა-წყლის დაპყრობა-მიტაცებას.…

”უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი!

უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”

აკაკი

მე, როგორც რიგით ქართველს და ლიტერატორს, ჩემეული გულისტკივილი მაქვს და წლების მანძილზე ნათლად გამოვხატავ სათანადო პოზიციას პუბლიცისტურ წერილებისა და ზეპირი სიტყვის სახით…

სანამ შენ ლექსს წერ მთავრობაში ლეწავენ კალოს,

ამ ბაღ-ვენახებს, სახნავ-სათიბს ქე უყვეს ლელო,

და ქართველ მწერალს არ შეგარჩინეს ამ მიწის ღეროც,

მართალი სიტყვის მეაბჯრესო, ”სიმართლით” ევლოს…

24,07.08

მაგრამ, სახელისუფლო წრის გარკვეულ პირთა დროული შემართება ძნელბედობის ჟამს "შვების მომგვრელია" და წყენაც გავიწყდება…

დიახ, ჩვენ კვლავაც სიმართლით ვივლით, რადგან ათეული წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის გვიძგერდა გული…

ეს ჩვენი სასიცოცხლო ენერგია და მოვალეობა გახლავთ... მრავლადაა ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ სამთავრობო პოლიტიკას, მაგრამ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტებები არიან… სავალალოა, სახელისუფლებო სტრუქტურები, ამგვარად, ობიექტურად მოზროვნე ადამიანების მიმართ თავისებურ, ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს…

შედეგი ისაა, რომ დამოუკიდებელი ქართველი ანალიტიკოსების მიმოხილვები (განსაკუთრებით პუბლიცისტური) აღიქმება, როგორც მხოლოდ კრიტიკა და არ ხდება მათი ობიექტური ანალიზი…

…სიძულვილით აღძრული ადამიანები ყველას და ყველაფერს თავისი ”ნერვოზული სახრეთი” მიერეკება.

სიძულვილი ამგვარი სახრით მოერეკება საოკუპაციო ჯარების მესვეურებსაც…

მაგრამ ქართულმა მოდგმამ, ქართულ მიწაზე მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა, რომლებიც წილნაყარი არიან ამ ქვეყნის ტკივილთან თუ სიხარულთან მიივიწყეს დუხჭირი ყოფით გამოწვეული წყენა და თავისუფალი ნებისა თუ შეუდრეკლობის გამოხატვის ნიშნად ერთად ააფრიალეს ხუთჯვრიანი დროშები…

ისინი უშუალოდ შეიგრძნობენ ქართული სივრცის მადლს, მათ სწამთ ამ ქვეყნის მომავლისა…

ჩემი რწმენა, მსოფლიო ლიტერატურაში განსხეულებული სიკეთითა და ქრისტიანული მადლითაა ნასაზრდოები…

ჩემი ეკლესიურობა ჩემი საქართველოა; მცდელობა იმისა, რომ შესაძლებლობისდა მიხედვით ბოროტება ნაკლებად ვაბოგინო…

სანამ ვინმეს ენა წაუცდებოდეს და ”ერესისა” თუ ”მწვალებლობის” კვალობაზე ”დაბინავებულ” უამრავ სექტათაგან, რომელიმე მათგანს მიმაკუთვნებდეს, მინდა ალალად განვაცხადო, მე ”ქართველ ქრისტიანად” მივიჩნევ თავს…

შემეცნებული მაქვს ქართული ეკლესიის განსაკუთრებული, სასიცოცხლო როლი, ეროვნული სულიერების მოვლა-აღმავლობის სახით… თვალსაჩინოა, საეკლესიო მოღვაწეთა თავდადებული მოღვაწეობა… თავისებური, სიამაყის გრნობის მომცველია ძნელბედობის ჟამს მათ ”მხედრული შემართება”… ერის ნატანჯ სულს, ხშირად სალბუნივით ეფინება საქართველოს პატრიარქის ქრისტიანულ უშუალობასთან წილნაყარი მამულიშვილური შეგონებანი…

მაგრამ იმ რუსს მფრინავთაგან, ვინაც თავზე ბომბს გვაყრიდა, გარეგნული ნიშნებისდა მიხედვით, ალბათ ერთი-ორი ჩემზე უფრო ”მართლმადიდებელიც” იყო. ხალისიანად დათარეშობდნენ საქართველოს ზეცაში და ეტყობა მშვიდობიანი მოსახლეობის თავზე ბომბების ჩამოყრა გვარიანად ეხალისებოდათ…

”სარწმუნოება, მოკლებული განათლებას, ხშირად იქცევა ვიწრო ფანატიკოსობად, ან აღმერთებს გარეგანს, დროებითს ფორმებს ეკლესიისას და ივიწყებს შინაგან მხარეს, ცხოველმყოფელს ზნეობრივ პრინციპებს, დედააზრს სახარებისას.”

