ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

воскресенье, 25 ноября 2007 г.

პოეზია _ სიზმრიდან ცხადში _ ჯანრი გოგეშვილი

====
====
ჯანრი გოგეშვილი

სიზმრიდან ცხადში
პოეზია

ქვეყნიერება, ხილული და უხილავი სამყარო... რწმენა, კაცთმოყვარეობა, სამშობლო, სიყვარული, ერთგულება, ვერაგობა, მოვალეობა... ამგვარ თუ სხვა მსგავს მარადიულ ღირებულებებზე ყოველ შემოქმედს თავისი დამოკიდებულება გააჩნია...
ჭეშმარიტ მკითხველს იზიდავს და იპყრობს შემეცნებისა და ალღოს კვალობაზე განვითარებული ექსპრესია, სასიყვარულო ინტრიგა, ირონია, სატირა, პათოსი...
იგავური ენით ნაუბარი კი, ინტერპრეტაციებს მოჰგავს...
...
წარმოგიდგენთ ლექსებს პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში”, მათი უმეტესობა ინგლისურ ენაზეა თარგმნილი...

===

ენ შენს სურვილთან ჩაიცვი თალხი...

წადი მოუხმე ახალ იმედებს,

ახალ იმედებს აწოვე ბანგი,

ვის რაღად უნდა ქალის თვალები,

ასე ავყია და ასე ავი...

შენ შენს სურვილთან ჩაიცვი თალხი,

და შენს სურვილში ფესვი გაიდგი,

დღე არის უტყვი და თანაც ნაზი,

ცის სილურჯეში გაქრა რაინდი...

მიდი, მოუხმე პაწია ჩიტებს,

რომელთა ხმაში ისმის ჩივილი,

მე კი მივყვები უხილავ ნოტებს,

მიხმობს, მეძახის სული დევნილი...

მთვარის სუნთქვაა _ ხეთა შრიალში,

აფრინდა ფიქრი, ოცნების რაში,

მე უშენობით აღარ ვარ მთვრალი,

მე უშენობით ვერ გავვერანდი...

ლექსად ჩავეშვი ნისლთა მორევში,

და დავიბადე აწმყოს წყვდიადში,

სინათლე იგი სულში ვიხილე,

თავიდან ვიშვი და გავმთლიანდი...

ქალის თვალები ისევ მაღელვებს,

ისევ ქალია ჩემი ტრფიალი,

მე სხვის წვიმაში ბევრჯერ დავსველდი,

ფაფარში ჩავწვდი მე სხვის ქარტეხილს...

შენ მიგატოვა დიადმა განცდამ,

ციურ ფრესკების ხილვა არ გერგო,

ვრჩები ერთგული, არ ვჩქარობ გაცლას,

ოღონდ გაფრთხილდი, ოღონდ არ ევნო...

12.05.2002

....

<<<

მიდი, მიაწექ!..

მიდი, მიაწექ! შეები სივრცეს...
მიდი, დასწყვიტე ბედის ხლართები,
და მიეფერე ორგულს თუ ცბიერს,
ვგონებ, ტყუილად არ გაირჯები!

მერე რაა, რომ უმალ გიმუხთლებს,
უმარტივესად დაგიგებს მახეს,
კრძალვით ეახელ და დაუამე,
შეუნარჩუნე ”მოყვასის” სახე...

მიდი, მიაწექ, შეები სივრცეს!
მხდალს გაუმაგრე ფუყე კაცობა,
მერე რაა, რომ ვერ გაამართლებს,
შენს დაჭრილ მხართან გაიტრუნება...

მიდი, მიაწექ! შეები სივრცეს...
და გამცემს უთხარ, რომ გესმის მისი,
გესმის, რომ იგი მოდრიკეს ძალით,
რომ აიძულეს დასმენა სხვისი.

მერე რაა, რომ კვლავ დაგაბეზღებს,
შეთითხნის ნაცად და ყალბ ბრალდებას,
იქნებ ნამუსში ჩავარდეს ოდეს,
სინდისის ქენჯნა გაიოლდება...

მიდი, მიაწექ... ყველა ღალატი
გადამოწმდება და გამართლდება,
ყველა ალიბი იქნება სრული,
მცნება ”შეუნდე” დაფრთიანდება.

მიდი, მიაწექ! ამხედრდი სივრცედ,
სიმწრის შეგრძნება გაადვილდება...
გული წრფელია, წრფელია ისევ...
და რიდი ”მუშტის” აღორძინდება...
22.02.2002
>>>

<<<

ცოტამ უთენა ღამე მშობელს
სიბერით დაღლილს...

ბევრმა მიუძღვნა წრფელი ლექსი
დედას, ღვთისმშობელს...
ცოტამ უთენა ღამე მშობელს,
სიბერით დაღლილს...
ვერც მარტოობის წიაღში შვა
ის ”ღამისთვევა”
და ახლა ისევ ფიქრში იქადის...

წრფელი სტრიქონი იტევს ლოცვას,
იტევს სინანულს,
წარსულს აწმყოსთან
კრავს ღვთიურ მადლით...
მაშ,
გაუმარჯოს იმ მომავალს,
რომელიც ამაგს
მიაგებს მშობელს
სიბერით დაღლილს...
21.01.2003
>>>

<<<

ნეტა მოხატვა რაღად უნდა
თავდახრილ ვარდსა...

შენ ოღონდ მოკვდი,
ყველაფერი იქნება კარგად...
ცოლი ილოცებს,
წაგიკითხავს ფსალმუნებს ნაზად,
ცოტას იტირებს, ივიშვიშებს,
ჩაიცვამს თალხსაც,
და ნანატრ შვილებს შესჩურჩულებს:
-აღარ გყავთ მამა!..
შენ ოღონდ მოკვდი,
ყველაფერი იქნება კარგად...
ია-ენძელა ამოვა და
წარხოცავს ზამთარს,
ჩიტი ჩიორა, მგალობელი
სიყვარულს დაწნავს,
ნიავი ფოთლებს მიუმღერებს
ღამეულ ზღაპარს...
ქვრივი სარკეში ჩაიხედავს,
აიღებს ფანქარს,
ნეტა მოხატვა რაღად უნდა
თავდახრილ ვარდსა,
შეამჩნევს მზერას _
წლების წინათ დაგეშილ ზრახვას,
თვალთა სიღრმეში ამოსარკულ
შენეულ ფანდსა,
გაეღიმება და მოჰყვება
ცრემლების დაღვრას...
შეგეცოდება და იფიქრებ
მასთან სჯობს დაცდა _
შენვე მიხედო შენს დათესილ
სურვილთა ყანას...
შენვე მოიმკა მოსამკელი,
კვლავ გშვენის გარჯა,
ცოლი ლამაზიც შენთვის იყოს
ია და ვარდად...
17.01.2003
>>>

<<<

ბებერი ჩიტი...

ბებერი ჩიტი ჩიტია მაინც,
მაინც ჩიტურად შეჰხარის დილას,
ჩიტურად ლაღობს, ჩიტურად დახტის
და სიმს უჟღერებს მალულად ნიავს...

ბებერი ჩიტი გულსავსედ გალობს,
აღვიძებს თითქოს პირველ გალობას,
ფრთებდახატული ჩიტუნა ანცობს,
ჟღურტულით იღებს ციურ ნათლობას...

ბებერი ჩიტი ვერ გრძნობს სიბერეს,
და ვერც სხვა ამჩნევს მის დაბერებას,
მაგრამ გალობას ხშირად ანელებს,
და ძილში ხვდება მორიგ თენებას...
17.05.2000
>>>

<<<

ბუღა

ბუღა კი იყო,
მართლაც ბუღა,
უსაზღვროდ ფიცხი,
ტანად ვეება,
წინაპართა ველური სისხლით...
შავად მბზინავი,
რქებლაპლაპა, ზვავით მსხლტომი,
და გამოვარდა ბოსლის კარიდან
თითქოსდა როკვით...

ბარე ათი ხე ტანმორჩილი,
მიჯრით დათხარა,
მერე გზის აღმართს შეუტია,
კვლებად დაღარა,
მიწა დატორა,
დუჟმომდგარმა,
ზეცას შებღავლა,
ზვარაკად ჰყავდათ შერჩეული,
სცემდნენ ნაღარას...

უეცრად, შიშით ჩასაფრებულ
კაცებს გახედა,
წაიზმუილა, წამით თითქოს
სხვაფრივ გახევდა,
ხარად გახდომა ვინ აცალა,
ვინ დააბედა,
არადა, სანთლებს მიაკრავდნენ
ორთავ რქაზედა...

და ”წვეტა” რქებით
მიწა ისევ შმაგად აჰყარა,
ასაკით მოსილ ცაცხვს მიეჭრა,
არ დაახანა...
ვერ გადაზნიქა,
კვლავ დიდგულად ეცა, ეძგერა,
უაზრო ომში დაიქანცა,
ქელვამ დაჯაბნა...

ბოლოს იმარჯვეს
მოდარაჯე ყოჩმა ბიჭებმა,
წამოეპარნენ,
გამალებით მოსდეს ქამანდი,
უშნოდ გაბაწრეს,
მიამწყვდიეს ღვინით ანცებმა
დიდრონ ყვერებში
მიაყოლეს წიხლი ხარხარით...

შეიხრიალა,შეტორტმანდა,
სხვაფრივ ემწარა
არც კი ახსოვდათ ბუღა იყო,
თანაც ზვარაკი,
კაცური განხრით თუ ვიმსჯელებთ,
სადღაც ინანა,
ნაჭარბი ძალა
შლეგ კაცივით ჰქონდა ნაფანტი...
17.11.2002
>>>

<<<

მარაოში თვალებს ნაბავს...

გამოექცა ნიავი შფოთს,
ქარიშხალს და ქარაშოტს
მარაოში თვალებს ნაბავს,
ლამაზმანთან ბაასობს...

რა კარგია სალონური
გატაცება და ვნება,
ყავა, ვისკი, თუნდაც ჩაი,
ქალი მწიფე თავნება...

შეშას ჩეხავს ნაღდი მამრი,
ღუმელს ანთებს ადრიან,
სიამტკბილემ უყო განი
და სოფლურად გარიყა...

კუდიანი ქუდს წაართმევს,
ქარაოცი გაკილავს,
ნანებივრალს, ქვეყნად ნათრევს
ეჩვენება ”ნანინად”...

მამრი მამრობს,
ძალა ერჩის,
სიყვარულის ალი სწვავს,
ქალსაც მასზედ გული ეწვის
მეტად ვეღარ გაწირავს...

გამოექცა ნიავი შფოთს,
ქარიშხალს და ქარაშოტს,
მარაოში თვალებს ნაბავს,
გულისწორთან ბაასობს...
23.12.2002
>>>

<<<

ფიქრი ცრემლში ჩაკიდული _
ოცნებად და ღალატად...


აიტაცა კვირტი ქარმა,
მზის უბეში შეათბო
და ყვავილად გაიშალა
ერთი ციდა ქაბატო...

ფიქრი ცრემლში ჩაკიდული
ოცნებად და ღალატად,
ოკეანეს შეერია
და ტალღები დარახტა...

ღელვისაგან ნაშობ მერანს
ქაფი ზურგზე მოახტა,
თქაფათქუფი აუტეხა,
სატრფო მწველად გათანგა...

მერე უცებ აცივდა და
მერე უცებ დაზამთრდა,
ფიფქი ბაგეს ჩამოადნა,
ვნებათღელვა განახლდა...

აიტაცა კვირტი ქარმა,
მზის უბეში შეათბო
და ყვავილად გაიშალა
ერთი ციდა ქაბატო...
17.02.2002
>>>

<<<

თუმც მასხარაა გამოჩენილი...
ემი ვაჟიშვილის ნახატისდა მიხედვით...

მიცქერს მასახარა ჩემი კედლიდან,
ფიქრს შეუპყრია, ჩანს დაღვრემილი,
მიტოვებული ქვეყნის ბედს ნაღვლობს,
თუმც მასხარაა გამოჩენილი...

ართობს პირველ პირს, ზოგჯერ მეორეს,
მესამეს მხოლოდ ნდომით უღიმის,
ის პრინცესაა საქმროს დაეძებს
და შვენის ოხვრა ჩუმი და ფრთხილი...

მასხარა მასხრობს, ძველ ამბებს ყვება,
მინიშნებებით ამბობს ნაღდ სათქმელს...
მეფე ერთობა, პრინცესა ხვდება
სად შეაცურა ნავი მენავემ...

და ირჩევს საქმროს მასახარას რჩევით,
ხუმარა კაცის ალღოს ენდობა,
მერე კისკისებს მალული ვნებით,
ბოლოს გარბის და ცრემლად იღვრება...

ბავშვობიდანვე უყვარს ეგ კაცი,
ენაწყლიანი და ოინბაზი,
ვინც ძალისხმევით გახდა თვალთმაქცი,
რათა მოერგო მასახარას ჩაჩი...

გადაიკეთა სახე წვალებით,
სანდო იერის წაშალა კვალი,
მაგრამ შემორჩა ფაქიზი სული
პრინცესას გულში შემღწევი ალით...
17.06.2002
>>>

<<<

სხვაგვარია პრივლეგიის განცდა...

დანაწევრდა ერთიანი ტაში,
დანაწევრდა ერთიანი ვაშა,
ნუ ჩახტები, უნიჩბოა ნავი,
არც ანძა აქვს, რომ გაშალო აფრა!

