ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

среда, 28 ноября 2007 г.

...მაგრამ ულექსოდ გადაშენდება... (ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტესა Wislawa Szymborska...)

====
----
...მაგრამ ულექსოდ გადაშენდება...

ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტესა Wislawa Szymborska 1996 წლის 7 დეკემბერს დათარიღებულ თავის სიტყვაში ”პოეტი და მსოფლიო” გვიმხელს, რომ პოეტები ხშირად გაურბიან საანკეტო მონაცემების შევსებისას თავი პოეტად დაასახელონ, ისინი უფრო ტერმინ ავტორს იშველიებენ, რადგან იციან, რომ ბიუროკრატები და ავტობუსის მგზავრები ამგვარ ”მოწოდების” ადამიანს სკეპტიკურად და შეშფოთებით შეცსქერიან… თუმც შესაძლოა ფილოსოფოსსაც ამგვარი რეაქციით შეხვდნენ... თუმც ისინი იმის შემდეგ, რაც მათ შეუძლიათ თავისი მოთხოვნილება გარკვეული აკადემიური წოდებით დაამშვენონ უკეთეს მდგომარეობაში არიან… რადგან ფილოსოფიის პროფესორი, ბევრად უფრო წარმომადგენლობითად ჟღერსო…ჩვენს ბიუროკრატებასაც იგივე სენი ჭირთ და არც ჩვენი ავტობუსის მგზავრთა უმეტესობაა უკეთესი აზრის პოეტური შთაგონებით ”გაწაფულ პროფესიონალზე”. საჭიროებისამებ, ხალხის გულის მოსაგებად კი ჩვენი ბიუროკრატიც ჩამოარაკრაკებს ამა თუ იმ ცნობილი (უფრო გარდაცვლილი) მგოსნის ლექსს, მაგრამ იქვე ავიწყდება… ოღონდ, რამდენიმე თვის შემდეგ საარჩვნო მარათონში ჩაბმული, ისევ შეეცდება დეკლამაციით ამომრჩევლის მოხიბვლას…დიახ, ჩვენთან ამ ბოლო დროს მწერლობა საკმაოდ აითვალისწუნეს, მხოლო ”ეკონომიკა” გახდა პრიორიტეტი… ვინ ამბობს უარს, მაგრამ ასე ცალმხრივად _ ღირებული ქვეყანა ვერ აშენდება. ერთხელ, ამჟამინდელ ”ცნობილ სახეს”, წარსულში კი, ჩემსავით უცნობ ლიტერატორს გავეხუმრე: ირანში, ფერეიდანელ ქართველებთან შეხვედრისას ცრემლი, რომ მოგადაგა თვალებზე (ისე, მეც თვალებაცრემლებული შევცქეროდი ტელევიზორის ეკრანს, ამგვარ გულაჩვილებაში ქართველები ხშირად ვხდებით ”ტოლერანტულები”), აგერ, სამშობლოში, ამ ყოფისგან ყოფაგაუბედურებულ ქართველ მწერლებს (რა თქმა უნდა, სასათბურე მდგომარეობაში მყოფ ერთეულებს არ ვგულისხმობდი), რომ უყურებ, მაშინ თვალები რატომ არ გიცრემლდება მეთქი... გაიკვირვა, ჩვენ საკმაოდ გეხმარებით და თქვენამდე როგორ და რა სახით აღწევს ეს მე არ მეხებაო... მართალი გითხრათ, არც მე მეკითხება ვინმე რამეს... თავად ის, სხვა თუ არაფერი ”თანამდებობრივადაა” ვალდებული იცოდეს რა უიმედო მდგომარეობაშია ამ მხრივ ქართველ ლიტერატორთა დიდი ნაწილი... ისიც, რომ ამჟამინდელ ”საბაზრო ეკონომიკასთან” სამწერლო შემოქმედების ასე ხელოვნურად მიბმა ყოველნაირად გაუმართლებელია…