იაკობ გოგებაშვილი

ამ დიდებულ ქართველსაც დაესხმის მავანი თავს, ჩახერგილი გონისა თუ სათავისოდ გატუტუცებული ”თვითგადარჩენის” კარნახით დაუწუნებს ”რწმენას”, ისე, როგორც სულხან-საბა ორბელიანს და სხვა მრავალ სულხორციანად თავდადებულ მამულიშვილთ შეჰკადრეს აუგი… მაგრამ ჭეშმარიტი საქართველო, დღემდე, ამგვარი ადამიანების მხრებით მოდის და მიიკვლევს გზას უკეთესი მომავლისაკენ…

თავალსაჩინო ერთიანობა, ეროვნული მზაობა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა ”დიდგორობის”, და სხვა მსგავსი, ერთიანი ქართული სივრცის გამოძახილია…

ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ერთად ვდგავართ!

და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება, რომელიც დღემდე, ნებსით თუ უნებლიეთ ძირეული ხალხის სასიცოცხლო სივრცის შევიწროებითა და გადათელვით იყო გართული, ქართველების საქართველოსთან თანადგომას, სამთავრობო მმართველობის მიმართ გაცემულ ”ინდულგენციებად” არ მიიჩნევს…

მე, როგორც ერთი ქართველი და მეაბჯრე მართალი სიტყვისა, მადლიერების გრძნობით შევცქერი პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობის ძალისხმევას ”სამართალმა პური ჭამოს”…

რათა, ჩემს ლამაზ ქვეყანას მიეცეს საშუალება; შეინარჩუნოს განგებისგან ბოძებული მიწა-წყალი, უნიკალური თვითმყოფადობა, შემოქმედებითი ცხოვრების არეალი და რიტმი, ჰარმონიული განვითარება ჰპოვოს მოწინავე ერების მხარდამხარ…

12.08.2008

P.S.

ოკუპანტთა აგრესიის პირველსავე დღეებში მე და ჩემმა მეუღლემ ინგლისურენოვან საინფორმაციო, ლიტერატურულ საიტებზე, (რუსულენოვანები ბლოკირებული აღმოჩნდა…) სადაც ჩვენი ნაწარმოებებია წარმოდგენილი, ფორუმის მონაწილეთა მრავალათასიან არმიას შეძლებისდაგვარად შევატყობინეთ თავდასხმისა და ბარბაროსობის შესახებ და სადარი მხარდამჭერი გამოძახილებიც მივიღეთ კომენტარებისა თუ მესიჯების სახით… (სამწუხაროდ მალე ინტერნეტი (”ახალი ქსელები”), თითქოსდა ”მიზანდასახულად” გაგვეთიშა და შესატყვისი საინფორმაციო ველის გაფართოება ვერ შევძელით…)

მადლობა მათ, ვინაც ასე უშუალოდ მიიტანა გულთან ჩვენი სატკივარი და შეიგრძნო მათი ქვეყნების საზღვრებთან მოწრიალე ის მზაკვრული საფრთხე, რაც ათასგვარი დეკლარაციებით დამოწმებულ თავისუფლებას ემუქრება…

ჯანრი გოგეშვილი


დიდგორობა-1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის მთებში ქართველთა ჯარის მიერ მოპოვებულ გამარჯვების ნიშნად დაწესებული დღესასწაული.

არაბულ-სპარსული წყაროების, სომეხი, ფრანგი და ქართველი ისტორიკოსების ცნობით ერაყის და არაბეთის სამეფოების, სპარსეთის, თურქეთის, სომხეთის ყველა სასულთანოსა და საამიროს გაერთიანებული ლაშქარი 400 ათასამდე მეომარს ითვლიდა.

ქართველთა მეფე დავითი, აღმაშენებლად წოდებული მტერს 56 ათასი მეომრით შეებრძოლა. აღმაშენებლის მხედართმთავრული ნიჭისა და ალღოს წყალობით ქართველებმა არნახული შეუპოვრობა, თავგანწირვა გამოიჩინეს და მომხდურთა გაერთიანებული ლაშქარი სასტიკად გაანადგურეს…

----------------------------------------------

THE TRUTHFUL GEORGIA

----------------------------------------------
====
====


Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...