თუმცა არა, მიგაქანებს ჟინი,
სხვაგვარია, პრივლეგიის განცდა,
პირველ პირთან ჩამოჯდომის შანსი,
არ გაუშვა, რას მიქვია დაცდა...

თუმცა უკვე, არც ვინ მოსჩანს ნავში,
მეფესაც კი უფიქრია გაცლა,
აგერ, ტივით მისუნსულებს კადრში...
ნავი?
-ნავი იძირება, ბასტა!..

მაგრამ მაინც თავგანწირვით ხტები,
სხვაგვარია პრივლეგიის განცდა,
ხალხი ფიქრობს, რა ერთგული, ვაგლახ!
რა ვაჟკაცი შეეწირა მტარვალს?!
18.10.2002
>>>

<<<

პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს
შინაგან წესრიგს...

პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს _
შინაგან წესრიგს,
და არვის, თვით შვილსაც
არ მისცე უფლება _
აგდებით მოეპყრას
შენს საყრდენ ღირსებას _
შინაგან წესრიგს...

ზოგმა მოასწრო განცდების წაღებაც,
ხომ ხედავ გაზიდეს ცხოვრება ლიქნით,
ტრიალებს გარშემო ცუღლუტი მოენე,
და ხეპრე მომდგარა ხეპრული ნირით...

შენ ძალგიძს დაუდგე
ცბიერთ შემოტევას,
ნაცადი, კაცური, ქმედითი წესით...
გახსოვდეს
და გწამდეს ცაში აქვს ფესვები,
ამგვარად გამოწვრთნილ შინაგან წესრიგს...
18.09.2001
>>>

<<<

ჩვილის ტირილი
სიყვარულის მტევანს დაწურავს...

მდინარის ტალღებს
ნაცრისფერი მიჰქონდა ქოხი,
ვიწრო სარკმელთან
მზით ნაფერი აკვანი იდგა,
შორით ისმოდა ხმები უცხო,
ოხვრა და ვიში,
ფშვინავდა ჩვილი ნასიზმრალი
ციდან კი ცრიდა...

და როს პაწია შეიშმუშნა,
კვლავ იგრძნო საფრთხე
წამოიტირა,
სისხლში მცურავ დედას მოუხმო,
მისი ხმა იქცა სამყაროსთვის
იდუმალ მაცნედ,
ჩამოშლილ ბექთან
ავაზაკმა შეჰყვირა უხმოდ...

მიუყურადა, აწრიალდა
ნაღმმტყორცნს უგანა,
ქოხს მიაშტერდა,
ეცნაურა ურჩი წადილი,
ჩვილის ტირილი აედევნა,
სულში ჩახედა...
დაეშვა კაცი მდინარისკენ
ვითარც აჩრდილი...

თავადაც,
თურმე მსგავს ფიცრულში
იყო გაზრდილი
შინაგან ხმაში
აკვნის რწევა ჰქონდა ჩაზრდილი,
ოდესღაც მასაც იფარავდა
დედის მანდილი,
მერე და მერე გამოპირეს
უშნო ქადილით...

და ახლა თითქოს
იმ ტირილის გადასარჩენად,
მთელი შეგრძნებით
ანძასავით აიჭრა ცაში,
აფრაც გაშალა,
მიუწევდა გული საფრენად,
უებრო მხსნელად გარდისახა
ნაცადო კვლაში...

ჩვილის ტირილი
სიყვარულის მტევანს დაწურავს...
ჩაგეფინება სალბუნივით
სულში სიმშვიდე...
ჩვილის ტირილი
განგებას, რომ მაცნედ დაუდის,
ეს, ვარსკლავებმა
რა ხანია გაითავისეს...
10.05.2006
>>>

<<<

ნერვთა პერანგით
შემოსილი სამშობლო ფეთქავს...

კუნთი კუნთია,
წარმოადგენს საბრძოლო ძალას...
და კუნთის ნერვი
მიუყვება შეგნების აღმართს...
არბილებს ბიძგებს
და მომხდურსაც დაეტყო დაღლა,
ძალა, ძალაა
თუ შეუყვა აღმართსაც დახნავს...

...კუნთი კუნთია,
წარმოდგენს საბრძოლო ძალას...
კუნთთა ლაშქარი
ჰქმნის მტკიცე აბჯარს,
მფარველობს სისხლძარღვთ,
სიცოცხლის ნაკადს,
მძლე ნებისყოფის უჩინარ საფარს...

...გულის კუმშვად ფესვს
არა აქვს მოცლა,
სუნთქვის ქანქარა
არ ცხრება კვლავაც,
ჯანსაღი ნერვი
აღავლენს სწრაფვას
და შემართებას აძლევს
შნოს, ლაზათს...

...კუნთი კუნთია,
დაკუნთული მსოფლიო ღელავს...
და მგრძნობიარე სისხლის ტალღა
ბელადსაც კვერავს...
კუნთო იფხიზლე!
არ ჩააქრო შეგნების კერა,
ნერვთა პერანგით შემოსილი
სამშობლო ფეთქავს...

...კუნთი კუნთია,
წარმოადგენს საბრძოლო ძალას...
და კუნთის ნერვი მიუყვება
შეგნების აღმართს...
კუნთთა ლაშქარი
ჰქმნის მტკიცე აბჯარს...
ძალა, ძალაა თუ შეუყვა,
აღმართსაც დახნავს...
5.08.2001
>>>

<<<

აგერ ჩიტიც პაწაწინაც
უსტვენს ძველი მარშიდან...

ფიქრთან ფიქრმა მოისვენა
და გააბა ბაასი,
უჩინარი სივრცის ვნება,
არის ახლა მთავარი,
შეახვია მთვარემ შუქში
ღრუბლის მკრთალი მანდილი,
და გამოჩნდა ბებერ ცაზე
ხომლი სევდით დაღლილი...
ჩაიხერგა ტრაფარეტით
ამ სამყარიოს ვებ-გვერდი,
აგერ ჩიტიც პაწაწინაც
უსტვენს ძველი მარშიდან...
იქნებ ღმერთმა სხვაგვარი ხმა
და სხვაგვარი ნოტი,
შეაწიოს კაცთა მოდგმას
სამომავლო სკივრიდან...
12.09.2006
>>>

<<<

ნუ დაიზარებ სიცოცხლეს ბალღო...

და იბადება უკვე დაღლილი,

შეუცნობელი სევდის აჩრდილით,

უკან მიქცევის იპყრობს წადილი,

და ჩნდება სივრცე იავარქმნილი...

ნუ დაიზარებ სიცოცხლეს ბალღო,

ცოტაც და მალე აუღებ ალღოს,

დედა თუ ნანობს, მამა თუ ანგლობს,

შენ ჩიტს უსმინე, ჩიტუნა გალობს...

აგერ პეპელა დაფრენს, ფარფატებს,

რუ მირაკრაკებს, ყვავილს ახარებს _

როცა ფუტკარი ხორთუმით ართობს,

ნამცეცა ჩიტი მნათობს უგალობს...

გული თუ ფეთქვას და დნება თოვლი,

გრძნობ, რომ სიცოცხლე შენი ხვედრია,

დედის საშოდან გამოღწეული,

ტირილით ამკობ ღამეულ წყვდიადს...

31.03.2002

>>>

<<<

მივესალმები იისფერ რასას...

მივესალმები იისფერ რასას,
რომელიც მიღმურ ზეციდან
ქროლავს...
ფერს, მადლს შემატებს
ჩვენეულ მოდგმას,
თუმც კი,
ჩვეული ტირილით მოვა...

მივესალმები იისფერ რასას,
იის სურნელი
ყოველ ქალს ართობს
და სიყვარული უნეტარესი
ყველაფერს ციურს
მშვენებით ამკობს...

მივესალმები იისფერ რასას...
სისულელეა,
იტყვის მავანი,
მოყვასშიც ბადებს
ამრეზილ განცდას,
მაგრამ უწყის კი
ქვეყნის ანბანი...

მივესალმები იისფერ რასას
რომელიც უწყვეტ,
ციურ ნიჭსა ფლობს,
მათ ჩვენს სხეულში
მოუწევთ დაცდა,
მიწიერ სუნთქვით,
რომ გარდისახონ...

მივესალმები იისფერ რასას,
უპირველესად
ვიყოთ გულწრფელნი,
სიცოცხლე იგი,
ვესწრაფვით რასაც _
მიწის სუნთქვაა
და ცის სურნელი...
8.08.2002
>>>

<<<

და გზაში ახლა მაინც ფერხდება...

დაეძებს ყველას, ვინც კი დაკარგა,
ვინც კი გავიდა მისეულ გზიდან,
რამდენი ჩარჩა სუფრის თამადად,
ვიღაც კი უშნოდ დაეშვა მთიდან...

დაეძებს ყველას, ვინც დაიკარგა,
ვინაც დაკარგა ფერთა შეგრძნება,
დროს შეუშინდა და გაილალა,
და გზაში ახლა მაინც ფერხდება...
4.07.2001
>>>

<<<
ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს...

როცა სხეულში ტკივილი წვალობს,
სიკვდილს შესცინის და გეომება _
ეს შენი გზაა, შენ უნდა განვლო,
შემორჩენია სულს ნაოჭებად...

როცა ტკივილი სხეულში წვალობს
უნდა დაუძვრე ფლიდ გაორებას,
სასოწარკვეთა ფიქრთან წაწლაობს,
ბუდეს მოუშლი და აოტდება...

როცა სხეულში ტკივილი წვალობს
და ართობს შენი ამაოება _
იქვე, სიცოცხლე ვაზივით ხარობს,
მიწად ჩამარხულს მზე ენატრება...

როცა ტკივილი სხეულში წვალობს,
და ცად გაღწევის ჟინი ღვივდება _
ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს,
ტკივილში უფლის ვნება ვლინდება...
4.01.2003
>>>

<<<
თუმც გარეგნულად მოგავხარ ეულს...
უცნობ თანამოსაგრეს..

შენ ეჭიდები საკუთარ სხეულს,
გინდა გამოწვრთნა ამაყი ნება
იყო მოქნილი და გარდისახო,
სულსა ნაწამებს მიეცეს შვება...

შენ ეჭიდები საკუთარ სხეულს,
ცდილობ, რომ იყო გამრჯე, ამტანი,
სტოიციზმს ამგვარ ჭირთათმენაში
მთელი სპექტრი აქვს ნაჩეკ-ნაბარტყი...

შენ არ ხარ მარტო, შენა ხარ შვიდი...
და იქნებ მეტიც, მთელი ლაშქარი...
შეგრძნება შენში აღმატებულის,
რომ არ ხერხდება საწყენი არი...

შენ ეჭიდები საკუთარ სხეულს,
გონება კაცის გახლავთ თამამი,
თუმც გარეგნულად მოგავხარ ეულს,
ბოლომდე დარჩი ლელოს გამტანი!
12.06.2006
>>>

<<<

და ლექსებით დაგეშილი...

შეარხია ნერვმა წარბი და
ჩამოწვა ზვავად,
ეხ, რამდენი თავგასული
იქცა უცებ გვამად,
თუმც ქველობა განა ყველგან
სხვა სიავეს ლაგმავს,
აგერ, მადლი მატლად ექცა
ვაზის ფესვებს ჩაგრავს...

აგერ, შენი სანდო პირი
დასჩვევია ღალატს,
აგერ შენი ერთგულებით
მიტაცებულს ფარცხავს,
კვირტი ტოტზე შემართულა,
მკერდში უდევს მასრა,
ჰა, საცაა იფეთქებს და
თვალებს დათხრის მზაკვარს...

ბოლოს, მაინც გაზაფხული
გირჩევნია ზამთარს,
კვირტი ვაზზე განაბული
სამამულე რქადა...
მარადიულ სევდის ბაღში
ქარი ზღაპარს ქარგავს,
და ლექსებით დაგეშილი
არ ეჭმევი ჯავრსა...
27.01.2008
>>>

<<<
სიცოცხლე თვლემდა,
სიკვდილის მიჯნას
გადაუფრინა ჭიამაიამ...

ქვეყანა თვლემდა,
გასცლოდა ქანცი,
კაცი კაცითა, ღობე კი ქაცვით _
მცნებად კი ჰქონდათ...
ახსოვდათ არც კი,
სიკვდილიც თვლემდა, დღე იდგა ბაცი...

ერთურთს,
შემთხვევით შერჩენილ ვაჟთა,
შემოხარჯვოდათ ალღო, უნარი...
და ქუჩა-ქუჩა განთესილ ქალთა,
ერეკებოდათ ვნება-აფთარი...

სიმარტოვისკენ გარბოდა კაცი,
სიმარტოვეში სურდა განბანა,
დინება დუნე და მაინც ანცი,
დრეკდა _ მიბმოდა ცხოვრების ბაგას...

სასოწარკვეთა შეჰყროდა მიწას,
იდგა გნიასი და რია-რია,
სიცოცხლე თვლემდა,
სიკვდილის მიჯნას
გადაუფრინა ჭიამაიამ...