ყველასთვის ცნობილია, პოეტური თუ პროზაული ნაწარმოებები, რომელთა შექმნას ავტორმა ღვთისგან ნაბოძებ შთაგონებასთან ერთად დიდი ძალისხმევაც შეალია რჩეულ მკითხველთა შეჭირვებისა და ეროვნული და საერთოდ მხატვრული ლიტერატურის მიმართ საგანმანათლებლო სისტემებში პროვოცირებული ნიჰილიზმის გამო შეუფასებელი რჩება. გვახსოვს, გარკვეულ წრეებში საუბარი იყო კანონპროექტის შესახებ, რომელშიც თითქოს შემოქმედის პროფესიონალური ღირსების ”დამცავი ინსტიტუტების” შექმნაა გათვალისწინებული, მაგრამ შემდეგ მის შესახებ არც არფერი გვსმენია…
ამას წინათ, ამ დალოცვილ ინტერნეტში ამგვარ ინფორმაციას წავაწყდი: თურმე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ნიუ-ორკში დამთავრების პირასაა ”პოეზიის სახლის” მშენებლობა, რაზეც უკვე დახარჯულა ცხრა მილიონი დოლარი... ჩვენ კი, ისიც წაგვართვეს, რაც ღირსეულმა ქართველებმა დაგვიტოვეს... თუმც, ”მწერალთა კავშირის” შენობაში, სადაც ერთ დროს მოკრძალებით მივისწრაფვოდი , ბოლო დროს ”საერთო-ეროვნული კავშირის” ეგრეთ წოდებულმა მესვეურებმა სხვა მრავალ ქართველი ლიტერატორის მსგავსად მეც დამიკარგეს მისვლის ხალისი... რადგან ის სახლი სათავისოდ გაიხადეს, ვერ დასძლიეს ჩვეულებრივი კომსტრუქტურაში ადაპტირებული ბიუროკრატიული მმართველობისადმი მიდრეკილება... თუმც, შესაძლებლობის მიცემისთანავე ცდილობენ ზვიგენისთვის ვირტუალური ფრთების დაჭრის კომპანიაში აქტიურად ჩაბმას... (იხ. ”როგორ დავაჭრათ ზვიგენს ფრთები... ) ის, რომ თავდაპირველად, თავად უნდა გახდნენ დროისდა შესაფერისად ”დემოკრატები”, ამის გათავისება არაფრით არ უნდათ...
ამის შესახებ, სამიოდე წლის წინათ ”კავშირის” გამგეობის სხდომაზე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება... მათთან პირად საუბრებშიც შევეცადე ”საგანმანათლებლო ტრენინგების” ჩატარებას... ვითხოვდი, რომ ლიტერატურული გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის გამოეყოთ ერთი ოთახი, სადაც შეძლებდნენ, თავისუფლად, ”კაბინეტური იერარქიის” გავლის გარეშე თავშეყრას, საუბარს, ინტერესთა დაახლოებას... რომ როგორმე სხვადასხვა ალტერნატიული ასოციაციების საფუძველზე შქმნილიყო ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რასაც მიეცემოდა იურიდიული პირის სახე და დღევანდელი კანონსაქმიანობის მიხედვით, სახლიც საერთო-ეროვნული მწერლობის საკუთრებად გამოცხადებულიყო. საგამოცემლო გეგმებში შეეტანათ ალტერნატიული გამოცემები ...
ამის შესახებ წერილიც გამოვაქვეყნე ჩემსავე დაარსებულ ჟურნალში (”ხატოვანი მოტივაციები” ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი 2(4) 2005წ.), მაგრამ ბოლოს მევე გავეცალე მტრადმოკიდებულ ”კოლეგებს”... არადა, იმავ შენობაში, სადაც შემდგომ საკმაოდ დიდი ფართის ნაწილი იქნა გაქირავებული, ანუ მაჩაბლის _13-ში, კარგა ხნით ადრე, მწერალთა ერთი ჯგუფის მიერ 1999 წელს დაფუძნებული იქნა მწერალთა გაერთიანება ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” (რეგისტრირებულია კრწანის-მთაწმინდის სასამართლოს 1999წ. 08 დეკემბრის 069-80 დადგენილებით), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და კოორდინატორი მეც გახლდით.