და კვალსა ამას კრთოდა იმედი,
კოსმიურ ნისლებს მოჰქონდათ შვება,
იქ ირთვებოდა რწმენა და ხვედრი,
იგავ-არაკი განკითხვის დღეთა...
18.06.2001

___


”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
the magazine "Image-Bearing Motivations"


ჯანრი გოგეშვილი

პოეზია

ცოდნას რომელიც მოგვყვება ციდან
ზეციურ სიმბოლოებს…

და რა თქმა უნდა, გაქვთ რაღაც წესი,
თქვენ რომ იცით და ჩვენ არ გვკარნახობთ,
რისთვის ყოვნდებით, ხომ ხედავ ფესვი,
ვეღარ გავიდგით თქვენს საამაყოდ…

რაღაც ისეთი გამოგვრჩა ვგონებ,
რაც გაჩენამდე გვალაღებს ფიქრით:
რა მარტივია სიცოცხლე მიწად _
დაბადებისთვის თამამდ ვიღწვით…

მაგრამ ღნავილში ვეღარ ვიხსენებთ
ცოდნას, რომელიც მოგვყვება ციდან,
გულმავიწყობა გადაგვაშენებს,
ასე ბრმად მოსვლას, ნეტა რა მრჯიდა…

და როს იწყება გაურკვევლობა,
გონში ღვივდება სხვა ენერგია,
დანაწევრებულ სულის კალოსთან,
გმირის და გლახის ბედი ერთია…

და რა თქმა უნდა, გაქვთ რაღაც წესი,
თქვენ რომ იცით და ჩვენ არ გვკარნახობთ,
რისთვის ყოვნდებით, ხომ ხედავთ ფესვი
ვეღარ გავიდგით თქვენს საამაყოდ…
21.04.2007
>>>

<<< აფრები შეაგებეთ კოსმიურ ქარსა…

ასწიეთ ღუზა, აუშვით აფრები,
აფრები შეაგებეთ კოსმიურ ქარსა…
მე მივემგზავრები პოეტურ პლანეტაზე
და მიმაქვს სამშობლოს განცდა…


იქ, მე დამხვდებიან რჩეული კაცები,
ქალები იმშვენებენ ნაბოძებ მადლსა,
ლექსებით შეიცნობენ სიცოცხლის სიამეს,
ლექსებით მკურნალობენ უხიაგ აზრსა…

ბავშვები იწვრთვნებიან გალობა_შეცნობით,
როკვაში სრულყოფენ მიწიერ სწრაფვას,
ქვეყანა შენდება სიტყვასთან ფერებით,
აფრები შეაგებეთ კოსმიურ ქარსა…
21.04.2007
>>>>
<<<< შენ გამოგტოვეს თავიანთ ჭკუით…
შეუმჩნევლად გამორჩეულს…

შენ გამოგტოვეს თავისი ჭკუით,
რადგან მოდიხარ ცის წიაღიდან,
რადგან მომავალს ატარებ სულით,
ხშირად მოყვასიც გიცქერს ირიბად…

ნუ მიწყენ კარგო, ვარსკლავებს აწვიმთ,
აწვიმთ ეს სევდაც, წვა უხილავი…
და შენ შემორჩი სამყაროს ლექსად _
ვითარც იდუმალ სივრცის მხედნავი…

მადლიან სიტყვას ბევრი ეფერე,
მწამს შეაღწიე ღვთიურ წიაღში,
უნდა გამოვტყდე ზედაპირულად
ზოგი რამ დარჩა გაურანდავი…

არცა ქონება, არც მოსახვეჭი,
მხოლოდ გვემული სულის წრიალი,
შემოთენება საღამოს გზაზე,
ლოცვა-ვედრება სავსე ფიალით…

ციურ ჩარჩოში გაბმულა ლექსი,
მთვარე კი ტკბება ფიქრთა შრიალით,
კვლავაც სიტყვაში გიდგია ფესვი,
გეალერსება სხივთა ჩქერალი…
10.05.2006
>>>
<<<
ცხოველი სიტკბო წყვილთა ბაგისა…

იქ, სადღაც ნისლში ჩაწვა სიშიშვლე,
შეიმოსა და მოვიდა მიწად;
მოჰყვა სამოსი, ჭრელი სიცოცხლე
და წვრთნა ბარტყისა დაიდო მიზნად…

ახლა ცას ელტვის პაწია ფრთებით
ამძიმებს სევდა მშობლიურ ნისლთა,
კიდევ სხვაგვარად აღძრული ფიქრი
და ცრუ დასკვნათა ცრუ პირამიდა…

როცა სიცოცხლე შეიცვლის ფორმას,
მოირგებს სხვაგვარ ზომას და წონას,
სხვაგვარ საზრუნავს გაუჩენს ღმერთი,
ქარსაც გახედნის გონების ველი…

ცისარტყელებად გაშლილ სიცოცხლეს
დაჰყვება სუნთქვა ჩვილი ბავშვისა
და სიყვარულის ამსახველ ფერ-ხატს _
ცხოველი სიტკბო წყვილთა ბაგისა…
21.02.2001

>>>
<<<
მაშინ ტკივილიც მოირგებს ღიმილს…

უიმედობით შეპყრობილთ ვურჩევ,
სასოწარკვეთა გამოქნან მღერით
და ანუგეშონ უღონო სევდა,
გალობით შექმნან სიცოცხლის ველი…

ფერებით მიჰყვნენ სამყაროს სუნთქვას
დაბადებაში შეღწევის ჟინით,
სიკვდილიც ხარობს, იდუმალ ფშვინვას,
მოაქვს სურნელი სიზმრად გაჩენის…

თუ მძიმე სევდის ურჩი ტკივილი,
სამყაროს მკერდში თაფლივით წვეთავს,
მაშინ ტკივილიც მოირგებს ღიმილს,
ისუნთქეთ წრფელად, გული ხომ ფეთქავს…
20.05.2002
>>>

<<<
გახვალ, გახედავ ციურ სანახებს…
მარტოსულს…

რჩეულ სევდასთან რა დაგაბერებს,
მთვარის შუქზეც ხომ დნება ყინული,
გახვალ, გახედავ ციურ სანახებს,
სადღაც იქ მოსჩქეფს შვების ბინული…

ეულ დრტვინვასაც არ შეაცვდები,
არ მოგასვენებს სულის ყივილი,
დროა აღსდგე და სხვა შემართებით
აფრად გაშალო შენი წადილი…

პოეტურ ფიქრთან რა დაგაბერებს,
შორით გიღიმის მთვარის ასული,
მირაჟულ ხილვებს შენვე დახვეწავ,
რომ გააცისკრო დღენი წარსული…

შენ ამ ყოფაში არ ჩაიმსხვრევი…
არ გამორაზავ კარებს ურდულით,
გაინავარდებ ფიქრთა ნავარდით,
მთვარის შუქზეც ხომ დნება ყინული…
31.05.2002

>>>
<<<
გამოწვევა…
ასტრალურ სახებას


გამოკეტილი ამ მწირ სხეულში,
ვეღარ ახერხებს შენს მოფერებას,
იქნებ როგორმე შეძლოს აღმასვლა
და შეძლოს შენი გადმობირება…

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
შენთვის ჭირდება მას გარდასახვა,
ვინ ვისთან იწვა სხეულის ხსნისთვის,
ვინ გადაიქცა ფარულ მასხარად…

ის ახლა ამას აღარ დაეძებს,
და ვერც იგუებს იმდაგვარ გათვლას,
რომელიც მასში იჭვს ათარეშებს,
რომ შენ სხვის ვნებას ურწევდი აკვანს…

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
ალერსი გახლავს მისი ხელობა,
წლებმა იმატა, მაგრამ ეს გული
კვლავაც მრავალჯერ აისხამს აბჯარს…

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
შენთვის ჭირდება მას გარდასხვა,
შენთვის გახდება უფრო მოქნილი,
ასტრალურ სხეულს ძალუძს ზღვად გავლა…

და წამიერი გადმოქროლებით
მოვა, დაგატკბობს წრფელი ალერსით,
ოღონდ დაღლილმა შვება იგრძნო და
ამ ნაზ ლტოლვაში ჰპოვო საყრდენი…

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
შენთვის ჭირდება ეს გარდასხვა,
თუ ერთმანეთის გულები გვათბობს,
სუნთქვა სუნთქვას შობს და იმედს სახავს…
18.11.2002
>>>


<<<

ხმა ოდითგანვე მაყრულად უჭრის…

გზააბნეული გზისკენ მიილტვის,
გზაზე გასული ხსნას ვეღარ ხედავს,
კვლავ გზის საკვლევად მიუწევს გული
და ემიჯნება ერთიან ხედვას…

კაცობრიობა წვალობს და სწავლობს,
მაგრამ ჩვევების დაძლევა უჭირს,
შავი შაშვი კი ტოტზე ხმიანობს,
ხმა ოდითგანვე მაყრულად უჭრის…

სწავლება მტკიცე, ცხოვრების წესი
ამშვენებს მრავალთ, ღრმადა აქვს ფესვი,
მაგრამ სრულყოფის სიბრძნე და გეზი
მიეცა იმას, ვინც მოჰგავს ფენიქსს…
7.01.2003
>>>
<<< ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…

…და ვანადგურებთ საკუთარ სივრცეს,
საკუთარ გენს და საკუთარ ჯილაგს,
ეს გული ქიშპით და შურით გვიცემს,
და ჰობად გვექცა ერთურთის ჯიჯგნა…

კვლავ თვითმოსპობის შეგვყარეს სენი,
ქართველი კაცი უღვინოდ ”ლხინობს”
ვაზის ნაჟურსაც სხვა უჩანს ფერი,
დახეთ,
ის ”მოყმე” დახლის ქვეშ ფლიდობს…

ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,
თვალთმაქცობაა
ცხოვრების ლიბო,
და ალუზია, ვით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს…

ვბნებააშლილი მადის სანაცვლოდ,
შერჩა ქართველი უცხოეთს მძევლად,
გულში შთენილი სტკივა სამშობლო,
დე, მოუვლინე სულის შემძვრელად…

ღირსების გრძნობით აღანთე ერი,
აღძარ სიმხნევე საგზლად რწმენისა,
დასაბამიდან სამყაროს შვენის _
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…
26.06.2001
>>>

<<<
მაგრამ ის,
ვინაც რჩება სარკმელთან…

ჰოდა, ვიღაც ხომ მაინც რჩება
ჩუმად სარკმელთან,
განა ყველანი გარეთ გარბიან
აგერ, ყოჩაღი ბიჭანჭურები
ტრანსპარანტებით მთაზე ადიან…
და აფრთხილებენ იქიდან მავანთ,
ქვეყნის დალაშქვრით იმუქრებიან…
სისხლი სწყურიათ,
სისხლი სწყურიათ,
ოლიგარქების სისხლი სწყურიათ…
არც იმათ ეთქმით თურმე ჯაბანნი,
კეთილმოწყალედ იღიმებიან…
ზნეობრივ მრწამსზე ხმას იმაღლებენ
და სამომავლოდ იქაჩებიან…
სხვებიც დრტვინავენ,
სხვებიცა ქშენენ,
შიბაქს ბერავენ,
დავლურს უვლიან,
მამულისათვის,
მამულისათვის
ხმებს იყენებენ,
იფხრიწებიან…
მაგრამ ის,
ვინაც რჩება სარკმელთან,
ვინაც, ბრალდებას ისმენს ათასგვარს…
ვინაც, სიყალბემ ისე დაღალა,
რომ ლამის გულსაც მისწვდეს ჭაღარა…
ცას გასცქერის და უფალს ევედრის _
ტყუილ არჩევანს წაართვას ძალა…
29.05.2002
>>>

<<<
პირობა იგი იქცა მსაჯულად…

კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა,
რომელიც ასე ურცხვად დაჯიჯგნეს,
კარ-კარ ატარეს ვითარც სინდისი,
მერე მიაგდეს და ფეხით სრისეს…

კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა,
რომელიც ასე ქურდულად ძარცვეს,
მოირგეს, ვითარც წმინდა სამოსი,
მერე კი ბინძურ ზრახვებით ფარცხეს…

იქადილეს და იბაქიბუქეს,
ქვეყნის დოვლათი გაინაპირეს…
წყალს გაატანეს კაცის ღირსება,
მომხდურთა წესი გაითავისეს…

მერე ერთურთსაც მარჯვედ უგანეს,
ღვარძლი ანთხიეს, ეშმა ახარეს…
სიტყვას ვერ მისწვდნენ,
ვერ მოიხელთეს და
მისი მადლი ვეღარ იფარეს…

ვეღარც კარდაკარ ატარეს მძევლად,
ვერც ავაგლახეს და ვერც ჩაფარცხეს,
პირობა იგი იქცა მსაჯულად,
ცრუ აღთქმას ხმები ვეღარ მოარგეს…

კვლავ ძველებურად წმიდაა სიტყვა,
სიტყვა, რომელიც ასე გაძარცვეს…
16.06.2002
>>>

<<<
ხომ მხნედ ხარ ქართველო!

ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ მოიწყინე,
ხომ არ შემოგაკლდა ცეცხლი?
ხომ არ გეხარბება
და ხომ არ გადარდებს,
სხვისი ოქრო და ვერცხლი?!

ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ დაძაბუნდი,
ხომ არ გაგილაჩრდა გული?!
ხომ არ დაიმშიე,
ხომ არ შეგამცივნა,
ხომ არ შემოგაცვდა სული?..

ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ დაიბენი?
ხომ უძლებ უიღბლო ტკივილს…
ხომ იცი სამშობლოს
სხვაგვარი სითბო აქვს,
ძველ ხნულში იმედი ღვივის…
28.04.2002

>>>
<<<
მოზიდული აქვთ მათაც ქამანდი…

უხამსი ღამე
სიყვარულად გამოდნა ცაში
და ძალადობამ შვა გზნება წრფელი,
ამაღლებაა ამგვარ ვარდნაში,
მტევანთა ჭყლეტით დინდება წვენი…

წვენი ბადაგი,
დგება მაჭარი,
ფიცხელი ღვინო, ვნების ღადარი,
და ძალადობა ასე, ამგვარი,
შეიქმს სიყვარულს გრძნეული განხრით…

მერმე ჩნდებიან ურჩი შვილები,
ნანადირევი ჩვეული ფანდით,
მიწაში მყარად უდგათ ფესვები,
მოზიდული აქვთ მათაც ქამანდი…
24.12.2002
>>>

<<<
ვის უგალობს…

აქ, რომ მიწა შენს ნაკვლევზე,
დახნულია, დათესილი,
ნერგჩაყრილი, მობიბინე
და ცის გუმბათს მორგებული,

ის ქმნის შენგან ციხე-ტაძარს
და მასშია დაფარული
ჭირთათმენა, სიტყვის გემო,
ტრფობის ალი, წვა გრძნეული…

ამ ხეების ფესვებშია
მკვიდრთა შენთა სისხლთა საზრდო,
სხვა ქვეყნისა, იმ სხვამ უწყის,
იქ, ქვა უჩანთ ფუძედ _ სანდოდ…

შენ, განგებამ სალოცავად, _
ეს გისაგზლა, მოგცა, განდო, _
მზით გამთბარი ვაზის გული
შენთვისა სცემს, შენთვის დარდობს…

შენ კი, ჰეი, სად მიიწევ,
ვის ნაგავში ითხრი ხაროს,
ვის ჰკიდია შენი მშვილდი,
შენს მაგივრად ვინ ვაჟკაცობს?!

შენი სივრცით ვინ გალაღდა, _
ფარი იგი, ვისთვის ფარობს,
ფრინველ-ნადირს ვინ გიხოცავს,
შენი ჩიტი, ვის უგალობს?!
14.04.2001
>>>

<<<
შთაბერე, _ მამულს არ ავნოს…

წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
ქარს მიეც მტრისა ნაქადი,
დაეც, მზაკვრულად უნივთო,
ენაზე მოსდე ქამანდი…

წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
უძლურჰყავ ფლიდი ”თავადი”!
მოკეთედ გიჩანს უგვანო,
უმრავლე კეთილზე დარდი…

წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
უკვდავჰყავ ერზედ ამაგი…
შთაბერე მამულს არ ავნოს,
ისე გამოწვრთნას სარანგი…

წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
აბჯრად ჰყავ კურნების მადლი,
ავმაღლდეთ, შფოთი განვაგდოთ,
ჩავუჭრათ წუწკ-ვერაგს ფანდი…

წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
ქარს მიეც მტრისა ნაქადი…
7.12.2002
>>>
<<< ალალი განცდა უთქმელი სიტყვის…

უცრემლოდ ტირილს თუ უხმოდ ქვითინს
”პოლიტტიტინთნ” არ უდევს წილი…
პოეტი დუმდა და სევდას გვრიდა
ალალი განცდა უთქმელი სიტყვის…

სიტყვა ნაცადი ხმლად და ფარადა
ქცეული ფანდად, ბრმა სატყუარად,
უიმედობის და არგატანის, _
ჟონგლიორობის გახდა საგანი…

და მედროვესაც ჰქონდა მტკიცება,
რომ სიტყვა მისი და დაფიცება,
იყო ქვეყნის ხსნა და გადარჩენა,
ნაფიქრ-ნანატრის ერთად ახდენა…

პოეტი დუმდა და ტკივილს გვრიდა,
უთქმელი სევდა ნაცადი სიტყვის,
უშუალო ნათქვამს და უხმო ლოცვას
ვინც დაგიდევდა, ცად ჰქონდა ფიქრი…
22.04.2004
>>>

<<<

ფრთებად გამოება უკუნის ხვაშიადს…

იწივლა სინათლემ სიბნელის წიაღში,
ფრთებად გამოება უკუნის ხვაშიადს,
”ტკბილსახსოვარი” და გულისგულსნადები
ყიამ ღამესაც და წყვდიადსაც ჰქონია…

ფრინველი შეივსო, ცისკარი გვახარა,
გული კვლავ აღივსო სინათლის გენიით,
ოცნება ჩაიკრა დრო-ჟამის ღადარმა,
გამოცხვა ლიბრედი, სიმუქის მანტიით…

და ჰა, კვლავ ინათა, მირაჟიც გადარჩა,
ჰორიზონტს შემორჩა ზმანება სხივური,
იწივლა სინათლემ, წყვდიადი დარახტა
და მწველ მოგონებად უქცია წარსული…
9.07.2002

>>>
<<<
სულ სხვა სიწითლე
იელვებს ავად…

ის დაიჭრება!
წითელ დროშაზე
კვლავ შეუცნობი
დარჩება ლაქა…
ვინც აფერადა
ფიქრი, ოცნება
ვეღარ შეესწრო
ამ დღეებს, _
ვაგლახ!
ვინაც იბარტყებს
იმ ოცნებიდან,
ის, იმ დროშაზე
აღმართავს
ალამს…
და შეუცნობი
ლაქის წიაღში
სულ სხვა სიწითლე
იელვებს ავად!..
29.05.2002
>>>

<<<

და ღორს მიჰქონდა ჭიანი ვაშლი…

მოჩვენებითი ყოფის სურათზე,
შველას ითხოვდა უმწეო აზრი,
თავი კი იდო გაშლილ სუფრაზე,
ძილს მისცემოდა ამაო არსი…

გადაფერდებულ შუბლზე ნაოჭი,
იტევდა მხოლოდ სიბერის ნაწილს,
თვლემდა საზრისი ციურ საშოში
და იმშვენებდა ღრუბელი მანდილს…

და მასპინძლობა ასე ნაქები
იავარქმნილა, წაშლილა კვალი,
და იწყევლებოდა მალვით სიდედრი,
სიძის ძაგებით დამდნარი ქალი…

არადა, იყო სიტყვით ალერსი,
სადღეგრძელოთა უწყვეტი მარში,
ცხოვრება ჩანდა ენით ნალესი,
და ღორს მიჰქონდა ჭიანი ვაშლი…
26.03.2003
>>>
<<<

ქალსა მთვარეულს…

მიიზიდება უკუფენით,
შენით სხვას ელტვის,
მზე მთვარეს ათრობს,
ვნება წყალს ერთვის…
და იდრიკება დედამიწა,
ბავშვი გულადობს,
ზეცა ირწევა,
მთვარე ბუღრაობს…
ნაბახუსევი
ზღვის ნაპირს ლოკავს,
მხურვალე გული
შფოთავს და შფოთავს…
შიშველი ქალი
ზღვის ტალღებს ეტრფის,
მთვარე უკოცნის
ძუძუებს ვნებით…
კაცს ეჭვი ახრჩობს
მიწას დაჰყმუის,
ვერ იტანს ღალატს,
ვერ იტანს ტყუილს…
მზე მთვარეს ათრობს,
მთვარე წყალს ელტვის,
ქალსა მთვარეულს,
აბა, რა ეთქმის…
20.05.2002
>>>
<<<

უფალი გედგა ალბათ თავდებად…

ვინც ქიშპზე, ზიზღზე მოითბო ხელი,
მრავლად ებოძა ნაცვლის წოდება,
დროის ტკივილით ჩამოშლილ კედელს
ძეგლად დაედგა ყალბი დიდება…

ძალად-მაცხონე მეურვის ჟინით
მკვიდრად მოერგო ნაცად დროებას,
და ავი ფიქრით ნაკვერი დღენი,
ხოტბით შეუმკეს კარის მგოსნებმა…

მათაც საკბილოს გამოჰკრეს ხელი,
პრიზს თუ პრემიას _ ”უკვდავ ოცნებას”,
გახდნენ უაზროდ ”დიდნი და ბრძენნი”,
ბევრს აებურდა ფლიდი გონება…

მხდალმა სიმართლეც გიგცია ფარსად,
და ქარაგმული გახსოვს ბრალდება:
-თავი, რომ შეგრჩა კისერზე საღად,
უფალი გედგა ალბათ თავდებად…
27.09.2000
>>>

<<<

ბერწ ღამესთან…

მას გაგიჟების ჰქონდა იმედი
და ზმანებების მორევს მინებდა,
ის დღეც შესწირა სამსხვერპლოსავით,
ასე ინება…

მერე იწვალა,
ივაგლახა სიკვდილზე ფიქრით,
გამოსჭრა ყელი საღამოს ბინდით,
იფრინა ქალი ქვეშქვეშა, ფლიდი…
და ბერწ ღამესთან გააბა ფლირტი…
17.03. 1971
>>>
<<<

შენივე სულის სასაფლაოზე

და თუ ტკივილმა
განურჩევლობით
მოიშთო თავი…
ტკივილი, როცა გაუცხოვდება,
და ტკივილს როცა
ვერ იცნობ შენსას,
შენ არ მომკვდარხარ
და ცოცხლობ მაინც…
ერთსა გთხოვ, მიხვდი,
ბედნიერება
გექცა მრუშობად
და შენ იხრწნები,
შენივე სულის სასაფლაოზე…
19.03.1978
>>>
<<<

მერე სიშიშვლე ღრმად შეისუნთქა…

შემოიფლითა ვიწრო სამოსი,
რომელიც, თურმე
ბავშვობაში ჩააცვეს ძალით
და მერე მუდამ ჩასჩიჩინებდნენ,
შენ აგრე რიგად უნდა ბრწყინავდე!
შემოიფლითა… მერე სიშიშვლე
ღრმად შეისუნთქა,
იმავ სიშიშვლით
მიწას მკერდზე გადაუფრინა
და მზის სხივს აჰყვა…
25.04.1978
>>>

<<<
ვისაც ახელებს სიფხიზლე შენი…

…თუკი მოშურნე გმასპინძლობს კაცი,
ჭიქას ჩასცქერის ავსულის თვალით,
გიჯობს ისაფრო ალღო-გონება;
არ იქცე მძევლად ფლიდური ზრახვის…

ვთქვათ გახდი ბეცი ან უშნოდ ანცი,
გაგებნა გონი და მართლაც წახდი,
ნაცადი ლოცვის თანმყოლი მადლით,
იფხიზლე გულში და ხიფათს აცდი…

და თუ კეთილმა კვლავ სძლია ავსულს,
მფარველ ანგელოზს მორჩილებ, შვენი…
ნუ დაიგულებ მასპინძლად მაცთურს,
ვისაც ახელებს სიფხიზლე შენი…
11.09.2001

>>>
<<<
რაც არა ჰგავს ”ცხოველთ სისხლსა”
აღიქმება წვენად…

აუ, როგორ აიწყვიტა
ამ თავნება ცხენმა,
მინდორს თელა ყვავილები,
ცრემლი ღვარა ბევრმა…
სისხლისფერი ყაყაჩო კი,
ცხენის ფლოქვებს ფერავს…
ვინაც მერანს აღტაცებით
მიადევნა მზერა, _
ფლოქვთა მისთა ნაოხრალი,
ვერ შენიშნა, ვერა…
რაც არა ჰგავს ”ცხოველთ სისხლსა”,
აღიქმება წვენად…
აუ, როგორ აიწყვიტა ამ თავნება ცხენმა…
19.04.2002
>>>

<<<

სიზმარს ჰქონდა თვისი ახსნა _
სიყვარულსაც თავისი…

სიზმარს ჰქონდა თვისი ახსნა _
სიყვარულსაც თავისი,
მე კი ბედმა კვლავ მიმტყუნა,
გულთან ჩაწვა დაისი…

მოვეშვი და მოვიღვენთე,
მივჰყევ შუქის ნაკვალევს
და უეცრად, ძალამ ღვთისა
შემომძახა _ მანდ დადექ!

ის-ის იყო ზღურბლს მივადექ,
შემეგება აისი!
სიზმარსაც და სიყვარულსაც
სხვა ახსნა აქვს, _ თავისი…

მზის ჩასვილსას აგიხდება
სიყმაწვილის ”გაისი”,
გიბრუნდება ბრძოლის ჟინი
და სიცოცხლის ხალისი…
16.09.1999
>>>
<<<

სხვის ცაში აყეფდა…

ის წვალობს ფიქრებთან,
მსოფლიოს ხვითქი სდის
და შიშში ათენებს
ქალაქი იქსი…
აგერ კი, ღრუბელმა
ღრმა განცდა ჩაყლაპა
ქალში რომ აღძრავდა
მშობლიურ შიმშილს,
ქარმა კი წაიღო,
დესანტი გადასხა _
დაეცა იმ ქალაქს
თქეში და მეხი,
და ვნება, რომელიც
იმ განცდას თან ახლდა
სხვის ცაში აყეფდა
ნაძრახი გზნებით…
17.07.2001

>>>
<<<

და ეს მამული შვილთა ხვედრია…

უნდა გაუძლო…
თვით სიმწრის ოფლსაც
მოაქვს შვება და მისახედია…
მამულიშვილურ სიბრძნესთან კარგო,
მომხდურის სიტყვა კვლავ სახედნია…

ერთგულება ხომ მზაკვარსაც აფრთხობს,
და ურჩის ცოდნაც დასაბერტყია,
ჩვენზე კი, თავად სამშობლო დარდობს,
და ეს მამული შვილთა ხვედრია…
25.09.1999


....

>>>

და ძალას მატებს ლოდინის განცდა…

და სიყვარული ისე ძნელია,

ისე ძნელია უშენოდ ყოფნა,

რომ ეგ სიცოცხლე შემომელია…

ამგვარად, ჩიტი ჩიტუნა მოთქვამს…

არა აქვს ბუდე _ ქარმა დაშალა,

არა აქვს სარჩო _ თოვლმა დაფარა,

წყარო ანკარა ღვარმა წაშალა,

მზის სხივს ღრუბელი გადაეფარა…

ის კი, მისტირის სიყვარულს ნაზად,

და ძალას მატებს ლოდინის განცდა,

მიუსაფარი, განა შიმშილით,

სატრფოს ლოდინში ქცეულა ლანდად…

24.10.2002

>>>

<<<

და მოუშუშდა წყალსაც იარა…

მერე აიჭრა ღრუბელი ცაზე,

ჩამოწვიმა და ზეცამ იხარა,

გადაირია ვარსკლავი მაცნე,

სინათლის ჩინჩხლი ჩამოგვაყარა…

ვეღარ იპოვა მერცხალმა ბუდე,

ფოთლების გვირგვინს გადეყარა,

და სიყვარულით გალეშილ ძუ მგელს,

გაზაფხულდაო, მწველად ახარა…

მგელმა შეღრინა, ცას შეყმუილა,

ლეკვები შქერთან ჩამოატარა,

თევზმა ქვირითი ქვას მიაფინა,

და მოუშუშდა წყალსაც იარა…

18.04.2002

....

<<<

ცეტი აბრაგი…

დაჰქრის ნიავი, დაცუღლუტობს,

ნიავი დაჰქრის,

მოაქვს სურნელი თაფლუჭა მაჭრის…

დაჰბერა სულში ვნების ქარმა,

აფრას ეკვეთა _

აბაო, ვინ ვის!..

აბაო, ვინ ვის!..

კაცმა ჭარმაგმა გულს უგანა,

თვალნი დახარა,

ქამანდი სტყორცნა ფიქრთა რემას,

”ჰეი, ჭაღარავ!”

ქალი მიუხვდა, გაუღიმა,

თითქოს ანიშნა,

არ გეგებისო ასე გამიჯვნა…

იქნებ სურვილი ჰქონდა გაცნობის,

უფრო საშოვრის,

უფრო საშოვრის…

კაციც საშოვრის ფიქრით იყო

მძიმედ მოცული,

ცოლი მეშვიდე ბავშვზე ჰყავდა

კარგა ორსული…

ბაზარს მიჰქონდა ია-ვარდი

ბაღად მოსული,

ბაზარს მიჰქონდა ია-ვარდი

ბაღად მოსული…

სხვა გზას გახედა,

სხვა გზის ბოლოს მიანდო მზერა,

და სხვა საფიქრალს სტყორცნა ქამანდი,

აფრა მოზიდა, აფრა ჩაჭრა, აფრა ჩახია,

ქარს გაატანა ვნების ტალღა,

ცეცხლის მარაგი…

წავიდა ქალი, გაჰყვა სიტკბო _

სურნელ-ბადაგი…

ლაგამსა ხრავდა იქვე, გზისპირს

ბერი ულაყი…

და კაცს ეგონა,

რომ ამოჰკრეს მალვით ჭიტლაყი…

თვალს აცეცებდა

ვით უიღბლო, ცეტი აბარგი…

18.04.2002

....

<<<

მშიერი კაცი ოცნებას ლამბავს…

დრამა ლირიკული აფექტით

ცივა, ზამთარი კარს აეკიდა,

ღრიჭოებიდან სუსხი მოჟონავს,

ცრემლი ობოლი თვალს

ვეღარ მოსწყდა,

შენს მონატრებას რაღაცით მოჰგავს…

თუ ოპტიმისტურ ნოტებზე ბორგავ

სულში ფრთხიალებს ფრთამალი იჭვი,

აგერ, ის ძაღლი ყმუილით მოსთქვამს,

ღრმულში ვარსკლავი ქრება და იწვის…

იქ იბადება იმედი კაცთა,

მომავლის სიტკბო და ფერთა დასი,

შენ შენი ცრემლით მოჰგავხარ განცდას,

რომელიც ბუდეს დაეძებს ცაში…

მშიერი კაცი ოცნებას ლამბავს,

პური საძღომად რომ ჰქონდეს ოჯახს,

და ცოლი იგი, სხვა კაცზე ფიქრობს

გაზაფხულით რომ შეუცვლის ზამთარს…

მაგრამ ბავშვები ცით მოვლენილნი,

ჟღურტულ-თამაშით აქრობენ ხანძარს,

ბუხართან კატა ზის დაღვრემილი,

ქალი მას ანდობს სიყვარულს ნაძრახს…

კვლავ ცოლად რჩება, ყოჩაღ მესაჭედ,

ქმარს რჩევას აძლევს და უკვლევს გზა-კვალს,

კატა რაღაცით მოჰგავს მებაჟეს,

ფარული ვნებით ჩასცქერის ღადარს…

11.12.2002

....

<<<

და ჰა, იმედი უკანასკნელი...

იუმორესკის კვალობაზე…

ნეკერა გოგო სიყვარულს ითხოვს

და სიყვარულში თენდება ღამე,

ქალი ზრდასრული, სხვა ალერსს ნატრობს

და ტირის ზოგჯერ უცრემლოდ, მწარედ…

ჭირვეულობა თუმც ჯიშად მოსდგამს,

აღარ დაეძებს ვაჟს ტანადს, საროს,

ოღონდ კაცობის ჰქონდეს ხარისხი,

ოღონდ ეახლოს და მიეახლოს…

და მოიმწყვდიოს მკლავებში მძლავრად,

ოღონდ სინაზით, არ შეურაცხყოს

და უერთგულოს არჩევანს მამრმა,

ინდომოს ქმრობა, არ გადიკარგოს…

და მარტოობა გაუსაძლისი,

აშოროს ბედმა, ლოცვებში ნატრობს,

თუმც მარხულია და მონანული,

მაგრამ ოცნება სხვაგვარად ართობს…

სურს დაამშიოს ფარული ლტოლვა,

სურს დაიმშვენოს ქალური კდემა,

მაგრამ რა უყოს, რარიგ მიჩქმალოს

დაუკოცნავი ტუჩების კვდომა…

და ჰა, იმედი უკანასკნელი

ჭკნება და ქალი იზოგავს ვნებას,

მკვდარია,

მკვდარი უკოცნელად ქალის ტუჩები,

მხოლოდ სიზმარში თუ ჰპოვებს შვებას…

17.03.2002

....

<<<

შენ ემსგავსები დაგეშილ ფრინველს…

ის შეუშინდა შენს უკმეხ თვალებს,
პირქუში მზერით დაწვი ეული,
ავი ნირი გაქვთ საქმიან ქალებს,
ცდილობთ მოარგოთ მამრს საყელური…

ძაღლის ოცნებას ბევრი არ ამხელს,
მოვლილი ძაღლი ქუჩის ძაღლს უღრენს,
შენ გხიბლავს კარგი, მსახური მამრი,
რომელსაც ხშირად ქირდავ და უტევ…

ის შეუშინდა, მაგრამ შენი ცდა
გამოდგა უფრო მოხერხებული,
და შეაბნიე გულმკერდზე განცდა, _
მხურვალე ვნების სუნთქვა გრძნეული…

შენ ემსგავსები დაგეშილ ფრინველს, _
ბაზიერს უნარს და ალღოს მატებ,
ასაკოვანი კაცის ალერსი,
ნაღდი გრძნობით გწვავს და გათამამებს…
7.11.2002

პრინცმა გოგო შეიყვარა…

ალეგორიული ბალადა

სიყვარულმა ზღაპარი შვა,

ზღაპრის გმირი შავთვალა,

პრინცმა გოგო შეიყვარა,

დედაბერმა გათვალა…

ქორწინება მაინც შედგა,

პრინცსაც ერგო მეფობა,

გოგომ ძალზე მოიწყინა,

დედოფლობას მორცხვობდა…

ოცნებაში ველად იყო,

ყვავილების სურნელში,

ჩიტი სულში მიმალული,

იყო მისი ნუგეში…

მეფის დედა, გულღრძო დანი

თავხედობდნენ და ხარბნი,

მეფეს ხშირად ახსენებდნენ:

-შენზედ ჩვენ გვაქვს ამაგი…

მერე მოდის განშორება,

ფათერაკი ურიცხვი,

დედოფალი ქვრივდება და

ხდება ურჩი, გულფიცხი…

სამეფო კარს ელდა ეცა,

უღირსს ძირავს უღირსი,

მთა ჩამოწვა, ეტლს დაეცა,

დაფლა ქალნი უვიცნი…

დედაბერი მთლად გაავდა

და სიავემ გათანგა,

ბოროტება ვეღარ შვა და

თავის ღვარძლში გათავდა…

ქვრივს დაშვენდა სითამამე,

არვის მართებს მონება,

წარმოჩინდა სილამაზე,

გამჭრიახი გონება…

სამეფო კარს შეემატა

ღირსეული ფერები,

ქალს, სამშობლოს სიყვარულმა

აღვრევინა ცრემლები…

და საწყისი მშვენებისა

სიყვარული კვლავ იშვა,

რაინდმა

ქვრივს უერთგულა,

აქ სიკეთემ აიშვა…

ბევრმა იცის ეგ ამბავი,

სიყვარულის არაკი,

და ხრიკები ძველთაძველი

მეორდება ათასგზის…

ქალი მორცხვი, სათნო, მშვენი

ხდება მტკიცე და მალი,

ქვრივის ძაძებს იალქნად შლის,

იღბალს მოაქვს ნადავლი…

29.01.2003

....

<<<

ძირტკბილა დარდი…

სატირა ლირიკული აფექტით

ეჰ, რომანტიკა ჩაბარდა წარსულს,

წიგნის მკითხველი რის მაქნისია,

არა აქვს სარჩო, შემოსავალი,

ახლა კლუბებში სხვა ხალისია…

აფორიზმებით გაჰქონდა თავი,

მავანთ ართობდათ სწავლულთ მისია,

შეყვარებული გახლდათ ის ქალი

და შინ მიუხტა, არც კი აცია…

მაგრამ აიჭრა ცხოვრების კარტი,

ზედიზედ ყვავი ამოანთხია,

კაცს სულში ჩარჩა

ძირტკბილა დარდი

და ოცნებაში ღამე ათია…

ყოფამ უგანა, ცხოვრების რიტმი

ვერ ამოიცნო, არც უნაღვლია,

ქალმა სხვაგვარად იგუა იგი

და ქუჩა გახდა მისი ნათლია…

კაცი შეიქმნა ზედმეტი ტვირთი,

თითქოს ცხოვრობდა სხვებით,

ნისიად,

შვილები დედას მიენდნენ შიშით,

წიგნის მკითხველი რის მაქნისია…

ქალი მღეროდა ღამეულ ბარში,

მიდრეკილება უკვე ნიჭია,

ბევრს მისი ტანი ახვევდა ალში,

შოუბიზნესი ხშირად რისკია…

ის მიიცვალა მკითხველის რანგში

მწირად გასრულდა მწირის მისია,

თაროს ფიცრები კუბოდ მოარგეს,

წიგნები,

თურმე სახლს მისტირიან…

11.12.2002

....

<<<

მზე კაცთა მოდგმის გონებას არწევს…

მზე სიყვარულით დაგვნათის თავზე

და მისი სითბო ისე მწველია,

თავად ყინულმა ააგო მასზე,

ფარული განცდა და ჰარმონია…

მხოლოდ სინათლის და სითბოს მაცნედ,

ჩვენ გვესახება მისი გენია,

მზე სიყვარულით დაგვნათის თავზე,

მზეს იდუმალი ფიქრი სჩვევია…

მზე კაცთა მოდგმის გონებას არწევს,

ნანას უმღერის მიწის ფერიას,

მზე სიყვარულით დაგვნათის თავზე,

მზე იდუმალი გრძნების მცველია…

21.11.2002

....

<<<

ცუღლუტ ფიქრს ნაბავს…

სატირა უშუალო ხედვით…

ცუღლუტი კაცი ითხოვს სიმართლეს,

თითქოს არც ახსოვს, რა ზნისა არი…

შესჩივის უფალს, რომ არ დაინდეს

და რომ ცხვირიდან ადინეს ძმარი…

ცუღლუტი კაცი ითხოვს სიმართლეს,

სჯერა სხვას ადევს კაცობის ვალი,

და ჰყვედრის უფალს, ვერ უერთგულეს,

წაღლიტეს ფული, ფლიდობდა ქალი…

ცუღლუტი კაცი ცუღლუტ ფიქრს ნაბავს,

უნდა, რომ უფალს აუბას თვალი,

თავს მოისაწყლებს საკუთარ თავთან,

ლამის განქარდეს თვალთმაქცის კვალი…

და როს უსაფრთხოდ თავს დაიგულებს,

კისერს წაიწვდენს საკბილოს წვდება,

გამოხრავს ათგზის მოყვასთა გულებს,

მალე კი ისევ სამდურავს ჰყვება…

14.07.2001

....

<<<

ღირსების ფონი…

”ცხოვრებას იმკის…” შეგუებით,

ვინც მორჩილია…

ტკივილს ტკივილით დაუამებს,

ქმნის იდილიას…

მას კი, ართობდა სიშლეგე ნერვთა,

სურდა ჩაყოლა ტკივილის ფესვთან…”

უჰ, ლომკა რაა, კბილის წრიალთან!..”