ამის შესახებ ცნობა ვებ-გვერდის სახით ინტერნეტშიცაა შემონახული...(დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ იხილონ: ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი (ENG)მწერალთა კავშირიhttp://www.jvj.20m.com/კატეგორია: პროფესიული ასოციაციები)
გულდასაწყვეტი ისაა, რომ ქართული მწერლობის დიდმა ნაწილმა, როგორც ღვაწლმოსილებმა, ისე კავშირში ახალმიღებულმა ახალგაზრდობამ იგუეს მმართველობის ამგვარი, დრომოჭმული იერარქია... საბოლოოდ კი მივიღეთ გამოსახლება და კულტურის სპორტისა და ტურიზმის სამინიტროს მიერ შემოთავაზებული ”მწერალთა სახლის მოწყობის” სამომავლო გეგმა.
უფრო გულდასაწყვეტი ისაა, რომ ხელისუფლებისთვის გარდა სათავისოდ შერჩეული რამდენიმე თავისებურად ნიჭიერი შემოქმედის გარდა, სხვა ქართული სიტყვის ჭეშმარიტი მოამაგენი არც არსებობენ... ისინი თითქოსდა კულტურის მუშაკებად მოიაზრებიან, მაგრამ არც იქ ცნობენ მათ სოციალურ უფლებებს... ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის დამფუძნებელ კრებაზე, კრების მესვეურთ მე პირადად მივმართე თხოვნით, რომ თუნდაც დრამატურგთა ”ხათრით” შექმნილიყო ლიტერატორთა და ხელოვანთა პროფესიული კავშირი, მაგრამ წაუყრუეს... და ამგვარად, მწერალთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა სრულიად გარიყული ეროვნული ქართული სახელმწიფოს სახელისუფლო ინტერესებიდან... თითქოს, რაღაც დანაშაული მიუძღვის იმ სამშობლო-ქვეყნის წინაშე, რომლის მიმართ უანგარო ერთგულებას თავგამოდებით გამოხატავდა და გამოხატავს... იქნებ ზოგს ჯეროვნად გაცნობიერებული არა აქვს, მაგრამ არც ახლაა გვიან შეიმეცნოს, რომ საუკუნეების მანძილზე ქართულ ეკლესიასთან ერთად, ქართული მწერლობა, (რომელიც თავისებურად ეკლესიის წიაღში იშვა) წარმოადგენდა ეროვნული თვითგამოხატვის, ეთნოფსიქოლოგიის მასაზრდოებელ სათავეს... ვგონებ, მტკიცებას არ საჭიროებს ის რომ ერთი რომელიმე ჭეშმარიტი ლიტერატორის სიტყვა, პოეტური სტროფი ბევრად უფრო ეროვნული მუხტის მატარებელია, ვიდრე რომელიმე ჩინოვნიკის ”პატრიოტული მიზანდასახულობით” წარმოთქმული ”რეჩიტატივი”.
სანამდე უნდა გაგრძელდეს საქართველოში ჭეშმარიტ, დამოუკიდებელი სააზროვნო სივრცის გამკვალავ შემოქმედთა დისკრიმინაცია...