თითქოს მიენდო იმ კაცის ნათქვამს,

ვინც ”ნემსზე იჯდა” მრავალი წელი…

ხოლო ახლა კი, წვერგაბარდნილი,

კაბით მორჩილის,

მთაზე ბობოქარ მონასტრულ სივრცეს

ელტვის და ელტვის…

დაგეშილია მოძღვრის ”მცნებებით”

და მსახურებას ესწრაფვის ღვთისას,

ესწრება ლოცვებს, კითხულობს დავითნს,

გალობს ხმატკბილად, იძინებს გვიან…

მერე იღვიძებს სისხამზე ადრე,

აახმიანებს ზანზალაკით

მონასტრულ სივრცეს…

და ძილმღვიძარე, სადღაც შიგნით

იჭვით შემკრთალი,

ჩექმის ძირს მიწას

ბრჭყალივით მოსდებს…

…ის ”ნემსზე იჯდა”ს

ტანჯავდა ”ლომკაც!” _

უმწეო სულში მხეცის ღმუილი…

დღეს კი, საქმისგან არა აქვს მოცლა,

აქვს პატივი და ღირსების ფონი _

”ძმათა მსახური…

”წვრთნას _ წრთობა მოსდევს,

ხორცი ლაგამს ხრავს…

ჩაჭედილია მორჩის ორმოში

გვერდდაბასრული…

”სიდამპლე” იგი სულაც არ ხიბლავს,

ვეღარ თამაშობს მასთან ავსული…

7.07.2001

....

<<<

უფალსაც ფეხი იმან დაბანოს…

ის გეხმარება,

როგორც მას აწყობს,

როგორც ამაყი ბუნება ჰგუობს,

სხვაც, ასე ცდილობს ჩაგჭიდოს ხელი,

ხელი ხელს ბანსო და განა ცრუობს…

მაგრამ ვის პირს ბანს საქმე ისაა,

ვის ხოცავს ნამუსს,

ვის სამკალს იმკის,

ვინ ვის შველის და ვისი ზრახვაა

შემნახავი თუ წამხდენი სიტყვის…

ვის ართობს შენი ტანჯვა-ვაება,

თვალთვალით გაწვდის

სარჩო ლუკმა-პურს,

ქვეყნის ფერხულში,

რომ არ ჩაება,

გშველის და გხატავს,

ვითარც უსახურს…

მაგრამ ვინც წყალობს,

მწყალობელს თვისას,

ვინც შეგეწევა, ისე არ გავნოს,

ქველიც ისაა, მსახური ღვთისა,

უფალსაც ფეხი იმან დაბანოს…

31.05.2002

....

<<<

მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ…

სინამდვილიდან გარბის საწყისი,

წავა და წასთვლემს სადმე სხვა მხარეს,

ჩვენ კი შეგვრჩება ხელში მერმისი,

რომელიც მწველად აგვიხელს თვალებს…

და იქნებ ჩავწვდეთ სამყაროს ანბანს,

სამყაროს სუნთქვას ავუღოთ ალღო,

არ გავაყოლოთ წყალს ჩვენსა ნაბანს,

სიცოცხლის აზრი და გზისა ბოლო…

მხოლოდ რჩეულნი შეძლებენ წინსვლას,

მხოლოდ რჩეულნი იცნობენ მოსულთ,

და სიყვარულის სხივებად მისვლა, _

ეძლევა წრფელი გრძნობებით მორთულს…

14.10.2002

....

<<<

ნურც რაი გინდა მგლებთანა…

დაუნახავი გამოდგა

დღემდე მგლისფერი ქვეყანა,

ზოგი ჩემს ცეცხლზე შეთბა და

მერე გატენა ბერდანა…

ალალად ნაფიქრ-ნათქვამი

მიისაკუთრა, იამა,

გადააკეთა, მოირგო,

არსი კი, იქნა იავარ…

დაუნახავი გამოდგა

დღემდე მგლისფერი ქვეყანა,

მაგრამ უფალმა თვის კალთა,

ბევრჯერ მომხვია, ბევრგანა…

შემათბო, მადლი მიბოძა

და განმიახლა ბექთარი,

მითხრა, შენ იმათ ნუ ელტვი,

შენ სხვა საქმე გაქვს ბედთანა,

სრულყოფა მცირეთ ხვედრია,

ნურც რაი გინდა მგლებთანა…

22.02.2000

....

<<<

ჯიუტი ერთგულებით...

პოეტი ოცნებას და განცდებს შეხიზნულა...

უნდილი სევდა კი უჯიგროდ წრიალებს,

ცოდვილი ცოდვილთან გრძნებად ჩახარშული,

მშვენება წარმავალი, კაბა კი ფრიალებს...

ობლად დაშთენილა სიმი ჩაწყვეტილი,

წარსულზე გოდებით ანახლებს იარებს,

ჯიუტი ერთგულებით სიტყვაშემართული

პოეტი სამკვიდროს მომავალს მიაგებს...

19.05.2003

....
<<<

კართან ვირი დგას,

მოახტები გააბამს ყროყინს…

სატირა უშუალო მინიშნებით…

ფრთხილად ძმობილო!

რომ გგონია,

ეშმაკს ცეცხლს უნთებ,

მაცდური აგერ,

გვერდით გიზის,

სავარძელს ურწევ…

ფრთხილად ძმობილო!

რომ გგონია,

მტერი გათელე,

დახე, მოყვარეს

გაჰკარ მხარი და გადაჩეხე…

ფრთხილად ძმობილო!

რომ გგონია

ანგელოზს მოჰგავს,

ის რა ხანია

სხვის ქმართან როკავს…

ფრთხილად ძმობილო!

რომ გგონია

თეთრონი გელის,

კართან ვირი დგას,

მოახტები, _

მოჰყვება ყროყინს…

5.10.2002

....

<<<

ფიქრი ამაოდ გაგივერანდა…

ამაოდ თრთიან შენი ბაგენი,

ფიქრი ამაოდ გაგივერანდა,

გამოგაცალა შიშმა საყრდენი,

გული შემკრთალი იგდო მძევლადა…

მიწა დაძრულა, ზღვა ცად ასულა,

მთვარე იმალვის _ ბუა მოსულა…

მზე არ ჩასულა, გაშეშებულა,

უსაგნო შიში აღზევებულა…

ვინ შეგითანხმა შენ ფიფქთა ცვენა,

წვიმა თუ თქეში, ქარის გაფრენა,

ან სიო საით, როგორ დაჰბერავს,

რარიგ შეურხევს კაბას ტანკენარს…

და პლანეტების ციურ აღსასრულს,

მიწისძვრებს, წარღვნას,

ქვეყნის დასასრულს,

აქვს რიგი თავისი _ არსთა გამრიგე,

განბანს და განწმენდს ათას უმადურს…

ამაოდ თრთიან შენი ბაგენი,

ფიქრი ამაოდ გაგივერანდა,

ნუღარ დადიხარ შიშით ნაგვემი,

ნამცეცა იჭვი ნუ გაგიავდა…

23.09.2000

....

<<<

დავუბრუნდეთ სავანეს ჩვენსას…

ტრავესტი გროტესკული ნიშნით…

დროა გავშიშვლდეთ,

შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,

შემოვიძარცვოთ

ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები,

დროა გავშიშვლდეთ,

წრფელად ვიგრძნოთ

სიშიშვლის გემო,

სხვათა თვალთვალით

ხომ ამაყობს პატარა ბენო,

თუნდაც ივანე,

თუნდაც ნიკი,

ან სულაც პედრო,

თავად ბაბუც კი,

უკვე დროა პირწმინდად

გვენდოს…

ნუღა ვკეკლუცობთ

ბრმა სიმორცხვით,

ნავსი გავტეხოთ,

ედემის ბაღში დათესილი

იჭვი განვთესოთ…

დროა გავშიშვლდეთ,

შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,

შემოვიძარცვოთ

ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები…

3.09.2002

....

<<<

ასე, ამგვარად,

ძალზე ხშირად

ტყუის ფასადი…

პამფლეტის მაგიერ

შეხედავ უცებ,

კაცია და

მერე რა კაცი,

სენატს მჯდომარე,

შესახედად

ყოველმხრივ ვარგი,

მაგრამ ვაი რომ

ზნე და ნირით

ჯობია ვაცი,

რომელიც ცხვარს წინ

მიუძღვება,

მეკვლეა კარგი…

შეხედავ უცებ,

კაცია და

მერე რა კაცი,

მაგრამ ტვინს შიგა

ჩარტყმული აქვს

უსახო შტამპი,

მწირი შაბლონი,

ტრაფარეტი,

გაცვეთილ აზრის,

ძველი ყოფისგან

სერიული

ნიშნით ნაშტამპი…

შეხედავ უცებ,

კაცია და

მერე რა კაცი,

თუმც,

საღ აზრს უყეფს,

მყეფარია,

სხვაფრივ ნაცადი…

ძველ პატრონს

უქებს

ძველ არაკებს,

ხეპრული განცდით,

ასე, ამგვარად,

ძალზე ხშირად

ტყუის ფასადი…

10.02.2001

....

<<<

ყალმითა ყალბით…

სატირა ლიტხედვით…

ცას არ აკლია სიახლე და

დიდება სიტყვის,

ცას არ აკლია გაბრწყინება

თამამი აზრის…

მორითმე კაცი აწაპნილ ტაეპს

ამაყად აზის,

ვერ გამოჩეკა მცირე აზრიც

და მაინც აზის…

ანტიკურ სიბრძნეს საღი ადევს

ფერი და მადლი,

თუმცა ვაგლახობს გადაფეროს

ყალმითა ყალბით,

მაგრამ ვერ იქნა,

ვერ შეიცნო

ის სიბრძნე პრანჭვით,

უვიცის შეძლო გაბრიყვება

ქურდული ბაძვით…

მორითმე კაცი აწაპნილ ტაეპს

ამაყად აზის…

და ყელყელაობს ცაში ნაწრთობ

პოეტთა ზრახვით…

ფსევდოტალანტი, პლაგიატი

დაგვმოძღვრავს ფახით,

მოაზრე კაცის დამცემია

გესლით და მალვით…

3.09.2000

....

<<<

ყველამ თავისი მოქსოვა ბადე…

არც არაფერი ხდებოდა თითქოს,

თითქოს არც იყო წყენა თუ დარდი,

დღე იდგა მშვიდი და მზისა ბანგით,

ტკბებოდა მინდვრად ველური ვარდი…

რა მცირე ჩანდა ეს ჩვენი ღვაწლი,

ღვაწლი, რისთვისაც მრავალი დავთმეთ,

ყველამ თავისი მოქსოვა ბადე,

ვინ პარკს იკეთებს,

ვინ _ იგებს მახეს…

17.11.2002

....

<<<

დაბერებასაც ნიჭი უნდა…

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი მოვლისა,

საკუთარ თავთან დაზავების,

დამეგობრების,

გაფანტულ ძალთა შემოკრების

და განმტკიცების

ნიჭი დათმენის, შემეცნების,

სხვა შემართების…

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი მორჩილი,

ნერვთა და კუნთთა დამგეშავი,

სიმხნევის მჩენი,

ნიჭი მეოხი, შემწედ მისვლის,

ჭირთამძლეობის,

დარდთან მოქნილად გამკლავების,

განმარტოების…

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი უდრეკი,

დროის სივრცეში შეღწევის და

გადანაცვლების…

ნიჭი სრულყოფის მოწადინე,

ლოცვით ნაგეში, _

ცნება ”სიკვდილთან” მოთამაშე,

ფერიცვალების…

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი მოვლისა…

11.02.2002

....

<<<

ვედრება შენი _ კიბედ აიგე…

…იდუმალ შვებას ვეღარ გგვრის სახე,
სახე, რომელიც სიყვარულს ითხოვს _
პირჯვარი წრფელად გამოისახე,
მოდრიკე მუხლი, სიცოცხლე გიხმობს…

სულის ღადარში ფხიზლად ჩაეშვი,
იპოვე სუნთქვა და მაჯისცემა
შეიცან წამი _ თავიდან იშვი,
გაგვაძლიერებს ისევ დათმენა…

აქ გაირინდე, იქეცი სმენად,
შენდობა სთხოვე არსთა გამრიგეს…
წყენა ჩანავლდა, რიდით წამოდექ,
ვედრება შენი _ კიბედ აიგე…

და განერიდე მიგდებულ ყოფას,
ძალთა გამომხრწნელ
მზაკვრულ სიბეცეს…
უმადურ ბაგეს, უიღბლო განცდას,
და სასოწარმკვეთ ბრიყვულ სიქველეს…

კიდევ მრავალი არსებობს მახე,
მახე ნაცადი _
წრფელიც შეიპყროს…
პირჯვარი რწმენით გამოისახე,
მოდრიკე მუხლი, სიცოცხლე გიხმობს…
18.08.2001

....

<<<

შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო…

ჩვეულებრივი დღის გემო სულში

გაუგემურდა, დაკარგა სიტკბო,

ვიღაცას ახლა ჩაადნა სულში

ქალის ალერსი შენთან რომ იკლო…

ვიღაცას ახლა ერგო სამკვიდრო _

შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო,

ვიღაცა ახლა მისტირის იმ დროს

და ცდილობს სხვისი დარდი აგკიდოს…

ვიღაცა ახლა მომავალს უბღვერს,

სხვის აზრს შეაჭრა მალვით აკიდო,

მაგრამ სამყაროს მრუდობით უძღებს

ძალუძს მართალი მართლად ადიდოს…

12.12.2001

....

<<<

ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი…

ლიტველების სტუმრობა გურიაში, 1971წ.

(ესეი ლექსად…)

ერთხელ, ზაფხულში, ყმაწვილობის ჟამს,

ტყე-ღრე წვალებით, შეთქმულის ჟინით,

თითქოს მივსდევდი წინაპრის ჩუმ კვალს,

გზნებით ვატარე სხვა ქვეყნის შვილნი…

გამორჩეულნი გრძნობათა ფარვით

ერთი მსუქანი, ერთიც პირხმელი…

დისიდენტური კვლევით და სწრაფვით,

მედგრად იწევდა ორი ლიტველი…

ერთს მეამბოხის ჰქონდა სახელი

და ციხეებში იყო ნატანჯი

იმპერიული გათვალა-არგათვლის,

მას სიძულვილი ჰქონდა ათასგზის…

და მივიწევდით მთისაკენ მაღლა,

სადაც მლოცველი დიოდა მალვით,

გზას გვიღობავდა ტოტების ფარდა,

გვეძალებოდა წინაპრის ვალი…

და როს ვიხილეთ მონასტრის ეზო,

მწვანე მინდორი ნასათუთარი,

სწრაფვისა ჩვენის ვიგრძენით გემო,

კრძალვით გვიცქერდა მხცოვანი ქალი…

ნატიფად ნაგებ ტაძრის კედელთან,

იდგა მოწესე მშვიდი, ფერმკრთალი,

”მშვიდობა თქვენდა!” მიგვიღო წრფელად,

ისმინა სიტყვა ჩემში ნამაჭრი…

ნაჯაფი ხელი შემახო ხელთან,

მითხრა: სტუმრისა მეც ვიცი ყადრი,

ოთხი წლის ვიყავ, რომ მერგო ხილვა,

ამა საყდრის და ამა სავანის…

მას შემდეგ აქ ვარ, არსად გავსულვარ,

არ მიძებნია სხვა ბინა არსით,

არადა უკვე ასს წელს ვასრულებ,

ვფიქრობ ჰაემდე გავლიე ხანი…

ოღონდ იმასღა ვდარდობ და ვნანობ,

რომ არ გამოჩნდა ერთი მორჩილიც,

რომ მონასტერი, ესე სავანე

არ შერჩეს ტყე-ღრეს ხავსით მოსილი…

მერე წაგვიძღვა, შემოგვატარა

საფლავის ქვები, დათა სამარხნი,

ერთგან ილოცა და თან გვახარა

აღმშენებელი იყო ამ ტაძრის…

ბოლოს ახსენა კათოლიკთ წესი,

ლოცვისა ნირი, ქცევა ტაძარში…

აუწყა სტუმართ ”პაპისა” მრწამსი,

და განსხვავება პირჯვრისწერაში…

აქ ლიტველსაც კი დაეტყო განცდა,

შეიხსნა ჯვარი მკერდთან ნაფერი,

მიართვა მოხუცს, სთხოვა დალოცვა,

მოდრიკა თავი ნაციმბირალი…

ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახება

მოექცა ქალის მადლმოსილ ხელში,

სანთლების დარად მოჩინარ თითებს,

ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი…

24.05.2006
....

<<<

ვინ სად იშენებს სალოცავ ტაძარს…

იღუმენია მარიამ გოგეშვილის ხსოვნას

გურიის ლამაზ მონასტერს მთისას

დაჰკრავს სურნელი დედათ ლოცვისა,

და მწვანე მდელოს, საბუდარს სხივთა

ათრთოლებს ფიქრი მარიამისა…

ამა მონასტრის ამღორძინებლის

საფლავის ქვაი აღარ ჩანს უკვე,

საქმეთა მისთა განმაახლებელთ

მოუხმარიათ საშენ ქვად იქვე…

ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,

ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,

ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,

ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს…

შენების ნიჭი მართლაც ნიჭია,

მართლაც მადლია შენება ახლის,

მაგრამ სხვაგვარი მადლის მადლია,

მოვლა ხსოვნისა პირველმეტაძრის…

27.07.2004

....

<<<

მომავალს, რასაც ოცნებაში არ უდევს წილი…

და როცა უკვე მიილია მრავალი წელი

შმაგი სურვილი თითქოს ჩაცხრა, _

გაღწევის ჟინიც

შენ შენს მომავალს ჯიუტად ელი,

მომავალს, რასაც ოცნებაში არ უდევს წილი…

ყველაფერს, მაინც გადაძალავს სიცოცხლის გემო,

სუნთქვა ციური, სამყაროსთან მიალერსების,

სადღაც ლოდინში წამოფრინდა ნანატრი წამი,

სიცოცხლე უნდა აღორძინდეს მთელი არსებით…

ვინღა შემორჩა ამ ქვეყანას მხოლოდ ვედრებით,

ვინღა იმეფა თვის ვნებაზე სრული მეფობით,

ვინღა იქცევა ისე წრფელად შინაგან ნდობით…

თუ არ შეიგრძნო გარდასახვა, კნინდება გონი!

2.05.2006

....

<<<

ტკივილის დაპურება…

აპურებ ლოცვით, აპურებ წამლით,

მაგრამ ტკივილი მაინც ვერ ძღება,

თავის ხუშტურზე მიდის და მოდის,

თუ არ გადაგღრღნა, არ დამშვიდდება…

წაგერთვას ლამის ლოცვის უნარი,

კურნება იგი რას შეგერგება…

სიკვდილზე ფიქრმაც აიდგა ფეხი

და უკვე ამ მხრივ იწყებ ვედრებას…

მცირე იმედი მაინც გაბრკოლებს,

ღირსეულ სიკვდილს შესთხოვ განგებას,

ტკივილი მძლავრობს, დაფლითა გონი,

თითქოს სიავის იქცა ტანდემად…

მოუხმობ ნაცად, შინაგან წესრიგს,

მაგრამ ტკივილი ძნელად პურდება…

თავს კედელს ახლი და იმედოვნებ

ტკივილი ტკივილს წაეკიდება…

იხსენებ ტაეპს, გონს რომ მოძღვრავდი,

რომ გესარჩლება სიმწრის შეგრძნება… _

ტკივილის გმირებს, კასკადიორებს,

რომელთაც ართობთ რისკი, თვითგვემა…

წამით შეიგრძნობ სიცოცხლის გემოს,

გსურს აღიდგინო ძველი ღირსება…

გაძლება გიჯობს, ბოლოსდაბოლოს

ალბათ ტკივილიც გამოიწვრთნება…

14.02.2006

....

<<<<

მაგრამ აღმასვლის კვლავ შერჩა ნიჭი…

ოცნების მოყვარულს ფეხი რომ დაუცდა,

მწვერვალის დალაშქვრის იპყრობდა ჟინი,

უფსკრულში ჩავარდნილს ”იმიჯი” წაუხდა,

მაგრამ აღმასვლის კვლავ შერჩა ნიჭი…

თუმც, ძალა უდრეკი უფსკრულში ჩაიბნა,

სიპ ფსკერზე იპოვა ადგილი სამკვიდრო,

უფსკრულში სიკეთემ ფესვიც კი გაიდგა,

თუმცაღა მწვერვალმა ვერცარა გაიგო…

მან, მაინც მიხედა ჩაბნეულ სიკეთეს,

გულიდან ნაჟური სინათლით გაათბო,

ცისკენ ეზიდება უხილავ სამყაროს

და სული წყვდიადში კელაპტრად აინთო…

23.02.2002

....

<<<

ქრისტესთვის სულელს _

მრავალჟამიერ!

გიჟური ფანდით კურნება სენის _

იქმენ სულელი და გახდი ბრძენი…

მოვიდა ჟამი სალოსურ სიბრძნის,

დაშვრა ქადაგი, ჯიუტად იბრძვის…

ყავრის ლურსმანი კედელს ამშვენებს,

ქალი ზედ კიდებს იების კონებს,

შენს გამოხედვას მაგონებს ძლიერ _

ლურსმანი ყავრის… იმშვენებს იებს…

”გონზე” უარი, გონიერს ძალუძს,

წმინდა ხატებას ეფარვის სული,

წინასწარმეტყველს, სწრაფვაში მალულს,

ქრისტესთვის სულელს _მრავალჟამიერ!

24.08.2006

....

<<<

სხვა სიცოცხლით ირჯება და ფეთქავს…

მწიფე ნესვი, ორსულ ქალსა

შემოადნა სიზმარშია ნერწყვად,

მოეცარა ვაჟკაცს ხელი,

ცაში არწივს ეცილება ძერა…

ფრთების კონა ანუ ჯიღა

ტვინს უმშვენებს ახლა პოლიტმეძავს…

წყლის ნაყვაა ყველაფერი,

შემქირქილებს ნასოფლართან მელა…

მაგრამ არა, ვეურჩები

”ჭკუადამჯდარ” მედროვეს და მჩხაბავს,

ირკვევა, რომ შავი ხვრელიც

სხვა სიცოცხლით ირჯება და ფეთქავს,

პოეზიის სულის კერა,

კვლავაც ბევრჯერ გამოკვერავს "მერანს"…

არც ვინ კვდება ისე უშნოდ,

არ იცოდეს მისი ფასი ზენამ…

24.08.2006

....

<<<

სასწაულის

სასწაულს მოჰგავს…

ხვეული ციფრი აადვილებს

სამყაროს აღქმას,

ხვეული გრძნობა უფრო ნაზს ხდის

ძუნწ თანაგრძნობას,

იქნებ მის გულსაც დავიწყნია

საბრალოს ლტოლვა,

და ჩალექილი გესლი იწყებს

ძარღვებში ლღობას…

…ვიღაც იძახის, მოაშორეთ

ე, მაგ კაცს ბრჭყალი!

დე, მოამძლავროს თვის ლექსებში

სამშობლო-მკვიდრი…

და თვალს გაახელს

მზის სხივებში თავნება ფიქრი _

კაცნი სამყაროს შეიცნობენ

ამგვარი რიტმით…

თუმც გაღვიძებას მოახერხებს

ძალიან ცოტა,

რომელიც ალბათ სასწაულის

სასწაულს მოჰგავს…

ვინმეს თუ ბოჭავს,

ის ჩამტკბარი სურვილი ბოჭავს,

ვნებათა შტორმი, ”სახვალიოდ”

სულში, რომ ჩაფლა…

19.04.2006

....

<<<

უდაოა, სამარხთაგან

ერთი ნათელს აფრქვევს…

მისტერია, მისტერია და

სიმს სუნთქვა არხევს,

შენიღბულა გრიმასებით,

ეგ დაღლილი სახე…

და ცხოვრება გაძარცვული,

”ვაი-ვაჰმედ” ახმეს,

აგერ, ის ხე დაგრეხილი

ბოღმით აშრობს არეს…

გამიგია, შუბივით ფესვს,

ძველ სამარხებს აბჯენს,

აბჯარ-აბგარს არ ეპუვის

და ფოთლებით დაჰყეფს…

ნერგი გვიან ამოზრდილი,

სუნს საამოს იკრეფს…

სიმყრალეში ვინ აღიქვამს,

დაკნინდება, ვაჰმე!

იქნებ, ის ხე, უნაყოფო

მეხის ნიშნით წახდეს,

იქნებ, ქარმა-ქარაშოტმა

დალეწოს და ჩახმეს…

ნერგი გვიან ამოზრდილი

გადარჩეს და ახდეს…

უდავოა, სამარხთაგან

ერთი სურნელს აფრქვევს…

9.01.2003

....

<<<

ცას ეფერები და დედამიწას

მკერდზე აფურთხებ…

უიმედობის ბაწარს გრიხავს

ყოფა ვერაგი,

უშნო ჩივილით ვერ დააფრთხობ,

გიჯობს ადათი,

უნდა გამხნევდე და დაძებნო

რწმენის მარაგი,

ზეციდან მტრედი მოფრინავს,

მოაქვს ბარათი…

ცას ეფერები და დედამიწას

მკერდზე აფურთხებ,

ვერ აგიხსნია აქ განცდილი

სიტკბო-სიმწარე,

იქნებ მომავლის ჩანასახი

სხვაფრივ გამოწვა…

იქნებ როგორმე ისე იწრთვნა,

კვლავ სხივად იქცე…

9.03.2003

....

<<<

გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში…

დაჰბერა კუდბაწარამ, შეინძრა გალია,

უსტვენს და წრიალებს პაწია ჩიტი,

მის გულთან უეცრად აპრილი აალდა,

ჩიტს სიყვარულის თან დააქვს ნიჭი.

გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში

გოგონას დაუმშვენა ფერადი ფიქრი,

გაენდო, დაუამა, ჩაბერა ზრახვაში _

მოდრიკა ქალური კდემა და შიში…

და გაყვა ამგვარად ნაქარგი ოცნებით,

ის გოგო მირაჟულ ცხოვრების შარას,

სიანცით შეიგრძნო მომხიბვლელ უცნობის

მხურვალე კოცნა და მხურვალე ნატვრა…

4.03.2000

....