უმეტესობას არ გააჩნია არავითარი შემოსავალი... ჰონორარმა, როგორც იტყვიან ჩაილურის წყალი დალია... ამ ყოფისგან შეჭირვებულთა სიებში ისინი შეგნებულად არ შეჰყავთ. არც სამედიცინო პოლისებით ანებივრებს ვინმე... სახელმწიფო სამსახურში დასაქმებაზე არაფერს ვამბობ, თვალსაზრისის გამო თუ არა ასაკის გამო მაინც ეტყვიან უარს... უმეტესობა არც საპენსიო ასაკსაა მიტანებული და ასეთი დამოკიდებულების შემხედვარე, ალბათ ”სანატრელ პენსიამდე” ერთეულები თუ მიაღწევს... გასაკვირი ისაა, რომ საარჩევნო მარათონში ჩამბული პრეზიდენტობის კანდიდატებიც კი ერიდებიან მწერლობის წინაშე ხელოვნურად შექმნილი პრობლემების შესახებ საუბარს… (პრობლემებში, მხოლოდ ”მწერალთა სახლის” მიმართ გატარებულ ”რეპრესიას” არ ვგულისხმობ) თქვეგონებაგანათლებულებო, ამ თქვენს მოწონებულ ინტერნეტში მაინც შეიხედეთ; მოიძიეთ და ნახავთ თქვენგან სახელმწიფოებრივი განვითარების ნიშანსვეტებად მიჩნეული ამა თუ იმ სახელმწიფოს ესა თუ ის სტრუქტურა, რარიგ აფსებს შთამაგონებელი სიტყვის მადლით მოსილ შემოქმედთ... კერძოდ, თუნდაც პოეტურ ნიჭსა და შემართებას... ახლახან შეერთებულ შტატებში პოეტური ქმნილებებისთვის პრემიის სახით გაცემულ 100 000 დოლარზე და 3000 დოლარით დამშვენებულ ყოველთვიურ სტიპენდიაზე არაა მინიშნება, აქ უბრალოდ, პროფესიონალი ლიტერატორისთვის სტიპენდიის სახით საარსებო მინიმუმის დანიშვნაზეა საუბარი... თავდაპირველად, თუნდაც სერტიფიკატების გაცემის პროცედურა უნდა შემუშავდეს... ოღონდ ეს ”სერტიფიკატი” განათლების სამინისტროს საიტზე წარმოდგენილ კანონპროექტში ნახსენებ სერტიფიკატში არ უნდა აგერიოთ... კანონპროექტი პროფესიული განათლების აღორძინებას შეეხება, ითვალისწინებს ეროვნული პროფესიული სააგენტოს შექმნას, სპეციალისტ-პრაქტიკოსების გამოზრდას და სკოლასა თუ პროფსასწავლებელში (თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით) ათვისებული პროფესიის დამამტკიცებელი სერტიფიკატის გაცემას. რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში მოღვაწე მწერლების დიდ ნაწილს, კარგა ხანია ათვისებული და შესისხლხორცებული აქვს ღვთისგან ნაბოძები პროფესია. სერტიფიკატი მას მხოლოდ იმისთვის ჭირდება, რომ დაცული იქნას მისი სოციალური სტატუსი, თუნდაც მცირედი სტიპენდიებისა და სამედიცინო-სადაზღვევო პოლისების სახით. და ნუ ავიღებთ მაგალითად იმას, რომ სადღაც, მრავალმილიონიან, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ესა თუ ის ავტორი გამოცემულ წიგნში აღებული ჰონორარით, არამარტო საკუთარი თავის რჩენას, არამედ საქველმოქმედო მოღვაწეობასაც ახერხებს... ნურც იმას, რომ აქ ჩვენთან, წერით, თითქოს უამრავი წერს... პროფესიონალი ლიტერატორის ”სტატუსის” განსაზღვრა, არც ისე ძნელია... ამასთანავე მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ ’შესახელებული” ფონდების მეშვეობით... კერძო პირთა შემოწირულობის საფუძველზე დ ა.შ...
დიახ, დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმს მოკლებული უამრავი თანამოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ არც ქართველი მწერლობის დიდ ნაწილს ულხინს, პირიქით, მათ მიმართ ფარულად თუ აშკარად გამოხატული ცინიზმი იგრძნობა სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ.
ბატონებო, დამერწმუნეთ, ქვეყანა ასე ცალმხრივად არ აშენდება. განმარტებისთვის ერ ლექსს გავიხსენებ:

მაგრამ ულექსოდ გადაშენდება...