<<<

ფხიზლობს თამამი ამონამღერი და

მიძინებულს აკრთობს…

მოგავხარ იმ ეულ ბინადარს,

შორეულ ხმებთან, რომ სახლობს,

გოდებსო, ფიცხდება მავანი,

ანცობსო, მოკეთე ლაყბობს…

არ გერჩით, არ გებრძვით მოძმენნო,

ვიღიმი და თანაც ვდარდობ…

ფხიზლობს თამამი ამონამღერი და

მიძინებულს აკრთობს…

აუწვეს შეგრძნება ტაეპთ გენებმა და

ვიღაც ხელდება, ცხარობს…

ბალღის ღნავილიც ხომ გძაბავს გენაცვა,

ქარის ღმუილი გაფრთხობს…

ამ ტემბრის ელფერი მწარედ თუ გიცვნია,

წამალიც ასეა კარგო,”

ცივი სიმღერის” მსუსხავი კილო ხომ

შეგნებას კვერავს, აწრთობს…

ტაეპო! ცის მიღმა ნავარდი გწადია _

მოყვასის იმედით ლაღობ…

პლანეტის სიმღერა ყრუსაც კი უცვნია,

ოცნებით მოსმენას ნატრობს,

სტროფებში ჩართული ავ-კარგის სიმძაფრე

გამგებთან სხვაგვარად ფასობს,

ფხიზლობს თამამი ამონამღერი და

მიძინებულს აკრთობს…

14.09.2006

===========

”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
the magazine "Image-Bearing Motivations"

___________

სიზმრიდან ცხადში გასახარი მომაქვს ნერგები...

როს დავიძინე და წავაწყდი მე ლამაზ ქალაქს,
მესმა ჩურჩული:
აქ დარჩი და კვლავ შესძლებ ფრენას,
აქ იმუსიკე, აქ იქნება სამშობლო შენი,
აქ, შენ მოგელის დიდება და უშრეტი ლხენა...
მაგრამ ვერ შევძელ,
ცხადში დამრჩა სიტყვა ერთგული,
ორგული კაცნი და სამშობლო ფრიად ნატანჯი,
უფლის სახელზე დასანთები თაფლის სანთლები
და სიყვარული მოსაწევი ვით მოსავალი...
ლექსების ფრთებზე მოტიტინე მგზნებარე ხალხი,
დაუბინდავი სიმღერების მწველი ჰანგები...
ვალი ვალია, გასტუმრება მას შვენის მადლით,
სიზმრიდან ცხადში გასახარი მომაქვს ნერგები...
5.07.2002

....

<<<

მაგრამ ულექსოდ გადაშენდება...

ქვეყანა ლექსით ვერ გამოძღება,

დიახ, ეს ვიცით მუცლის მეაბჯრევ!

მაგრამ ულექსოდ გადაშენდება

სიტყვის სურნელი, კაცი მოაზრე...

არა აქვს გემო

წყალს სუფთა სახით,

ვერც მე ვილხინე,

ვერც სტუმარს ვასვი...

მიწის სურნელით შემატებული

მოგიკლავს წყურვილს,

აგავსებს მადლით...

ასეა სული ლექსით ნაგეში,

დახშობილ ჭკვა-გონს აახასხასებს,

ტანჯვა-ვაებას მორთავს ნუგეშით

და თავგანწირვით შეჰკრავს ათასებს...

....

<<<

უფალი გედგა ალბათ თავდებად…

ვინც ქიშპზე, ზიზღზე მოითბო ხელი,
მრავლად ებოძა ნაცვლის წოდება,
დროის ტკივილით ჩამოშლილ კედელს
ძეგლად დაედგა ყალბი დიდება…

ძალად-მაცხონე მეურვის ჟინით
მკვიდრად მოერგო ნაცად დროებას,
და ავი ფიქრით ნაკვერი დღენი,
ხოტბით შეუმკეს კარის მგოსნებმა…

მათაც საკბილოს გამოჰკრეს ხელი,
პრიზს თუ პრემიას _ ”უკვდავ ოცნებას”,
გახდნენ უაზროდ ”დიდნი და ბრძენნი”,
ბევრს აებურდა ფლიდი გონება…

მხდალმა სიმართლეც გიგცია ფარსად,
და ქარაგმული გახსოვს ბრალდება:
-თავი, რომ შეგრჩა კისერზე საღად,
უფალი გედგა ალბათ თავდებად…

27.09.2000

....

<<<
ცნობიერების ბერწ საშოში...

სიზმრებს კრძალავდნენ,

სცენის სიღრმეში

დაშვებული

ნათლის სვეტი

ჯვარედინათ გადაეხაზათ...

ორატორი კი ამაყობდა,

ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი!..

ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა...

სმენადახშული

თვალებდათხრილი

სიცოცხლე

თვლემდა ვრცელ დარბაზში და

თავისთავად იქნევდა ხელებს,

ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე,

ცნობიერების ბერწ საშოში

მსუნაგი კუჭი განაბულიყო,

ორატორი კი ამაყობდა

ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _

ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა...

1975წ.

....

<<<

ბობოლა, ”შეძრული” ღატაკზე ფიქრით…

იდეა-სამყაროში, სამყარო იდეაში…
აზრები ჩაბნეული სივრცესა და დროში,
იდეა-სფინქსი და იდეა კვაზარი,
უსაგნო გარჩევა ”ღვარძლის და იფქლის”…

იდეა-პანაცეა, იდეა-მისტერია,
ინვესტიციები და დონორი ქვეყნები,
თავგზაბნეულნი წარსულს მისტირიან
და აქვე გრანდიოგეგმები…

იდეა-მახე თუ იდეა-ხაფანგი,
იდეა-იდეაში, პროგრამა-ფანდი,
კრედიტი-”ტასისი”, დიდი შვიდეული…
-თქვენ გადაგარჩენთ სესხი და გრანტი!

იდეა-ოინი, იდეა-ფიქცია,
მსოფლიო პროექტები, მსოფლიო მისია,
ცხოვრების ნაცადი, ჯანსაღი წესი…
ლამაზი სურვილი თუ მყარი დიქცია…
ბობოლა, ”შეძრული” ღატაკზე ფიქრით…

ხალხი დაბნეული, ქვეყანა დარბეული,
გარშემო ცრემლი და დარდი,
კვაზი-იდეა და კვაზი-მონოლოგი,
იდეა-ხრიკებით კეთდება ნაღდი…

იდეა-სამყაროში, სამყარო-იდეაში,
მცნება ჩაბნეული სივრცესა და დროში,
სიტყვა ჩანერგილი იდეა-სამშობლოში,
აი, უმთავრესი მრწამსი…
15.11.2000

....

<<<

მიწის სურნელი
დაუბრუნე,
სულის ზედაშე…

მეომარ ქალთა აგრესია
ანგრევს სიცოცხლეს…
მეომარ ქალთა გამოწვევა
აღძრავს ყალბ ფერებს
მეომარ ქალთა უშნო ჯიბრი
ზეცას აღონებს,
კაცურ ნდომას ხრავს
და ატერორებს…
ამხედრდი მამრო!
ქალს მიხედე,
ქალს მიეფერე,
მიწის სურნელი დაუბრუნე,
სულის ზედაშე…
ამორძალთ ჟინი შეპარვია,
მახვილს გიღერებს,
უკაცოდ ბრძოლას დაჩვეული,
გადაგაშენებს…
3.08.2002



....

<<<

ნიგოითის ქედს…

სად ჩარჩენილა ჩემი ბავშვობა _
პირველი ცრემლი და სიხარული,
სიანცე იგი ყმაწვილურ დღეთა,
წინაპართ ჩემთა სუნთქვა ეული…

ცისა უბეში ნაბარტყი ზრახვა,
ლტოლვა და იჭვი, შმაგი სურვილი,
ღელის კენჭებში ჩამთბარი სევდა
და პირველ წიგნთა ღრმა სიყვარული…

მოკეთის თბილი, საამო მზერა,
სტუმართ ჟივილი, ლხინთა ნაკადი…
წყენა, ტკივილი, ჩამქარალი კერა _
მოშურნეთ ჩემთა ”ამაგ-ნადავლი”

უბელო ცხენის ჯირითის კვალი,
ალალი ბიჭის ნატვრა ფარული _
იხსნას სამშობლო, მიეცეს ძალი,
ხარობდეს გმირით ზეცა ქართული…

ზღაპარი ესე, და სიყმაწვილე
სიურჩე იგი, გზნებათა ალი…
წრფელი წუხილი: ვინც ვერ შეიცნეს,
”ვერ გავუგეთო?!..” _ აჰკიდეს ბრალი…
7.04.2006

....

<<<

მშობლებს…

შემინდეთ, თუკი გამიტყუა
სამშობლოს სევდამ,
თავისუფლების თუკი მქონდა
მძლავრი შეგრძნება,
თუკი შენების სულ სხვაგვარი
მე მქონდა ზნე და
თუკი ვერ ვპოვე იმ ყოფაში
კაცური შვება…

ვერ მოვიხვეჭე
ვერცა ფული, ვერცა სახელი,
ვერც კარიერა გავიკეთე,
არ მქონდა ნება,
და გავერიდე სოფლის ქილიკს,
შემრჩა ნაღველი…
სიტყვასთან ჭიდილს შევალიე
ძალა და გზნება…

შემინდეთ თუკი გამიტყუა
სამშობლოს სევდამ,
თავისუფლების თუკი მქონდა
მძლავრი შეგრძნება…
7.04.2006

....

<<<

გული ნაოცნებარი…

კითხვას გადაეჩვია დღეს ასობით მკითხველი,

თამაშ-თამაშ, უვიციც გახდა მიმომხილველი,

ქარაგმებით ღვივდება "პოლიტსახის" იმიჯი,

ტელეეკრანს შეაცვდა შვილიცა და მშობელიც…

და ოცნებაც არ ელავს, არის მიუსაფარი…

გახსოვს? ლექსის ნაპერწკალს

გაურბოდა მზაკვარი...

ახლა, თითქოს წრფელ გრძნობას

მიაყარეს ნაცარი,

მაგრამ მაინც გუგუნებს გული ნაოცნებარი…

7.04.2000

....

<<<

კვლავ მწარედ კვნესის…

და თუ შემორჩი ამ ქვეყანას,
ვითარც მარცვალი,
ყვითელ ფოთლებს, რომ შერევია,
გაზაფხულს ელის…
იხარებს, მაგრამ ვერ იქნება
ცამდე მართალი,
რადგან სამშობლო, შენს ლექსებში
კვლავ მწარედ კვნესის…
14.08.2006

....

<<<

მერე, როცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა…

გამოვიდა და კარს იქით დააფურთხა ”იქსმა”,
და ამაყად შემობრუნდა სისუფთავის ცნებით,
მერე ძაღლი გაიყვანა აქნევინა ფისი,
გუბედ იქცა ის ნაფურთხი ჩამვლელების ნებით…

მერე, როცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა,
ცოლმა სახლში არ შეუშვა; ”უი, რავა ყარხარ?!”
თანაც, ”იქსზე” გაიფიქრა, რა სუფთაა, მართლაც…_
თავს დახრის და შემჩურჩულებს იასამანს გავხარ…

13.03.2000
....
<<<
და მაინც…

ეულ ფიქრსაც ხომ უნდა ნავარდი,
ხომ ეტრფის ცის მიღმა ფრენას…
პოეტურ სევდას,
რომ რგებოდა სამკვიდრო,
ტაეპებს შეაბა ფრთებად…

ოცნების კოშკი რომ ზეცაში აიგო,
ის ქალი, ვერ ამაღლდა, ღელავს…
წრფელ გრძნობას უგანა და შერჩა
სხვა მხარეს,
ალბათ ღრნის ნანატრის სევდა…

ბევრისთვის შირმაა
სამშობლოს ტრფიალი,
შოუა მთავარი თემა,
შოუში დაცმუკავს
ის ბავშვი ტიკტიკაც,
მალულად ნესტოებს ბერავს…

და მაინც, ლექსები ეული პოეტის
მის ზრახვას სიკეთით ნექტრავს,
ბებომ, რომ ვერასგზით იგუა, შეიშნო _
იმ სევდამ ასწავლა სიზმრებში ფრენა…
23.07.2002
>>>
<<<
ჩასაფრებულ "ძმებს"…

ჩასაფრებულ "ძმებს"
ვუთვლი შენდობას…
სანამ დასცემდნენ თავიდან ბანაკს,
სანამ შეკრავდნენ მორიგ პირობას,
სანამ ალესდნენ დასაკლავ დანას…

დახეთ ცრუკაცი, ვაჟკაცს რომ ბაძავს,
”უკვდავთა ველზე”
მარჯვედ შლის კარავს…
მაგრამ განგება ამოსდებს ლაგამს,
და ბლეფ ტიტულთან გაუთხრის საფლავს…

აღარ დაუფენ ღორებს ბისერსა…
და არ მიჩქმალავ საკუთარ ძალას,
და აღარ გასწევ გულმოწყალებას,
რომელიც შენს ერს ბარაქას პარავს…

23.09.2002
>>>
<<<
ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის…

ჭვრეტა-განჭვრეტა ურიცხვ საგანთა,

ათასჯერ ქმნილა დავის საგანი,
თავად სიბრძნე კი, რჩეულ მოძღვართა
ჩაშლილა ვითარც მწიფე თავთავი…

ცოდვილთა მოდგმა მიიწევს ცისკენ,
იდუმალს შესტრფის ალაფ-ნადავლით,
და ვინ დაგიდევს ჩაკარგულ სიბრძნეს,
ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის…
16.07.1997

(აკრეფა გრძელდება...)

====
Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...