ქვეყანა ლექსით ვერ გამოძღება,
დიახ, ეს ვიცით მუცლის მეაბჯრევ!
მაგრამ ულექსოდ გადაშენდება
სიტყვის სურნელი, კაცი მოაზრე...

არა აქვს გემო
წყალს სუფთა სახით,
ვერც მე ვილხინე,
ვერც სტუმარს ვასვი...
მიწის სურნელით შემატებული
მოგიკლავს წყურვილს,
აგავსებს მადლით...

ასეა სული ლექსით ნაგეში,
დახშობილ ჭკვა-გონს აახასხასებს,
ტანჯვა-ვაებას მორთავს ნუგეშით
და თავგანწირვით შეჰკრავს ათასებს...
ცნობილია, რომ სუფთა წყალი ბუნებაში არ მოიპოვება, იგი ყოველთვის შეიცავს მინარევებს...
გაიხსენეთ პოეტური შთაგონებით აღვსილი, სამშობლოსთვის თავდადებული ქართველი მეფენი თუ სხვა ერისკაცნი... ჭშმარიტად აღმშენებელნი და მცველნი, რომ იყვნენ ამა ქვეყნისა ... ისინი მარტოდ არ ყოფილან, მათ გარემოცვასაც გადაავლეთ თვალი და იქნებ მიხვდეთ, რომ ქვეყანა ასე ცალმხრივად ვერ აშენდება... აშენდება კი ქვეყანა, სადაც თავისი ქვეყნის ერთგულებაში გამობრძმედილ შემოქმედთა უმრავლესობა დისკრიმინაციას განიცდის... თუ მაინცადამაინც იმ ავბედითი გზით უნდა ვიაროთ, რომელიც თითქოს წესად გავიხადეთ, რომ ღვთისგან ნაბოძები ”შთაგონებით” მადლმოსილი ადამიანი ნაცადი გულგრილობით სასოწარკვეთილებამდე უნდა მივიყვანოთ და ფიზიკურად გავანადგუროთ...
ქართველ ლიტერატორს თავისი ქვეყნისაგან სამათხოვრო არაფერი ჭირს, ის ითხოვს თავისას, რათა მისი თავდადება აბუჩად ასაგდები არ შეიქმნეს...
...
p.s. საინტერესო ფაქტი:
ამ რამდენიმე დღის წინათ კულტურის მუშაკებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა (ამჟამად გადამდგარმა) გარკვეული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასს, რომ შეეხებოდა, იკითხა:
-იმათ, რეგიონებში მოქმედი მუზეუმების თანამშრომლებს, რამდენი აქვთ ხელფასი?..
-ასი ლარი...-იყო პასუხი.
-ეს არის კატასტროფა!-შეიცხადა მან-ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შენ შიმშილისკენ უბიძგებ!
სასიამოვნოა მისი ასეთი თავგამოდება ამ კატეგორიის მუზეუმის თანამშრომლების წასახალისებლად... სამი ათეული წლის წინათ, თავად მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გახლდით და ვიცი ”ზემდგომ ორგანოებისთვის” შეუმჩნეველ მთელ რიგ ხარჯებთან რომაა დაკავშირებული მუზეუმის სრულყოფილი ფუნქციონირება. მაგრამ ამ ლოგიკის წყალობით დღევანდელ გაუსაძლის ყოფაში მყოფ, წლობით სამსახურისა თუ სამუშაოს მაძიებელ ადამიანებს, არანაირ ხელფასსა და დახმარებას, რომ არ იღებენ და მართლაც რომ ღვთის წყალობითა და საზღვარგარეთ გადახვეწილ ახლობლების შემწეობით გააქვთ თავი, ნეტა რისკენ ვუბიძგებთ _ თვითმკვლელობისკენ თუ?
...
პროფესიონალი მკითხველი და ლიტერატორი ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...